აგროტექნოლოგიებიმებაღეობა

რატომ არის ბროწეული ძვირფასი და შემოსავლიანი კულტურა

ბროწეული ძვირფასი ხილია. იგი სამკურნალო და თაფლოვანი მცენარეა, მისი ნაყოფი, ყვავილი და ქერქი გამოიყენება მედიცინაში. ამის გარდა მცენარეს იყენებენ დეკორატიულ მებაღეობაში, ფერდობებზე ნიადაგის გასამაგრებლად, ცოცხალ ღობედ და ა.შ.

ბროწეულის სამკურნალო თვისებები დიდი ხანია ცნობილია, მისი ნაყოფი შეიცავს ნახშირწყლებს, ტანინებს, ვიტამინებს, ლიმონმჟავებს. წვენი გამოიყენება კუჭ-ნაწლავისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. დადებითად მოქმედებს ღვიძლისა და თირკმლის მოქმედებაზე, სისხლში არეგულირებს პროთრომბინს, აღადგენს სისხლს, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.

ბროწეულის საკვებად გამოყენების კულტურა საქართველოში შორეული წარსულიდან იღებს სათავეს. ამის ადასტურებს როგორც არქეოლოგიური  მასალები, ისე საქართველოში გავრცელებულ ჯიშთა მრავალფეროვნება და მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ერთად ბროწეულის წარმოშობის ერთ-ერთი კერაა.

იმის მიუხედავად, რომ ბროწეულს საქართველოში უდიდესი ისტორიული წარსული აქვს, მისი სამრეწველო პოტენციალი დღემდე გამოყენებული არ არის  და ძირითადად საოჯახო მეურნეობებში ერთეულ ეგზემპლარებად, ცოცხალ ღობეებად, ხევებსა და გზის პირას მცირე კორომების სახით გვხვდება.

ბროწეულის კულტურა უმეტესად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, მაგრამ აღმოსავლეთ მშრალ სუბტროპიკულ რაიონებში მაღალხარისხიანი პროდუქცია მიიღება.

ბროწეულისთვის ხელსაყრელი პირობებია კახეთის, ქვემო ქართლისა და გარე კახეთის ზოგიერთ მიკრორაიონში, თუმცა ამის მიუხედავად, ბროწეულის ნაყოფი ქვეყანაში უმნიშვნელო რაოდენობით მზადდება და მოსახლეობის მოთხოვნილებას სრულად ვერ აკმაყოფილებს

ეკონომიკური თვალსაზრისით ბროწეული საკმაოდ მომგებიანი კულტურაა, ხასიათდება უხვმსხმოიარობით, უმოკლეს ვადებში ანაზღაურებს მის გაშენებასა და მოვლაზე გაწეულ ხარჯებს.

ბროწეული მსხმოიარობს დარგვიდან მე-2-3 წელს, ხოლო სრულ მსხმოიარობაში შედის 6-7 წლის შემდეგ. მაქსიმალური მოსავალი მიიღება 10-20 წლის ასაკში. საშუალოდ ერთი ხე 25-30 კილოგრამამდე ნაყოფს ისხამს.

ბროწეულის სამრეწველო ინტენსიური ტიპის ბაღის გაშენების დროს სწორად უნდა შეირჩეს გასაშენებელი ადგილი და ჯიში.

ბროწეულის სამრეწველო ბაღი უნდა გაშენდეს იქ, სადაც ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12-13PH-ია. იგი ბუნებრივ პირობებში ძირითადად ბუჩქებად იზრდება. ფერდობებზე ნიადაგის დაცვის მიზნით, ყინვიან ზონაში, სადაც მცენარის მთლიანი მიმარხვა აუცილებელია, ბროწეულს ბუჩქისებრი ფორმა უნდა მიეცეს, ხოლო ვაკე ადგილებზე რეკომენდებულია ერთშტამბიანი ფორმების გაშენება. ერთშტამბიანი ხე უხვ და მაღალხარისხოვან მოსავალს იძლევა, ადრე ისხამს, გაადვილებულია მისი მოვლა, მაღალია მექანიზაციის გამოყენების ეფექტი.

აღმოსავლეთ საქართველოში რეკომენდებულია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის თ. ტრაპაიძის მიერ გამოყვანილი ჯიშები: „ფიროსმანი”, „ზაქათალას წითელი”. შემოტანილი და გამოცდილი ჯიშებიდან „შახ-ნარი”, „გიულშა ვარდისფერი”, „ბურაჩნი”.

დასავლეთ საქართველოში — იმერეთის საუკეთესო, ფორმა №1, „თენგო” და ფორმა №70 (თ.ტრაპაიძე).

ბაღში ჩასატარებული სამუშაოებიდან ძირითადია ნიადაგის დამუშავება-გაფხვიერება, ძირების გამოთოხნა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შტამბზე და ფესვზე ამონაყრების შეცლას, რადგან ისისნი ვარჯში იჭრებიან, მკვეთრად აღარიბებენ დედა მცენარეს, ხელს უშლიან სანაყოფე ყლორტების  განვითარებას.

ბროწეულის ყვავილობის პერიოდში მორწყვა დიდ ეფექტს იძლევა. იგი ხელს უწყობს ნაყოფის მომცემი ყვავილების განვითარებას, გამონასკვას და მცენარეზე ნასკვების შენარჩუნებას.

ბროწეულის აგროღონისძიებებიდან მთავარია მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლა. ბროწეულის მავნებლებიდან აღსანიშნავია ვაშლისა და ბროწეულის ნაყოფჭამიები, ბრწეულის ბუგრი, ფესვის ყელის კიბო და სხვ. ხოლო დაავადებებიდან ციტოსოროზი, სიდამპლე და ქეცი.

ს/მ მეცნიერებათა დოქტორები:

ნუგზარ შენგელია,  ნატო მიქაძე,

ნადეჟნა მიროტაძე, ლალი გოგინავა