დაფნის გაშენება

გასულ საუკუნეში საქართველოში დაფნა ჩაისა და ციტრუსების შემდეგ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურა იყო. იმ პერიოდისათვის მას 6 ათასი ჰა ეჭირა. პროდუქციაზე ფასების ვარდნის გამო ნარგაობის რაოდენობა თანდათანობით შემცირდა. დღეს დაფნის პროდუქციაზე საექსპორტო მოთხოვნილების გაზრდამ ფერმერებს ამ კულტურის მიმართ სერიოზული ინტერესი გაუჩინა.

კეთილშობილი დაფნა (ლაჲღჲშ ნჴბჳლჳშ) ერთ-ერთი უძველესი კულტურული მცენარეა. მას მრავალმხრივი გამოყენება აქვს. დაფნის ხმელ ფოთოლს ძველი დროიდანვე იყენებდნენ კულინარიაში, საკონსერვო წარმოებაში როგორც საკმაზს, ხოლო დაფნის ფოთლიდან მიღებულ ეთერზეთებს საკონდიტრო წარმოების გარდა იყენებენ პარფიუმერიაში, ცხიმოვანი ზეთები კი დიდ გამოყენებას პოულობს ვეტერინარიაში სამკურნალოდ.

დაფნა საუკეთესო მარადმწვანე დეკორაციული მცენარეა. რეკომენდებულია ქარსაფარი ნარგაობისათვის და ცოცხალ ღობეებად. დაფნის მცენარეს მძლავრი ფესვთა სისტემის გამო ფერდობებზე იყენებენ ეროზიის საწინააღმდეგოდ. მაღალი ყინვაგამძლეობის გამო დაფნას გავრცელების ფართო არეალი გააჩნია, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 300 წელს აღწევს. ზრდის პირობებისა და მოვლის მიხედვით იგი 2-5მ სიმაღლის ბუჩქს წარმოადგენს, გვხვდება 16-მეტრიანი ხეებიც. მისი ბუნებრივი ნაყარი შემორჩენილია ურთას (ხობი) მთაზე.

დაფნის კულტურის წარმოებით დაინტერესებულ ყველა პირს ვთავაზობთ სამრეწველო პლანტაციების გაშენების, მოვლისა და ექსპლოატაციის კონკრეტულ ტექნოლოგიურ გეგმას:

დაფნის პლანტაციების გასაშენებლად უნდა შეირჩეს ვაკე ადგილები და ფერდობები 200-ის დაქანებამდე. დაფნის კულტურა ნიადაგების მიმართ ნაკლებად მომთხოვნია, მაგრამ კარგად ხარობს ნეშომპალა კარბონატულ ფხვიერ და კარგი სტრუქტურის მქონე ნიადაგებზე, თუმცა ვითარდება წითელმიწა, ყვითელმიწა და სუსტად გაეწრებულ ნიადაგებზე მოკირიანების ჩატარების შემდეგ.

დაფნა ვერ ეგუება ჭარბტენიან ნიადაგებს. ასეთ ადგილებში ტენის მოსაშორებლად და ჰაერის რეჟიმის გასაუმჯობესებლად დაფნის გაშენებამდე ეწყობა კვლები. კვლის სიგრძე შეიძლება იყოს 100-120 მეტრი, ხოლო სიგანე 5-დან 8-მეტრამდე. კვლებიდან ამოღებული მიწა იყრება კვლის შუა ნაწილში და თანაბრად ნაწილდება.

გასაშენებლად შერჩეული ნაკვეთი საჭიროა გაიწმინდოს სარეველებისაგან და ტყე-ბუჩქნარისაგან, მოხდეს ნიადაგის მთლიანი დამუშავება 45 სმ სიღრმეზე, ჩატარდეს ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა და მის საფუძველზე შედგენილი იქნას განოყიერების სწორი სისტემა. მჟავე რეაქციის ნიადაგებზე აუცილებელია ქიმიური მელიორაცია კირის, ტკილის ან დეფეკაციური ტალახის გამოყენებით.

დაფნის პლანტაციის გაშენება ხდება 2 წესით: ბუჩქური და შპალერული. ბუჩქური გაშენებისას რიგებს შორის მანძილი 1,5 მეტრია, ხოლო მცენარეებს შორის 1 მეტრი. ჰა-ზე თავსდება 6700 მცენარე. შპალერული გაშენებისას რიგებს შორის მანძილი 1,5 მეტრია, მცენარეებს შორის 0,5 მეტრი ჰა-ზე (13400 მცენარე). გაშენების წინ ნაკვეთის გრძელი მხარის პარალელურად გაყავთ სწორი ხაზი და ჩვეულებრივი წესით იწყებენ დაგეგმვას ყოველ 1,5 მეტრში.

მწკრივთა ხაზების მონიშვნის შემდეგ მათ გასწვრივ 30სმ სიღრმეზე აფხვიერებენ 0,5 მეტრი სიგანის სათესლე ან ნერგების დასარგავ ზოლს. სარგავ ხაზზე ამოიღება 20სმ განისა და 25სმ სიღრმის ორმო, სადაც ირგვება სტანდარტული ნერგი, ხოლო თესლით გაშენებისას 4-5სმ სიღრმეზე ეწყობა ბუდნები, რომელშიც 3-4 ცალი თესლი ითესება და მაჩვენებელი ჯოხით აღინიშნება. თესლის შეგროვება ხდება შემოდგომაზე წინასწარ აპრობირებული სადედე ხეებიდან.

თესვა უნდა მოხდეს ოქტომბერ-ნოემბერში. თესლს უნდა შემოეცალოს ნაყოფ-გარემო. ერთი ჰა პლანტაციის ბუჩქური წესით თესლით გაშენებისას საჭიროა 35 კგ თესლი, ხოლო შპალერული გაშენებისას 70კგ.

თუ თესლი შემოდგომით არ ითესება საჭიროა გაუკეთდეს სტრატიფიკაცია 7%-იან ტენიანობის სილაში. წინასწარ ხის ყუთში იყრება სილა, მასზე 3-4 სმ სისქით იყრება თესლი, შემდეგ ისევ სილა და ასე შემდეგ. ყუთის სასურველი სიმაღლეა 40სმ. ყუთი იდგმება დაცულ ადგილას +20ჩ +80ჩ ტემპერატურაზე, ტენიანობა 60-70%. შენახული თესლი ითესება 25 თებერვლიდან 25 მარტამდე.

სანერგეში გამოყვანილი ნერგებით სასურველია პლანტაციის გაშენება მოხდეს 1 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე ან 15 თებერვლიდან 1 აპრილამდე.

პლანტაციის გაშენების წელსვე იწყება მწკრივების სარეველებისაგან გასუფთავება და რიგთაშორისების გაფხვიერება. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს თესლით ახლად აღმოცენებული მცენარეების მოვლა.

მეორე წლიდან მეჩხერი ადგილების შესავსებად უმჯობესია გამოვიყენოთ სტანდარტული ნერგებით გამორგვა.

ახალგაზრდა პლანტაციებში 2-3 წლის განმავლობაში 10-12 სმ სიღრმეზე ტარდება რიგთაშორისებში გაფხვიერება და ამონიუმის გვარჯილის შეტანა ძირზე 0,1კგ, ხოლო ზრდასრულ პლანტაციებში, სადაც რიგთაშორისები შეკრულია 4 წელიწადში ერთხელ ტარდება საზამთრო გადაბარვა 10-12სმ სიღრმეზე, ორგანული და მინერალური სასუქების შეტანა მეცნიერული კვლევების საფუძველზე დადგენილი დოზებით.

დაფნის მაღალი და სტაბილური მოსავლის მისაღებად საჭიროა განოყიერების სწორი სისტემის შემუშავება, რომელიც ეფუძნება პერიოდულად ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრას და ნაყოფიერების დონის დადგენას. დაფნის პლანტაციების განოყიერების მიზნით იყენებენ როგორც ორგანულ ისე მინერალურ სასუქებს. ორგანული სასუქებიდან გამოიყენება დაკომპოსტებული ნაკელი საყოფაცხოვრებო ანარჩენებთან ერთად, ტორფ-კომპოსტი. ტორფ-კომპოსტებიდან შეიძლება გამოვიყენოთ ტორფ-ნაკელი ან ტორფ-დოლომიტი ან ცეო-ტორფი ან ტორფ-ჰუმინური სასუქები და სხვა. ტორფ-დოლომიტის გამოყენებისას ნიადაგში ერთდროულად ხდება ორგანული სასუქის შეტანა და ნაკვეთის გამდიდრდება საკვები ელემენტი – მაგნიუმით. „ცეო-ტორფის“ გამოყენება უზრუნველყოფს ნიადაგის მექანიკური შემადგენლობის გაუმჯობესებას, გამდიდრებას ორგანული სასუქით და იონგაცვლითი პროცესების ზრდას. ტორფ-ჰუმატები ორგანულ სასუქთან ერთად შეიცავენ სტიმულატორს. წყალხსნადი ჰუმინის მჟავას შემადგენლობა ტორფ-ჰუმატებში გაცილებით მეტია ვიდრე სხვა ტორფ-კომპოსტებში. ორგანულ სასუქად ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ბიო-ჰუმუსი შემცირებული დოზით 5 ტონა ჰა-ზე.

ორგანული სასუქის დოზები განისაზღვრება ნიადაგში ჰუმუსის შემცველობით და იგი მერყეობს 30-50 ტონამდე 4 წელიწადში ერთხელ რიგთაშორისებში შეტანით. მინერალური სასუქების გამოყენება დამოკიდებულია ნიადაგში საკვები ელემენტების შემცველობაზე. იმ შემთხვევაში, როდესაც ნიადაგი ღარიბია სამივე საკვები ელემენტით: აზოტით, ფოსფორით და კალიუმით გამოიყენება კომპლექსური მინერალური სასუქი ნჵკ ან სუპერაგრო ან დიამოფოსკა ან ამოფოსკა 500კგ ჰა-ზე. დანარჩენ შემთხვევებში იყენებენ მარტივ სასუქებს. აზოტის ნაკლებობისას ახალგაზრდა პლანტაციაში გამოიყენება ამონიუმის გვარჯილა 150 კგ ჰა-ზე, ხოლო ზრდასრულ პლანტაციებში გამოიყენება 500კგ. ფოსფორის ნაკლებობისას ვიყენებთ სუპერფოსფატს 500-750კგ ჰა-ზე, ხოლო კალიუმის ნაკლებობისას კალიუმის მარილს 250კგ ჰა-ზე. ბოლო პერიოდებში საქართველოს ბაზარზე შემოვიდა ორგანო- მინერალური სასუქები ბაქტოფერტი, რომელსაც დიდი გამოყენება აქვს ჰა-ზე 500კგ დოზით.

დაფნის ახალგაზრდა პლანტაციაში პირველი მოსავლის მიღება იწყება 3 წლის ასაკში, რისთვისაც ბუჩქი იჭრება ფესვის ყელიდან 10-15სმ-ზე. დაფნის ნარგავების პირველი გადაჭრა ხელს უწყობს გვერდითი ტოტების დაბუჩქებას და განვითარებას. დაფნის მორიგი გადაჭრა ხდება 10სმ ზევით წინა გასხვლაზე, ე.ი 20-25 სმ-ზე ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. დაფნის შპალერული ნარგაობის ყოველწლიური გადაჭრა დაუშვებელია. როდესაც დაფნის ბუჩქები მოსავლიანობას შეამცირებენ და სიმაღლეში გადაიზრდებიან (ყოველ 8-10 წელიწადში ერთხელ) ეწყობა ბუჩქის მძიმე გასხვლა 20სმ სიმაღლეზე ფესვის ყელიდან.

დაფნის პლანტაციაში მოსავლის აღება ხდება 15 ნოემბრიდან 1 მარტამდე. ტოტების შეჭრა წარმოებს გალესილი ბასრი იარაღით მზიან ამინდში. ანასხლავი მასა იკვრება კონებად და თავსდება სათანადო ჰაერაციის მქონე ფარდულებში. დაფნის მზეზე შრობა დაუშვებელია. ხელსაყრელ პირობებში ფოთოლი 10-15 დღეში შრება. გამხმარ ფოთოლს უნდა ჰქონდეს ღია მწვანე ფერი, მოღუნვის დროს თავისუფლად არ უნდა ტყდებოდეს, ტენის შემცველობა 14%-ს არ უნდა აღემატებოდეს. გახმობის შემდეგ პროდუქციას უნდა მოშორდეს უხეში ტოტები, უცხო მინარევები და მოთავსებული იქნას ჰაერგამტარ ტომრებში.

იმ შემთხვევაში, როცა დაფნა გამზადებულია ეთერზეთების მისაღებად მას გაშრობა არ ესაჭიროება და მწვანე მასის გადაზიდვა ხდება ეთერზეთების ქარხნებში.

დაფნის პლანტაციებში დაფნის ფოთლებსა და ყლორტებს აზიანებს მავნებლები: დაფნის ფოთოლრწყილა, ფარიანები, ცრუფარიანები, ბუგრები, მღრღნელები, მახრა, ღრაჭუნა, ფოთოლმხვევიები და სხვა.

დაავადებებიდან: ფესვის სამხრეთული სიდამპლე, ფილოსტიქოზი, ანთრაქნოზი და სხვა.

დაფნის პლანტაციებში მავნებლების და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა განხორციელდეს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე. წინაღმდეგ შემთხვევაში მოსავლიანობის კლებასთან ერთად უარესდება დაფნის ფოთლის ხარისხი და კარგავს სასაქონლო სახეს. სამრეწველო პლანტაციების გაშენებისა და მოვლის მაღალ ტექნოლოგიურ ფონზე შესაძლებელია თითოეულ ჰა-დან მივიღოთ 5-10 ტონა მწვანე მასა, რაც გამხმარ ფოთოლზე გადაყვანით 2 ტონას შეადგენს.

დაფნის კულტურის გაშენებითა და ექსპლოატაციით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სრულყოფილი კონსულტაციები მიიღონ ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკურ ცენტრ „ანასეული”-ს სპეციალისტებისაგან – შეამოწმონ თავანთი ნიადაგების, მცენარეული ნიმუშების ხარისხიანობა და დაადგინონ პოტენციური ვარგისიანობა ამ კულტურის საწარმოებლად.

 

ზაურ გაბრიჩიძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

რუსუდან ტაკიძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;

ფრიდონ ჭანუყვაძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიურ დოქტორი.

ოზურგეთი – ანასეული

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.