აგრარული განათლებამედიარუბრიკებისტატიები

გლობალური  კლიმატური ცვლილებები და საქართველო

კოვიდპანდემიამ და რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიო გამოწვევის წინაშე დააყენა. უპირველესად საფრთხე შეექმნა სასურსათო უსაფრთხოებას და მასთან დაკავშირებული საკითხები გაამწვავა.

ამ ფონზე კიდევ უფრო დამამძიმებელია გლობალური კლიმატური ცვლილებების ზემოქმედება პლანეტის მოსახლეობაზე. ექსპერტ-მკვლევარების აზრით უახლოეს 50 წლის მანძილზე მოსალოდნელია ცენტრალური აფრიკის ქვეყნების გაუდაბნოება, რომელიც გამოიწვევს ამ ქვეყნებში სურსათის მკვეთრ დეფიციტს, ასევე ვარაუდობენ ინდოეთისა და სამხრეთ ამერიკის რიგ ქვეყნებში გაუდაბნოების შედეგად მრავალი სამრეწველო კულტურების (ჩაი, ყავა) მკვეთრ შემცირებას. განა გლობალური კლიმატური ცვლილებების შედეგი არაა ის პროცესები რომელიც საქართველოში 2022 წლის მარტი-აპრილის თვეებში განვითარდა, დიდთოვლიანობა, დაბალი ტემპერატურა, უხვნალექიანობა – მაშინ როდესაც თებერვლის თვეში აყვავებული და გამონასკვული თესლოვანი და კურკოვანი კულტურები დაბალი ტემპერატურითა და წაყინვებით სერიოზულად დაზიანდა. ასევე შემთხვევითი არ არის, როდესაც მაისის პირველ ნახევარში ინდოეთში 50 გრადუსამდე სიცხე დაფიქსირდა.

სამწუხაროდ, ფაქტია, როდესაც კოვიდისა და ომების ფონზე მოსახლეობა გლობალური კლიმატური ცვლილებების ზემოქმედებას არაადეკვატურად აღიქვამს, არადა ექსპერტ-მკვლევარები გვაფრთხილებენ ამ გარდაუვალი მოვლენების საწინააღმდეგოდ სერიოზული სახელმწიფოებრივი ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე.

გლობალურ კლიმატურ ცვლილებებს იწვევს ჩვენი გალაქტიკის შესვლა ექსტრემალური სინოპტიკური ვითარების ზონაში.

ინგლისელი კლიმატოლოგის ჰიუბერტ ლემბის აზრით, თუ ტემპერატურის აწევის ტენდენცია შენარჩუნდება,  2200 წლისათვის საშუალო ტემპერატურის აწევა 6 გრადუსით არის მოსალოდნელი.

       დადგენილია, რომ დედამიწამ 400 ათასი წლის განმავლობაში მრავალჯერ განიცადა დათბობა-გაციების პროცესი. უკვე 100 წელია, დედამიწაზე მიმდინარეობს უეცარი დათბობის ინტერგლაციალური პერიოდი.

   ბუნებრივი პროცესებით გამოწვეულ გლობალურ პროცესებს ემატება ანთროპოგენური პროცესებით გამოწვეული სითბური ეფექტის გავლენა, რომელსაც იწვევს ატმოსფეროში სითბური ეფექტის გამომწვევი გაზების CO2, CH4, N20, SO2  და სხვათა რაოდენობის ზრდა.

საერთაშორისო ექსპერტების მიხედვით, მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეებში გლობალური კლიმატური ცვლილებების შედეგად ნალექების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა, განსაკუთრებით, ჩრდილო ნახევარსფეროში. გახშირდა მოულოდნელი თავსხმა წვიმები, ქარიშხლები, მეწყერული მოვლენები და სხვა.

გლობალური კლიმატური ცვლილებები, ასევე, გამოიწვევს გვალვებს, ნიადაგის გაუდაბნოებას, მდინარეებისა და ტბების დაშრობას, სოფლის მეურნეობის პროდუქტების შემცირებას, ნიადაგის ეროზიის გაზრდას, ნავთობის საბადოების დაშრობას, ტყის ხანძრებს, წლის სეზონების დაკარგვას, ახალი ინფექციების წარმოშობას (კორონავირუსი, 2019წ.). ეკოსისტემების პროდუქტიულობის შემცირებას, სახეთა რიცხვის შემცირებას ან გაზრდას, მიწისძვრებს, ვულკანურ ამოფრქვევებს, ტორნადოების მატებას, რასაც სისტემატურად განიცდის მსოფლიო.

     როგორც აღვნიშნეთ, გლობალური კლიმატური ცვლილებები ციკლური პროცესია და მისი თავიდან აცილება შეუძლებელია. ამ პროცესების დაჩქარების ერთ-ერთ მიზეზად მოიაზრება პლანეტაზე მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდა და ტექნიკური პროგრესი. მოსახელობის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნები საკვებზე, წყალზე, ტყის რესურსებზე, სამრეწველო პროდუქტებზე, ბუნებრივ რესურსებზე (ქვანახშირი, ნავთობი, გაზი, წიაღისეული და ა.შ.).

ტექნიკური პროგრესის შედეგად ატმოსფეროს დამაბინძურებელ რეგიონებად ითვლებიან: აშშ-30,3%; ევროპა-27,7%; რუსეთი-13,7%; იაპონია-3,7%; ჩინეთი და ინდოეთი-12,2%; არაბეთის ნახევარკუნძული-2,6%; ავსტრალია-1,3%; აფრიკა-2,5%; სამხრეთ ამერიკა-3,8%.  ატმოსფეროში CO2-ის რაოდენობამ, 1958 წელთან შედარებით, მოიმატა 13%-ით, 1750 წელთან შედარებით _ 25%-ით.

    სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტი, რომელიც სანდიეგოში მდებარეობს, აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნახშირორჟანგის გამოყოფამ მსოფლიოში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია _ 1 კუბურ მეტრ ჰაერში 410 მილილიტრი ნახშირორჟანგი დაფიქსირდა. ეს მონაცემები კიდევ უფრო გაიზარდა ამაზონზე და ავსტრალიაში გაჩენილი არნახული ხანძრების ფონზე, მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის წინ 1 კუბურ მეტრში ეს მაჩვენებელი 300 მილილიტრს არ ასცილებია.

ბუნებრივია, ისმის კითხვა, რა ელის საქართველოს გლობალური კლიმატური ცვლილებების შედეგად და რა უნდა გავაკეთოთ მისი ზემოქმედების შესამცირებლად? რა თქმა უნდა, დედამიწაზე მომხდარი ყველა ცვლილება საქართველოზეც აისახება, თუმცა საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გამო პროცესები ისეთი მძაფრი არ იქნება, როგორც ბევრ სხვა ქვეყნებში.

გლობალური დათბობა დედამიწის სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვანაირად დაიწყო. ჩვენში გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან შეიმჩნეოდა აუტანლად ცხელი ზაფხულები არა ისეთი ინტენსივობით, როგორც ბოლო წლებში, მაგრამ დათბობის პროცესმა ,,მოახერხა“ და დასავლეთ საქართველოში ნალექები 27მმ-ით შემცირდა, აღმოსავლეთ საქართველოში _ 41მმ-ით. შესაბამისად, დასავლეთში საშუალო წლიური ტემპერატურა 20C-ით გაიზარდა, აღმოსავლეთში კი 30C-ით. თითქოს მცირე რიცხვია, სინამდვილეში კი კატასტროფული _ ერთი ცელსიუსით ტემპერატურის მომატება წყლის დონეს 15 სანტიმეტრით აწევას ნიშნავს. ამის ნათელი დადასტურებაა, როდესაც ამ პერიოდში შავმა ზღვამ კოლხეთის დაბლობის 600 ჰექტარი მიწა ჩარეცხა და გამოუყენებელი გახადა. ხელსაყრელი პირობები შეექმნება მავნებელ-დაავადებებს გავრცელებისათვის, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს სოფლის მეურნეობაზე. რა ღონისძიებები უნდა გავატაროთ გლობალური კლიმატური ცვლილებების შემთხვევაში?

  1. კლიმატური ცვლილებების შერბილება;
  2. მასთან ადაპტაცია. 

კლიმატური ცვლილებების სრულად შეჩერება შეუძლებელია, თუმცა, პროცესი შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელების საშუალებით უფრო ადვილი სამართავი ხდება. შემარბილებელ ღონისძიებებში შედის : ატმოსფეროში თერმოაქტიური აირების, განსაკუთრებით CO2-ის ემისიის შემცირება, თბოენერგეტიკის ალტერნატიული დარგების პრიორიტეტული განვითარება, ენერგოეკონომიკური ტექნოლოგიების დანერგვა, დედამიწის მწვანე საფარის შენარჩუნება და გაზრდა.

    ადაპტაციურ ღონისძიებებს მიეკუთვნება: ეროზიის საწინააღმდეგო ჯებირების მშენებლობა, ქარსაცავი ზოლების გაშენება, საირიგაციო სისტემების მშენებლობა, სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის შეცვლა, მშენებლობის მეთოდებისა და ტექნოლოგიების ცვლილება ისე, რომ გარემოს ნაკლები ზიანი მიადგეს, ბუნებრივი რესურსების ყაირათიანი ხარჯვა, უნარჩენო წარმოებების დანერგვა და სხვა. სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ცოცხალ ორგანიზმებს და მათ შორის ადამიანებს, ახასიათებთ ადაპტაციის უნარი. ამის დასტურია ისიც, რომ კაცობრიობამ ბევრ ცვლილებას გაუძლო. გლობალური, ეკოლოგიური პრობლემაც ხომ მორიგი ეკოლოგიური ცვლილებაა, _ აღნიშნავენ ექსპერტები.

კაცობრიობის უპირველესი ამოცანაა, დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში ადამიანის სამეურნეო მოქმედების შედეგად არ შემცირდეს მცენარეთა მწვანე საფარი, პირიქით, შესაძლებლობის ფარგლებში ის უნდა გაიზარდოს. მწვანე მასის შემცირება უეჭველად იწვევს ნივთიერებათა წრებრუნვის ნორმალური მიმდინარეობის დარღვევას, ბუნებაში არსებული შედარებითი წონასწორობის დარღვევასაც, ნიადაგის ნაყოფიერების დაცემასა და ადამიანისათვის სხვა მრავალი არასასარგებლო პროცესის წარმოშობას.

მწვანე მცენარეები, რომლებიც აწარმოებენ ფოტოსინთეზის პროცესს, წარმოადგენენ პირველწყაროს სიცოცხლის არსებობისა, განვითარებისა და პროგრესისა. ფოტოსინთეზი წარმოადგენს ჟანგვა-აღდგენით რეაქციას, რომლის დროსაც მიმდინარეობს ატმოსფეროდან მიღებული ნახშირმჟავა გაზის ურთიერთქმედება წყალთან, რომლის წყაროცაა ნიადაგი. ამ რეაქციას მივყავართ მწვანე ფოთოლში ხსნადი ნახშირწყლების (შაქარი) სინთეზისა და ატმოსფეროში ჟანგბადის გამოყოფამდე. (6CO2+6H2O+მზის ენერგია =C6H12O6+6O2). დედამიწის მცენარეულობა ყოველწლიურად ფოტოსინთეზის შედეგად წარმოქმნის, დაახლოებით, 177 მილიარდ ტონა ორგანულ ნივთიერებას, აქედან 122 მილიარდი ტონა მოდის ხმელეთის მცენარეებზე და 55 მილიარდი ტონა მსოფლიო ოკეანის მცენარეულობაზე. ნახშირბადის შეთვისებას მცენარეების მიერ თან ახლავს ატმოსფეროში ჟანგბადის გამოყოფა. ნახშირმჟავა გაზისა და ჟანგბადის აღსადგენად წყალბადის წყაროს წარმოადგენს წყალი. ფოტოსინთეზის შემდეგ ითვისებენ რა მცენარეები ნახშირბადს და გამოყოფენ ჟანგბადს, ისინი გამოყოფენ და შლიან ჩვენი პლანეტის მთელ წყალს დაახლოებით 2 მილიონი წლის განმავლობაში. ყველაფერი ეს მოწმობს იმას, რომ ფოტოსინთეზი ჭეშმარიტად კოსმიური პროცესია, რომელმაც პლანეტის სახე ძირეულად შეცვალა. ყველაფერი ის, რაც ზემოთ აღვნიშნეთ, ხაზს უსვამს მცენარის დიდ როლს ბუნებაში ნივთიერებათა წრებრუნვისათვის. ამას, შესაძლოა, ისიც დაემატოს, რომ მცენარეულობა დიდ გავლენას ახდენს კლიმატზე, წყალსატევებზე, ცხოველთა სამყაროსა და ბიოსფეროს სხვა წარმომადგენლებზე. ძალზე დიდია მცენარეულობის როლი ადამიანის ორგანიზმისათვის, ის არის ამოუწურავი წყარო მრავალი საკვები პროდუქტისა, ტექნიკური თუ სამკურნალო ნედლეულისა, საამშენებლო მასალისა და სხვა.

ამრიგად, გლობალური კლიმატური ცვლილებები სხვა გლობალურ პრობლემებთან (მშვიდობის შენარჩუნება, მოსახლეობის შიმშილისაგან და ეპიდემიებისაგან დაცვა, ავთვისებიანი სიმსივნეებისაგან განკურნება, კორონა ვირუსი და სხვა) ერთად, უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რადგან კლიმატური ცვლილებები, ისევე, როგორც პანდემია, არ ემორჩილება ადმინისტრაციულ და პოლიტიკურ საზღვრებს. ამაზე მეტყველებს თუნდაც ბოლო ათწლეულში საქართველოს ტერიტორიაზე მკვეთრად გამოხატული გვალვები, დღისა და ღამის ტემპერატურებს შორის სხვაობის დიდი ამპლიტუდა, სეზონების ინდიკატორების დარღვევა _ ზაფხული შესაძლოა, იყოს ძალიან ცხელი, ზამთარი კი _ ძალიან თბილი; უხვნალექიანობა, სეტყვა, წყალდიდობები, მეწყერული პროცესები, ხანძრები, რამაც საქართველოს, როგორც გეოგრაფიულ ერთეულს, დიდი ზარალი მიაყენა.

კლიმატის გლობალური ცვლილებების ასაცილებლად (შესარბილებლად) 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში მსოფლიოს 155-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩარჩო კონცეფციას, კლიმატის ცვლილებების შესახებ. 1994 წელს საქართველო შეუერთდა კონცეფციას კლიმატის ცვლილებების შესახებ. 1996 წელს საქართველოს პრეზიდენტის N630 ბრძანებულებით საქართველოში შეიქმნა კლიმატის კვლევის ეროვნული ცენტრი.

კლიმატის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა შეაფასა საქართველოში კლიმატის ცვლილების გავლენის ინტენსიობა და საქართველოს მგრძნობიარობა კლიმატის ცვლილებებისადმი. კერძოდ, გააანალიზა საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურისა და ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური რაოდენობის ცვლილება ბოლო 80-100 წლის მონაცემთა მიხედვით და დაადგინა ცვლილებათა ზოგადი ტენდენციები: ტემპერატურისათვის _ 0.50C დათბობა აღმოსავლეთ საქართველოში და 30C აგრილება დასავლეთ საქართველოში. ნალექების 10-15%-ით ზრდა საქართველოს ბარის მთელ რიგ რაიონებში და 15-20%-ით შემცირება კავკასიონის მთიან რაიონებში. ამ ტენდენციათა გაგრძელებამ შეიძლება, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს სოფლის მეურნეობას. აღმოსავლეთ საქართველოში 1-20C-ით მომატების შემთხვევაში, მოსალოდნელია ხორბლისა და სიმინდის მოსავლიანობის 30%-მდე შემცირება, ხოლო დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის დაკლება საგრძნობლად შეზღუდავს სუბტროპიკული, სითბოს მოყვარული კულტურების წარმოებას. ეს იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის წარმოება ძირეულად უნდა გარდაიქმნას. უნდა გადაიხედოს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დარაიონების ზონები. უნდა შეიცვალოს ისეთი კულტურებით, რომელთა ვეგეტაციის ხანგრძლივობა  შესაბამისობაში მოვა ზონის კლიმატის ცვლილებებთან. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, გლობალური დათბობის კატასტროფა საქართველოს ისე არ შეეხება, როგორც სხვა ქვეყნებს. ჩვენი ქვეყანა ორ ზღვასა და ორ მთას შორის არის მოქცეული, სწორედ მათ დაიფარეს ჩვენი ქვეყანა ადრეული გამყინვარებისაგან. ერთი მხრივ, კასპიისა და შავი ზღვის თბილმა ჰაერმა, მეორე მხრივ კი, კავკასიონისა და მესხეთის ქედების ფარმა საქართველოში გლობალური ყინულის მასა არ შემოუშვა, ასე იქნება ახლაც _ ზღვას ახასიათებს, ზაფხულობით ტემპერატურა შთანთქას, ზამთარში კი გამოუშვას, ეს პროცესებს დაარეგულირებს.

 იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ გლობალიზაციის პროცესში ჩართვა სასიკეთოდ წაადგება საქართველოს მოსახლეობას, თუმცა, ჯერჯერობით, ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები ვერ აკმაყოფილებს  ,,მდგრადი განვითარების“ მოთხოვნებს. კონცეფცია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და რომელსაც საქართველოც შეუერთდა, მოითხოვს ისეთ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, როდესაც ახლანდელი თაობა არ შეუქმნის წინააღმდეგობებს მომავალ თაობებს ისე, რომ საფრთხის ქვეშ არ დააყენოს მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

გლობალური კლიმატური ცვლილებების უარყოფით ზემოქმედებას, სამწუხაროდ, 2019-2020 წლებში კორონა-ვირუსის მსოფლიო პანდემიაც დაემატა. ადამიანთა დანაკარგების გარდა ქვეყნის იზოლაციამ ტურიზმის მნიშვნელოვანი შემცირება და ექსპორტ-იმპორტის კლება გამოიწვია, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებზე. ქვეყნებს შორის საზღვრების ჩაკეტვამ სუბტროპიკულ ზონაში არსებული ისედაც მცირე შრომისუნარიანი მოსახლეობის სეზონურ სამუშაოზე (თურქეთი, საბერძნეთი და სხვა) წასვლა აკრძალა. ასევე, მოსალოდნელია, საზღვრების ჩაკეტვამ გამოიწვიოს ამ ქვეყნებიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტის შეჩერება, რითაც, სამწუხაროდ, გაჯერებულია ქართული ბაზარი. აქედან გამომდინარე, დროა, დავფიქრდეთ მოსალოდნელ სიძნელეებზე. დროა, ქვეყნის მოსახლეობამ გაააქტიუროს მუშაობა ადგილობრივი რესურსების მაქსიმალურად გამოყენების მიზნით. საჭიროა არსებული და მიგდებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება  მარცვლეული, ბოსტნეული და მრავალწლიანი კულტურების მოსაყვანად. ასეთ პირობებში თითოეულმა გლეხმა, ფერმერმა თუ კომპანიამ სახელმწიფოს მხარდაჭერითა და გვერდში დგომით, მაქსიმუმი უნდა გააკეთოს საკუთარი მოსახლეობის კვების პროდუქტებით დასაკმაყოფილებლად. მივხედოთ ჩვენს სოფლებს და ავაღორძინოთ მიტოვებული კარმიდამო. საქართველო საკუთარი ბუნებრივი რესურსების მაქსიმალური ამოქმედებით შეძლებს ევროპული დონის ეკონომიკის მქონე ქვეყნად ქცევას.

ზაურ გაბრიჩიძე,

სმმ დოქტორი, პროფესორი

საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა

აკადემიის აკადემიკოსი