ვულკანური წარმოშობის ახალგაზრდა მთა საჩხერეში

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში არსებულ იმ საინტერესო ადგილებს გაგაცნობთ, რომლებიც რეგიონში განხორციელებული ექსპედიციების შედეგად აღმოჩნდა. რუბრიკა “ჩემი იმერეთი” ამჯერად უნიკალურ გორაძირის ვულკანური მთის შესახებ გიამბობთ.


იმერეთის ყველაზე ახალგაზრდა ვულკანური მთა, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების და ზემო იმერეთის სტრუქტურული პლატოს პანორამული ხედი, არქეოლოგიური ობიექტი გორაძირის მთა მდებარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტის კორბოულის თემში, გომი-საჩხერე-ზესტაფონის საავტომობილო გზის ჩრდილოეთით. მთამდე მისასვლელად თბილისიდან მანძილი 145 კმ-ს, საჩხერიდან 20 კმ-ს, ხოლო ქუთაისიდან 100 კმ-ს შეადგენს.

ზეპირი წყაროების მიხედვით, სოფელ კორბოულის სახელწოდება XIII საუკუნიდან მოდის. მონღოლთა შემოსევის დროს მტრის ლაშქარს კორბოულის ტერიტორიაზე გაუვლიათ, ქართველები დაუმარცხებიათ და ტერიტორია დაურბევიათ. ამ დროს მონღოლთა ლაშქარს მოუძღოდა მთავართა გვარის წარმომადგენელი კოლა ჯაყელი. კოლას მიერ დარბეულ ტერიტორიაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გადმოუსახლებიათ ხალხი და დარბეულ ტერიტორიაზე ჩაუსახლებიათ. ამის გამო დასახლებულ პუნქტს ,,კოლარბეული” ეწოდა. ამის შემდეგ ჟამთა სვლამ სოფლის სახელწოდება ხშირად შეცვალა: ,,კვერბეული”, ,,კორბეული”, ,,კოლიბაური”. ჩვენამდე კი მოაღწია ,,კორბოულის” სახელით. კორბოულის შესახებ გარკვეულ მონაცემებს იძლევა ცნობილი ფრანგი მოგზაური შარდენი თავის წიგნში ,,ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში”, რომელშიდაც კორბოული ,,კოლიბეურის” სახელითაა მოხსენებული. საყურადღებო და ნიშანდობლივია, რომ მოგზაურობისას შარდენი ალიდან საზანომდე, რომელიც მან გაიარა 1672 წლის 23 დეკემბრიდან 27 დეკემბრამდე, გარდა კორბოულისა, არც ერთი სოფლის სახელს არ ასახელებს.

კორბოულის არქეოლოგიური შესწავლისათვის მნიშვნელოვანი მასალებია მოპოვებული გორაძირის დასახლებაში, სადაც 1867 წ. ივლისში ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის (ხელმძღვანელი დ. თუშაბრამიშვილი) მიერ ჩატარდა გათხრები. რაზმში მონაწილეობდნენ მეცნიერ-თანამშრომლები ე. გოგაძე და ც. დავლიანიძე. 1976 წლის ექსპედიციამ შეძლო გაეთხარა სამი ყორღანული სამარხი. გორაძირის ყორღანებსა და სამარხებში დიდი რაოდენობით გამოვლინდა კერამიკული მასალა – მრავალნაირი ფორმისა და ორნამენტის მქონე ჭურჭელი ფრაგმენტულ მდგომარეობაში. კერამიკულ მასალას თან ახლავს ბრინჯაოს ნივთებიც: სატევრის პირები, ისრის პირები, საკინძი, სამაჯურის ფრაგმენტები, ბალთა და წვრილი უფორმო ნახატები, რკინის სატევარი, მრავალნაირი ფორმისა და ზომის მძივები, ოქროს თხელი ფურცლით შემკული სპილენძისა და ბრინჯაოს სამაჯური. გორაძირის მთლიანი მასალის ტიპოლოგიურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ იგი დაახლოებით ერთ გარკვეულ ქრონოლოგიურ პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს ეს არის პერიოდი გვიანი ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანისა. კერძოდ, ძვ.წ. VII-VI-სს – ის ფარგლებში უნდა ექცეოდეს. რაც დადასტურებაა იმისა, რომ კორბოული სწორედ ამ პერიოდში დასახლებული პუნქტი ყოფილა. გორაძირზე ყორღანულ სამარხში ნაპოვნი ნივთები დაცულია ს. ჯანაშიას მუზეუმსა და საჩხერის ისტორიულ მუზეუმში.


იმერეთის მაღლობზე ახალგაზრდა ვულკანური ნაგებობები წარმოდგენილია კორბოულის უბან გორაძირის მიდამოებში, რომლებიც მორფოლოგიურად ქმნიან კონუსურ ბორცვებს. გორაძირის მერიდიანულ სერზე აღმართული კონუსები (დიდი ზ.დ. 1109 მ, და პატარა გორაძირი, 1090 მ; შეფარდებითი სიმაღლე 100-150მ) ბაზალტებითაა აგებული, მაგრამ დიდ გორაძირში საკმაოდ მჭიდროდ შეცემენტებული ტუფებიც არის. ბაზალტი გაშიშვლებულია მხოლოდ დიდი გორაძირის თხემზე, სხვა ნაწილები აგებულია კონტაქტური მეტამორფიზმით შეცვლილი მიოცენური ასაკის გამუქებული კირქვებით. ბაზალტურ ლავებს აქ მდ. მდ. ძირულასა და დუმალას წყალგამყოფზე (ს. კორბოულის აღმოსავლეთით) გაურღვევიათ ნეოგენური შრეები და ამოუბურცავთ მათი ზედაპირი (ე.ი. ადგილი ჰქონია კონტაქტურ მეტამორფიზმს). გორაძირის კონუსს თავის მორფოჰიფსომეტრიულობით მდ. დუმალას მთელ აუზში ყველაზე თვალსაჩინო ადგილი უკავია, რომლის მოვაკებული თხემიდან (ე.ი. წაკვეთილი კონუსიდან) დამკვირვებლის თვალწინ იშლება ზემო იმერეთის პლატოს ეგზოტიკური პეიზაჟების მქონე თვალწარმტაცი პანორამა. ვულკანური რელიეფის ფორმები იმერეთის პლატოს სხვა ადგილებშიც გვხვდება მცირე კონუსებისა და გუმბათების სახით, რომლებიც დაკავშირებულია ბაზალტური ლავის ექსტრუზივებთან. ამ მიმართებით შეიძლება დავასახელოთ კორბოულის პლატოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ბაზალტური ლავით აგებული ლაკოლითური ბორცვი ს.დურევის ტერიტორიაზე, რომელიც მიმდებარე რელიეფის ფონზე მკაფიოდ გამოიყურება.

გორაძირის ვულკანურ გუმბათს ჩრდილოეთ მიმართულებით კარგად დახრილი ფერდობი აქვს გამოკვეთილი, რომლის სიგრძე დაახლოებით 1,5 კმ შეადგენს, სადაც ზამთრობით მინიუმ 50 დღის განმავლობაში თოვლის საფარი მუდმივად არის იმ ოდენობით, სადაც შესაძლებელია მცირე სათხილამურო ტრასის მოწყობა მოყვარულ მოთხილამურეებისათვის, რაც სოფელ კორბოულის ამ უნიკალურ ადგილის, ტურისტულ პოტენციალს ნათლად გამოაჩენს.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში)

გეოგრაფიის აკადემიურმა დოქტორმა გიორგი დვალაშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.