საკვები პროდუქტები, რომლებმაც შეიძლება ძაღლი მოწამლოს

არსებობს რიგი პროდუქტებისა, რომლებითაც ადამიანები ყოველდღიურად იკვებებიან, მაგრამ  ისინი საშიშია ჩვენი ცხოველებისათვის. ასეთმა პროდუქტმა შეიძლება ძაღლებში სერიოზული დაავადებები გამოიწვიოს და საფრთხე შეუქმნას მათ ჯანმრთელობას.

განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

 ყურძენი და ქიშმიში გემრიელი და სასარგებლოა ადამიანისათვის, მაგრამ ცხოველის ჯანმრთელობისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. ისინი არ უნდა მივცეთ ცხოველებს ნუგბარის სახით  და არ დავდოთ მათთვის მისაწვდომ ადგილას. ყურძნის და ქიშმიშის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ძაღლებში ისეთი დაავადებები, როგორიცაა თირკმლის მწვავე უკმარისობა, განსაკუთრებით მათში, რომელთაც ანამნეზში, თირკმელების დაავადებები აქვთ.

ცხოველის მდგომარეობის სიმძიმე დამოკიდებულია მიღებული ყურძნისა და ქიშმიშის ოდენობაზე. ამ პროდუქტების მიერ გამოწვეული გართულებების მიზეზები დაუდგენელია.

 ძაღლებში მოწამვლის სიმპტომებია: ღებინება (როგორც წესი აღინიშნება ყურძნისა და ქიშმიშის მოხმარებიდან 12 საათის განმავლობაში), სხვა სიმპტომებმა როგორიცაა ფაღარათი, ძილიანობა, უმადობა, შარდვის სიხშირის შემცირება, სისუსტე, მუცლის ტკივილი შეიძლება თავი იჩინოს 24 საათის განმავლობაში. შესაძლებელია დადგეს ლეტალური შედეგიც.

 მკურნალობა: მკურნალობის დროული  დაწყება მეტად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სიმპტომების გამოვლენამდე. აუცილებელია ღებინების საშუალებების მიცემა და აქტივირებული ნახშირი კუჭ-ნაწლავში დარჩენილი ტოქსინების შთანთქმისთვის. მკურნალობის შემდგომ თერაპიას განსაზღვრავს ვეტერინარი ექიმი.

ძაღლებისთვის საშიშია Allium-ის ოჯახის წარმომადგენელი მცენარეები, როგორიცაა: ნიორი, ხახვი, მწვანე ხახვი. მათ ძაღლების მოწამვლა შეუძლია, იმის მიუხედავად ხახვი და ნიორი ნედლია, მოხარშული თუ გამშრალი (ფხვნილისებრ, მაგ სუნელებში) ცხოველთა მიერ მათი გადაყლაპვის შემთხვევაში შესაძლებელია ერითროციტების დაზიანება, რის შედეგადაც სისხლი კარგავს ჟანგბადის გადატანის უნარს. ამ მცენარეთა ხანგრძლივი მოხმარების შედეგი ხშირ შემთხვევაში ძაღლებში ანემიაა (ერითროციტების მცირე რაოდენობა). ანემიის მძიმე შემთხვევაში ხდება შინაგანი ორგანოების დაზიანება, ვითარდება პოლიორგანული უკმარისობა, რომელიც სრულდება სიკვდილითაც კი. ხახვი და ნიორი შესაძლოა იყოს ისეთ საკვებში  როგორიცაა, ქაბაბის,შაურმის და სხვა ნარჩენები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები შეიცავს მარილს, რომლის უკონტროლო რაოდენობის მიღება ასევე სახიფათოა ძაღლის სიცოცხლისათვის. მარილის შემცველ პროდუქტს განეკუთვნება ჩიფსიც.

 მოწამვლის სიმპტომებია: ძილიანობა, სისუსტე, ატაქსია (კუნთოვანი კოორდინაციის ნაკლებობა) ღრძილების გათეთრება, მოყვითალო ან ყავისფერი შარდი, ნერწყვდენა, ზოგჯერ ფაღარათი ან ღებინება. თუ ტოქსიკურობა გამოვლენილია ადრეულ სტადიაზე ექიმ-ვეტერინარი ცხოველში იწვევს ხელოვნურ ღებინებას და პერორალურად აძლევს  აქტივირებული ნახშირს. კლინიკური სიმპტომების განვითარების შემდეგ მკურნალობის ძირითადი ფორმებია შემანარჩუნებელი თერაპია, ინტრავენური პრეპარატების ჩათვლით (ჰიდრატაციის შესანარჩუნებლად) და ჟანგბადოვანი თერაპია. ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება სისხლის გადასხმა. პროგნოზი კეთილსაიმედოა თუ მკურნალობა დაწყებულია ადრეულ ეტაპზე.

ძაღლებისთვის არ შეიძლება ტკბილეულობის მიცემა. ტკბილეული ხშირად შეიცავს ქსილიტს. ქსილიტი ხელოვნური დამატკბობელია, რომელსაც შაქრის მაგივრად იყენებენ. მას შეიცავს შემდეგი პროდუქტები – უშაქრო კანფეტი, უშაქრო პურ-ფუნთუშეული, პუდინგები, ჟელატინი და ჯემები, კბილის ჰიგიენის საშუალებები.

ქსილიტი იწვევს ინსულინის დონის მატებას და სწორედ ამ პროცესის შედეგად ძაღლებს უვითარდებათ ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე), მიღებიდან 0.5-12 საათის განმავლობაში. ძირითადი სიმპტომებია: სისუსტე, ძილიანობა, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები. ძაღლებში ღვიძლის უკმარისობა შესაძლოა იყოს ქსილიტის მოხმარების ერთ-ერთი შედეგი. თუნდაც ძაღლს არ დაემართოს ჰიპოგლიკემია, ღვიძლის უკმარისობის რისკი მაინც არსებობს. ზემოთხსენებულ სიმპტომებთან დამატებით, ასევე შესაძლებელია ღებინება და სისხლდენა. თუ არ ჩაუტარდა მკურნალობა, ქსილიტით მოწამვლა არა იშვიათად სრულდება სიკვდილით.

მკურნალობის ადრეული დაწყება არის საკვანძო ფაქტორი. ერთ-ერთი პირველადი დახმარებაა ცხოველში ღებინების გამოწვევაა, შემდეგ კი  შემანარჩუნებელი თერაპის ჩატარება, ჰიპოგლიკემიის და ღვიძლის უკმარისობის სიმპტომების სამკურნალოდ.

არასოდეს შესთავაზოთ კოფეინის შემცველი პროდუქტები ცხოველებს, რადგან ისინი ტოქსიკურია ძაღლებისა და კატებისთვის. ცხოველის ორგანიზმზე კოფეინი მოქმედებს როგორც აღმგზნები საშუალება. მისი მიღების შედეგი ხშირ შემთხვევაში არის ღებინება, მომატებული წყურვილი, შფოთვა, აჩქარებული გულისცემა და ფაღარათი. ამ სიმპტომებმა შეიძლება თავი იჩინოს ნებისმიერ მომენტში, კოფეინიანი პროდუქტების მოხმარებიდან 0.5- 12 საათის ფარგლებში. გაითვალისწინეთ, რომ შაქარი და სხვა ინგრედიენტები, რასაც შეიცავს ამგვარი პროდუქტები, ასევე გამოიწვევს  მოწამვლის ყველა ამ ნიშანს.

კოფეინით მოწამვლის სიმძიმე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი კოფეინი მოხვდა ცხოველის ორგანიზმში, კოფეინის ტიპზე, ცხოველის ზომებზე. მძიმე შემთხვევებში კოფეინმა ძაღლებში შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, ტრემორი, გახშირებული შარდვა, არითმია, ჭარბი აღგზნება, კუნთებზე კონტროლის დაკარგვა, კოლაფსი, კომა და სიკვდილიც კი. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ვეტექიმის ჩარევა.

სახიფათოა შოკოლადის მიცემა ( განსაკუთრებით შავი), გარდა კოფეინისა ის შეიცავს ძაღლის ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებს : თეობრომინსა და მეთილქსატინს.

მოერიდეთ ხილის მიცემას (ზოგიერთი ხილის კურკა შეიცავს ციანიდს – ტოქსიკურია ძაღლებისათვის). მაგალითად, სიცოცხლისათვის სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი უწყინარი ხილიც, როგორიცაა ავოკადო, ის შეიცავს ფუნგიციდურ ტოქსინს პერსინს, რიმელიც მომწამვლელია ძაღლისთვის (ადამიანისთვის არა).
ეს არის  მცირე  ჩამონათვალი იმ პროდუქტებისა, რომლის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, კეთილი სურვილით ძაღლებისთვის მიცემული საკვები მათი სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს.

გავუფრთხილდეთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს.

ავტორი: მიხეილ ჭიჭაყუა,

ვეტერინარიის ექსპერტი, ბიოლოგიის დოქტორი,

აგრო ექსპერტთა ასოციაცია