გურჯაანი _ „წითელი მარანი“
ეს უნიკალური ფოტოსურათი, რომელზეც მცირეოდენი ცნობები უნდა მოგაწოდოთ, 2012 წელს „მშრალ ხიდზე“ ლუარსაბ ტოგონიძეს შეუძენია. ფოტოსურათის უნიკალურობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ჩვენს ერთგულ მკითხველს გავაცნოთ. სურათზე მარნის მშენებლობის პროცესია ასახული და იგი კახეთში, გურჯაანში 1934 წელსაა გადაღებული. ფოტოსურათი ისტორიული და ამავდროულად უნიკალურია. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ქვევრები ქარხნულ მიმართულებაში ჯერ ბუტებმა, ხოლო შემდგომ ლითონის „ცისტერნებმა“ ჩაანაცვლა. ისიც უნდა ითქვას, რომ ქვევრ-მარნები საქართველოში, სურათზე აღბეჭდილი პერიოდის შემდეგაც შენდებოდა, მაგრამ ეს უფრო ოჯახურ პირობებში, სადაც ღვინის ქვევრში დაყენება, მართალია, ბოლო პერიოდში შესუსტებული იყო, მაგრამ ჩვენი ისტორიის პერიოდში არასოდეს შეწყვეტილა!
მშენებარე მარანში ქვევრები 8 მწკრივადაა ჩალაგებული და მათი საერთო რიცხვი დაახლოებით 120-მდეა. ფოტოსურათის კომპიუტერული შესწავლის შემდეგ ირკვევა, რომ ქვევრები ახლები არაა, ისინი ნახმარია და სხვადასხვა ადგილებიდან უნდა იყოს მოტანილი, რასაც, ალბათ, წინ უძღვოდა მათი შეძლებისდაგვარად დახარისხება, ანუ მარნის მშენებლობის ადგილას თავმოყრილია დაახლოებით ერთი და იმავე მოცულობის ქვევრები. კომუნისტური წარსულის ამ პერიოდში უფლებააყრილ ქართველ თავადაზნაურობას და ასევე შეძლებულ მეურნეებს (რომლებსაც „კულაკებს“ ეძახდნენ) უამრავი მარნები ჩამოართვეს და დიდად სავარაუდოა, რომ სურათზე სწორედ მათი მარნებიდან წამოღებული ქვევრები იყოს აღბეჭდილი. ყოველი შემთხვევისათვის, ის ქვევრები, რომლებსაც ჩვენ ფოტოსურათზე ვხედავთ, სულ ცოტა 40-50 წლისა მაინც უნდა იყოს. (ამის საფუძველს იძლევა ფოტოსურათის კომპიუტერული შესწავლა, თუმცა ცნობა გადასამოწმებელია). მარანში 2-3 ათასლიტრიანი ქვევრებია თავმოყრილი. მართალია, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს გრანდიოზულ მასშტაბებთან, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ქართული მარანი სწორედ ამგვარი პრინციპით შენდებოდა. საუბარია იმაზე, რომ თავდაპირველად ითხრება ერთიანი საქვევრე ორმო, რომელშიც გარკვეული კანონზომიერებით ჩალაგდება ქვევრები, რომლებსაც შემდეგ ყელამდე მიეყრება მიწა. ქვევრები ორმოში თანაბრად, მოწესრიგებულად ლაგდება, რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება დიდი მარნების შემთხვევაში, მაგრამ მცირე, ოჯახურ მარნებში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს.
ცხადია, საინტერესოა ფოტოსურათზე აღბეჭდილი მარნის ამჟამინდელი როგორც ადგილსამყოფელი, ისე მდგომარეობა. ფოტოსურათს აქვს რუსულენოვანი წარწერა „წითელი მარანი, გურჯაანი 1934”, თუმცა იგი არაფერს ამბობს მისი კონკრეტული ადგილ-სამყოფელის შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ სურათი გადაღებულია გურჯაანში, მაგრამ ჩვენთვის ეს მაინც გარკვევით არაა ცნობილი: საუბარია სოფელ გურჯაანზე, ქალაქ გურჯაანზე, თუ რაიონის რომელიმე სოფელზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც შევეცადეთ გაგვერკვია მარნის ადგილსამყოფელი. იმ პროპორციებისა და სიდიდის მარანი, რომელიც სურათზეა ნაჩვენები დღესდღეობით არსად არ მოგვეპოვება, თუმცა ქალაქ გურჯაანში (კოტეხი) ერთი მარანი მაინც აღმოჩნდა, რომელიც, მართალია, მოცულობით განსხვავებულია, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ საქმე გვქონდეს ერთსა და იმავე მარანთან. ამ ყოველივეს საბოლოოდ დადგენას დრო სჭირდება. რაც შეეხება სურათზე აღბეჭდილი ქვევრების ფორმებს, ამ შემთხვევაში იკვეთება რამდენიმე მექვევრის ხელი; და ეს გასაკვირი არც არის, რადგან, როგორც ვთქვი, ქვევრები ნახმარია და თან სხვადასხვა ადგილებიდანაა მოზიდული. ვხვდებით იმერულ სტილსაც, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ქვევრები იმერეთიდანაა ჩამოტანილი. კახეთში არაერთი იმერელი მექვევრე მოღვაწეობდა, როგორც გასულ საუკუნეში, ისე ხჳხ საუკუნეშიც და სურათზე ნაჩვენები ზოგიერთი ქვევრი, რომლებსაც „იმერული ხელი“ ეტყობა, სწორედ მათ მიერ დამზადებული უნდა იყოს.
გიორგი ბარისაშვილი
P.S. ამგვარი ფოტოსურათები, რომლებიც მოსახლეობის საოჯახო ალბომებში მრავლად ინახება ბევრ მნიშვნელოვან ფაქტს ადასტურებს და საინტერესო კითხვებს სცემს პასუხს. კარგი იქნება, თუ ჩვენი მკითხველი რედაქციას ამგვარი შინაარსის ფოტოების ელექტრონულ ვერსიებს მიაწვდის, რადგან ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ ხსნის რუბრიკას _ „ფოტომატიანე“, და თქვენს მიერ მოწოდებული ფოტოსურათები საერთო საქმეს წაადგება.
ჟურნალი ახალი აგრარული საქართველო