კატაბალახა (Valeriana officinalis)
კატაბალახა მიეკუთვნება კატაბალახისებრთა ოჯახს. ის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მოკლე ვერტიკალური ფესვურით და მრავალრიცხოვანი ფესვებით. ღერო 2 მეტრამდე სიმაღლის იზრდება, დაღარულია, შიგნით კი ღრუა.
ფოთლები ღეროზე მორიგეობით არის განლაგებული, ღეროს ქვედა ნაწილში განლაგებული ფოთლები გრძელყუნწიანია. ყვავილები თეთრი ან მოვარდისფერო, წვრილი, სურნელოვანი, შეკრებილია დატოტვილ ფარისებრ ყვავილედებად. ნაყოფი წვრილი, მოგრძო თესლებია. ყვავილობს ივნის-აგვისტოში, ნაყოფი მწიფდება სექტემბერში.
სამკურნალო კატაბალახას გამშრალ ფესვებსა და ფესურებს მრავალმხრივი გამოყენება აქვს. შეიცავს ეთერზეთებს, ვალერიანის მჟავას, ვალერიანის ალკალოიდს, შაქრებს, გლუკოზიდ ვალერიანს, მთრიმლავ ნივთიერებებს და სხვა. გარდა ამისა, ფურისულები შეიცავენ იზოვალერიანის მჟავას _ 0,5-1,4%, და სხვა მრავალ ნივთიერებას, რომლებიც განაპირობებენ მის ფასდაუდებელ სამკურნალო თვისებას და აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ცხოველმოქმედებისათვის.
გამოიყენება მედიცინაში: მომატებული ნერვული აღგზნებადობის, უძილობის, ეპილეფსიის, კლიმაქსის, კოლიტის, სტენოკარდიის, ჰიპერტონული დაავადებების სამკურნალოდ. ამ მცენარის ნედლეულისგან დამზადებული პრეპარატების ფარმაკოლოგიური მოქმედება შემდეგია: ცენტრალურ ნერვულ სისტემაში შეკავებითი პროცესების გამაძლიერებელი, გლუვი კუნთების ანტისპაზმური, ჰიპოტენზიური, ნაღველმდენი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვლოვანი აპარატის, სეკრეციის გამაძლირებელი, ანტიეპილეფსიური და სხვა.
სამკურნალო კატაბალახას ფესვები და ფესურები გამოიყენება ნაყენების, ექსტრატების, ნახარშების, ფხვნილების სახით. ასევე ის შედის პრეპარატ კორვალორის, ვალიდოლის და ვალოკორმიდის შემადგენლობაში.
კატაბალახა მრავლდება თესლით და ჩითილებით. თესვის საუკეთესო ვადაა სექტემბრის დასაწყისი, ხოლო ჩითილების გადარგვისა-სექტემბრის ბოლო. ისინი ვეგეტაციას იწყებენ ადრე გაზაფხულზე და წარმოქმნიან თესლს. მცენარე ხასიათდება სავეგეტაციო პერიოდით, როგორც მკვლევარები მიუთითებენ, ჩვენს პირობებში, აღმოცენებიდან თესლის მომწიფებამდე სჭირდება 460 დღე. ის -200-მდე ყინვას იტანს.
კატაბალახა კარგად ვითარდება მსუბუქი მექანიკური ტიპის ნიადაგებზე, მომთხოვნია ნიადაგის ნაყოფიერებისადმი. უკეთესად ხარობს ნეიტრალურ ან ტუტე არის რეაქციის მქონე ნიადაგებზე. კვების არე 45X25 ან 70X25 სმ-თან სასურველ შედეგს იძლევა.
კატაბალახა მომთხოვნია სასუქებისადმი: ორგანული სასუქი 20-40 ტ/ჰა, ფოსფორიანი სასუქი 45 კგ/ჰა-ზე, ხოლო კალიუმიანი 60-90 კგ/ჰა-ზე. კარგი მოსავლის პირობებში 1 ჰა-ზე შეიძლება 40-50 კგ თესლის მიღება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნაკვეთის ქარებისგან დაცვას.
როგორც, ზემოთ ავღნიშნეთ, მოსავლის სახით აიღება ფესვები და ფესურები. მოსავლის აღება სასურველია ოქტომბრის შუა რიცხვებში.
ნიადაგიდან ფესვებისა და ფესვურების ამოღების შემდეგ ხდება მათი გარეცხვა ფრთხილად, რათა არ მოხდეს ფარმაკოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა გამორეცხვა. გარეცხილი და დახარისხებული მასალა შრება ბუნებრივ პირობებში ან 400C-ზე. დროულად აღებული, სწორად დამუშავებული სამკურნალო კატაბალახას ნედლეული მუდმივი ტემპერატურის (16-180C) და გარემოს ფარდობითი ტენიანობის (65-752%) პირობებში 3 წელი ინარჩუნებს სასაქონლო ღირებულებას.
რეზო ჯაბნიძე, სსმმა აკადემიკოსი