აგრარული განათლებადარგებიმემცენარეობა

ჯიჯილაყა (ამარანტი) _ უნიკალური მცენარე

 ჯიჯილაყა (ამარანტი) Amaranthus cnienthus ჯიჯილაყასებრთა ოჯახის მცენარეა, რომელიც გამოიყენება როგორც მარცვლოვანი, საბოსტნე და დეკორატიული კულტურა, კულტივირებულია და მოჰყავთ დედამიწის ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში, მათ შორის საქართველოშიც.
ამარანტის ფოთლებს, თესლს და თესლიდან მიღებული ფქვილს ფართო გამოყენება აქვს კულინარიაში და ხასიათდება თხილის არომატით. საქართველოში ველურად გავრცელებული  ამარანტი ერთწლოვანი სარეველა მცენარეა. აქვს მთლიანი, მორიგეობით  განლაგებული ფოთლები; იკეთებს უფერულ, მტევნებად შეკრებილ ყვავილებს; ფოთლებისგან და ყლორტებიდან აკეთებენ მხალს. საკვებად გამოიყენება ბოსტნეული ამარანტის ყველა ნაწილი. იდეალურია ცხოველებისთვისაც. ამარანტში ცილების შემცველობა რძეზე მეტია, ახანგრძლივებს ახალგაზრდობას და აჯანსაღებს ორგნიზმს. ამარანტი (ჯიჯლაყა)  – 8 ათასი წლის მანძილზე, სამხრეთ ამერიკისა და მექსიკის  ტერიტორიაზე ითვლებოდა ძირითად მარცვლეულ კულტურად. მას აძლევდნენ საკვებად ახალდაბადებულ ბავშვებს, მარცვლები მეომრებს მიჰქონდათ ხანგრძლივი მოგზაურობისას – როგორც ჯანმრთელობისა და ძალების აღსადგენი საშუალება.  თვლიდნენ წმინდა მცენარედ და სცემდნენ თაყვანს. ამარანტი ლამაზი, დეკორატიული მცენარის სახით შემოტანილ იქნა ევროპაში, თუმცა მაშინ არავინ იცოდა ამარანტის – როგორც საკვები და სამკურნალო მცენარის ნამდვილი ფასეულობა.

ამარანტი ღია გრუნტში ითესება აპრილ- მაისში, როდესაც ნიადაგი გათბება +10-13 გრადუსამდე. თესლი უნდა შეურიოთ ქვიშას, რათა  დათესვისას თანაბრად განაწილდეს, ხოლო დაჩითილებას მიმართავენ მაშინ, როდესაც უნდათ მოასწროს თესლის მომწიფება, ანდა ადრეული დეკორატიული ყვავილებისთვის (ცივ კლიმატურ პირობებში). ამარანტი უპრობლემო მცენარეა, ეგუება ყველა სახის ნიადაგს. უყვარს სინათლე, სითბო და მორწყვა. სასალათე ფოთლებისათვის სჭირდება აღმოცენებიდან 60-70 დღე, სათესლედ კი 100-120. შესანიშნავი სასუქი და სიდერატია. ამიტომ გამოყენებისას უნდა მოეჭრას ღერო, ხოლო ფესვები დარჩეს მიწაში.

ითესება წინასწარ მორწყულ მიწაზე 1-1,5 სანტიმეტრ სიღრმეზე. 8- 10 დღის შემდეგ აღმოცენდება და იზრდება ძალიან სწრაფად. ივნისის ბოლოსთვის დაიწყებს პირველ ყვავილობას. ამარანტი თითქმის ყოველგვარ ნიადაგზე ხარობს, თუმცა უყვარს მზიანი ადგილები. მის თესვას აპრილის შუა რიცხვებიდან იწყებენ, მოსავალს კი სექტემბერსა და ოქტომბერში იღებენ.

ამარანტი მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეების რიგს. მას მრავალი სასარგებლო თვისება გააჩნია, მცენარეს აქვს მდიდარი ქიმიური შემადგენლობა, რაც განაპირობებს მის სამკურნალო თვისებებს. ჯიჯლაყას (ამარანტის) ნაყოფი შეიცავს შემდეგ აქტიური ნივთიერებებს:

სკვალინი. ყველაზე მნიშვნელოვანი ამრანტის  ზეთში შემავალი ნივთიერება სკვალინია – აქტიური ბუნებრივი ელემენტი სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტით. ხელს უწყობს ნეოპლაზმების რეზორბციას და აჯერებს უჯრედებს ჟანგბადით. პირველად სკვალენი 1906 წელს აღმოაჩინეს.  იაპონელმა დოქტორმა მიცუმარო ცუჯიმოტომ ზვიგენის ღვიძლიდან გამოყო ექსტრაქტი, რომელიც მოგვიანებით იდენტიფიცირებული იყო  როგორც „სკვალენი“ (ლათ.squalus-ზვიგენი). ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, სკვალენი ბუნებრივი გაუჯერებელი ნახშირწყალბადია.

1931 წელს ნობელიანტმა დოქტორ კლაურმა დაამტკიცა, რომ ამ შემადგენლობას წყალბადის 12 ატომი აკლია სტაბილური მდგომარეობისათვის და ამიტომ ეს გაუჯერებელი ნახშირწყალბადი იტაცებს ამ ატომებს მისთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი წყაროდან. ვინაიდან ორგანიზმში  ჟანგბადის ყველაზე გავრცელებულ წყაროს წყალი წარმოადგენს, სკვალენი ადვილად შედის მასთან რეაქციაში, ათავისუფლებს ჟანგბადს და ხდება ორგანოებისა და ქსოვილების ჟანგბადით გაჯერება.

ზვიგენებს სკვალენი იმისთვის სჭირდებათ რომ დიდ სიღრმეზე ცურვა შეძლონ და მკაცრი ჰიპოქსიის (ჟანგბადის დაბალი შემცველობა) პირობებში გადარჩნენ, ადამიანებისათვის, კი სკვალენი აუცილებელი ანტიკანცეროგენული, ანტიმიკრობული და ფუნგიციდური საშუალებაა. ამასთან  უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ სწორედ ჟანგბადის დეფიციტი იწვევს არა მარტო ორგანიზმის დაბერებას, არამედ ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნასა და განვითარებას.

ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი სკვალენი აახალგაზრდავებს უჯრედებს, აფერხებს ავთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნების ზრდასა და განვითარებას. გარდა ამისა რამდენიმეჯერ ზრდის ადამიანის იმუნიტეტს.

სულ რამდენიმე წლის წინ, სკვალენის ერთადერთი წყარო ზვიგენის ღვიძლი გახლდათ, რაც ამ პროდუქტს ერთ-ერთ ყველაზე დეფიციტურს და ძვირადღირებულს ხდიდა. პრობლემა იმაშიც იყო რომ ზვიგენის ღვიძლში ამ ნივთიერების შემცველობა  მხოლოდ 1-1.5%-ია.

რაოდენ დიდი იყო მეცნიერთა აღტაცება, როცა ხანგრძლივი კვლევების შემდეგ სწორედ ჯიჯილაყა აღმოჩნდა ის მცენარე რომლის ზეთშიც  სკვალენის რაოდენობამ — 8-10%, რამდენჯერმე გადააჭარბა ზვიგენის ღვიძლში ამ ნივთიერების რაოდენობას.

 ცილა. მცენარე მას დიდი რაოდენობით შეიცავს და ის ჯიჯლაყაში (ამარანტში) გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა მცენარეებში.

ამინომჟავები. ხელს უწყობს გაახალგაზრდავებას და ხელს უშლის დაბერებას, ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს და აქვს სიმსივნის  საწინააღმდეგო მოქმედება.

იტამინი С. აძლიერებს და აღადგენს ორგანიზმის თავდაცვის ბუნებრივ უნარს.

რკინა. მაღლა წევს სისხლში ჰემოგლობინს, აჩერებს ანემიას.

მინერალური ნივთიერებები. კალციუმი, კალიუმი, მანგანუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, სპილენძი, ნატრიუმი, სელენიუმი და ა.შ.

ვიტამინები. დიდი რაოდენობითაა С, А, და В ჯგუფის ვიტამინები.

ტანინები. აუმჯობესებენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას, გამოირჩევიან გამაძლიერებელი ეფექტით და ხსნიან დიარეის  სიმპტომებს. ქიმიური სტრუქტურის თავისებურებებიდან გამომდინარე, ჯიჯილაყას (ამარანტის) თესლი კარგი საშუალებაა ქიმიოთერაპიის შემდეგ ორგანიზმის აღსადგენად. ისინი აძლიერებენ უჯრედების რეგენერაციის უნარს და ორგანიზმს აჯერებენ ჟანგბადით.

უნიკალური შემადგენლობის წყალობით ამარანტი ძალზე ფასეული საკვებია. მასში განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა რკინა, მაგნიუმი,  კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, თუთია, ვიტამინ ბ 1, ვიტამინ ბ 2. მის შემადგენლობაში შემავალი ნახშირწყლები ადვილად ასათვისებელია, სწრაფად მიეწოდება ორგანიზმს და დიდხანს უნარჩუნებს ენერგიას. დაბალი გლიკემიური ინდექსის წყალობით ამარანტი შესანიშნავი საკვებია დიაბეტიანებისთვის.

ამარანტი მდიდარია ბოჭკოთი, ამიტომ დიდი ხანით ანაყრებს და დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ცილებს განსაკუთრებული ბიოლოგიური ღირებულება აქვს. მათ შემადგენლობაში შედის ცხრავე ესენციური ამინმჟავა, რომელთა წარმოქმნაც ორგანიზმს არ  შეუძლია, თანაც იმ თანაფარდობით, რომლებიც ზუსტად შეესაბამება ორგანიზმის მოთხოვნებს.ამარანტის კიდევ ერთი ღირსებაა ესენციური ამინმჟავა ლიზინის უხვი შემცველობა.

ლიზინი

ლიზინი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ესენციური ამინმჟავაა. ის შემაერთებელი ქსოვილის შემადგენელი ნაწილია. ლიზინი დიდ როლს ასრულებს ნივთიერება L-კარნიტინის წარმოქმნაში, ეს უკანასკნელი კი აუცილებელია ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესის ნორმალური წარმართვისთვის. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ასტიმულირებს ცხიმების წვას.

ლიზინი მონაწილეობს კოლაგენის წარმოქმნაშიც, რომელიც, როგორც ვიცით, ორგანიზმის სტრუქტურისა და სტაბილურობის განმაპირობებელი მოლეკულაა და მთელი სხეულის ცილების თითქმის ნახევარს შეადგენს. კოლაგენის ნაკლებობისას ნაოჭდება კანი, ეშვება შემაერთებელი  ქსოვილი, მყიფდება ძვლები.

მეცნიერულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ლიზინი სიმსივნის დროს აფერხებს მეტასტაზების წარმოქმნას და ხელს უშლის კიბოს გავრცელებას.

ლიზინის ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს იმუნური სისტემის დასუსტება, ქრონიკული დაღლილობა, თავბრუხვევა, კონცენტრაციის  დაქვეითება, კანის გამოშრობა, ფრჩხილების დაზიანება, ბავშვებში – ზრდის შეფერხება.

მარცვლეულში ლიზინი იშვიათად გვხვდება, რაც ნიშნავს, რომ მარცვლეულის ცილებს დაბალი ბიოლოგიური ღირებულება აქვს, ამარანტში კი  ის დიდი რაოდენობითაა – თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე ხორბალში.   ჯიჯლაყას ცილის 100 გრ. — 6,2 გრ. ლიზინს შეიცავს, რაც ესოდენ აუცილებელია ჩვენი გულის ჯანმრთელობისთვის  და არც ერთი სხვა მცენარე არ შეიცავს ამ რაოდენობით. ხოლო სხვა შეუცვლელი ამინომჟავების შემადგენლობით — თეოლინი, ფენილალანინი, თიროზინი, ტრიპტოფანი, ჯიჯლაყის ცილის სტრუქტურა ქალის რძეს უტოლდება.

ჯიჯილაყა 111111111111111111

ესენციური ცხიმოვანი მჟავები

ცხიმის წილი ამარანტში დაახლოებით 7,5-10%-ია (შედარებისთვის: ხორბალში  ის 3%-ს არ აღემატება). ამ ცხიმის 70% ჯანსაღი უჯერი ცხიმოვანი მჟავაა.  მაგალითად, ალფა ლინოლენმჟავა (ომეგა-3) და ლიმონმჟავა (ომეგა-6). ორგანიზმს  თვითონ არ შეუძლია მათი წარმოქმნა, საკვებიდან უნდა მიიღოს. უჯერი ცხიმოვანი მჟავები კი რაოდენ მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის,  ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, იცავს სისხლძარღვებს, აქვეითებს სისხლში ცუდი ქოლესტეროლოს დონეს, ელასტიკურობას უნარჩუნებს უჯრედის კედლებს, ხელს უწყობს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას.

გარდა ამისა, ამარანტი შეიცავს ლეციტინს, რომელიც დიდ როლს ასრულებს როგორც ცხიმის მონელებაში (წმენდს ღვიძლს), ისე ტვინისა და  ნერვული უჯრედების შენებაშიც. მისი არსებობა აძლიერებს ტვინს და აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობა არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ ამარანტი არაჩვეულებრივი საშუალებაა ჯანმრთელობის გასაკაჟებლად.

ამარანტს აქვს სისხლმბადი, სისხლის გამწმენდი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. მისი ეს თვისება მასში დიდი რაოდენობით რკინის  დამსახურებაა. ამიტომ საუკეთესოა სისხლის დაკარგვის დროს.

ამარანტის ფოთლები

საკვებად ამარანტის ფოთლებსაც იყენებენ. ისინი ძალიან უყვართ აზიაში.  ამარანტის ფოთლები ისპანახის კარგი ალტერნატივაა და ისევე  მზადდება, როგორც ისპანახი, გემოთი კი რუკოლასა და მანგოლდს წააგავს.  ძალიან სასარგებლოა ამარანტის ჩაიც.

ამარანტის ზეთი

ამარანტის არა მარტო თესლს, არამედ მისგან გამოხდილ ზეთსაც დიდი სამედიცინო პოტენციალი აქვს.

ჯიჯლაყას  (ამარანტის ) გამოყენება

საუკუნეების განმავლობაში ჯიჯლაყას (ამარანტის) თესლს იყენებდნენ მრავალი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით.  ამარანტს აქვს სისხლდენის შემაჩერებელი, ანთების საწინააღმდეგო,  ანტიბაქტერიული, გამაყუჩებელი, ჰემატოგენური, კიბოს საწინააღმდეგო თვისებები. აღადგენს მეტაბოლურ პროცესებს ორგანიზმში, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, ახდენს სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას, აძლიერებს სისხლძარღვებს, ზრდის ლიპოლიზის პროცესებს.

ამარანტი, რომელსაც საქართველოში ჯიჯლაყას სახელით უფრო იცნობენ, დედამიწის უმნიშვნელოვანესი მცენარეების ჩამონათვალში შედის.  ინკები და აცტეკები მას უმადლოდნენ ჯანმრთელობას და წმინდა მცენარედ აღიარებდნენ.

ამარანტის კულტივირება  დაიწყეს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ის მკვიდრი მოსახლეობის ერთ-რთი მთავარი საკვები იყო. კარგად იცნობდნენ მისი თესლის სიცოცხლის გამახანგრძლივებელ მოქმედებას და მას მაგიურ ძალასაც მიაწერდნენ,ავსტრალიელმა მეცნიერმა ამარანტის მარცვლებში ლიზინის (ესენციური ამინმჟავას) დიდი რაოდენობა აღმოაჩინა. მცენარით დაინტერესდნენ ამერიკელი მეცნიერებიც, რომლებიც აღფრთოვანდნენ იყვნენ მისი შემადგენლობით. მალე მისი მოყვანა მსოფლიოს მრავალ ქვეყანში დაიწყეს. დღეს ამარანტის მთავარი მწარმოებლები სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოები, ჩინეთი და რუსეთი არიან.

ამარანტი ველურად ხარობს საქართველოს მთა-ველებზეც, თუმცა მისი სასოფლო-ამეურნეო კულტურად წარმოება ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ დაუწყიათ, თუმცა ჩვენი ბებიები ამ მცენარისგან უგემრიელეს ფხალს ამზადებდნენ, კვებავდნენ შინაურ ფრინველებსა და ცხოველებს.

მსოფლიოს ბიოლოგებმა მას “საუკუნის აღმოჩენა“, “აწმყოსა და მომავლის კულტურა“ უწოდეს. გაეროს სასურსათო კომისიამ ამ მცენარეს 21-ე საუკუნის პროდუქტი უწოდა და კაცობრიობისათვის 5 ყველაზე მნიშვნელოვანი  მცენარის ჩამონათვალში შეიყვანა Amaranthus — ბერძნულად უმჭკნარ,  მარადმოყვავილეს  ნიშნავს და ძველი ბერძნები მას  უკვდავების სიმბოლოდ  მიიჩნევდნენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვები და სამკურნალო  პროდუქტი იყო,   ისტორიულად ცნობილი ფაქტია, ისიც რომ შვეციის დედოფალმა ქრისტიანამ 1653 წელს „ამარანტის კავალერთა ორდენი“ დააარსა. ითვლება რომ ევროპამ იგი მეთექვსმეტე საუკუნეში იხილა. რაც შეეხება საქართველოს, მაყაშვილის ლექსიკონის თანახმად, Amaranthus — ჯიჯილაყა გახლავთ (щирица, амарант, бархатник;  მაყაშვილი, ა. ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. — თბ.: საბჭოთა საქართველო, 1961) და უხვად არის მოფენილი საქართველოს მთა-ველებზე.

აღსანიშნავია, რომ ამ მცენარის სასოფლო სამეურნეო კულტურად წარმოება მეზობელ სახელმწიფოებში უკვე კარგა ხანია დაიწყეს და ფართოდ  არის დანერგილი როგორც მეცხოველეობაში – პირუტყვის გამოსაკვებად,  ასევე ფარმაკოლოგიასა  და კულინარიაში.

ის ფაქტი, რომ ეს მცენარე ველური სახით ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება  საქართველოს  მინდორ- ველებზე,  იმის მანიშნებელია, რომ მისი სასოფლო  სამეურნეო  კულტურად  წარმოებისათვის საქართველოში  უდაოდ  ხელსაყრელი  ბიოლოგიური პირობებია (წელიწადში რამდენიმე მოსავლის მოყვანაც კი შეიძლება) და ფერმერთა მხრიდან  მეტ ყურადღებას  დაიმსახურებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2024 წლიდან ვიწყებთ კვლევას ამარანტის ველური ფორმების მოძიებისა და გაკულტურების მიზნით. ჯერ კიდევ 1982-83 წლებში ი. ლომოიურის სახელობის საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში,   პროფესორ აწ განსვენებულ სერგო თედორაძის თაოსნობით და ჩემი მონაწილეობით დაიწყო მუშაობა ჯიჯილაყას კულტურაზე. სხვადასხვა ადგილებიდან ვაგროვებდით მცენარეებს და ვსწავლობდით მათ. მაგრამ შემდეგ სხვადასხვა მიზეზის გამო შეჩერდა ეს კვლევები.  2023 წელს კი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბიოაგროწარმოების სამსახურის მიერ  კვლავ მოძიებული იქნა ჯიჯილაყას ნერგები და  წილკნის საცდელ ბაზაზე.

ჯიჯილაყა 222222222222

სურ. 2 ჯიჯილაყა წილკნის საცდელ ბაზაზე

 აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ წამოჭრილი საკითხი საკმაოდ საინტერესო და აქტუალურია.

კვლევის მიზანია:

  • ჯიჯილაყასველურად მოზარდი ფორმების მოძიება, შედარება  და გაკულტურება; 
  • საუკეთესო ფორმების გამორჩევა,  მათი შესწავლა დაგამრავლება სხვადასხვა მიმართულებით;
  • მედიცინაში, მეცხოველეობაში, ფარმაკოლოგიასა და კულინარიაში გამოსაყენებლად.

ჯიჯილაყას თესლის ბიოქიმიური მაჩვენებლების დასადგენად ჩატარდება  ანალიზები შესაბამის ლაბორატორიებში.

მიღებული შედეგები ხელს შეუწყობს ამარანტის  გამოყენებას მედიცინაში, მეცხოველეობაში, კულინარიაში და სიდერატად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ კვლევებისა და ჯიშების გამოცდის საფუძველზე მომზადებული რეკომენდაციები დაეხმარება დაინტერესებულ ფერმერებს ამარანტის კულტურის საქართველოში დანერგვისა და გავრცელების საქმეში.

  

მზეინაბ სარალიძე,

სოფლის მეურნეობის დოქტორი, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, თბილისი, საქართველო,

გოჩა წერეთელი,

სოფლის მეურნეობის დოქტორი, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, თბილისი, საქართველო,

მზია ბერუაშვილი,

სოფლის მეურნეობის დოქტორი, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, თბილისი, საქართველო,

გივი წილოსანი,

ბიოლოგიის დოქტორი, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, თბილისი, საქართველო,

ზურაბ ბილანიშვილი,

სპეციალისტი, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, თბილისი, საქართველო,

მზია წიკლაური,

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი