აგროსიახლეები

რვა ქართულმა კომპანიამ იტალიაში საერთაშორისო აგროგამოფენაში „მაკფრუტ 2021“ მიიღო მონაწილეობა

იტალიაში, ქალაქ რიმინიში გამართულ საერთაშორისო აგროგამოფენაში „მაკფრუტ 2021“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, 8 ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილება.

საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების: „ქარელი ფრუტს“ (ჩიკორი), „ჯორჯიას ნეიჩერალ“, „ლურჯი ველი“, „აგროლეინი“, „ნათს ჯი“,  „კავკასუს ორგანიქ ფრუტს“, „ავგუსტ ფრუტ ფაქთორი“ და „ჯეო ორგანიქი“ ხილის და ბოსტნეულის ქართული პროდუქცია. 

გამოფენის ფარგლებში, ქართულ სტენდთან გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს ელჩმა იტალიაში კონსტანტინე სურგულაძემ, „მაკფრუტ 2021“-ის პრეზიდენტმა, რენცო პირაჩინიმ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის იტალიაში ექსპორტის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბრისას, ყურადღება საქართველოსთვის ევროინტეგრაციისა და ევროკავშირის ქვეყნებთან საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნელობას საკითხებზე გამახვილდა.

საერთაშორისო აგროგამოფენის „მაკფრუტ 2021“ ფარგლებში, ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები იტალიურ კომპანიებთან და საერთაშორისო ბიზნესასოციაციებთან გამართეს.

ქართული აგროსასურსათო პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე პოპულარიზაციისთვის  საერთაშორისო აგროგამოფენებში მონაწილეობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია; შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს აღნიშნული მიმართულებით და ქართულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი პროდუქციის ცნობადობის გაზრდა უზრუნველყონ.