მცენარეთა დაცვა

კარტოფილის კიბო

კარტოფილი (Solarum tuberosum) ძაღლყურძენისებრთა (Solacearum) ოჯახის ორლებნიანი, ბოლქვოვანი მცენარეა. კარტოფილის სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკაა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას, როგორც საკვები კულტურა დაახლოებით 14 ათასი წლის წინათ მოჰყავდა. ევროპაში ის მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში შემოიტანეს.

საქართველოს მოსახლეობამ კარტოფილის მოყვანა მე-19 საუკუნიდან დაიწყო. საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები და კარტოფილის გარემოსთან შემგუებლობის კარგი უნარი საადრეო და საგვიანო პროდუქციის მიღების საშუალებას იძლევა. კარტოფილის ნათესების მნიშვნელოვანი ნაწილი ზღვის დონიდან 1000-2500 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. მას თესავენ უმთავრესად ახალქალაქის, ახალციხის, წალკის, დმანისის, თეთრიწყაროს, ხულოს, შუახევის რაიონებში. მოჰყავთ მთაში (ნინოწმინდის რაიონი, სვანეთი, რაჭა, ჩოხატაურის რაიონი — ზოტი, ბახმარო).

კარტოფილის მრავალმხრივი გამოყენებითა და ძვირფასი საკვები თვისებებით იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურაა. გამოირჩევა უნივერსალური მოხმარებით, გამოიყენება საწარმოო, ტექნიკური და საკვები მიზნებისათვის.

კარტოფილი საკმაოდ მგრძნობიარე მცენარეა, ძლიერად ავადდება ფიტოპათოგენებით, რაც მნიშვნელოვანი დონით განპირობებულია მისი ბიოლოგიით. ნახშირწყლებითა და წყლით მდიდარი ბოლქვები და ღეროები სხვადასხვა დაავადებების განვითარებისათვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. ამასთან, კულტურა ძალიან მგრძნობიარეა ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებებისადმი, რაც მის პროდუქტიულობა აქვეითებს. ფიტოპათოგენებით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი მთელ მსოფლიოში ძალიან დიდია. გარდა ამისა დაავადებებისადმი მაღალმა მგრძნობელობამ კარტოფილის პოპულარული ჯიშების გადაგვარება-გაქრობა გამოიწვია.

კარტოფილის ყველაზე სერიოზულ დაავადებად კარტოფილის კიბო ითვლება, რომლის გამომწვევია სოკო Synchytrium endobioticum Pers, Chytridiomycetes რიგიდან და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში განსაკუთრებით საშიშ საკარანტინო მავნე ორგანიზმად ითვლება. პირველად ის 1896 წელს უნგრეთში აღმოაჩინეს და ამჟამად გავრცელებულია ევროპის, აზიის აფრიკის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებსა და ოკეანეთში. რუსეთის ფედერაციაში გავრცელებულია ლოკალურად 26 რეგიონში. საქართველოში დაფიქსირებულია აჭარაში, მაღალმთიან ხულოს მუნიციპალიტეტში. კულტურული მცენარეებიდან სოკოს მასპინძელი მხოლოდ კარტოფილია.

ავადდება მცენარის ყველა ორგანო — ბოლქვები, ფესვის ყელი, დაავადების ძლიერი განვითარებისას ღერო, ფოთლები და ყვავილებიც კი. სოკო აავადებს მხოლოდ ახალგაზრდა, მოზარდ ქსოვილებს. პირველ რიგში ავადდება ბოლქვის თვლები და ახალგაზრდა აღმონაცენი. არ ავადდება მხოლოდ ფესვები.

დაავადება ვლინდება ქსოვილების წარმოქმნით, რაც გამოიხატება კორძისებრი წარმონაქმნების განვითარებით.

ისინი მოგვაგონებს ღრუბელს ან ახალგაზრდა ყვავილოვან კომბოსტოს. კორძების წარმოქმნა იწყება ბოლქვების თვლებთან. დასაწყისში ისინი პატარებია, სიმინდის მარცვლისოდენა, შემდეგ კი თანდათან იზრდება და ხშირად იმ ზომამდე აღწევს, რომ კორძი მკვებავ ბოლქვზე უფრო დიდია. (კორძების სიდიდე დამოკიდებულია მცენარის მიმღეობაზე დაავადების მიმართ. კიბოსადმი მიმღებიან ჯიშებს ისინი უფრო დიდი ზომის უვითარდება, ხოლო გამძლეს ნაკლები). იგი ჯერ თეთრია, რაც ხანი გადის კორძი ფერს იცვლის და ბოლოს თითქმის მთლად შავდება. რაც იმის მაჩვენებელია, რომ ბოლქვების ქსოვილების დაშლა დაიწყო, კორძი ლპება და ბოლქვი მთლად ფუჭდება, არ ინახება და გამოსაყენებლად უვარგისია. კიბოს მიერ გამოწვეულმა მოსავლის დანაკარგებმა შეიძლება 40-60% შეადგინოს.

კარტოფილის კიბოს გამომწვევი Synchytrium endobioticum მიეკუთვნება უჯრედშიდა პარაზიტს, რომელიც არ ივითარებს მიცელიუმს. მისი ბიოლოგია საკმაოდ რთულია. სოკოს განვითარების ციკლში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ზამთრის ანუ მსვენებარე სპორებს, რომლის საშუალებითაც სოკო ინახება და ვრცელდება ბუნებაში.

გაზაფხულზე, 15-17°C ტემპერატურის დადგომისას, სამშრიანი მომრგვალო ფორმის 30-დან 80 მკმ-მდე სიდიდის ოქროსფერი ან მოყვითალო-ყავისფერი ზოოსპორანგიუმებში 200-300 მოძრავი ერთშოლტიანი ზოოსპორები ვითარდება. ზოოსპორა მცენარის მიმღებიან ქსოვილებზე მოხვედრისას არღვევს ეპიდერმისის კედელს და მისი პლაზმა მასპინძლის უჯრედში იღვრება. აქ პარაზიტი ვითარდება, ქმნის საკვებ ნივთიერებებს და მისი გავლენით ეპიდერმისი ქვეშ მოთავსებული უჯრედები იწყებენ ძლიერ გამრავლებას, უჯრედი იზრდება და იბერება. მასში მოთავსებული სოკო გარკვეული დროის გასვლის შემდეგ 5-7 წლიან ზოოსპორანგიუმებად იშლება, რომლებიც ასევე შეიცავს 300 ზოოსპორას. ყალიბდება ზაფხულის ზოოსპორანგიები, მოძრაობენ ნიადაგის ტენთან ერთად და კვლავ წარმოქმნიან ზაფხულის სპორანგიებს. ზაფხულის სპორანგიები მონაცრისფრო ფერისაა, აქვს თხელი ერთშრიანი გარსი. სოკოს განვითარების ციკლი შეადგენს 12-14 დღეს და ხელსაყრელ გარემო პირობებში მიმდინარეობს მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში.

შემოდგომაზე სოკოს ეწყება სქესობრივი სტადია. ზაფხულის სპორანგიუმებიდან განვითარებული ორი ზოოსპორის კოპულირებით მიიღება ორშოლტიანი ზიგოტა. მცენარის ქსოვილის დაავადების შემდეგ ყალიბდება ზამთრის სპორანგიუმი.

მსვენებარე სპორების განვითარება დამოკიდებულია გარემო ფაქტორებზე: ტენიანობა, ტემპერატურასა და მჟავიანობაზე. ცალკეული სპორები ვითარდება, როცა ნიადაგის ტენიანობა 30-დან 95%-მდეა. ოპტიმალურ ტენიანობად ითვლება 60-80%. სოკოს განვითარებისათვის ტემპერატურის საზღვრები 5 და 24°C (ოპტიმალური 15-18). სოკო განსაკუთრებით რეაგირებს ნიადაგის მჟავიანობაზე. მაღალი მჟავიანობისას ზამთრის სპორები არ ვითარდება, მაგრამ არ კარგავენ ცხოველმოქმედებას. ამით აიხსნება, რომ ნიადაგში 60-70 სმ სიღრმეზე, სადაც მჟავიანობა ნაკლებია და ნიადაგის ტენიანობაც შემცირებულია, დიდხანს ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას. პაზიტი ვითარდება ნიადაგის მჟავიანობის Ph 3,9-8,5 ფარგლებში.

S. endobioticum მოზამთრე ზოოსპორანგიუმი გარემო პირობებში ნიადაგში ინარჩუნებს ცხოველმოქმედებას და დაავადების გამოწვევა დაავადების კერის აღმოჩენიდან დიდი ხნის, 20-30 წლის განმავლობაში შეუძლია. ეს გარემოება აღნიშნული დაავადებისაგან კარტოფილის დაცვას მნიშვნელოვნად ართულებს.

ნინო ბოკერია

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია,

მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი,