მცენარეთა დაცვა

მცენარეთა კარანტინი _ ვინ გააუქმა და უნდა აღდგეს თუ არა ის?

დღეს, საქართველოში, კონკრეტულად კი, დასავლეთ საქართველოში, საშიში მავნებელი აზიური ფაროსანას შემოსევის პარალელურად, საზოგადოებაში აქტიურად ისმის და რედაქციაშიც ხშირად გვირეკავენ ან გვსტუმრობენ ადამიანები, რომელთაც ახსოვთ, რომ არსებობდა მცენარეთა კარანტინის სახელმწიფო სამსახური, გააჩნდა სათაო ორგანიზაცია და შესაბამისი სამსახურები საზღვრებსა და საპორტო ქალაქებში.
მოქალაქეებს აინტერესებთ, რატომ გააუქმეს ეს სამსახური და სურთ, ზოგადად, კარანტინის შესახებ მეტი იცოდნენ.

“გურია ნიუსი”, მცენარეთა კარანტინის შესახებ, ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიურ დოქტორს, ანგელინა ნიკოლაიშვილს ესაუბრა. მკითხველს ამასთანავე შევახსენებთ, რომ მეცნიერი ქალბატონი ფაროსანას შესახებ ახალ კვლევაზე მუშაობს, რომელსაც მალე მეცნიერთა წრის წინაშე წარდგენას აპირებს.

_ ქალბატონო ანგელინა, როდის და რატომ გაუქმდა მცენარეთა კარანტინის სათაო ორგანიზაცია და რომ ყოფილიყო დღეს, იქნებოდა თუ არა თავიდან აცილებული ფაროსანას შემოსევა?

_ ეს ორგანიზაცია წინა ხელისუფლების დროს გაუქმდა. რატომ, ამაზე მე ვერ გიპასუხებთ. ამასთან ერთად, 17 კვლევითი ინსტიტუტი გააუქმეს. რა თქმა უნდა, კარგი იყო არ გაუქმებულიყო _ ის ნამდვილად მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა საშიში მავნებლის წინააღმდეგ.

ტვირთი რომ შემოდიოდა, შემოწმების გარეშე ვინ მიიღებდა? ფოთში იყო სპეციალური ლაბორატორია და ახლად შემოსულ ყველანაირ ტვირთს უტარდებოდა ფუმიგაცია, რომ მავნებელი იყო თუ დაავადება, ლოკალიზებული ყოფილიყო. ეს მთლიანად ახდენდა უცხოეთიდან სხვადასხვა მავნე ორგანიზმების შემოჭრის და გავრცელების კერების ლიკვიდაციას. მავნებელი, ასევე, დამოუკიდებლადაც შეიძლება შემოიჭრას და მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენოს სოფლის მეურნეობას.

_ ახლა, როცა ამბობენ, რომ ფაროსანა შემოყვა ტვირთებს თუ სოჭის ოლიმპიადაზე შემოტანილ მწვანე ნარგავებს და იქიდან ჩვენთან გადმოინაცვლა, საკარანტინო სამსახურის შემთხვევაში, როგორი შედეგი გვექნებოდა?

 _ მე უკვე ვთქვი, რომ ფაროსანას დამოუკიდებლადაც შეეძლო შემოსვლა. ისე კი უცხოეთიდან ნებისმიერი ტვირთის და მასალის შემოტანა დასაშვები იყო მხოლოდ საიმპორტო კარანტინის ნებართვით. სატრანსპორტო დოკუმენტებს, რომლებიც თან ახლდა ტვირთებს, აუცილებლად ჰქონდა სერთიფიკატი. დღეს მსგავსი სამსახური არ არსებობს. აქა-იქ სამიოდე კაცი თუ ჰყავთ, ისიც, არ ვიცი, არიან თუ არა სპეციალისტები, რაც ამ სფეროში აუცილებელია.

_ რა ითვლება მავნებლების, მავნე ორგანიზმების გავრცელების ძირითად ფაქტორად?

_ ეს არის ვაჭრობის, მეცნიერების, ტექნიკური და კულტურული კავშირების გაფართოება. ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარება, რაც ახლა ასე აქტიურად ხდება ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამიტომ არის მაქსიმალური ყურადღება საჭირო. ვიმეორებ, თბილისში ფუნქციონირებდა მცენარეთა სახელმწიფო კარანტინის მძლავრი დაწესებულება, თავისი კვლევითი განყოფილებებით და ძალიან განსწავლული სპეციალისტებით. სადაც აღინიშნებოდა საკარანტინო ობიექტი, გაიგზავნებოდა სინჯები და ლაბორატორიაში, სათანადო სპეციალისტის გამოკვლევით, დადგინდებოდა მავნე ორგანიზმის სახეობა; ასევე, მოსალოდნელი ზიანი და სასწრაფოდ ცხადდებოდა კარანტინი. ასეთი ლოკალიზების პირობებში, გაცილებით ადვილი იყო მავნებელთან ბრძოლა.

_ საკარანტინო ორგანიზმების გავრცელება, გასულ საუკუნეში უფრო ნაკლებად აღინიშნებოდა თუ ახლა?

_ რა თქმა უნდა, გაცილებით ნაკლები იყო გასულ საუკუნეში. თითო-ოროლა თუ აღინიშნებოდა. უფრო, საუკუნის ბოლოს და ახალი საუკუნის დასაწყისში მომრავლდა ახალი, მცენარისთვის საშიში მავნე ორგანიზმები. ესენია: ბზის ალურა, ამერიკული თეთრი პეპელა, ახლა აზიური ფაროსანა და სიდამპლეების გამომწვევი სოკოები.

_ ქალბატონო ანგელინა, ძნელდება თუ არა მავნებელთა ბიოლოგიის, ზიანისა და ბრძოლის ღონისძიებების დადგენა ჩვენს პირობებში და რატომ?

_ ვიტყვი, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მთავრობა მიზანმიმართულად და სწორად მოქმედებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მას სჭირდება საზოგადოების სრული მხარდაჭერა და რომ იტყვიან, ქუდზე კაცის გამოსვლა ფაროსანას წინააღმდეგ. ზოგადად კი ვიტყვი, რომ მოსახლეობა თუ უკმაყოფილოა დარგის მომსახურებით, მიზეზი ერთადერთია _ არაპროფესიონალიზმი. არის შემთხვევები, როცა პროფესიაში ჩაუხედავი, “ყველაფრისმცოდნე” პირები ვერ აკეთებენ ისეთ დასკვნებს, რომელიც გაჭირვებიდან ამოგვიყვანს. ამიტომ, რჩევის სახით ვიტყოდი, რომ აუცილებელია, ყურადღება მიექცეს პროფესიონალ კადრებს, განსაკუთრებით ამ სფეროში. ეს აუცილებელია, რადგან აუცილებლია დარგი მეცნიერულ საფუძვლებზე დაყრდნობით განვითარდეს და საქმეს და ქვეყანას წინსვლაში დაეხმაროს.

წყარო: gurianews.com ,

მარინე ჩიხლაძე