აგროსიახლეებიდარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ღვინის 200 ნიმუშიდან 10% ძლივს ავარჩიეთ…ღვინოს მეტი წიგნი, მეტი ცოდნა სჭირდება

კომპანია „ასკანელი ძმები” დამფუძნებელი გოჩა ჩხაიძე გადაცემა “Forbes კვირასთან” ინტერვიუში ქართულ მეღვინეობაში არსებულ პრობლემებზე აკეთებს აქცენტს. ამ თემაზე გოჩა ჩხაიძემ მონტე–კარლოში ისაუბრა, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით 7 ქართული კომპანიის 12 სხვადასხვა სახეობის ღვინო გამოიფინა.

ღონისძიება კომპანია “ასკანელი ძმების” ორგანიზებით ჩატარდა და როგორც კომპანიის დამფუძნებელი გოჩა ჩხაიძე „Forbes კვირას” უყვება, გამოფენაზე წარსადგენად 100 კომპანიის 200-მდე ქართული ღვინო გასინჯეს.

„არ მინდა ვინმემ არასწორად გამიგოს, მაგრამ სამუშაო ძალიან ბევრია. ღვინის 200 ნიმუშიდან 10% ძლივს ავარჩიეთ, რომელთა წამოღება შეგვეძლებოდა გამოფენაზე. სამწუხაროდ, ბევრი პრობლემაა ღვინოებში, მათ შორის იმ მარნებში, რომლებიც ძალიან არის გაპიარებული. ღვინოს სჭირდება მეტი წიგნი, მეტი ცოდნა, ბევრი ღვინო უნდა გასინჯონ ქართველმა მეღვინეებმა, რომ გაიგონ, სად არის დღევანდელი მეღვინეობა. ღვინო ასე არ არის – “ბაბუაჩემი ასე ქმნიდა და მეც ასე უნდა დაავყენო”_ არავის ვაკრიტიკებ, მაგრამ რაც გავსინჯე, ბევრი შეცდომა დავინახე. ერთად უნდა ვიმუშაოთ და შევქმნათ ქართული მეღვინეობა, სხვანაირად ვერ გავაკეთებთ ქართულ მეღვინეობას, რითიც ჩვენი წინაპრები ამაყობდნენ“,– აცხადებს გოჩა ჩხაიძე.

„Forbes კვირასთან” ინტერვიუში მან ასევე ისაუბრა მსოფლიოში უძვირესი ღვინის Liber Pater–ის მწარმოებლის გეგმებზე საქართველოსთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ფრანგული ღვინოების კომპანიის დამფუძნებელი ლიუკ პასკე საქართველოში ვენახის გაშენებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს.

„საქართველოში „ლიბერ პატერის” პირველი ჩამოსვლის შემდეგ ბევრი რამის გადახარისხება მოგვიწია, შემოვიარეთ მთელი საქართველო. კახეთიდან დაწყებული, გურიამდე საუკეთესო ადგილები დავათვალიერეთ. ლიუკ პასკე ივლისში ჩამოდის საქართველოში და ალბათ წერტილს დავუსვამთ ამ საქმეს; დავიწყებთ სამოქმედო გეგმაზე მუშაობას, რაც უახლოეს პერიოდში მიგვიყვანს წარმატებამდე”,– აცხადებს გოჩა ჩხაიძე.

ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი

წყარო: bm.ge