კაიფი_ ყურმოკრული ამბები
შებინდებისას ჩემმა დამ ჭიშკარი გააღო და ძროხები შემოუშვა დასაბინავებლად. უკან მომავალ დეკეულს მთვრალი კაცივით ფეხები ერეოდა. შუა ეზოს რომ მოაღწია, წაბარბაცდა და წაიქცა. თინიკო წამოსაყენებლად მივარდა. დეკეულმა წამოდგომა სცადა, მაგრამ თავი ვერ შეიმაგრა და ზურგზე გადაგორდა.
-დავიღუპე, რა მეშველება, – წამოიძახა ჩემმა დამ.
ჭროღა (ასე შეარქვეს ბავშვებმა) ძლივს წამოვაყენეთ, ბარბაცით მიატანა გომურამდე.
-რა სჭირს, გოგო? – ნაღვლიანი ხმით იკითხა ნატრულიმ, რომელიც ღობესმომდგარი უყურებდა ჩვენს საცოდაობას.
-რა ვიცი, ფეხზე ვერ დგება, – ამოიკვნესა თინიკომ.
ჭროღა ისევ წაიქცა, თავი გვერდზე გადააგდო და თვალები გადაატრიალა.
-ვაიმე, კვდება. – ჩემმა დამ ლამის სახე ჩამოიკაწრა.
ნატრულიმ გვერდითა მეზობელ რობიკოს გასძახა, თინიკოს დეკეული ცუდადაა და იქნებ გვიშველოო. დისშვილი ფატიმა ჩემს ბიძაშვილ ზურიას დასაძახებლად გაიქცა.
ოპერატიულად შეიკრიბა კონსილიუმი: რობიკო თერმომეტრით, ზურია უშველებლი დანით, რომლის დანახვაზე კინაღამ გული წამივიდა. ჭროღა კი ეგდო გვერდზე თავგადაგდებული, თვალებმიბნედილი და ფეხებს მთიულურის მოცეკვავესავით ხან მარცხნივ იქნევდა, ხან – მარჯვნივ.
-კვდება? – იკითხა იამზემ, რობიკოს მეუღლემ, რომელიც ის-ის იყო შემოგვიერთდა.
-დროზე დავკლათ, თორემ ხორცი გაუშავდება და არავინ ჩაიბარებს, – დაასკვნა ზურიამ და მიწაზე გაშხლართულს რომ მიუახლოვდა, ნატრულიმ შეაჩერა.
-მოიცა, ბიჭო, წყემში (მეზობელი სოფელია) ნათესავი მყავს ვეტექიმი და იმას დავურეკავ.
ნომერი აკრიფა.
-გისმენთ! – გაისმა ყურმილში მამაკაცის ხმა.
ნატრულის მისალმებაც დაავიწყდა, ისე ატაკა საგანგებო ვითარება – დაწვრილებით აუხსნა ყველაფერი.
-რას გვირჩევ, დავკლათ? – ჰკითხა ბოლოს.
-საძოვარზე სად უშვებთ? – ღობესთან ახლოს ვიდექი და მკაფიოდ მესმოდა ვეტექიმის სიტყვები.
-ყოფილი მეფრინველეობის ეზოში.
-სად, ნარამუში? – დააზუსტა ვეტექიმმა.
ამ სიტყვის გაგონებაზე ბავშვობისას ბებიას ნაამბობი გამახსენდა – ქარსაფართან (დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ მრავალწლიანი ხეები მიწასთან გაასწორა) უწინ „რამი“ (აქედანაა სიტყვა ნარამუ) – კანაფის მსგავსი ცისფერყვავილებიანი მცენარე ითესებოდა, რომლის თესლისგან ზეთს ხდიდნენ, ხოლო ბოჭკოსგან ქსოვილს ამზადებდნენო. ისიც მითხრა, სხვა რაღაც მცენარეც მოყავდათ, რომლის ფოთლებს კაცები თუთუნში ახვევდნენ და მერე მთელი დღე გამოლენჩებული დადიოდნენო.
ფიქრებიდან ვეტექიმის ხარხარმა გამომაფხიზლა.
-ძროხას ხელი არ ახლოთ, შეეშვით, – გაისმა ყურმილში სიცილნარევი ხმა.
-არ გვეტყვი, რა ხდება? – შეუტია ნატრულიმ.
-შენი მეზობლის ძროხა კაიფშია, კაიფში! – ისევ გადაიხარხარა. – მოწეულშია, გესმის? ეტყობა, ზედმეტი მოუვიდა… არ დააბათ. რაც შეიძლება, მეტი წყალი დაალევინეთ და თავად გამოვა მდგომარეობიდან.
ნატრულიმ ახლობლის ნათქვამი ხმამაღლა გამოგვიცხადა.
-ვითომ ეშველება რამე? – ცრემლიანი თვალებით შეაჩერდა თინიკო მეზობლებს. – ბავშვივით მყავს გაზრდილი და დასაკლავად არ მემეტება.
– ექიმი ამბობს, ხელი არ ახლოთო და ჩვენც ვაცალოთ. უარესობა თუ შეატყო, მე მზად ვარ, – თქვა ზურიამ. სხვებიც დაეთანხმნენ და წავიდ-წამოვიდნენ.
თინიკოს და ფატიმას თითქმის მთელი ღამე არ უძინიათ. უთენია ზურია და რობიკო დაგვადგნენ თავზე.
-როგორ არის? – იკითხა რობიკომ.
მშვენივრად, წუხელ ბალახიც კარგად ჭამა და ქატოც, – უთხრა ჩემმა დამ.
-ჰო, ნარკოტიკი მადას გაუხსნიდა, – იხუმრა ზურიამ, მერე ფატიმას მიუბრუდა. – ბიძი, ეს საქმე ასე მშრალად ვერ ჩაივლის. ჭროღას გადარჩენისა უნდა შევსვათ, ას-ასი გრამი დაგვალევინე.
-შინ მობრძანდით, – შეიპატიჟა თინიკომ.
-არა, ყანაში მიგვეჩქარება, სანამ კარგი ამინდია, – თავი შეიკავა რობიკომ.
ამასობაში ფატიმამ არაყი და ხილი გამოიტანა. ეს ჭროღას გაუმარჯოსო, თქვა ზურიამ და ჭიქა სულმოუთქმელად გამოცალა. რობიკომ ცოტა მოსვა.
-ბიძი, მეორეც დაასხი, ცალი ფეხით კი არ მოვსულვარ, – ისევ ბობოქრობს ზურია.
-ქეიფს იწყებთ დილიდან?! – გადმოსძახა ბიჭებს კახამ, ნატრულის ვაჟმა, რომელიც ის იყო მანქანიდან გადმოვიდა.
-მოდი, მოდი, ჭროღას გადარჩენისა ერთი ჭიქა შენც შეგხვდება…
მეზობლები მალე დაიშალნენ.
იმ საღამოს საქონელი ჩემმა დისშვილმა შემოდენა.
-დედა, დედა… ნახე, დღეს ჩვენი ძროხა დადის ფეხარეული, – სიცილს ვერ იკავებს ფატიმა.
-ჩემთანაც მოდით, ჩემთანაც, – მხიარული ხმით გადმოგვძახა ნატრულიმ.
მართლაც, მისი თავჩაქინდრული ძროხა ფერდით რკინის ჭიშკარს მიყრდნობოდა, რომ არ წაქცეულიყო.
იმავე დღეს მეზობლებმა მოილაპარაკეს, ძროხები დაესაჯათ – რამდენიმე დღე საძოვარზე არ გაეშვათ.
მეორე საღამოს თბილისში გამომგზავრების წინ ჩემს დას ვუთხარი, ეს საქონელი მალე გაყიდე, თორემ, როგორც ნარკომომხმარებელი ძროხების პატრონი, შესაძლოა, დაგაჯარიმონ-მეთქი.
– ამდენი წელიწადია, ნარამუში დადიან საბალახოდ და მსგავსი არაფერი შემიმჩნევია… ტელევიზორს ესენი არ უყურებენ და გაზეთებს არ კითხულობემ და, ჩემი ცოდვით სავსე, ვინ ჩააწვეთა, ნარკოტოკების მოხმარება ნებადართულიაო, – ღიმილით დამემშვიდობა თინიკო.
ვაჟა დანაელია