აგროსიახლეები

 „ინვეტ ჯგუფი“ _ მეფრინველეობის ინდუსტრიისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თბილისში

 ვეტერინარული კომპანია „ინვეტ ჯგუფის“ ორგანიზებით, 2022 წლის 28-29 ნოემბერს, თბილისში, სასტუმროში ,,Holiday Inn Tbilisi” “მეფრინველეობის ინდუსტრიისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 2022″ გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით თბილისს ესტუმრნენ საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინის, მოლდოვის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ბელორუსის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნების მეფრინველეობის, ბიზნეს სექტორისა და სამეცნიერო დარგის წარმომადგენლები, ხოლო კომპანია „ინვეტ ჯგუფის“ ინიციატივით საქართველოდან კონფერენციაში ადგილობრივი ვეტერინარიის დარგის სპეციალისტები და მეფრინველეობის ბიზნეს სექტორში მოღვაწე ქართული კომპანიები ჩაერთვნენ.

კოფერენცია 222

კონფერენციის მონაწილეთა შორის იყვნენ ვეტერინარიის სფეროს ცნობილი უცხოური კომპანიები, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები, NOR-FEED SAS და Synthese, Elevage – საფრანგეთი; Nagel Feed Ingredients – გერმანია; PB Nord, Avicola Teovera და AvitehPas – მოლდოვა; ПФ Тернопольская და Захид-Агромикс – უკრაინა; УП “МВСервис” და ვიტებსკის ვეტერინარული აკადემია – ბელორუსი; Wellrise – უზბეკეთი; ყაზახეთის რესპუბლიკის მეფრინველეობის ასოციაცია და სხვა.

კონფერენცია მიზნად ისახავდა მეფრინველეობის დარგში არსებული ტენდენციების, თანამედროვე მიდგომების, მოსაზრებების და გამოწვევების განხილვას. შესაბამისად, კონფერენციაზე, გარდა უახლესი სამეცნიერო კვლევების, თანამედროვე მიღწევების, მიდგომებისა და ნოვაციების წარდგენისა, ქართველ ფერმერებს და სპეციალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალო დისკუსია გაემართათ უცხოელ კოლეგებთან და დარგის წამყვან სპეციალისტებთან, განიხილეს მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხები, მიიღეს ინფორმაცია მეფრინველეობის დარგში მიმდინარე პროცესების თანამედროვე, ეფექტიანი მართვისა და ფერმერულ საქმიანობაში არსებული რისკების პრევენციის თაობაზე.

აღნიშნული კონფერენცია ერთ-ერთი მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებაა, მათ შორის, რაც ბოლო წლებში საქართველოში გამართულა ვეტერინარული და აგრო მიმართულებით, შესაბამისად კონფერენციას საკმაოდ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, როგორც სახელმწიფოს, ასევე ადგილობრივი აგრო მიმართულების ბიზნესისგან.

ინვეტ ჯგუფი“ კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისთვის ყველა სტუმარს მადლობას უხდის.