აგროსიახლეები

კალიფორნიული ღვინის კრიზისი _ რატომ ანადგურებენ ფერმერები ვენახებს

ღვინის გაყიდვების კატასტროფული შემცირების გამო, კალიფორნიის ვენახების მფლობელები იძულებულნი არიან, ვენახები გაჩეხონ და დაწვან.

მომხმარებელთა ცვალებადი მიდგომები და მევენახეობის ინდუსტრიაში შექმნილი უპრეცედენტო კრიზისი ღვინის სექტორს მძიმე დარტყმას აყენებს.

მთავარი ტენდენციები და მიზეზი

როგორც ცნობილი გამოცემა The New York Times წერს, ბოლო 20 წელიწადზე მეტია, ღვინის გაყიდვები ასეთ დაბალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა. ბარების, რესტორნების და ალკოჰოლური სასმელების საცალო მოვაჭრეების განცხადებით, ახალგაზრდა თაობის მომხმარებლები ალკოჰოლს სულ უფრო ხშირად ერიდებიან შემდეგი მიზეზების გამო:

  • ჯანსაღი ცხოვრების წესი _ ახალგაზრდები ჯანმრთელობის მიზნებით ზოგადად ამცირებენ ალკოჰოლის მოხმარებას;
  • ალტერნატიული სასმელები _ მყიდველები უპირატესობას ანიჭებენ უფრო იაფ და ალტერნატიულ პროდუქტებს, როგორიცაა კოქტეილები (გაზიანი ალკოჰოლური წყლები), მზა ნაყენები და უალკოჰოლო სასმელები.

რთული არჩევანი ფერმერებისთვის

ამ ტენდენციამ კალიფორნიის მევენახეები რთული გადაწყვეტილებების წინაშე დააყენა. ბევრი მათგანი იძულებულია, წარმოება შეამციროს ან ბიზნესი სრულად გაყიდოს.

„ფაქტობრივად, ფულის გამომუშავების სხვა გზა აღარ დამრჩა“, — აცხადებს ჯეისონ სმიტი, Valley Farm Management-ის გენერალური დირექტორი, რომელიც ღვინის ინდუსტრიის დატოვებას გეგმავს.

კალიფორნიის ღვინის ყურძნის მწარმოებელთა ასოციაციის (California Association of Winegrape Growers) მონაცემებით შტატში უკვე გაჩეხილია, დაახლოებით 38 000 ჰექტარი ვენახი, რაც შტატის მასშტაბით გაშენებული საღვინე ყურძნის 7 პროცენტს შეადგენს. დაახლოებით ერთი მილიონი ტონა ყურძენი დაუკრეფავი დარჩა ვენახებში.

კვლევის მიხედვით, კომპანიებისთვის ბევრად მარტივი და ეკონომიურად ნაკლებად ზარალიანია მოსავლის მიტოვება, ვიდრე მისგან ღვინის დაყენება. საქმე ისაა, რომ ღვინის ბაზრის გაუარესების პირობებში, ბოთლებში ჩამოსხმა და შენახვა უზარმაზარ დამატებით ხარჯებსა და სარდაფებში დიდ სივრცეს მოითხოვს, რომლის ფუფუნებაც ახლა ბევრს აღარ აქვს.

წყარო: The New York Times