ეს საინტერესოა _ ​აკონტროლე ყანა კოსმოსიდან

თანამედროვე ტექნოლოგიების როლი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების ორგანიზებაში სულ უფრო აქტუალური ხდება. კოსმოსური თანამგზავრებიდან მიღებული ინფორმაციით უკვე შესაძლებელია მინდორში გაუსვლელად ნიადაგის ტენიანობის, მცენარეთა ვეგეტაციის, დაავადებებისა თუ სხვა პროცესების კონტროლი, ასევე  მოსავლის დაგეგმვა, გასული წლების შედეგების შეჯერება და გაანალიზება.

ეს პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული საუკუნის ბოლოს შეიქმნა და დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოიყენება. რაც მთავარია, მისი დანერგვა ნებისმიერი ტიპის  მეურნეობაში იოლად და სწრაფად ხერხდება და მომსახურებაც იაფია. მოკლედ, ეს არის კოსმოსური თანამგზავრიდან მიღებულ მონაცემებზე დაფუძნებული სპეციალური პროგრამა, რომელიც ფერმერებს საკუთარი სავარგულების ეფექტიანად გაკონტროლების შესაძლებლობას უქმნის.

საქართველოში ამ სისტემის დანერგვა შარშან,  ზაფხულზე ლომთაგორას მეურნეობაში დაიწყო.

„აგრარული სისტემების სტუდიის“ დამფუძნებლები, ძმები დიმა და კახი ცხადაიებიც სწორედ მარნეულში, აგროჰოლდინგ „ლომთაგორაში“  გავიცანი. ისინი, მართალია ჯერ საკმაოდ ახალგაზრდები არიან, თუმცა  ამ საქმეში მიღებული ცოდნა და გამოცდილება უკვე საშუალებას აძლევთ, რუსეთსა და უკრაინაში უმსხვილეს აგროჰოლდინეგებს მოემსახურონ.

როგორც დიმა ცხადაია ამბობს, იდეა ლონდონში სწავლის პერიოდში დაებადა:  — მეგობარი  სადისერტაციო თემაზე მუშაობდა, რომელიც სოფლის მეურნეობაში ინოვაციური ტექნოლოგიებს უკავშირდებოდა, იმ პერიოდში ლოჯისტიკის თეორიას და პრაქტიკას ვსწავლობდი, მეგობარმა დახმარება მთხოვა, შესაძლებელი იყო თუ არა აგროტექნიკის ჯპს მონიტორინგის სისტემის ლოჯისტიკურ პროგრამებთან დაკავშირება. დავეხმარე, სწორედ  თემაზე მუშაობის პროცესში  ჩაისახა იდეა.

_ უნივერსიტეტიდან უკვე ბევრი რამ ვიცოდი ამერიკული აგრომონიტორინგის სისტემა „კროპის“ შესახებ _ განაგრძობს დიმა, _  ახალა უფრო დავინტერესდი და საფუძვლიანად გავეცანი პროგრამის შესაძლებლობებს, დავიწყე სისტემის არსებულ პირობებზე მორგება, დავწერეთ პროგრამა, გავამზადეთ პროექტი,  დავუკავშირდით „კროპის“ შემქმნელ ამერიკულ კომპანიას,  და   შევთავაზეთ თანამშრომლობა, რაზეც მალევე მივიღე დასტური, დავაფუძნეთ ორგანიზაცია „აგრარული სისტემების სტუდია“ და დავიწყე მუშაობა. პირველივე პროექტი ერთ-ერთ უმსხვილეს აგროჰოლდინგაგროინვესტს“ შევთავაზეთ, რომლის სახნავ-სათესი ფართობი  250 ათას ჰექტარს აჭარბებს და მეურნეობა რამდენიმე ათეულ კილომეტრზეა გაშლილი. მოგვისმინეს, ცოტა იფიქრეს და გაგვიფორმეს კონტრაქტი. დღეს ჩვენ მიერ დანერგილი აგრომონიტორინგის პროგრამა კომპანიის მენეჯმენტის საოპერაციო სისტემების მართვის მთავარი დასაყრდენია.

_ უკვე მეორე წელიწადია უკრაინასა და რუსეთში სხვა სხვა მსხვილ კომპანიებთანაც ანალოგიური წარმატებით ვმუშაობთ. ახლა ამ სისტემების კავკასიაში, საქართველოში გავრცელება გვსურს. პირველი ვინც გამოგვეხმაურა და დაინტერესდა აგროჰოლდინგილომთაგორაა“, თავადაც ხედავთ უკვე სისტემას ადგილზე ვტესტავთო, მიხსნის კახი ცხადაია.

დიმა და კახა, როგორც გითხარით, ძმები არიან, მშობლები რუსეთში ცხოვრობენ,  განათლება ორივეს ევროპაში აქვთ მიღებული, ახლა ცდილობენ საქართველოში დაბრუნდნენ და თავიანთი ცოდნა სამშობლოს მოახმარონ.

_ რა მომსახურებას ითვალისწინებს ჩვენი პროგრამა, რატომ უნდა დაინტერესდნენ ფერმერები, რა სარგებელს მოუტანს მათ „აგრარული სისტემების სტუდიასთან“ თანამშრომლობა?

_ ეს არის კოსმოსური თანამგზავრის მიერ გადაღებული გამოსახულებით განხორციელებული დისტანციური კონტროლის სისტემა, რომელიც ფერმერს უტყუარ ინფორმაციას აწვდის  რა პროცესები ვითარდება მის სავარგულებზე, როგორ მიმდინარებს მცენარეთა ვეგეტაცია, ცალკეულ მონაკვეთებზე როგორია ნიადაგის ტენიანობა,  სად ვითარდება კულტურები კარგად, სად წარმოიქმნება პრობლემა, როგორია საერთო მეტეოროლოგიური მდგომარეობა და სხვა.

პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია ცალკეული სავარგულის სავეგეტაციო გრაფიკის შედგენაც, რაც ფერმერს საშუალებას აძლევს, შეადაროს მოცემულ მომენტში, რომელ ფართობზე როგორი მდგომარეობაა, რა იყო შარშან, შარშანწინ და უფრო ადრეც.

ასეთი გადაღება თანამგზავრიდან 2002 წლიდან ხორციელდება და შესაბამისად ისტორიაც ამ წლების შესაბამისადაა შექმნილი. ე.ი, ფერმერს შეუძლია 2002 წლიდან დღემდე მოიძიოს რა ხდებოდა ამ ფართობებზე, როგორი მდგომარეობა იყო გვალვის, ტენიანობის, ქარის თუ სხვა ფაქტორების მხრივ.

დღეს რომ ანალოგიური ინფორმაციის შეკრება გაანალიზება მოისურვოს ფერმა ფერმერმა, საკმაოდ დიდი ხნით უნდა დაიქირავოს რამდენიმე კვალიფიციური სპეციალისტი და გაიღოს სოლიდური ხარჯი და შეიძლება გაუჭირდეს კიდეც სარწმუნო მონაცემების მოძიება. ამ შემთხვევაში კი ამ ინფორმაციის მისაღებად რამდენიმე წამი სჭირდება, საჭიროა მხოლოდ მობილური ტელეფონში ან პერსონალურ კომპიუტერის ღილაკზე თითის დაჭრა.

პროგრამას აქვს ავტომატური შეტყობინების სისტემაც, რომლიც ყანაში პრობლემის გაჩენისთანავე ფერმერს ტელეფონზე უგზავნის ტექსტურ და ხმოვან შეტყობინებას, რომ კონკრეტული სავარგულის რომელიმე მონაკვეთში რაღაც წესრიგში არ არის, რაც ფერმერს საშუალებას აძლევს  ოპერატიულად იმოქმედოს

რა არის ტელემატიკური მოდული?

ფერმერი ამ მოდულის საშუალებით  მინდორში წარმოებულ ყველა სამუშაოს, თესვიდან დაწყებული მოსავლის აღებით დამთავრებული, ზედმიწევნით ზუსტად აღრიცხავს: რა მოცულობის ფართობი დამუშავდა, გაითიბა, დაიხნა, გაილეწა და.ა.შ. რამდენი და რა სახის ტექნიკა სად მუშაობდა, ვინ იყო მექანიზატორი, რა რაოდენობის საწვავი დაიხარჯა, რამდენი იყო გადახარჯვა, დანაზოგი, რა მანძილი გაიარა სატრანსპორტო საშუალებებმა და ა.შ.

განგაშის სისტემა პროგრამის თანმდევი ნაწილი. იმ შემთხვევაში თუ სადმე აგროტექნოლოგიით განსაზღვრული პროცესი ირღვევა, მაგალითად სასუქისა თუ პესტიციდების შეტანისას მექანიზატორმა არ დაიცვა ტექნოლოგია, ორ წუთზე მეტი დროის განმავლობაში ტრაქტორი მოძრაობდა სწრაფად ან ნელა, ირღვევა ტექნოლოგიურად დასაშვები ზღვარი, ირთვება განგაშის სიგნალი, რომელიც ეგზავნება  მექანიზატორს, რათა გაასწოროს ხარვეზი, და მენეჯერს _ ფერმერს. ამრიგად მექანიზატორმა, რახან იცის, რომ მისი მუშაობა მუდმივად კონტროლდება, ყურადღებითაა და ცდილობს, შეცდომა აღარ დაუშვას.

ანალოგიურად კონტროლდება სხვა ტექნიკური საშუალებებიც, რომელიც პროგრამის ბაზაშია შეტანილი, რა მექანიზმი სად მუშაობს, რა მანძილი გაიარა, რა მარშრუტით გადაადგილდება. ეს მონაცემებიც ინახება სერვერზე და იქმნება საარქივო მონაცემები, რომლის ნახვაც ნებისმიერ დროს შეეძლება კომპანიის დირექციას, სად რა ტექნიკა რა დროის განმავლობაში მოძრაობდა. სურვილის შემთხვევაში პროგრამას შეუძლია საწვავის ხარჯვის გაკონტროლება.

ტრაქტორს თუ სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას ავზში ყენდება სპეციალური მოწყობილობა, რომელიც აგზავნის სიგნალს, როგორც კი საწვავი ავზიდან ნორმაზე სწრაფად იწყებს დაცლას, ე.ი. იღვრება, იპარავენ, ან მექანიზმი მწყობრიდან გამოვიდა.

ამ სისტემის უპირატესობაა ის, რომ მას ერთდროულად რამდენიმე ასეული სხვადასხვა სახის ტექნიკის კონტროლი შეუძლია.

პროგრამაში შესაძლებელია  მეტეოსადგურის ჩართვაც, რომელიც ფერმერს მუდმივად მიაწვდის საჭირო ინფორმაციას ამინდის პროგნოზის შესახებ. ამავე სისტემით შესაძლებელია ფერმის მეტეოსადგურის  თანამგზავრულ სისტემასთან ინტეგრირებაც.

— რა დაუჯდება ფერმერს ზემოჩამოთვლილი სერვისის მიღება?

— ფართობის საერთო მოცულობის მიხედვით, ფასი ჰექტარზე 2 დოლარამდე მერყეობს. რაც უფრო დიდია მიწის ფართობი, მომსახურებაც იაფი ჯდება. რაც მცირეა _ გადასახადიც იზრდება.

—  რა დრო დასჭირდება შეკვეთის მიღებიდან მეურნეობაში ამ სისტემის დანერგვას და მომსახურების სრული პაკეტით სარგებლობას?

— მთავრია ფერმერმა გამოხატოს სურვილი, მოგვცეს მიწების კოორდინატები,  რომ მონაცემები შევიტანოთ ბაზაში. მონაცემების ჩასატვირთავად მხოლოდ 24 საათია საჭირო. ნახაზების აღება შესაძლებელია როგორც რეესტრიდან, ისე ადგილზე. ფერმერთან ერთად ზუსტდება მეურნეობის  ნაკვეთების კოორდინატები, დგება ელექტრონული ნახაზი და იტვირთება სისტემაში. მაგალითად, სულ სამი საათი დაჭირდა ფირმა „ლომთაგორას“ ფართობების მონაცემების დაზუსტებას, დამუშავებას და სისტემაში განთავსებას. ფირმა ლომთაგორას უკვე ერთი წელიწადია სატელიტური მონიტორინგის სიტემის სერვისი სრულად მიეწოდება და

— სხვა დარგებშიც თუ შეიძლება ამ ტექნოლოგიის გამოყენება?

— სოფლის მეურნეობის ყველა დარგში, მემარცვლეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, შეზღუდვა არ არის. საინტერესოა მთიანი რეგიონისთვის, მთის სავარგულებზე, სადაც ყოველდღიურად ასვლა მარტივი არ არის, ამ სისტემით ტყის, საძოვრების მონიტორინგი ძალიან მარტივი და ხელსაყრელია.

— მეცხოველეობაში რამდენად შესაძლებელია მისი დანერგვა?

— „აგრარული სისტემების სტუდიას“ ჯერ ასეთი სერვისი არ აქვს, მაგრამ ვიცით, რომ ასეთი პროგრამებიც არსებობს. როგორც ტექნიკას, ისე ცხოველებს საყელურით მიემაგროს მიკრო-მოწყობილობები, ე.წ. ჩიპები, რაც ძალიან მარტივია. ასეთი ჩიპები ყველა ცხვარს არა, მაგრამ შესაძლებელია მიემაგროს ყოჩებს, თხებს, სადარაჯო ძაღლებს და გაკონტროლდეს მთელი ფარა.

როგორც ვხედავთ, ამ სისტემების გამოყენებით ფერმერებს, ვისაც დიდი მეურნეობები აქვთ, შეუმსუბუქდებათ სამუშაო, უფრო ეფექტიანად და ოპერატიულად შეძლებენ იმ პრობლემებთან გამკლავებას, რაზეც დღეს ამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავენ. და კიდევ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შეძლებენ მოსავლის პროგნოზირებას და ფინანსური რესურსების უკეთესად დაგეგმვას.

მგონი ღირს დასაფიქრებლად.

წყარო: ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.