მედიამედია ფერმერებისთვის TVსტატიები

გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) ფარგლებში მოქმედი შეთანხმების „ვაჭრობასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების ასპექტების შესახებ“ (TRIPS) თანახმად, ვმო-ს წევრ ქვეყნებს ეკისრებათ ვალდებულება დაიცვან გეოგრაფიული აღნიშვნები, როგორც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები.

არსებობს გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის ორი განსხვავებული საშუალება, დაფუძნებული საზოგადოებრივი სამართლის და კერძო სამართლის პრინციპებზე. საზოგადოებრივი სამართალის პრინციპებზე აგებული სისტემა ითვალისწინებს გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სპეციალური მექანიზმის Sui Generis-ის არსებობას, ხოლო კერძო სამართლის შესაბამისად, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა ხორციელდება სასაქონლო ნიშნების, კერძოდ, კოლექტიური ნიშნებისა და სასერტიფიკაციო ნიშნების გამოყენებით. კერძო სამართალი, ასევე, ითვალისწინებს სამართლებრივ ქმედებებს მიმართულს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის წინააღმდეგ შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე.
კოლექტიური ნიშნის (დასაშვებია ეს იყოს გეოგრაფიული ადგილის სახელიც) მფლობელი შეიძლება იყოს მწარმოებელთა გაერთიანება, რომლის წევრებს აქვთ მისი გამოყენების უფლება შესაბამისადდამტკიებული დებულების მოთხოვნების დაცვის პირობით.

სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანო (სახელმწიფო ან კერძო), რომელიც გასცემს სასერტიფიკაციო დოკუმენტს. კოლექტიური ნიშნისაგან განსხვავებით, რომლის გამოყენების უფლება აქვთ მხოლოდ გაერთიანების წევრ ორგანიზაციებს, სასერტიფიკაციო ნიშნით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს სასერტიფიკაციო მოთხოვნებს, ანუ სასერტიფიკაციო ორგანოს მიერ დადგენილსტანდარტებს.

Sui Generis სისტემა გეოგრაფიულ აღნიშვნებს განიხილავს, როგორც კოლექტიურ საკუთრებას, რომელიც ეკუთვნის შესაბამისი პროდუქტის მწარმოებელთა ჯგუფს და არ შეიძლება წარმოადგენდეს ყიდვა-გაყიდვის ან ლიცენზირების საგანს. მისი დაცვის საფუძველს წარმოადგენს ეროვნული ან რეგიონული რეგისტრაცია, რომელსაც წინ უსწრებს განაცხადის ექსპერტიზა. განაცხადის უმნიშვნელოვანესი შემადგენელია გეოგრაფიული აღნიშვნის სპეციფიკაციები, ანუ მწარმოებლების მიერ კონკრეტული პროდუქტისთვის შემუშავებული ნებაყოფლობითი სტანდარტები, რომლებიც მტკიცდება კომპეტენტური ორგანოს მიერ და იძენს სავალდებულო ხასიათს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განსხვავებით სასაქონლო ნიშნისაგან, რომლის გამოყენების უფლება გააჩნია მხოლოდ მის მფლობელ კომპანიას, გეოგრაფიული აღნიშვნის შემთხვევაში, ის შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა პირმა, რომლის პროდუქტი აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს, ანუ სპეციფიკაციის მოთხოვნებს.

იმისათვის, რომ კოლექტიური ნიშანი გამოყენებული იყოს გეოგრაფიული აღნიშვნის დანიშნულებით, ნიშნის გამოყენების შესახებ დებულება უნდა შეიცავდეს არა მხოლოდ წარმოების ადგილთან დაკავშირებულ მოთხოვნას, არამედ პროდუქციის ხარისხთან და ამ ხარისხის ადგილობრივ ფაქტორებთან კავშირის შესახებ მოთხოვნასაც. ერთდროულად უნდა არსებობდეს დადგენილ მოთხოვნათა კონტროლის სისტემაც, ანუ, არსებითად, კოლექტიური ნიშანი უნდა მიემსგავსოს სასერტიფიკაციო ნიშანს. კოლექტიურ ნიშანს ხშირად იყენებენ გარდამავალი ინსტრუმენტის სახით პროდუქტის სპეციფიკაციის დადგენამდე და სასერტიფიკაციო ნიშნის სახით ან Sui Generis სისტემის გამოყენებით მისი დაცვის უზრუნველყოფამდე.

 რაც შეეხება სასერტიფიკაციო ნიშნებს, როგორც აშშ პრაქტიკა გვიჩვენებს, ხშირად სასერტიფიკაციო ნიშნები შემოიფარგლება წარმოების ადგილის სერტიფიცირებით და გააჩნიათ სუსტი ინტერესი ხარისხის, მათ შორის, ადგილობრივი ფაქტორებით განპირობებულის მიმართ. მაგრამ ზოგიერთი, მაგალითად, “Vidalia onions” (ხახვი) ან “Idaho potatoes” (კარტოფილი) გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის ევროპული სისტემის მსგავსი ხარისხისადმი მოთხოვნებით ოპერირებს (Giovannucci, Daniele et al, p.66). ცნობილი ქართული ღვინოები „ხვანჭკარა“, „ქინძმარაული“ და სხვა აშშ-სა და ჩინეთში სასერტიფიკაციო ნიშნების სახით არის დაცული. ცხრილში მოყვანილია ზემოთ აღწერილი გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სამართლებრივი ინსტრუმენტების შედარებითი მახასიათებლები.

წყარო: „გეოგრაფიული აღნიშვნები ხარისხი და განვითარება“

     დავით გაბუნია, მერაბ კვიმსაძე, ეკა გაბუნია