აგრარული განათლებადარგებიმებაღეობა

გარემო ფაქტორების გავლენა კაკლის კულტურაზე

კაკალი კარგად ხარობს ჰუმოსოვან, შედარებით საშუალო სიმკვრივის, ან მსუბუქ თიხნარ ნიადაგებზე, რომლებიც ხასიათდება ნაყოფიერებით. კაკლის ხე ასევე აქტიურად იზრდება მდინარეების ნაპირების ალუვიურ ნაფენებზეც.

ნიადაგის pH-ის მაჩვენებლების მიმართ ტოლერანტულია, თუმცა მაღალტუტიან ნიადაგებზე ზოგჯერ ზიანდება ქლოროზით.

კაკლის ბაღის გაშენების დროს აუცილებელია გათვალისწინებული იყოს დრენაჟის პირობები – იგი ნაკლებად ეგუება სველ, წყალგაუმტარ ნიადაგებს.

გრუნტის წყლების ზედაპირთან ახლოს დგომით, ასეთ პირობებში კაკლის ფესვი ასფიქსიას განიცდის, ზიანდება ფესვის სხვადასხვა სახის სიდამპლეებით და ადვილად იღუპება, ამიტომ ადგილებში სადაც გრუნტის წყალი 1,5 -2,5 მეტრზეა მიწის ზედაპირთან, კაკლის გაშენება მიზანშეწონილი არ არის. ბიცობიანი ნიადაგების მიმართ კაკალი საკმაოდ მგრძობიარეა და EC=1.5dS/m-ის შემდეგ მისი მოსავლიანობა მნიშვნელოვან შემცირებას იწყებს.

ტემპერატურული რეჟიმი

კაკალი სინათლისმოყვარე და ზრდასრულ ასაკში საკმაოდ გვალვაგამძლე მცენარეა, მოსავლის მისაღებად მოითხოვს 2800 – 3200 ∑ T > 5°C აქტიურ ტემპერატურათა ჯამს. კაკლის ბუნებრივი გავრცელების არეალში საშუალო წლიური ტემპერატურა +8 + 12 °C-ია, ხოლო ყველაზე თბილი თვეების საშუალო ტემპერატურა არანაკლებ +20 °C. მცენარის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა – 150-200 დღეა. კაკლის ზამთრის ყინვაგამძლეობა მერყეობს ჯიშების მიხედვით და ძირითადად – 20 -22 °C-ის ფარგლებშია (ზამთარგამძლეობის 5-9 ზონა), თუმცა ზოგიერთი გენოტიპი – 30-32°C ყინვასაც უძლებს.

აღსანიშნავია, რომ კაკლის ახალგაზრდა ყლორტები მეტად მგრძნობიარეა გაზაფხულის მცირე საგვიანო წაყინვების მიმართ, რომელიც სერიოზულად აზიანებს და სტრესულ მდგომარეობაში აგდებს მცენარეს. მთიან ადგილებში (1200 – 1500 მ-ზე ზევით) კაკლის ერთწლოვან და მრავალწლოვან ნაწილებს სიცივე მნიშვნელოვნად აზიანებს, ამიტომ მისი გაშენება ზღვის დონიდან მაღალ ზონებში ნაკლებად სასურველია.

ნალექები

კაკალი წყლის რეჟიმის მიმართ მეტად მომთხოვნი მცენარეა. ვარჯის სიდიდის გამო, იგი საგრძნობი რაოდენობით წყალს აორთქლებს, რომლის კომპენსაციაც აუცილებლად უნდა მოხდეს, ან ბუნებრივი ნალექების ან მორწყვის მეშვეობით. წლიური ნალექები 800-1000 მმ-ის ფარგლებში კაკლის კულტურისთვის სასურველად არის მიჩნეული. ჭარბი ნალექების პირობებში კაკალი ადვილად ავადდება სხვადასხვა დაავადებით, ამიტომ უხვტენიან კლიმატში სამრეწველო ბაღების გაშენებას თავს არიდებენ.

მავნებელ-დაავადებები

კაკლის პათოგენებით დაზიანებას მნიშვნელოვნად აძლიერებს არახელსაყრელი პირობები, როგორიცაა გახშირებული ნალექები გაზაფხულის პერიოდში, წაყინვები, გაუარესებული დრენაჟი, გრუნტის წყლის ახლო დგომა და სხვ. ანთრაქნოზი (მარსონიოზი) კაკლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ვლინდება ფოთლებსა და ნაყოფებზე ყავისფერი, შემდეგ რუხი ფერის მრგვალი ლაქების განვითარებით, რაც მნიშვნელოვნად ასუსტებს მცენარეს და ამცირებს მოსავლის რაოდენობას და ხარისხს.

ასევე არანაკლებ საშიში დაავადებაა ბაქტერიოზი, Xanthomonas arboricola pv.juglandis, რომელიც თავს იჩენს წვიმიანი და ნესტიანი გაზაფხულის პირობებში.

ბოტრიოსფერიაც კაკლის დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება, რისი კონტროლიც აუცილებელია მოსავლის გადასარჩენად. კაკალს ასევე საგრძნობლად აზიანებენ სხვადასხვა მავნებლები – ვაშლის ნაყოფჭამია, მაჟაურა, ქეჩისებური და აბლაბუდიანი ტკიპები, ბუგრები და ა.შ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი