აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებივეტერინარია

ჰელმინთების რეზისტენტობა პრეპარატების მიმართ და მათი გადაჭრის გზა ბიოზან-900

საქართველოში მეცხოველეობა სოფლის მეურნეობის გამორჩეული დარგი იყო, ოდითგანვე მისდევდნენ მეძროხეობას, მეცხვარეობას, მეღორეობას, მეფრინველეობას, მეფუტკრეობას.

დღესდღეისობით მეცხოველეობის დარგი ყველა მიმართულებით წარმატებით შეიძლება განვითარდეს, როგორც მსხვილ ფერმერულ, ასევე მცირე გლეხურ მეურნეობებში, რისი ტრადიციაც საქართველოში დიდი ხანია არსებობს. მაგრამ, მეცხოველეობის დარგის განვითარების ხელის შემშლელი მრავალი მიზეზია, რომელთაგან უპირველესია სხვადასხვა ხასიათის დაავადებები, მათ შორის ინვაზიური დაავადებები, კერძოდ ჰელმინთოზები.

ძალიან დიდია ვეტერინარული ღონისძიებების მნიშვნელობა საზოგადოებისთვის, მოსახლეობის სანიტარული თვალსაზრისით კეთილსაიმედო პროდუქტებით უზრუნველყოფის, ადამიანის ისეთი დაავადებებისგან დაცვის საქმეში, რომელიც საერთოა ცხოველისა და ადამიანისთვის. ასევე სამამულო წარმოების ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტების (რძისა და რძის პროდუქტების, ხორცისა და ხორცპროდუქტების, ტყავბეწვეულის) წარმოების ზრდაში. ვეტერინარული მაღალკვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფის მთავარ პირობას წარმოადგენს ახალი, ეფექტური პრეპარატებით ცხოველების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება, მათი რენტაბელობის ამაღლება, ვეტერინარულსანიტარული თვალსაზრისით სრულფასოვანი და კეთილსაიმედო მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება და მოსახლეობის დაცვა სხვადასხვა სახის ზოოანთროპონოზური და ანთროპოზოონოზური სნეულებებისაგან.

საქართველოში ჰელმინთოზური დაავადებები ფართოდაა გავრცელებული. მათ საწინააღმდეგოდ ხორციელდება ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ჰელმინთების ბიოლოგიური განვითარების თავისებურებებიდან გამომდინარეობენ. ეს პირველ რიგში გულისხმობს ცხოველის ორგანიზმის სასიცოცხლო ორგანოებში ლოკალიზებული სხვადასხვა განვითარების საფეხურზე მყოფი (კვერცხების, ლარვების და ზრდასრული ფორმების) ჰელმინთების განადგურებას, მოსპობას. მათ საწინააღმდეგოდ მიმართულ ღონისძიებათა შორის უმთავრესია მკურნალობა ანტიჰელმინთური პრეპარატებით.

დღეისათვის სავეტერინარო პრაქტიკაში გამოიყენება მრავალი საშუალება, რომლებიც ჰელმინთოზების დაავადებების საწინააღმდეგოდ მაღალეფექტურობას იჩენენ, მაგრამ მათ, ისევე როგორც სხვა საშუალებებს, აქვთ ნაკლოვანებები. არანაკლებ მნიშვნელოვანია პრეპარატის ღირებულება, ტოქსიკურობა, ეკოლოგიური უსაფრთხოება და განსაკუთრებით პარაზიტული ორგანიზმების რეზისტენტობა, რის გამოც აუცილებელი ხდება ახალი საშუალებების ძიება.

პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალების ფართო გამოყენებამ მსოფლიოში უდავოდ მოგვცა დადებითი შედეგები ცხოველთა შენარჩუნების სახით, გაიზარდა პროდუქტიულობა, მოზარდის გამოსავალი, საჯიშე თვისებების შენახვის ხარისხი. მიუხედავად ამისა, ბოლო დროს შესამჩნევი გახდა უარყოფითი მხარეები პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას. მსოფლიო პრაქტიკაში დაგროვდა უამრავი ფაქტი სხვადასხვა ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიმართ პარაზიტული ორგანიზმების რეზისტენტობის განვითარების, რის გამოც მათი ეფექტურობა საგრძნობლად დაეცა. პარაზიტების (ჰელმინთების) რეზისტენტობის პრობლემა დიდი ხანია გაცდა ვეტერინარულ, ეკონომიკურ და ასევე სოციალურ ზღვრებს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ინტენსიურად გამოიყენება პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებები (ამერიკა, ავსტრალია, აფრიკა, ზოგიერთი ევროპული ქვეყნები). ამერიკის კონტინენტის ცალკეულ ქვეყნებში კერძოდ, ბრაზილიაში, ჯერ კიდევ 1996 წლის მონაცემებით არ დარჩენილა არც ერთი პრეპარატი, რომელსაც რეზისტენტობა არ გამოევლინა, კერძოდ, ბენზიმიდაზოლის ჯგუფის პრეპარატებისთვის (ალბენდაზოლი, მენბენდაზოლი) მან შეადგინა 90%, ლევამიზოლისთვის-84%, ივერმექტინისთვის-13%, კლოზანტელისთვის-20%.

მართალია საფუძვლიანი კვლევები არ ჩატარებულა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დაგროვილი სტატისტიკური მონაცემებით, სამწუხაროდ იგივე ტენდენციები შეიმჩნევა საქართველოშიც, რომელიც ძირითადად გამოწვეულია არასათანადო დოზირებითა და ჰელმინთთა დამუშავების არასწორი პერიოდების შერჩევით.

მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვნად გავრცელდა პარაზიტული დაავადებები, თერაპიისა და პროფილაქტიკისთვის აუცილებელია გამოვიყენოთ უფრო ეფექტური პრეპარატები. აქედან გამომდინარე გაჩნდა აუცილებლობა შექმნილიყო ახალი ქიმიოთერაპიული საშუალებები პარაზიტების რეზისტენტობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ასეთებს მიეკუთვნება სამამულო წარმოების ახალი კომპლექსური პრეპარატი ბიოზან- 900.

პრეპარატი ბიოზან 900-ის ტაბლეტები პერორალური გამოყენებისთვის ხასიათდება ფართო სპექტრის ანტიჰელმინთური მოქმედებით, მასში შემავალი (ოქსიკლოზანიდი, ოქსფენდაზოლი) ნივთიერებების კომბინაცია ეფექტურია მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის, თხის სრული დეჰელმინთიზაციისთვის ნემატოდების, ტრემატოდებისა და ცესტოდების საწინააღმდეგოდ: ფასციოლოზის, პარამფისტომიდოზის, მონიეზიოზის, დიქტიოკაულოზის, ტრიქოსტრონგილოზის, ჰემონქოზის, ოსტერტაგიოზის, ნემატოდიროზის, კოოპერიოზის, ეზოფაგოსტომოზის, ბუნოსტომოზის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

პრეპარატ ბიოზან 900ით სადეჰელმინთიზაციო ღონისძიების ღირებულება საშუალოდ ერთ სულზე შეადგენს:

ცხვრისთვის — (50-60კგ) — 15 თეთრი;

მსხვილფეხა პირუტყვისთვის (300კგ) — 75 თეთრი;

პროცენტული მაჩვენებლებით პრეპარატის ეფექტურობა მონიეზიოზზე, ფასციოლოზზე, პარამფისტომიდოზზე და დიქტიოკაულოზზე 90-100%-ია.

მიხეილ ჭიჭაყუა,

ვეტერინარი ექიმი, ბიოლოგიის დოქტორი;

მარინა ჭიკაიძე, ვეტერინარიის დოქტორი