საჩხერის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურად მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან – ვახუშტი ბაგრატიონთან და ილია ბეგიაშვილთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
მინისტრმა კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაოების პროგრესი შეამოწმა და ერთ-ერთ მონაკვეთთან დაკავშირებით სამუშაოების ხარისხისა და ტემპის გაუმჯობესების მიზნით მათ მითითებები მისცა.
ამ ეტაპზე გზის ორ მონაკვეთზე მიმდინარეობს სამუშაოები და ჯამში რეაბილიტაცია 27.8 კმ-იან მონაკვეთს მოიცავს.
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზა 3 მუნიციპალიტეტს აკავშირებს ერთმანეთთან, ხოლო მიმდებარე სოფლებისთვის რაიონულ ცენტრებთან უმოკლეს დამაკავშირებელ მარშრუტს წარმოადგენს. ამასთან, აღნიშნული გზა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ალტერნატიული მიმართულებაა და მაღალი სატრანსპორტო დატვირთვა აქვს.
პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, წყალარინების სისტემა და საყრდენი კედლები.
საგზაო უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟდება ახალი ნიშნები, თვალამრიდები და შესრულდება ჰორიზონტალური მონიშვნა.
პარალელურად, საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოებიც მიმდინარეობს.

