მეცხოველეობა

ძროხის ადგილობრივი ჯიშების მნიშვნელობა ორგანული მეურნეობისათვის

საერთო ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე მოთხოვნილება იზრდება, რაც ფერმერულ მეურნეობებში ორგანული მეთოდების დანერგვის წინაპირობას ქმნის.

მსოფლიო გენოფონდის რესურსების გამოყენებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა სანაშენე საქმის გაუმჯობესებასა და პროდუქტიულობის დონის  ამაღლებაში. არსებული ჯიშების დაცვა, ჯიშის შიგნით ინდივიდთა შორის მრავალფეროვნების შენარჩუნება წარმოადგენს სასელექციო მუშაობის წარმატების მნიშვნელოვან წინაპირობას.

ინტენსიურმა სელექციამ განაპირობა მსხვილფეხა პირუტყვის სპეციალიზირებული ჯიშების შექმნა, რამაც მიგვიყვანა  სერიოზულ პრობლემამდე და გენეტიკური მრავალფეროვნების კატასტროფულ შემცირებამდე.

სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა გენეტიკური რესურსების გაღარიბება იწვევს მრავალმხრივ უარყოფით შედეგებს: უარესდება მუდმივად ცვალებად გარემოსთან ცხოველთა ადაპტაციის უნარი, ეცემა სელექციის ეფექტურობა, იკარგება ღირებული მასალა შინაური ცხოველების ევოლუციისა და სხვადასხვა ჯიშების წარმოშობის  შესასწავლად და სხვ.

გასული საუკუნის 60-ნი წლებიდან ჩვენში დიდი რაოდენობით შემოიყვანეს სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ე.წ. კულტურული ჯიშები, ხოლო ადგილობრივი გენოფონდის დაცვას ყურადღება არ ექცეოდა. შედეგად, კრიტიკულ ზღვრამდე შემცირდა ადგილობრივი ჯიშების რიცხოვნობა, ზოგიერთი მათგანი კი გადაშენების პირას მივიდა. ამას დაემატა ბოლო პერიოდში განხორციელებული უსისტემო შეჯვარებები, რამაც გაქრობის პირამდე მიიყვანა ეს უნიკალური ჯიშები.

ორგანული მეცხოველეობა ითვალისწინებს ცხოველების მოვლა`შენახვას თავისუფლად, საძოვრების მაქსიმალურად დიდი ფართობების გამოყენებით. ცხოველების ასეთი სისტემის შენახვისას ნარჩუნდება საძოვრის ბალახნარი, ხოლო გამოყოფილი ნაკელი თანაბრად ნაწილდება საძოვრის მთელ ფართობზე, რაც ხელს უწყობს ნიადაგის ნაყოფიერებას.ორგანულ მეურნეობაში ცხოველები მთელი წლის განმავლობაში იმყოფებიან ბუნებრივ პირობებში და საკვების მოსაპოვებლად ისინი მუდმივად მოძრაობენ, რაც ხელს უწყობს ბუნებრივი იმუნიტეტის გამომუშავებას და გაძლიერებას. ამიტომ ორგანულ მეცხოველეობაში პრიორიტეტი ენიჭებათ ცხოველთა ადგილობრივ ჯიშებს.

დაავადებებისა და არასასურველი გარემო პირობებისადმი გამძლე ჯიშების და ხაზების შექმნის ერთ-ერთი სწრაფი და იაფი გზაა ადგილობრივი გენოფონდის გამოყენება. ამავე დროს, თუ არ იქნება მიღებული სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები, არსებობს მათი უკვალოდ გაქრობის საშიშროება. ამ მხრივ შემაშფოთებელია ფაჴ-ს მონაცემები, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი ჯიშების 45% ან რისკის ჯგუფშია, ან უკვე გადაშენდა.

ითვლება, რომ აბორიგენული ჯიშები რაოდენობრივად შეზღუდული ცხოველთა ჯგუფებია, რომლებიც მრავლდებიან ცალკეულ რეგიონებში. ეს შეზღუდულობა განპირობებულია იმით, რომ ეს ჯიშები ან არც თუ ისე კარგად ეგუებიან სხვა გარემო პირობებს, ან მათი სამეურნეო სასარგებლო თვისებები არ არის საკმაო დონეზე განვითარებული, ან და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისას ეკონომიურად არაკონკურენტუნარიანი არიან. როგორც წესი, ასეთი ჯიშები თანდათან ქრებიან ან უკეთეს შემთხვევაში სტაბილურად უზრუნველყოფენ თავიანთი გენეტიკური რესურსების აღწარმოებას. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი ჯიშები ხასიათდებიან სპეციფიკური თვისებებით, რაც განაპირობებს მათი შენარჩუნების პრობლემას. ადგილობრივ ჯიშებს ახასიათებს უნიკალური შემგუებლობის უნარი გარემო პირობებთან, ეფექტური და რაციონალური გამოყენება ბუნებრივი საძოვრებისა და ორგანიზმის მაღალი რეზისტენტობა ზოგიერთი დაავადებებისადმი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ამ უკანასკნელთა სანაშენე გამოყენების ეფექტურობის გაზრდას ძვირფასი შიდაჯიშობრივი გენოფონდის საფუძველზე.

საქართველოში დიდი პერსპექტივა აქვს მაღალმთიან რეგიონებში კლიმატოლოგიური და ბალნეოლოგიური კურორტების და სამთო ტურიზმის განვითარებას. ამდენად,  ქართული მთის ჯიშის პირუტყვის გენოფონდის გადარჩენა სერიოზულ დატვირთვას იძენს, რამეთუ აღნიშნულ ზონაში სხვა კულტურული ჯიშების მოშენება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ პირუტყვის გამოყენება მიზანშეწონილია მაღალმთიანი რეგიონების და კუროროტების ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით მომარაგების მიზნით. ამასთან ერთად, საწარმოო საშუალებების (დამატებითი საკვების, შრომის და სხვ.) მინიმალური დანახარჯით ისინი გვაძლევენ ეკოლოგიურად სუფთა ორგანულ საკვებ პროდუქტებს და სოფლად მცხოვრებთა შემოსავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ხშირად კი ერთადერთი წყაროა.

მათი ღირსება და კონკურენტუნარიანობა გამოიხატება იმითაც, რომ კონკრეტულ გარემოში ისინი ბევრად უფრო დიდ პროდუქტიულობას ავლენენ, ვიდრე საყოველთაოდ აღიარებული კულტურული ჯიშები. მიზანშეწონილი იქნება ადგილობრივი ჯიშების გენოფონდის კომპლექსისა და სასელექციო გამოყენების მეთოდების შემუშავება ასევე რეზისტენტობის ასამაღლებლად. სელექციის წარმართვისათვის რეზისტენტობის მიხედვით ადგილობრივი ჯიშების გენოფონდი დიდ რეზერვს წარმოადგენს.

მიზანმიმართული შერჩევა`გადარჩევის მეთოდებით სრულფასოვანი კვების ფონზე ეტაპობრივად შესაძლებელია ამ ჯიშების აღდგენა და პროდუქტიულობის გადიდება. ამ შემთხვევაში უპირატესობას ვანიჭებთ ხალასჯიშიან მომშენებლობას, თუმცა არ გამოვრიცხავთ დართვითი შეჯვარების გამოყენებას დაბალპროდუქტიულ ნახირებზე. ასეთი სანაშენე მეთოდების გამოყენებით სელექციის ეფექტურობა ყოველწლიურად 2,5%-მდე აიწევს, რაც ეტაპობრივად გააუმჯობესებს ძროხის ადგილობრივი ჯიშების პროდუქტიულობას.

ამავე დროს ცხოველის პროდუქტიულობის გენეტიკური პოტენციალი, რაც არ უნდა მაღალი იყოს ის, სრულფასოვანი კვების გარეშე ვერ გამომჟღავნდება.

ორგანულ მეცხოველეობაში ცხოველთა კვების მთავარი ამოცანაა ჯერ უზრონველყოს სასოფლო-სამეურნეო ცხოველების სასიცოცხლო პირობების დონის ხარისხი და მხოლოდ ამის შემდეგ – მაქსიმალური პროდუქტიულობის მიღება. ეს წესი მოქმედებს მთლიანად ორგანულ სოფლის მეურნეობაში, ხოლო მეცხოველეობაში მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს უჭირავს განსაკუთრებული ადგილი იმ თვალსაზრისით, რომ აგროეკოსისტემის ორგანული ნივთიერებების წრებრუნვაში მას დამკვიდრებული აქვს დომინირებული პოზიცია.გათვლილია, რომ ეკონომიურად ეფექტურია მეწველი ფურის შენახვა მისი 10 წლის ასაკამდე, როდესაც მისი ლაქტაციური მონაწველი შეადგენს 35 000-40 000 კგ რძეს 7-8 ლაქტაციური პერიოდის განმავლობაში. მხოლოდ ასეთ შექმნილ ბაზაზე უკვე შესაძლებელი ხდება ორგანული მეცხოველეობის განვითარება.

როგორც წესი, ბიომეურნეობები სარგებლობენ ძირითადად საკუთარი წარმოების საკვებით, არ ყიდულობენ კომბინირებულ საკვებს და ზრდიან სტიმულატორებს, მათ შორის ჰორმონებს, ვინაიდან ორგანული მეურნეობების  მიზანია პროდუქციის ხარისხი და არა მასიური წარმოება. ასეთი ცხოველები, მართალია, ნაკლებად სწრაფად იზრდებიან, სამაგიეროდ პროდუქცია (ხორცი, რძის ნაწარმი) უვნებელია და გამოირჩევა საუკეთესო ხარისხით და საგემოვნო თვისებებით.

ამგვარად, თავისუფალი ძოვება, ორგანული საკვებით კვება და ცხოველების ბუნებრივ პირობებში შენახვა განაპირობებს ბიოხორცში და ბიორძეში გაცილებით მეტ ძვირფას ცილებს, ნაკლებ ცხიმის შემცველობას და ასევე უჯერი ცხიმოვანი მჟავების გაზრდილ რაოდენობას.

ორგანული მეცხოველეობა ეყრდნობა სამ ძირითად პრონციპს – მოძრაობა, მზე და ცხოველთა ბუნებრივი კვება. შედეგად ვღებულობთ ძვირფას და უვნებელ პროდუქციას (ხორცი), რომელიც განსხვავდება ჩვეულებრივი სამრეწველო მეცხოველეობის პროდუქტებისგან ხარისხიანი ცილებით, ნაკლები ცხიმის შემცველობით (20-20%-ით) და ვიტამინებისა და მინერალების მდიდარი ნაკრებით.

ორგანული სოფლის მეურნეობის გასაოცარი ზრდის პროცესი მიმდინარეობდა  გასული სუკუნის 90-იან წლებში მსოფლიოსა და ევროპის რადიკალური გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, რაც გამოწვეული იყო მთელი რიგი ფაქტორების ერთობლივი გავლენით. პირველი იყო მომხმარებლების მზარდი შეშფოთება სურსათის ეკოლოგიური უვნებლობითა და გარემოზე ინდუსტრიული მიწათმოქმედების ნეგატიური გავლენით. ამის გამო სულ უფრო იზრდებოდა მოთხოვნა ორგანულ პროდუქციაზე.

ორგანული პროდუქციის ბაზარი ყოველწლიურად იზრდება, მოთხოვნა წინ უსწრებს შემოთავაზებას უფრო მაღალი ფასებით. ძლიერ სტიმულად ითვლება პირდაპირი დოტაციები კონვერსიაზე და ორგანული მეურნეობების შემდგომი განვითარება. დოტაციების ფასი მერყეობს სხვადასხვა ქვეყნებში 500-დან-1500 ევრომდე/ჰა წელიწადში. პრემიებთან ერთად სუბსიდიები გაზრდიან წვრილი ფერმერული მეურნეობების გადარჩენის შანსებს.

ორგანული მეცხოველეობის განვითარება დაიწყო უფრო გვიან, ვიდრე ორგანული მემცენარეობა და იურიდიულად გაფორმდა 1999 წელს. ამჟამად ის ძალიან სწრაფად ვითარდება (ხორცის, კვერცხის, რძისა და რძის პროდუქტების წარმოება) ორგანულ საკვებწარმოებასთან ერთად.

რუსუდან ბარკალაია, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი,

კობა ნაცვალაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი