როგორ გამოვკვებოთ ლობიო და ბარდა, რომ მსხმოიარობა უფრო დიდხანს გაგრძელდეს
მიუხედავად იმისა, რომ ლობიოსა და ბარდის მოსავლის აღება უკვე დაწყებულია, მცენარეებს ჯერ კიდევ აქვთ ახალი ყვავილებისა და პარკების წარმოქმნის უნარი.
სწორად შერჩეული კვება ხელს უწყობს მსხმოიარობის გახანგრძლივებას და საერთო მოსავლიანობის ზრდას.
რა სჭირდება ლობიოსა და ბარდას ზაფხულის მეორე ნახევარში?
ლობიო და ბარდა პარკოსანი კულტურებია, რომლებიც აზოტს ფესვებზე მცხოვრები კოჟრის ბაქტერიების დახმარებით ითვისებენ. ამიტომ ამ პერიოდში მათი მთავარი მოთხოვნილება ფოსფორსა და კალიუმზე მოდის.
ფოსფორი:
- აძლიერებს ფესვთა სისტემას;
- ხელს უწყობს ყვავილობასა და ნაყოფის ჩამოყალიბებას;
- ზრდის მოსავლიანობას.
კალიუმი:
- აუმჯობესებს პარკებისა და მარცვლების განვითარებას;
- ზრდის მცენარის გამძლეობას სიცხისა და დაავადებების მიმართ;
- აუმჯობესებს მოსავლის ხარისხს.
ამასთან, აზოტიანი სასუქების ჭარბი გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან ასეთ შემთხვევაში მცენარე ზედმეტად ავითარებს მწვანე მასას, ხოლო ყვავილობა და მსხმოიარობა მცირდება.
ხანგრძლივი წვიმების შემდეგ ნიადაგიდან საკვები ელემენტები სწრაფად ირეცხება, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში დამატებითი გამოკვება განსაკუთრებით ეფექტიანია.
როგორ ამოვიცნოთ საკვები ელემენტების დეფიციტი
მცენარის გარეგნული ნიშნები ხშირად მიანიშნებს, რომ მას კონკრეტული ელემენტი აკლია.
- რკინის დეფიციტი– ფოთლები ფერმკრთალდება, ხოლო ძარღვები მწვანედ რჩება.
- ბორის ნაკლებობა – ახალგაზრდა ფოთლები დეფორმირდება, ყვავილები და კვირტები ცვივა.
- მაგნიუმის დეფიციტი – ქვედა ფოთლები ნაადრევად ხმება, მცენარის ზრდა ნელდება.
- ფოსფორის ნაკლებობა – ფოთლები პატარავდება და იისფერ შეფერილობას იღებს, მცენარე სუსტად ყვავის.
- კალიუმის დეფიციტი – ფოთლების კიდეები ყვითლდება და ხმება, ხოლო პარკებში მარცვლები წვრილი და ნაკლებად განვითარებულია.
რომელი სასუქებია ეფექტინაი?
ხის ნაცარი
ხის ნაცარი ბუნებრივი კალიუმ-ფოსფორული სასუქია და ამ პერიოდში ერთ-ერთ საუკეთესო არჩევანს წარმოადგენს.
სასუქის მოსამზადებლად:
- 1 ჭიქა გაცრილი ნაცარი გახსენით 10 ლიტრ ცხელ წყალში;
- გააჩერეთ 24 საათით;
- თითოეულ მცენარეს დაახლოებით 1 ლიტრი ხსნარი მიეცით.
კალიუმის მონოფოსფატი
ეს სასუქი სწრაფად ამარაგებს მცენარეს როგორც ფოსფორით, ისე კალიუმით.
გამოყენების ნორმა:
- ფესვთან მორწყვა – 10 გრ/10 ლ წყალში;
- ფოთლოვანი შესხურება – 5 გრ/10 ლ წყალში.
სუპერფოსფატი და კალიუმის სულფატი
ფოსფორისა და კალიუმის დეფიციტის შესავსებად შესაძლებელია ამ ორი სასუქის ერთობლივი გამოყენება.
10 ლიტრ წყალში გახსენით:
- 20-30 გრ. სუპერფოსფატი;
- 10-20 გრ. კალიუმის სულფატი.
მიღებული ხსნარი საკმარისია დაახლოებით 1მ² ფართობისთვის.
კომპლექსური წყალხსნადი სასუქები
კარგ შედეგს იძლევა ფოსფორისა და კალიუმის მაღალი შემცველობის კომპლექსური სასუქებიც, რომლებიც დამატებით შეიცავს მცენარისთვის საჭირო მიკროელემენტებს.
ბორი და მოლიბდენი
ყვავილობისა და ნასკვის უკეთ ფორმირებისთვის სასარგებლოა ბორისა და მოლიბდენის შემცველი მიკროსასუქების გამოყენება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მცენარეზე ამ ელემენტების დეფიციტის ნიშნები შეიმჩნევა.
რას უნდა მოვერიდოთ?
პარკოსანი კულტურებისთვის არ არის რეკომენდებული:
- ბალახის დადუღებული ნაყენები, რადგან ისინი დიდი რაოდენობით აზოტს შეიცავს;
- ახალი ნაკელი;
- ფრინველის ახალი ნაკელი;
- სხვა აგრესიული ორგანული სასუქები, რომლებიც ფესვთა სისტემას აზიანებს და მცენარეს ჭარბ აზოტს აწვდის.
გამოკვების ძირითადი წესები
მაღალი ეფექტიანობისთვის სასურველია რამდენიმე მარტივი რეკომენდაციის დაცვა:
- გამოკვება ჩაატარეთ 10-14 დღეში ერთხელ;
- უპირატესობა მიანიჭეთ თხევად სასუქებს;
- ფოთლოვანი შესხურება შეასრულეთ მოღრუბლულ და მშრალ ამინდში;
- ფესვთან სასუქის შეტანამდე ნიადაგი აუცილებლად უნდა იყოს დატენიანებული;
- სასურველია მონაცვლეობით გამოიყენოთ ორგანული და მინერალური სასუქები, ასევე ფესვოვანი და ფოთლოვანი გამოკვების მეთოდები.
კარგი მოსავლისთვის მხოლოდ სასუქი არ კმარა. მსხმოიარობის გახანგრძლივებისთვის აუცილებელია:
- რეგულარულად მოკრიფოთ მომწიფებული პარკები;
- ნიადაგი მუდმივად ზომიერად ტენიანი იყოს, რადგან გვალვა მნიშვნელოვნად ამცირებს მოსავალს;
- საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს პროფილაქტიკური ბიოლოგიური დამუშავება დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ.
სწორად შერჩეული კვების რეჟიმი, დროული მორწყვა და აგროტექნიკური ღონისძიებების დაცვა საშუალებას იძლევა ლობიოსა და ბარდის მსხმოიარობა რამდენიმე კვირით გახანგრძლივდეს, ხოლო საბოლოო მოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

