დაავადებები, რომელიც ადამიანს შეიძლება ძაღლების და კატებისგან გადაედოს
ჩვენი ოთხფეხა მეგობრები სითბოსა და სიხარულთან ერთად ზოგჯერ ისეთ დაავადებებსაც ,,გვჩუქნიან”, როგორიცაა: ექინოკოკოზი, ტოქსოპლაზმოზი, ტრიქოფიტოზი, ლეიშმანიოზი, ტოქსოკაროზი და სხვა. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და ჩვენ ოთხფეხა მეგობრებსაც სათანადოდ მოვუაროთ
ექინოკოკოზი გადამდები პარაზიტული დაავადება, რომელსაც იწვევს ექინოკოკის კვერცხი. მისი ზრდასრული ფორმა ბინადრობს ძაღლის ნაწლავებში, გამოიყოფა ფეკალურ მასასთან ერთად და აბინძურებს გარემოს. მისი კვერცხი დიდხანს ძლებს — ძაღლის ბეწვზე, საოჯახო ნივთებზე, წყალში, საკვებში, ხილზე, მწვანილზე და ა.შ. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი კვერცხიდან გამოსული პარაზიტი ამოითესება ღვიძლში, ფილტვში და სხვა. მისი განკურნება მხოლოდ ქირურგიული ჩარევით და ხშირად სიკვდილით მთავრდება.
ტოქსოპლაზმოზი განსაკუთრებით საშიში პარაზიტული დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან ადამიანები, ცხოველები და ფრინველები. დაავადების წყაროა როგორც დაავადებული, ასევე პარაზიტების მატარებელი ცხოველები; მაგ: კატა თვითონ არ ავადდება, მაგრამ წყაროა ადამიანების დასაავადებლად.
ამიტომ საჭიროა მისი ფეკალური მასის კვარტალური გამოკვლევა. კატასთან კონტაქტი განსაკუთრებით საშიშია ორსული ქალბატონებისთვის. კატის საგების გაწმენდის შემდეგ ტოქსოპლაზმა ხვდება ადამიანის კუჭ-ნაწლავში, სადაც იწყებს განვითარებას. დაავადების წყაროა კატის ლოკვისას გამოყოფილი სითხე, თუ კანი იმ ადგილას დაზიანებული აღმოჩნდა. გამომწვევი ბუდობს თავის ტვინში, ჩონჩხის კუნთებში, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.
ტრიქოფიტოზი სოკოვანი დაავადებაა, რომელიც ადამიანს ძაღლისა და კატისაგან გადაედება და აზიანებს სადა კანს, კანის თმიან მიდამოს, ფრჩხილებს. ბოლო დროს დაავადების შემთხვევებმა ძალიან იმატა, რაც ალბათ ცხოველებისადმი ადამიანების სიყვარულს უნდა დავაბრალოთ.
ლეიშმანიოზის დაავადების წყაროა დაინვაზირებული, დაწყლულებული კანით დაავადებული ძაღლი. დაავადება ადამიანზე გადადის ძაღლიდან მწერების საშუალებით და იწვევს მძიმე პროცესებს, რომელიც ხშირად ლეტალურად (სიკვდილით) მთავრდება.
ტოქსოკაროზი საშიშია ადამიანისთვის, განსაკუთრებით რვა წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. თავისთავად, კიდევ არსებობს უამრავი დაავადება, რომელიც ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს. მაგ: დიროფილარიოზი (გულის ფილარია), ტოქსასკარიდოზი, ანკილოსტომოზი, დემოდეკოზი და სხვ.
ეს იმ დაავადებების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ იმ უსიამოვნებებში, რაც შეიძლება ჩვენმა ოთხფეხა მეგობრებმა მოგვიტანონ.
იმისათვის, რომ ავიცილოთ ზემოხსენებული დაავადებები, თუ გვინდა, რომ ჩვენი ცხოველები იყვნენ მხიარული, ჯანმრთელი და მათი კანის საფარველი (ბალანი) გამოიყურებოდეს ,,ელეგანტურად“, დროულად უნდა ჩავუტაროთ ლაბორატორიული გამოკვლევები.
ამ საკითხში თქვენ კვალიფიციურ დახმარებას აღმოგიჩენენ სსიპ „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის“ ვეტერინარი ექიმები.
ეთერ მირიანაშვილი