ეს არის განაჩენი, რაც გამოგვიტანა „კორონავირუსმა“ _ ჩვენ უნდა ვუშველოთ სოფლის მეურნეობას, რომ სოფელმა და ფერმერებმა გადაარჩინონ ქვეყანა!
კორონავირუსი მსოფლიო წესრიგს ცვლის. დღემდე უზრუნველი, ე.წ. მდიდარი ეკონომიკის ქვეყნები უდიდესი გამოწვევის წინაშე დგანან. მსოფლიოში სამედიცინო კრიზისიდან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შედის, ყოველ შემთხვევაში, ამაზე უკვე ხმამაღლა ლაპარაკობენ და გამოსავალს ეძებენ მთავრობები. დღეს საერთაშორისო საზოგადობის უმთავრესი საზრუნავი ვირუსის დამარცხებაა, თუმცა სულ მალე მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
საქართველოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ღირსეულად უჭირავს თავი და ძალზე გონივრულად ახერხებს დაავადების მართვას, რაც, როგორც ჩვენი სახელოვანი ექიმების, საზოგადოების და ხელისუფლების შეთანხმებული ქმედების შედეგია.
დღეს, დაავადების წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებთან ერთად, მთავრობა მძიმე ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებას ცდილობსა და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დიდი ენერგიას ხარჯავს, რადგან ქვეყანა თითქმის მთლიანად, უცხოეთიდან შემოტანილ პროდუქტზეა დამოკიდებული.
ამ დროს ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალი სანახევროდაც ვერ არის ათვისებული.
ბოლო წლებია, მთავრობა, მართალია, ცდილობს აგრარული სფეროს განვითარების სტიმულირებას, ამ საქმეში გარკვეული თანხებსაც ხარჯავს, მაგრამ, როგორც დავინახეთ, არც თანხები და არც ძალისხმევა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ქვეყანა საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტით ნაწილობრივ მაინც უზრუნველგვეყო. ამიტომ ვდგევართ მწარე რეალობის წინაშე და ველოდებით როდის გაიხსნება გზა, ჩაცხრება ზღვა და, ა.შ.
გაზაფხული დადგა. მიწა მეურნეს ელოდება! ამიტომ ყოველი ჩვენგანი, არსებული რთული ვითარების მიუხედავად, დღეს ფერმერების, გლეხობის მიმართ, ყველაზე მეტად სოლიდარულები უნდა ვიყოთ, რომ მათ შეძლონ დროულად დაიწყონ და დაასრულონ საგაზაფხულო სამუშაოები, მოიწიონ, რაც შეიძლება უხვი და ჯანსაღი მოსავალი.
სოფლის მეურნეობის და საერთოდ ადგილობრივი წარმოებისადმი მიდგომა მკვეთრად უნდა შეიცვალოს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს, ეს განაჩენია, რომელიც კორონავირუსმა გამოგვიტანა.
ჩვენ უნდა დავეხმაროთ ფერმერებს და ფერმერები შეძლებენ, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის რთულ და შრომატევად საქმეს, მძლავრი ბიძგი მისცენ. სწორედ ამ თემებზე გაიმართა მსჯელობა ტელეკომპანია „საფერავის“ და ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ მიერ მომზადებულ ერთობლივ გადაცემაში, რომელსაც აქვე წარმოგიდგენთ.