აგროსიახლეები

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-14 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2022

დღეს თბილისში, ექსპო ჯორჯიას საგამოფენო ცენტრში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-14 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2022 გაიხსნა.

გამოფენა  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

„მოხარული ვარ, რომ პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, შესაძლებლობა მაქვს, კავკასიის რეგიონში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების, ასევე ღვინის ინდუსტრიასთან დაკავშირებული ყველაზე მასშტაბური გამოფენის ფარგლებში, პირველად მოგესალმოთ ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს და დარგის გულშემატკივრებს. ვფიქრობ, ასეთი გამოფენები და ღონისძიებები საუკეთესო პლატფორმას წარმოადგენს ღვინის პოპულარიზაციისთვის, სადაც დაინტერესებულ კომპანიებს, იმპორტიორებსა და მეწარმეებს აქვთ საქმიანი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა. ღვინო საქართველოს კულტურისა და ისტორიის ნაწილია. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვაწარმოოთ ხარისხიანი ღვინო“, _ აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

კტვ ლკაჯდლფჯასლდფჯლასკ;დ

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ღვინის პოპულარიზაციის ხელშემწყობი პროგრამის შესახებ, რომელიც კომპანიებს მარკეტინგული ხარჯების დაფინანსებაში ეხმარება, ხაზი გაუსვა ვენახების კადასტრის პროგრამის მნიშვნელობას.

WinExpo Georgia 2022-ში 200-მდე კომპანია (ოჯახური მარანი, საშუალო და მსხვილი საწარმო, ბიო ღვინის და ქვევრის ღვინის მწარმოებლები, ღვინის ტექნოლოგიების, შესაფუთი მასალების, აქსესუარებისა და სერვისების მომწოდებლები) მონაწილეობს. გამოფენას საერთაშორისო მონაწილეები იტალიიდან, თურქეთიდან და გერმანიიდან ჰყავს.

გამოფენის ფარგლებში, ჩატარდება ღვინის ექსპორტის ფორუმი – WinExport FORUM, რომელიც მიზნად ისახავს მეწარმეებისა და ღვინის იმპორტიორების შეხვედრებს, დისკუსიის რეჟიმში სხვადასხვა საექსპორტო ბაზრის განხილვას და რჩევებს მეწარმეებისთვის. შიდა ბაზრის გამოწვევებთან დაკავშირებით, გაიმართება პანელური დისკუსია ადგილობრივ თრეიდერებთან, HoReCa სექტორის და ღვინის მაღაზიების წარმომადგენლებთან. ფორუმზე მოწვეული არიან იმპორტიორები იაპონიიდან, ჰოლანდიიდან და პოლონეთიდან.

წელს, პირველად, გამოფენის WinExpo Georgia ფარგლებში, ტარდება სომელიეთა ასოციაციისა და საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ ერთობლივი კონკურსი – SOMMELIER CHOICE („სომელიეს არჩევანი“), რომელიც გამოფენაზე წარმოდგენილ ღვინოებს შორის, ფასისა და ხარისხის მიხედვით, საუკეთესო ღვინოს გამოავლენს. კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში არიან საქართველოს სომელიეთა ასოციაციის წევრი სომელიეები, რომელთა ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენს ღვინოების შეფასება, ღვინის ბარათის შედგენა და მართვა, HoReCa სექტორში სტუმრებისთვის წარდგენა.

გამოფენის ფარგლებში, მარკეტოლოგების, დიზაინერებისა და სხვა ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი შეაფასებს WinExpo Georgia 2022-ზე წარმოდგენილი კომპანიების და მათი პროდუქციის ბრენდინგს და შერჩეულ კომპანიას სპეციალურ ჯილდოს -MARKETERS CHOICE (მარკეტერების არჩევანი) გადასცემს.