აგრარული განათლებააგროსიახლეებისტატიები

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება DCFTA და ბიოწარმოების რეგულირება ევროკავშირში და საქართველოში

„ვიმედოვნებთ, ხელისუფლება ამ საკითხს მეტ ყურადღებას მიაქცევს და გაატარებს ქმედით ღონისძიებებს, რათა სოფლის მეურნეობა ნატურალური პროდუქტების წარმოების გზით განვითარდეს, რაც შეიძლება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მძლავრ ბერკეტად იქცეს, რადგან მსოფლიოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე მოთხოვნილება სულ უფრო და უფრო იზრდება. თუ ეს განხორციელდა, იგი დიდ სტიმულს მისცემს როგორც სოფლის მეურნეობის წინსვლას, ასევე ამ სფეროში გადამამუშავებელი ბიზნესის განვითარებას და საერთაშორისო ბაზარზეც ქართულ პროდუქციას თავის ადგილს დაუმკვიდრებს“.

ამონარიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის,

უწმინდესი და უნეტარესი ილია II

2008 წლის სააღდგომო ეპისტოლედან

2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ DCFTA შეთანხმება (კარი IV). DCFTA მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმებს და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს.

ხელშეკრულება საქართველოში წარმოებულ სურსათს ევროკავშირის ბაზარზე შესვლის საშუალებას აძლევს, თუმცა, იმის გამო, რომ დღეისათვის ევროკავშირის კანონმდებლობა ერთმნიშვნელოვნად აყალიბებს მოთხოვნებს, რაც მომავალმა პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ ევროკავშირის ბაზრის გარკვეულ სეგმენტზე სურსათის განთავსებისათვის, საშუალოვადიან პერსპექტივაში აუცილებელი ხდება სურსათის მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება და ექვივალენტურობის აღიარების სისტემის ჩამოყალიბება.

ორგანული პროდუქტების შესახებ ევროკავშირში პირველი რეგულაცია  (COUNCIL REGULATION (EEC) N° 2092/91 of 24 June 1991 on organic production of agricultural products and indications referring thereto on agricultural products and foodstuffs ) ევროკავშირის წევრი ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრებმა 1991 წელს დაამტკიცეს. ევროკავშირის კანონმდებლობაში „რეგულაცია” ყველაზე ძლიერი, უშუალო მოქმედების ნორმატიული აქტია. წევრ ქვეყნებს არ სჭირდებათ მისი შესაბამისი ეროვნული კანონების მიღება. რეგულაცია ავტომატურად ხდება ყველა წევრი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის უშუალო შემადგენელი ნაწილი და ეროვნული კანონების ყველა დებულება, რომელებიც რეგულაციას ეწინააღმდეგება, რეგულაციის ძალაში შესვლისთანავე ავტომატურად გადაიფარება.

მოგვიანებით, 2004 წლის ივნისში გამოქვეყნდა ევროკავშირში ბიოწარმოების განვითარების 21-ეტაპიანი სამოქმედო გეგმა (COMMUNICATION FROM THE COMMISSION TO THE COUNCIL AND THE EUROPEAN PARLIAMENT – „European Action Plan for Organic Food and Farming“), რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან და რეკომენდაციებთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების აუცილებელობის რეკომენდაციასაც იძლევა.

ამ რეკომენდაციის საფუძველზე, ორგანული პროდუქციის წარმოებისათვის, ევროკომისიის მიერ 2007 წლის 28 ივნისს მიღებულია ევროკავშირის საბჭოს ახალი N834/2007 რეგულაცია (COUNCIL REGULATION (EC) No 834/2007 of 28 June 2007 on organic production and labelling of organic products and repealing Regulation (EEC) No 2092/91), რომელმაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ბიოპროდუქტების (მათ შორის აკვაკულტურის, ველურად მზარდი მცენარეებისა და წყალმცენარეების მოპოვების, ასევე ღვინის ჩათვლით გადამუშავებული სურსათის, ცხოველთა საკვებისა და ორგანული საფუარის) წარმოებისათვის ძირითადი წესებისა და პრინციპების ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩო შექმნა.

2008 წლის 5 სექტემბერს გამოქვეყნდა ევროკომისიის რეგლამენტი N889/2008 (COMMISSION REGULATION (EC) No 889/2008  of 5 September 2008  „laying down detailed rules for the implementation of Council Regulation (EC) No 834/2007 on organic production and labelling of organic products with regard to organic production, labelling and control), რომელიც ორგანული წარმოებისათვის რეგლამენტი (ЕС) № 834/2007-ით დადგენილი მოთხოვნების რეალიზაციის, ასევე ნიშანდების, ეტიკეტირების და კონტროლის დეტალურ წესებს იძლევა.

საქართველოში ბიოაგროწარმოების განვითარება ქვეყნის აგრარული პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ამიტომ, ჯერ კიდევ 2013 წელს, მიღებული იქნა სამთავრობო გადაწყვეტილება და განისაზღვრა ბიოპროდუქტის წარმოებისათვის შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირების საჭიროება.

სწორედ ზემოაღნიშნული ევროპული რეგლამენტები და ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა FAO და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) Codex alimentarius -ის კომისიის მიერ შემუშავებული „სახელმძღვანელო მითითებები ორგანული პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, ეტიკეტირებისა და მარკეტინგისათვის GL 32-1999 (GUIDELINES FOR THE PRODUCTION, PROCESSING, LABELLING AND MARKETING OF ORGANICALLY PRODUCED FOODS   GL 32-1999), 2008, 2010 და 2012 სათანადო ცვლილებების გათვალისწინებით, დაედო საფუძვლად საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის #198 დადგენილებით დამტკიცებულ „ბიოწარმოების წესებს“, რომელიც შესაბამისობაშია ევროპულ რეგულაციებთან და განსაზღვრავს ბიომეურნეობის მართვის, ბიოპროდუქტის წარმოების, გადამუშავების, ნიშანდების, ეტიკეტირების, დისტრიბუციის, რეალიზაციის, ნებაყოფლობითი სერტიფიკაციის წესებს და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დანართების სახით მასში მოცემულია ბიომეურნეობაში„ბიოწარმოებაში გამოსაყენებლად ნებადართული ნივთიერებებისა და საშუალებების ნუსხა, ცხოველების კონვერსიულ მეურნეობაში შეძენის პირობები, სხვადასხვა ცხოველისათვის დასაბინავებელი ნაგებობების მინიმალური ფართობები, დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის დაშვებული საშუალებები და სხვ.

ამდენად, ჰარმონიზებული საკანონმდებლო ბაზა და მაღალი ხარისხის ორგანული პროდუქციის წარმოება საფუძველს იძლევა ქართული პროდუქცია კონკურენტუნარიანი გახდეს როგორც ევროპის, ისე მსოფლიო ბიოპრპოდუქციის ბაზარზე, რომელიც ეკონომიკური კრიზისისა და სხვა ბაზრების შემცირების ფონზეც განუხრელად იზრდება.

ქეთევან ლაფერაშვილი,

... პროფ., საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო