დარგებიმედია

ჩაის ნაყენის სასარგებლო თვისებები და ბილოგიური აქტივობა

ჩაი წარმოადგენს საგემოვნო პროდუქტს, რომელიც გარკვეული კვებითი ღირებულებით და ბიოლოგიური აქტივობით ხასიათდება. საყოველთაოდ ცნობილია ჩაის მასტიმულირებელი და გამახალისებელი მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე. იგი სხვა სასმელებზე უკეთესად აკმაყოფილებს წყურვილს, ორგანიზმს უნარჩუნებს ხალისიან და შრომისუნარიან განწყობას.

ჩაიში ისეთი ძვირფასი ნივთიერებების არსებობა, როგორიცაა კოფეინი, პოლიფენოლები, ვიტამინები, ეთეროვანი ზეთები, ორგანული მჟავები, მინერალური ნივთიერებები და სხვ. განაპირობებენ მის უმნიშვნელოვანეს ბიოლოგიურ აქტოვობას. ჩაის ფართო გამოყენება უკავშირდება აგრეთვე მის დაბალკალორიულობას.

ჩაის ნაყენს ადამიანი ძირითადად იყენებს ალკალოიდების – კოფეინის, თეოფილინისა და თეობრომინის შემცველობის გამო, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე ძლიერი ფარმაკოლოგიური მოქმედებით გამოირჩევიან. კოფეინი მოქმედებს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, კუნთებზე, მათ შორის გულის კუნთზე და თირკმელებზე.

ადამიანის ორგანიზმის აღგზნება შესაძლებელია ალკოჰოლური სასმელებით, მაგრამ მათ შორის ის განსხვავებაა, რომ ალკოჰოლით აღგზნების შემდეგ იგი განიცდის დეპრესიას. გარდა ამისა სპირტული პროდუქტები გროვდება ადამიანის ორგანიზმში და უარყოფითად მოქმედებს მასზე. კოფეინი არ გროვდება ორგანიზმში, რაც უნდა ჭარბი რაოდენობით მოხდეს მისი მიღება. ჩაი არ მიეკუთვნება ნარკოტიკების კატეგორიას, ამიტომ ადამიანს მასზე არ უმუშავდება პირობითი რეფლექსი.

ჩაის უმნიშვნელოვანესი ბიოლოგიური აქტივობის განმსაზღვრელია პოლიფენოლები. ჩაის კატეხინები P ვიტამინური, ანტიოქსიდანტური და ბაქტერიოციდული აქტივობით, ძლიერი ანტისხივური მოქმედებით ხასიათდებიან. ჩინელი, იაპონელი და ამერიკელი მეცნიერების გამოკვლევებით ექსპერიმენტულად დადასტურებულია ამ ნივთიერებების ანტიკაცეროგენული და ანტიმუტაგენური ეფექტი. დადგენილია პოლიფენოლების უნარი შეარბილოს გულ-სისხლძარღვთა, ათეროსკლეროზული და ჰიპერტონული დაავადებები, შეამციროს ორგანიზმში ქოლესტერინის მავნე დონე.

ჩაის პოლიფენოლები აფერხებენ რიგი პათოგენური ბაქტერიების ზრდას, რომლებიც საკვები პროდუქტების მოწამვლას, დეზინტერიას და სხვა დაავადებებს იწვევენ.

ჩაის კატეხინები კაპილარგამაგრილებელი P ვიტამინური აქტივობით აღემატებიან ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა ციტრინი, რუთინი, ესკულინი და ხელს უწყობს ორგანიზმში ასკორბინის მჟავას დაგროვებას. დადგენილია, რომ ჩაის კატეხინები თითქმის მთლიანად სპობენ ცოცხალ ორგანიზმზე სტრონციუმ-90-ის მავნე რადიაქტიურ მოქმედებას. ჩაის ნაყენის მეშვეობით ადამიანის ორგანიზმი ღებულობს ფტორის ფიზიოლოგიურ ნორმას, რომელიც აუცილებელია კბილების დასაცავად კარიესისაგან. მაშასადამე, ჩაი არა მარტო საგემოვნო, არამედ ძლიერ ფარმაკოლოგიურ საშუალებასა და ბიოლოგიურად აქტიურ პროდუქტს წარმოადგენს, განსაკუთრებით მწვანე ჩაი.

თემურ რევიშვილი, ტექნიკის მეცნიერების დოქტორი, 
თამაზ მიქაძე, ტექნოლოგიების დოქტორი