აგრარული განათლებადარგებიმცენარეთა დაცვაფერმერი ფერმერს

ბუგრები და მათი საწინააღმდეგო ღონისძიებები

ბუგრები ( Aphids ) ფართოდ გავრცელებული მცენარეთა მავნე მწერებია. რომლებიც აზიანებენ თითქმის ყველა სახეობის მცენარეებს, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე ტყის, დეკორატიულ და მინდვრის კულტურებს. ახასიათებთ წელიწადში 10 და მეტი გენერაცია და გვხვდებიან მარტის ბოლოდან ოქტომბრის ჩათვლით.
ჩვენში გავრცელებული ბუგრებიდან ყურადღებას იპყრობს ისეთი სახეობები, როგორებიცაა: ბაღჩის ბუგრი, ატმის ( თამბაქოს ბუგრი ), ქლიავის ბუგრი, ვაშლის ბუგრი, თხილის ბუგრი, ვარდის ბუგრი და სხვ. მრავალი.

ბუგრები სახლდებიან ფოთლის ქვედა მხარეზე და მცენარის ნორჩ ყლორტებზე, წუწნიან უჯრედის შიგთავს,  რის შედეგად ირღვევა ფოტოსინთეზის პროცესი, ნივთიერებათა ცვლა, ხშირად ფოთლები იცვლიან ფერს და დეფორმირდებიან, ნაადრევად ხმებიან, ძლიერი დაზიანების შემთხვევაში მცენარეზე ფოთლების 80% და მეტი ნაადრევად სცვივა, რის შედეგად სუსტდება მცენარე, მცირდება მოსავლიანობა და უარესდება მოსავლის ხარისხი.

ამას ამისა ბუგრები ინტენსიური კვების შედეგად გამოყოფენ ტკბილ ექსკრემენტებს, რომლებზედაც სახლდებიან სიშავის გამომწვევი სოკოები ე.წ. შავი ობი, რაც ძალზე აფერხებს ფოტოსინთეზის პროცესს, ასევე ტკბილ გამონაყოფებს უხვად ეტანებიან ჭიანჭველები რითაც ისინი იკვებებიან ანუ აღინიშნება ბუგრებისა და ჭიანჭველების სიმბიოზი. ბუგრები კვებავენ ჭიანჭველებს, ხოლო ისინი ბუგრებს იცავენ ბუნებრივი მტრებისაგან. და რაც ძალზედ საყურადღებოა. ბუგრებს გადააქვთ მცენარეებზე ვირუსული დაავადებები, რისგანაც მცენარის განკურნება შეუძლებელია.

ბუგრების გავრცელების ძირითადი მიზეზები: არასწორი აგროტექნიკა, აზოტოვანი სასუქების მცენარეების ზედმეტი დოზით გამოკვება, რაც იწვევს მცენარეში ისეთი ნივთიერებების დაგროვებას, რა დროსაც მცენარეები იზიდავენ ბუგრებს და იქ კარგად მრავლდებიან.

სინთეზური პრეპარატების გამოყენება იწვევს მისი ბუნებრივი მტრების: ოქროთვალების, ჭიამაიების, მტაცებელი ბაღლინჯოების და სხვათა განადგურებას და ბუგრებს გამრავლებისათვის უდგებათ ხელსაყრელი პირობები. ასევე, ერთი და იგივე პრეპარატის მრავალჯერადი გამოყენებაც იწვევს ბუგრების გამძლეობის გამომუშავებას ქიმიური პრეპარატების მიმართ ე.წ. რეზისტენტობის მოვლენა.

ბუგრების საწინააღმდეგო ღონისძიებები:  პირველ რიგში ვატარებთ მონიტორინგს ბუგრების გავრცელებაზე, თუ მცენარეზე შეინიშნება  ჭიანჭველების ინტენსიური მოძრაობა, დიდი ალბათობით არიან ბუგრები, ასევე  შეინიშნება ფოთლების დეფორმირება და გაყვითლებაც. აგრეთვე მონიტორინგისათვის მცენარეზე ჰკიდებენ ყვითელი ან ლურჯი ფერის წებოვან დამჭერებს. უმჯობესია ღონისძიების გატარება სანამ ბუგრები ძლიერ გავრცელდებოდნენ რა დროსაც ისინი ფოთლის ქვედა მხარეზე ( იშვიათად ზემოთ ) და ნორჩ ყლორტებზე წარმოქმნიან კოლონიებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ როცა მათი რიცხვი მცირეა შეიძლება გამოვიყენოთ მცენარეული ნაყენები, მაგ. ძაღლყურძენას ( კარტოფილის ან პამიდვრის ფოთლებისა და ღეროს ), ხახვის ან ნივრის ფოჩების, გვირილას, ანწლის, შხამას და სხვ. მრავალი მცენარეები.

ხოლო ბუგრების ძლიერი გავრცელების შემთხვევაში ვიყენებთ სინთეზურ, ქიმიურ პრეპარატებს. მათი ასორტიმენტი მოცემულია გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სპეციალურად მომზადებულ ცნობარში: საქართველოში ნებადართული მცენარეთა მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ გამოსაყენებელი პრეპარატები. ყოველ კერძო შემთხვევაში უნდა მიმართოთ სპეციალისტს, ზედმიწევნით დაიცავით მათი გამოყენების რეგლამენტები და წესები, ასევე ე.წ. ლოდინის პერიოდი ანუ დღეების რაოდენობა პრეპარატის ბოლო გამოყენებიდან მოსავლის აღებამდე.

ზურაბ ლოლაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი