აგრარული განათლებააგროსიახლეებისტატიები

ენტომოპათოგენური ნემატოდების გამოყენება მავნე მწერების Sciarid  მიმართ საქართველოს სასათბურე სოკოს წარმოებაში

ბოლო წლებში საქართველოში ქამა სოკოს Agaricus bisporus  ინდუსტრიაში ნიადაგში ბინადარი მავნე მწერები — – Lycoriella და Bradysia spp. (Diptera: Sciaridae) გავრცელდა. Sciarid -ები ანუ სოკოს კოღონები ინტენსიურად მრავლდებიან ორგანულ სუბსტრატში. Sciarid -ები  პატარა, 0.5-2 მმ ზომის მწერები არიან, ვიწრო სხეულითა და მომრგვალებული თავით, რუხი ან შავი შეფერილობით. მწერი კვერცხს დებს სველ ადგილზე, საიდანაც რამდენიმე დღის შემდეგ ჩნდებიან მრგვალი ჭიების მსგავსი მატლები (2-10 მმ). ისინი იკვებებიან სოკოს მიცელიუმით და დიდ ზიანს აყენებენ სახალხო მეურნეობას. ქამა სოკოს ეკოლოგიურად სუფთა მოსავლის მიღებისათვის მკაცრად რეკომენდებულია მავნე მწერებისაგან სოკოს დაცვისათვის უსაფრთხო საშუალებების გამოყენება. სოკოს მოყვანისათვის სუბსტრატის მაღალი ტენის შემცველობა ხელს უწყობს კოღონების განვითარებას, რაც თავის მხრივ ენტომოპათოგენური ნემატოდების (ეპნ) გამოყენების უნიკალურ საშუალებას იძლევა. ეპნ მარტივი, მრგვალი, უფერო ჭიებია. ინსექტიციდური ნემატოდები — გვარი Steinernema (Nematoda:Steinernmatidae) ასოცირებულია ბაქტერიებთან, გვარი — Xenorhabdus.

მათი მაინფიცირებელი თაობა (IJs)  ეძებს შესაფერის მასპინძელ მწერს, იჭრება მის სხეულში და მალე ნემატოდა და მისი ბაქტერიული პარტნიორი ერთობლივად იწყებენ მოქმედებას, იწვევენ მწერის ცხიმოვანი ქსოვილის განადგურებას, ამცირებენ მის კოპულაციას და კვერცხდებას. მასპინძლის ორგანიზმში ბაქტერია მრავლდება, მისი ზემოქმედებით კი მწერი სწრაფად იღუპება. წარმოიქმნება ზრდასრული ფორმა, საიდანაც კვლავ ახალი მაინფიცირებელი თაობა (IJs) წარმოიშობა. იგი ტოვებს მკვდარი მასპინძლის სხეულს და ახალ მსხვერპლს ეძებს. ეპნ -ის ეს დამახასიათებელი უნარი და ინვაზიურობის ბუნება საფუძვლად დაედო ნემატოდური ინსექტიციდების შექმნას.

გამოკვლევები ჩატარებულია ინტროდიცირებული (გერმანია, e-nema GmbH), კომერციული ნემატოდური პრეპარატის NEMYCEL® 300 Steinernema feltiae გამოყენებაზე Sciaridების მიმართ LTD Mushpro Company (შიდა ქართლი, კასპი) ტერიტორიაზე, 600 კვ.მ. ნემატოდური სუსპენზია — ტიტრი (2 × 105) გამოყენებული იყო მწერის მატლების მეორე-მესამე ხნოვანების მიმართ, ყოველი 14 დღის ინტერვალით, საირიგაციო სისტემის საშუალებით. გამოირკვა, რომ საცდელ ნაკვეთზე მწერების დასახლების სიმჭიდროვე მათი მავნეობის ეკონომიკურ ზღვარს არ აღემატებოდა. ნემატოდური პრეპარატის ბიოლოგიური ეფექტურობა 90-95%-ს აღწევდა. დასახულია ეპნ— ის ფართო გამოყენების ოპტიმალური გზები, Sciarid-გან  ქამა სოკო დაცვისათვის საქართველოში.

მარიამ ჩუბინიშვილი,

მანანა კახაძე,

ცისია ჩხუბიანიშვილი,  

იათამზე მალანია,  

რუსუდან სხირტლაძე,

ირინე რიჟამაძე

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ყანჩაველის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი;

მიკოლა ბუტირინი  

კომპანია შპს „Mushpro ”,ჭავჭავაძის ქ. 29 , ქ. კასპი,