იმერული ცხვრის მოშენების ეფექტიანობა დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში

საქართველოს მეცხვარეობა ამჟამად კრიზისულ მდგომარეობაშია. ცხვრის სულადობა გასული საუკუნის 80-იანი წლების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 60%-ით არის შემცირებული და შესაბამისად მცირეა მისი პროდუქტების წარმოებაც. სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად ეს გამოწვეულია ზამთრის საძოვრების კატასტროფული შემცირებით. ამიტომ საჭიროა გამოინახოს ისეთი რეგიონები, სადაც შესაძლებელი იქნება ძირითადად ცხვრის სტაციონარული და ნახევრად სტაციონარული შენახვა და იქ მაღალპროდუქტიული ცხვრის მოშენება ეკონომიკურად სარფიანი იქნება.

ასეთი შესაძლებლობა არის დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში და იმ ზონებში, სადაც სუბტროპიკული კულტურების მიწის ფართობების შემცირების შედეგად დიდი რაოდენობით გამონთავისუფლდა მიწის ნაკვეთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას სათიბ-საძოვრებად; გარდა ამისა მხოლოდ ცხვრის საძოვრად შეიძლება გამოყენებული იქნას ზოგიერთი დაცული ტერიტორიაც, რადგან ცხვრის იქ ძოვება არავითარ ზიანს არ მიაყენებს ამ ტერიტორიაზე გავრცელებულ მცენარეულ საფარს.

ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ისიც, რომ დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ ცხვარს (იმერულს) გააჩნია პოტენციური შესაძლებლობა დიდი რაოდენობის მაღალი ხარისხის და დაბალი თვითღირებულების პროდუქციის წარმოებისა.

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პერიოდში დაშვებულმა ხარვეზებმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მეცხოველეობას, მათ შორის განსაკუთრებით — მეცხვარეობას. ამჟამად საქართველოში ეს დარგი კრიზისულ მდგომარეობაშია. ამასთან ერთად, სავალალოა ის ფაქტი, რომ პროდუქციის წარმოების საერთო რაოდენობის კლებასთან ერთად შემცირდა თითოეული სული ცხვრიდან მიღებული პროდუქციის რაოდენობა. ამის გამოსწორება შესაძლებელია მეცნიერებასა და მწარმოებლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობით.

იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს მოსახლეობის მოთხოვნილება მეცხვარეობის პროდუქტებზე, საჭიროა შესაძლებლობების ფარგლებში გაიზარდოს ადგილობრივად წარმოებული პროდუქცია როგორც ცხვრის რიცხობრივი რაოდენობის ზრდით, ასევე მისი საშუალო პროდუქტიულობის გაუმჯობესებით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სამომხმარებლო ბაზარზე გზა ეხსნება იმპორტს, რომელიც ძვირადღირებულია და ფაქტიურად მიუწვდომელია ძირითადი მომხმარებლისათვის. ამასთან ერთად ის ხშირად დაბალი ხარისხის, ფალსიფიცირებული და ჯანმრთელობისთვის საშიშია.

საქართველოში მეცხვარეობას უძველესი დროიდან მისდევდნენ და ჰქონდათ საკუთარი გენოფონდი, დარგის გაძღოლის საკუთარი ტექნოლოგია და მისი სოფლის მეურნეობის სხვა დარგებთან შეთანაწყობის სისტემა. ზამთრისა და ზაფხულის საძოვრების რაოდენობა საშუალებას იძლეოდა რესპუბლიკას ჰყოლოდა ორ მილიონამდე სული ცხვარი. ამჟამად ობიექტური მიზეზების გამო ზამთრის საძოვრებს გამოაკლდა ჩრდილო კავკასიაში არსებული 300 ათას ჰექტარზე მეტი საძოვარი და 800 ათასამდე სული ცხვარი საზამთრო საძოვრის გარეშე დარჩა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მეცხვარეობა მოითხოვს გარკვეულ კორექტირებას ამჟამად არსებულ მოვლა-შენახვის ტექნოლოგიაში. ამასთან ერთად, დარგის განვითარებას ხელს შეუწყობს ცხვრის მომრავლება ისეთ რეგიონებში, სადაც წარსულში ნაკლები ყურადღება ექცეოდა მეცხვარეობას. ამ მხრივ გარკვეული რეზერვი არის დასავლეთ საქართველოს მთიანი ზონა, რაც უხსოვარი დროიდან იქ გავრცელებული უნიკალური იმერული ცხვრის მომრავლებასთან ერთად ხელს შეუწყობს ზემო იმერეთის (საჩხერე, ჭიათურა, ტყიბული, თერჯოლა, ხარაგაული) დაცლილ მთიან რეგიონებში მოსახლეობის დაკავებას.

ისტორიული წყაროებით ცნობილია, რომ მეცხვარეობა ფართოდ ყოფილა გავრცელებული მთელ დასავლეთ საქართველოში, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების მიერ ამ რეგიონის ზოგიერთი რაიონის სუბტროპიკულ ზონად გამოცხადების შედეგად მკვეთრად შემცირდა სოფლისპირა საძოვრები და ამასთან ერთად ცხვრის რაოდენობაც.

დასავლეთ საქართველოში მეცხვარეობის საკარმიდამო მეურნეობებს დიდი ტრადიციები აქვს და მომავალშიც პერსპექტიულია ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების ათვისების თვალსაზრისით. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ამ დარგის და აქ მოშენებული ცხვრის პროდუქტიულობის პოტენციური დონის შესწავლა ამჟამად არსებულ სტიქიურ საკარმიდამო მეურნეობებში შეუძლებელია. ეს მხოლოდ კარგად ორგანიზებულ ფერმერულ (გლეხურ) მეურნეობებშია ხელმისაწვდომი.

მეცხვარეობის პროდუქტიულობის გადიდების და მისი მაღალი რენტაბელობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ნერბების ნაყოფიერების დონე, მოზარდის ცხოველმყოფელობა, მალმწიფადობა და სხვა. ცნობილია, რომ აღწარმოების ზრდასთან ერთად მკვეთრად მცირდება საკვების დანახარჯები თითოეული კილოგრამი ხორცისა და მატყლის წარმოებაზე, ეს კი მეცხვარეობის პროდუქციიდან შემოსავლის გაზრდის საფუძველს ქმნის. ზემოთ აღნიშნული თვისებები ახასიათებს იმერულ ცხვარს, რომელიც ძირითადად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში.

მრავალსაუკუნოვანი სახალხო სელექციის საშუალებით დასავლეთ საქართველოს შედარებით მაღალტენიან ბუნებრივ კლიმატურ პირობებში, სოფლისპირა საძოვრებზე მოვლა-შენახვით შექმნილია იმერული ცხვრის ჯიში. დადგენილია, რომ ის კოლხური ცხვრის შთამომავალია. მას მონაწილეობა აქვს მიღებული კავკასიაში არსებულ მრავალი ჯიშის ცხვრის ჩამოყალიბებაში. მკვლევარების მიერ აგრეთვე დადგენილია მისი და ბასკური ცხვრის ზოგიერთ ნიშან-თვისებათა მსგავსება. აღნიშნულ ცხვარზე ოდითგანვე დიდი მოთხოვნილება ყოფილა. ის გაჰყავდათ სხვა ქვეყნებშიც, გაჰქონდათ მისი საუკეთესო თვისებების მქონე ერთგვაროვანი მატყლი. შემდგომ პერიოდში შეიმჩნევა კოლხური ცხვრის რეგრესი, რაც გამოწვეული იყო კოლხთა სამთავროზე მუდმივი თავდასხმებით და ამ სახელმწიფოს შემდგომი დაკნინებით.

იმერული ცხვარი ამჟამად გავრცელებულია (ძალზე შემცირებული რაოდენობით) მხოლოდ დასავლეთ საქართველოში, ძირითადად: საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, წყალტუბოს, ხონის, ვანის, ბაღდადის რაიონებში; რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში; აგრეთვე მცირე რაოდენობით გვხვდება სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში.

თავისი არსებობის მანძილზე იმერული ცხვარი უსისტემოდ ყოფილა შეჯვარებული თუშურ, ყარაჩაულ, ოსურ, აჭარულ (ცაკელი) და აგრეთვე სხვადასხვა ნაზმატყლიანი ჯიშის ცხვრებთან.

თანამედროვე იმერული ცხვრის გარეგნული ნიშნებია: თავი ხმელი და ნორმალური, ყბები, ყურები და ფეხები დაფარული აქვს მფარავი ბეწვით. თვალები მკვირცხლი. თვალის ფოსოები ამობურცული, გვხვდება როგორც რქიანი, ასევე ურქო ინდივიდები. რქები სხვადასხვა ფერისაა (მუქი, ღია, თეთრი), რქის ფორმა ძირითადად ნახევრადმთვარისებურია. ზურგი ძირითადად სწორი აქვს, ხოლო მუცელი ნახევარზე მეტს დაშვებული. იმერული ცხვრის 50-60%-ს მჭლე კუდი აქვს. როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, ადრე იმერული ცხვარი მჭლეკუდიანი ყოფილა და მხოლოდ ცხიმკუდიან და ნახევრადცხიმკუდიან ცხვრებთან შეჯვარების შედეგად გაუჩნდა მას ცხიმკუდიანობის ნიშნები. ზემოთაღნიშნული ნიშნები თვალნათლივ ჩანს დღემდე შემორჩენილ ისტორიულ ბარელიეფებზე.

იმერული ცხვარი ფერად თეთრია, გვხვდება შავი, ჭრელი, რუხი და სხვა ფერებიც, რაც უმეტესად უხეშმატყლიანი ჯიშის ცხვრებთან მეტიზაციის შედეგად აქვს მიღებული. ზოგიერთ რეგიონში ფერადი ცხვრის მოშენება მიზანმიმართულად ხდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ კუსტარულ პირობებში მისი მატყლისგან დამზადებულ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნილებაა. ხალასი ჯიში პატარა ტანისაა, მისი ცოცხალი მასა შეადგენს: ზრდასრული ნერბების — 28-30 კგ.-ს, ვერძების — 32-35 კგ-ს, სამი თვის ასაკის ბატკნების — 15-16 კგ-ს, ექვსი თვის — 20-22 კგ-ს. ერთი წლის ასაკში მისი ცოცხალი მასა ზრდასრული ცხოველების ცოცხალ მასას უტოლდება. ეს იმას გვიჩვენებს, რომ ეს ცხვარი ადრეული ჯიშია და ექვსი თვის ასაკში უკვე იწონის ზრდასრული ცხვრის 72-75%-ს და ამ ასაკიდან ის უკვე ვარგისია გამრავლებისათვის. მას სხვა ჯიშის ცხვრებთან შედარებით ნაკლებად აქვს გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმი. ზრდასრული ვერძების და ნერბების ცოცხალ მასას შორის უმნიშვნელო სხვაობაა.

იმერული ცხვრის ხორცს არა აქვს სხვა ჯიშის ცხვრებისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური სუნი და საუკეთესო კულინარული თვისებებით ხასიათდება. მის ტან-ხორცში ცხიმი განაწილებულია თანაბრად.

მატყლი ნაირბეწვიანია. ხშირად მქისე ბეწვი შედარებით წმინდაა და გარდამავალს უახლოვდება. გვხვდება მეტად მქისებეწვიანიც, უმთავრესად მათ შორის, რომლებსაც უცხო ჯიშებთან მეტიზაციის ნიშნები აშკარად ეტყობა. მატყლის წლიური ნაპარსი შეადგენს: ვერძების — 2,0 კგ-ს, ნერბების — 1,5 – 1,7კგ-ს, ბატკნისა — 0.7 კგ-ს. მატყლი თხელი აქვთ, ხასიათდება კარგი ბზინვარებით. სხეული არა აქვთ ერთგვაროვნად შებურული.

იმერული ცხვარი ხასიათდება მაგარი კონსტიტუციით, დიდი ტემპერამენტით, კარგად აქვს განვითარებული დედობრივი ინსტინქტი და აგრეთვე, ადაპტაციის დიდი უნარი გარემოს სხვადასხვა პირობებისადმი, კარგად ეგუება ნესტიან და მშრალ ჰავასაც, სტაციონარულ შენახვას და მთა-ბარობასაც.

სხვა ჯიშის ცხვრებიდან იმერული ცხვარი მკვეთრად განსხვავდება თავისი გენერაციული ფუნქციით, რომელთაგან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს:

 პოლიესტრიულობა — ცნობილია, რომ ყველა გარეული ცხოველი, მათ შორის ცხვარიც მონოესტრიულია. მათგანვე შეინარჩუნეს შინაურმა ცხოველებმა ეს თვისება, რადგან ექსტენსიური შენახვის პირობებში უხდებოდათ არსებობა და გადარჩევა წარმოებდა მონოესტრიულობის შესანარჩუნებლად. ამ მხრივ სულ სხვა მდგომარეობაა დასავლეთ საქართველოში, სადაც გადარჩევას და შერჩევას საუკუნეების მანძილზე აწარმოებდნენ პოლიესტრულობის განმტკიცებისათვის. ამიტომ იმერულ ცხვარში ეს თვისება კარგად არის გამოხატული. პოლიესტრულობის გამო იმერულ ცხვარს გამრავლების სეზონურობა არ ახასიათებს. ის მრავლდება წლის ყველა დროს, ბატკნის მოგებიდან 10-25 დღის შემდეგ ნერბვაზე მოდის და ინერბება.

 ადრეულობა — მსოფლიოში გავრცელებული ცხვრის ჯიშებში იშვიათი შემთხვევაა, რომ დოლი მივიღოთ ერთი წლის ასაკში. ცხვრის ჯიშების უმრავლესობა, როგორც წესი, ნაყოფს იძლევა ორი წლის ასაკში. სულ რამდენიმე ჯიშის ცხვარს (ოსტფრიზლანდი, რომანოვული, კოლბერდი და სხვა) აქვს უნარი 12-14 თვის ასაკში მოგვცეს ნაყოფი. მათ რიცხვს მიეკუთვნება აგრეთვე იმერული ცხვარი. 11-14 თვის დედალი თოხლი უკვე ბატკანს იგებს და ნერბების ჯგუფში გადადის. მაკეობის ხანგრძლივობა 137-143 დღეს შეადგენს, რაც აგრეთვე მკვეთრად ანსხვავებს მას სხვა ჯიშებისგან. უნდა აღინიშნოს, რომ იმერული ცხვრის იმ ინდივიდებს, რომლებიც უფრო მაღალი ნაყოფიერებით ხასიათდებიან, ნაყოფის მუცლად ტარების უფრო მოკლე პერიოდი ახასიათებთ, ვიდრე მათ, რომლებიც შედარებით დაბალი ნაყოფიერებით ხასიათდებიან.

 მრავალნაყოფიერება — ცხვრის მაღალი ნაყოფიერება სხვა დადებით თვისებებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა ბატკნის გამოზრდის ეკონომიური თვალსაზრისით. საკმარისია ითქვას, რომ ერთი ბატკნის გამოზრდისას ერთ კგ ცოცხალ მასაზე ერთი ნერბი ხარჯავს 13-18 კგ საკვებ ნივთიერებას, ხოლო ორი ბატკნის მიღების შემთხვევაში მათ გამოზრდაზე იხარჯება 10-12 კგ საკვები ნივთიერება. ხალასი იმერული ნერბი ერთ დადოლებაზე იგებს 2-3 ბატკანს, უფრო იშვითად — 4-ს ან 5-ს.

დიდი ცხოველმყოფელობა — ახლადშობილი ბატკანი სწრაფად დგება, მოძრავია და გამძლე, ნერბი დაუხმარებლად ზრდის ორ ბატკანს.

ყველა ზემოთჩამოთვლილი თვისება საუკუნეთა მანძილზე უბნობრივი გამრავლების პირობებში მიზანმიმართული მასობრივი სახალხო სელექციით არის მიღწეული. ცხვარი, რომელიც დასახელებულ თვისებებს არ აკმაყოფილებდა, გამოიწუნებოდა.

მეტად საყურადღებოა ისიც, რომ იმერული ცხვრის შეჯვარებით მცირენაყოფიერ ჯიშებთან სწრაფად უმჯობესდება უკანასკნელის გამრავლების უნარი. გენერაციული ფუნქციის თვისება შესაძლებლობას ქმნის იმერული ცხვრიდან ვაწარმოოთ დიდი რაოდენობის პროდუქცია, განსაკუთრებით მაღალი ხარისხის დიეტური ბატკნის ხორცი მთელი წლის განმავლობაში, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მეცხვარეობის ფერმერული მეურნეობის შექმნის შემთხვევაში.

ამრიგად, სტატიის ავტორებს, რამდენიმეკაციან ჯგუფთან ერთად, შეგვწევს უნარი აქტიურად ჩავერთოთ ესოდენ ძვირფასი ჯიშის აღდგენის, შემდგომი სრულყოფის, ჯიშის ხალასად მოშენების და იმერული ცხვრის სანაშენე მეურნეობის შექმნის საქმეში, რაც მოგვცემს იმის საფუძველს, რომ აღვადგინოთ ჯერ კიდევ შემორჩენილი ესოდენ უნიკალური ცხვრის ჯიში. ეს კი შექმნის მიტოვებულ ზემო იმერეთის მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის მობრუნების და დასაქმების წინაპირობას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ვაწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა, დაბალი თვითღირებულების, საუკეთესო ხარისხის პროდუქცია, რაზედაც დიდი მოთხოვნილებაა არა მარტო სამამულო, არამედ მსოფლიო ბაზარზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ იქმნება შესაძლებლობა მთელი წლის მანძილზე ბატკნის ხორცის უწყვეტი წარმოებისათვის.

კობა ნაცვალაძე,

/გელა მაჭარაშვილი/,

ლეილა ტაბატაძე,

სოფლის მეურნეობის

მეცნიერებათა დოქტორები,

სსიპ სოფლის მეურნეობის

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი