დარგებიმემარცვლეობა

ხორბლის ნათესში შესატანი ორგანული და მინერალური სასუქების ფორმები, შეტანის ხერხები, წესები და ვადები

საქართველოში ხორბალი ორგანული და მინერალური სასუქების გამოყენების გარეშე მინიმალურ 8-12 ც. მარცვალს იძლევა. ამასთან ერთად ძალზე დაბალი და არასტანდარტულია მიღებული მოსავლის ხარისხი და ხშირ შემთხვევაში მისგან დამზადებული ფქვილი გამოუსადეგარია პურის გამოსაცხობად, რადგან ცუდად იზილება, წყალდება, თავს ვერ იჭერს, არ ფუვდება და გულს ვერ იცხობს ნორმალურად.

ზემოთთქმულიდან გამომდინარე განოყიერების გარეშე შეუძლებელია ხორბლის ნორმალური და ხარისხიანი მოსავლის მიღება.

საქართველოში საშემოდგომო ხორბალს თესენ როგორც სუფთა ანეულზე, ისე მრავალწლიანი ბალახებით მოთესილ ანეულზე და არასაანეულო წინამორბედი კულტურების შემდეგ, როგორიც არიან სასილოსე სიმინდი, ქერი და სხვა საშემოდგომო კულტურები, რაც უნდა გავითვალისწინოთ განოყიერების სისტემის შედგენისას.

საშემოდგომო ხორბლის გასანოყიერებლად სასუქები შეიტანება თესვამდე, თესვის დროს მწკრივში და აღმოცენების შემდეგ. განოყიერების პირველ ხერხს ძირითადი ეწოდება, მეორეს — მწკრივული ანუ თესვის დროს განოყიერება, ხოლო მესამეს — დამატებითი გამოკვება.

ძირითადი განოყიერება

ძირითადი განოყიერების ამოცანას შეადგენს ხორბლის უზრუნველყოფა საჭირო საკვები ელემენტებით მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში. ამ პერიოდში შეტანილ სასუქებს ხორბალი იყენებს გვიან ფაზებში, როდესაც მათი ფესვები აღწევენ სასუქების ჩაკეთების სიღრმემდე. სასუქების გამოყენება ძირითადად განოყიერებაში წარმოებს მზრალად ხვნის წინ და ხვნის დროს ხდება მათი ჩაკეთება ნიადაგში.

სასუქების თესვისწინა კულტივაციის, აოშვის ან დაფარცხვის წინ, ზედა ფენებში შეტანა ამცირებს მათ ეფექტს, რადგან ვერ ხერხდება მათი მთელი სახნავი ფენის სიღრმეში გადანაწილება, რის გამოც ხორბლის ფესვთა სისტემის უფრო ღრმად განვითარების შემდეგ იჩაგრება რომელიმე საკვები ელემენტის სიმცირის გამო, რაც თავის მხრივ მცენარის ზრდა-განვითარებაზეც აისახება.

ხორბლის ძირითად განოყიერებაში გამოიყენება ორგანული სასუქები, ფოსფორის ნორმის 80-90 % და კალიუმის მთელი ნორმა. ორგანული სასუქებიდან საუკეთესოდ ითვლება ნაკელი და ტორფკომპოსტები, რომელთა ნორმაც 20-40 ტ შეადგენს ჰა-ზე. ისინი 2,5-8,5 ც-ით ზრდიან მარცვლის მოსავალს და უფრო მაღალ ანაზღაურებას იძლევიან საშემოდგომო ხორბლის ქვეშ, ვიდრე საგაზაფხულო კულტურების ქვეშ.

კიდევ უფრო უკეთეს შედეგს იძლევა 7-10 ტონა ბიოჰუმუსის გამოყენება, მაგრამ მისი მარაგი იმდენად მცირეა, რომ ბოსტნეული კულტურებისათვის საჭირო რაოდენობის დამზადებაც ძლივს ხერხდება.

უშუალოდ ხორბლის კულტურის ქვეშ ორგანული სასუქების გამოყენებას აწარმოებენ მხოლოდ დაბალი ნაყოფიერების მქონე ნიადაგებზე, სადაც ისინი ყველაზე მაღალ ეფექტს იძლევიან. სხვა შემთხვევაში მათ შეტანას ერიდებიან განსაკუთრებით სარწყავებზე, რადგან იწვევენ მცენარის აჩოყებულ ზრდას, ნაზი მწვანე ორგანოების წარმოქმნას და ყანის ჩაწოლას.

ამ შემთხვევაში ნაკელის შეტანა უმჯობესია წინამორბედი, მაგალითად სათოხი კულტურების ქვეშ. მისი შემდგომქმედება გრძელდება 3-4 წელი. ხშირად მეურნეობაში არსებული ნაკელის დეფიციტი მისი სრული ნორმის შეტანის საშუალებას არ იძლევა. ამ შემთხვევაში მოსავალი რომ არ შემცირდეს საჭიროა ნაკელის ნორმის განახევრება და მის ნაცვლად მინერალური სასუქების გამოყენება.

ნაკელი ასეთ პირობებშიც თითქმის ყოველწლიურად ადიდებს მინერალური სასუქების ეფექტს. კარგად გაკულტურებულ ნიადაგზე შესაძლებელია 5-10 და მეტი წლის განმავლობაში ნაკელი მთლიანად შეიცვალოს მინერალური სასუქით ისე, რომ მოსავლის დონე და მარცვლის ხარისხი არ შეიცვალოს. შედარებით დაბალი ნაყოფიერების მქონე ნიადაგებზე კი მარტო მინერალური სასუქების შეტანისას თანდათან მცირდება მათი ეფექტურობა, რაც კიდევ უფრო შესამჩნევია ხორბლის მონოკულტურაში მოყვანისას.

ყველა ტიპის ნიადაგზე საუკეთესო შედეგი მიიღება მინერალური და ორგანული სასუქების ერთობლივი გამოყენებისას, რადგან ისინი ავსებენ ერთმანეთის უარყოფით მხარეებს და ზრდიან ერთმანეთის ეფექტურობას.

დაუშვებელია ნაკელის მაღალი ნორმების შეტანით გატაცებაც, რადგან მკვეთრად დიდდება ნიადაგში აზოტის შემცველობა, რაც განაპირობებს მძლავრი განვითარების მქონე მეტად ნაზი მწვანე მასის მიღებას, რითაც მცირდება მცენარის ზამთარისა და ჩაწოლისადმი გამძლეობა.

გვალვიან პირობებში ნაკელის მაღალი ნორმები ხორბლის განვითარების საწყის ეტაპზე იწვევს ძლიერ ზრდას, რაც ადიდებს ტენის ხარჯს, რითაც მკვეთრად აუარესებს შემდგომში ამ კულტურის ზრდა-განვითარებას, ზოგჯერ კი შესაძლებელია ნათესის დაღუპვა გამოიწვიოს.

საქართველოს სარწყავი მიწათმოქმედების ზონაში, სადაც შეუძლებელია ხორბლის კულტურის ქვეშ ნაკელის შეტანა, იმისათვის, რომ არ დაეცეს ნიადაგის ნაყოფიერება, არ გაუარესდეს მისი თვისებები და არ შემცირდეს სასუქების ეფექტურობა, კარგ შედეგს იძლევა ნაწვერალზე სიდერატების — ცულისპირას, ბარდას, ცერცველას თესვა.

გამოკვლევებით დადგენილია, რომ 146 ცნ. ცულისპირას მწვანე მასის ჩახვნით 30%-ით იზრდება საშემოდგომო ხორბლის მოსავალი. ამ კულტურის ქვეშ ნაკელისა და კომპოსტების ნორმები იცვლება სიდერატების მწვანე მასის მოსავლის დონის შესაბამისად. სიდერატების სუსტად განვითარებისას, როცა მათი მოსავალი 8 ტონაზე ნაკლებია ჰექტარზე, მაშინ ორგანული სასუქები შეიტანება სრული ნორმით. საშუალო განვითარებისას (8-12 ტ/ჰა მწვანე მასა) 0,5 ნორმით, ხოლო თუ 15ტ/ჰა მეტია — ორგანული სასუქების შეტანა საჭირო არ არის.

საჭიროების შემთხვევაში ანალოგიურად შეიძლება შემცირდეს მინერალური სასუქების ნორმებიც. სიდერატების თესვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფერდობებზე, როგორც ეროზიისა და სარეველების საწინააღმდეგო ღონისძიებას. ისინი ამდიდრებენ ნიადაგს ორგანული ნივთიერებებით, აზოტით და ნიადაგის ღრმა ფენებიდან ფესვთა სისტემის მიერ ზედა ფენებში გადმონაცვლებული საკვები ელემენტებით, რითაც თანდათან ზრდიან მის ნაყოფიერებას.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ძირითადი ხვნის წინ ფოსფორიანი სასუქების — სუპერფოსფატისა და ორმაგი სუპერფოსფატის შეტანას და ჩაკეთებას. გაზაფხულზე თესვისწინა კულტივაციის დროს ამ სასუქების გამოყენებისას ბევრად ნაკლები ეფექტი მიიღება, ვინაიდან ვერ ხერხდება მათი სახნავი ფენის 10-20 სმ. სიღრმეში ჩაკეთება, სადაც ძირითადად ვრცელდება ხორბლის ფესვთა სისტემა, ამიტომ მიღებული ეფექტი ძალზე მცირეა.

კარგად დამუშავებულ ანეულზე ფოსფორიანი სასუქებით მიღებული შედეგი თითქმის უახლოვდება ნაკელის ეფექტს. ეს სასუქები განსაკუთრებით მაღალ ეფექტს იძლევიან კახეთის მოძრავი ფოსფორით ღარიბ შავმიწა ნიადაგებზე, სადაც 10-15 ც ადიდებენ მარცვლის მოსავალს, რაც აიხსნება ფოსფორის დადებითი გავლენით ბარტყობის ფაზაზე, 1000 მარცვლის წონაზე, თავთავში მარცვლების საერთო რაოდენობაზე, თავთავების რიცხვზე და სიგრძეზე. ფოსფორიანი სასუქები მაღალ ეფექტს იძლევიან მოძრავი ფოსფორით ღარიბ ყავისფერ ნიადაგებზეც.

ხორბლის ქვეშ ძირითად განოყიერებაში კალიუმიანი სასუქების-კალიუმის ქლორიდისა და 40% კალიუმის მარილის სრული ნორმა მაშინ გამოიყენება, თუ თესვის დროს გათვალისწინებული არ არის რთული სასუქების ნიტროფოსკას ან ნიტროამოოსკას შეტანა. მათი გამოყენება აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ მარცვლოვნები ითესებიან ისეთი წინამორბედების შემდეგ, როგორიც არიან, საკვები და შაქრის ჭარხალი, სიმინდი და მზესუმზირა, რომელთაც დიდი რაოდენობით კალიუმი გამოაქვთ ნიადაგიდან.

კალიუმიანი სასუქებიდან მიღებული შედეგი დამოკიდებულია ნიადაგში მისი გაცვლითი ფორმის შემცველობაზე. მიუხედავად იმისა, რომ კალიუმით ღარიბი ნიადაგები ძალზე იშვიათად გვხვდება და კალიუმიანი სასუქები ხორბლის მოსავლის შესამჩნევ გადიდებას ვერ იწვევენ, მაინც საჭიროა ამ კულტურის ქვეშ კალიუმიანი სასუქის ოპტიმალური ნორმის შეტანა, რათა თავიდან ავიცილოთ ნიადაგის თანდათან გაღარიბება. წინამორბედი კულტურის ქვეშ ნაკელის შეტანისას ხორბლის მოთხოვნილება კალიუმზე კლებულობს.

ძირითად განოყიერებაში შემოდგომით თესვისწინა კულტივაციის დროს შეიტანება აზოტიანი სასუქის ნორმის 1/3 30-40 კგ N. მისი გამოყენება აუცილებლია იმის გამო, რომ ამ პერიოდში მიკროორგანიზმთა ცხოველმყოფელობა ძალზე შეზღუდულია და აზოტის მოძრავი შენაერთების ძალზე მცირე რაოდენობა მოიპოვება ნიადაგში, რის გამოც აღმოცენებისა და ბარტყობის ფაზაში ხორბლის ზრდა-განვითარება ძალზე შეფერხებულად მიმდინარეობს და ვერ აღწევს ნორმალურ სიმაღლეს.

თესვისწინა კულტივაციის დროს შესატანი აზოტის ნორმის დადგენას, აგრეთვე თესვის ვადისა და აზოტიანი სასუქის შეტანის ვადის ზუსტად განსაზღვრას საჭიროა დიდი სიფრთხილით მოვეკიდოთ, ვინაიდან ნაადრევი თესვისას და აზოტის მაღალი დოზის შეტანისას, ხორბალი შემოდგომითვე ინვითარებს მძლავრ და მეტად ნაზ მიწისზედა ორგანოებს, ამთავრებს ბარტყობის ფაზას და იწყებს ღეროს ზრდის წერტილის გადასვლას თავთავის ჩანასახის ფორმირებაზე, რაზეც იხარჯება დიდი რაოდენობით საკვები ნივთიერებები, განსაკუთრებით ნახშირწყლები, რის გამოც საგრძნობლად მცირდება უჯრედის ქსოვილის კოსმოსური წნევა და შესაბამისად მცენარის ზამთარგამძლეობა, რაც იწვევს დიდი რაოდენობით მცენარეების დაღუპვას ზამთარში.

აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ხორბლის თესვის ვადასთან ერთად, აზოტიანი სასუქის შეტანის ვადის და დოზის ისეთნაირად რეგულირება, რომ ჯეჯილის სიმაღლემ 10-15 სმ-ს არ გადააჭარბოს და მცენარეთა მხოლოდ 10-15 % შევიდეს ბარტყობის ფაზაში.

ხორბლის კულტურის გასანოყიერებლად აზოტიანი სასუქებიდან გამოიყენება ამონიუმის გვარჯილა, შარდოვანა და ამონიუმის სულფატი, რომლებიც განსაკუთრებით მაღალ ეფექტს იძლევიან აზოტით ღარიბ ნიადაგებზე, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როცა წინამორბედი კულტურების აღებიდან თესვამდე მცირე პერიოდი რჩება და ნიადაგში ვერ გროვდება საკმარისი რაოდენობით მინერალური აზოტი. თუმცა, მათი მაღალი ეფექტურობა შეინიშნება მაღალი ნაყოფიერების მქონე შავმიწა ნიადაგებზეც.

თესვისწინა კულტივაციის დროს ხორბლის გასანოყიერებლად შეიძლება შეტანილი იქნეს აგრეთვე კოპლექსური სასუქების ამოფოსის. დიამოფოსის, ნიტროფოსის, ნიტროამოფოსის, ნიტროფოსკას და დიამონითროფოსკას ნაწილი, ნიადაგში საკვები ელემენტების შემცველობისა და მცენარეთა მოთხოვნილების დონის გათვალისწინებით.

თუ ნიადაგში ფოსფორის შემცველობა დაბალია, ხოლო კალიუმის — მაღალი და კალიუმიანი სასუქების შეტანა საჭირო არ არის, უმჯობესია გამოყენებულ იქნეს ამოფოსი, რომელიც შეიცავს 11 % აზოტს და 50 % ფოსფორს; ასევე დიამოფოსი — 19 % აზოტს და 49 % ფოსფორს.

თუ აზოტის და ფოსფორის ერთნაირი ნორმით გამოყენება არის საჭირო, მაშინ შეიტანება ნიტროფოსი — (22 % აზოტი და 22 % ფოსფორი) ან ნიტროამოფოსი ( 23 %აზოტი და 23 % ფოსფორი).

თუ სამივე საკვები ელემენტის ერთნაირი რაოდენობით შეტანაა გათვალისწინებული, მაშინ გამოიყენება ნიტროამოფოსკა (11-16 % აზოტი, 11-16 % ფოსფორი, 11-16 % კალიუმი და დიამონიტროფოსკა 17 % აზოტი, 17 % ფოსფორი და 17 % კალიუმი). თუ წინა წლებში ხორბლის მოყვანისას შემჩნეული იქნა რომელიმე მიკროელემენტის სიმცირე ან დეფიციტი, შემდგომ წლებში აუცილებელია ნიადაგში მიკროსასუქების გამოყენება. ბორი შეიტანება 2კგ სუფთა ნივთიერების სახით, ანუ 12 კგ ბორისმჟავა, თუთია 3,0-6,0 კგ ანუ13-26 კგ თუთიის სულფატი, მანგანუმი 6,0 კგ ანუ 50 კგ მანგანუმის შლამი, სპილენძი 2-3 კგ რაოდენობით ანუ 8-11 კგ სპილენძის სულფატი ან 400-600 კგ პირიტის ნამწვი.

თესვის დროს განოყიერება

თესვის დროს განოყიერების მიზანია ხორბლის აღმონაცენის უზრუნველყოფა შესათვისებელი საკვები ელემენტებით აღმოცენებიდან ფესვთა სისტემის განვითარებამდე. ამ პერიოდში ფესვთა სისტემა ძალზე სუსტია და აღმონაცენი ხშირად იჩაგრება ამა თუ იმ საკვები ელემენტის სიმცირით, განსაკუთრებით ფოსფორის დეფიციტის გამო. ამიტომ საჭიროა ფოსფორით კვების გაუმჯობესება, რისთვისაც თესვის დროს სუპერფოსფატი შეიტანება 10-15 კგ p ანგარიშით ჰა-ზე. უფრი მაღალი დოზის შეტანისას სასუქის ანაზღაურება მოსავლის ერთეულზე მნიშვნელოვნად მცირდება.

კომბინირებული სათესით თესვისას სასუქი 1-2 სმ-ით უფრო ღრმად უნდა იქნეს ჩაკეთებული ნიადაგში, ვიდრე თესლი.

მარცვლისებრი სუპერფოსფატის შეტანა შეიძლება ჩვეულებრივი სათესითაც, მაგრამ მანამდე ის აუცილებლად უნდა გაიცრას მტვერის მოსაცილებლად. დაუშვებელია მისი იაროვიზებულ თესლთან ერთად შეტანა, რადგან ეს ღონისძიება ამცირებს გაღივების უნარს.

სუპერფოსფატისა და თესლის შერევა უნდა მოხდეს უშუალოდ თესვის წინ, ამასთან დასათესი თესლისა და სასუქის გრანულის ზომა დაახლოებით ერთნაირი უნდა იყოს. თესვის დროს სუპერფოსფატის შეტანით 1,5-3,5 ც-ით იზრდება ხორბლის მოსავალი. თუ ხორბალი მოყავთ აზოტის, ფოსფორის და კალიუმის დაბალი შემცველობის ან ერთნაირი მოთხოვნილების მქონე ნიადაგებზე, მაშინ კარგ შედეგს იძლევა კომპლექსური სასუქების ნიტროფოსკას ან ნიტროამოფოსკას გამოყენება, ხოლო როცა აზოტზე და ფოსფორზე მოთხოვნილება ერთნაირია, მაშინ ნიტროფოსის ან ნიტროამოფოსის.

კომპლექსური სასუქების შესატანი ნორმები შეიძლება შეადგენდეს N10 P10 K10 an N15 P15K15. მათი უფრო მაღალი ნორმების გამოყენებისას ეცემა ანაზღაურება ყოველ კგ სასუქზე, ამასთან ერთად იზრდება ნიადაგის ხსნარის კონცენტრაცია, რაც ამცირებს თესლის აღმოცენების უნარს. თესვის დროს აზოტიანი სასუქები კარგ შედეგს იძლევიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თესლბრუნვაში არ მონაწილეობენ პარკოსანი მცენარეები და ნიადაგი გაღარიბებულია აზოტით. კალიუმიანი სასუქების თესვის დროს შეტანა პრაქტიკულად არ მოქმედებს ხორბლის მოსავლის გადიდებაზე.

დამატებითი განოყიერება ანუ გამოკვება

გამოკვების მიზანია ხორბლის უზრუნველყოფა საკვები ელემენტებით მათდამი მაქსიმალური მოთხოვნილების პერიოდში, თუმცა ამ მეთოდით ხორბლის კვების პირობების გაუმჯობესება შეიძლება ზრდა-განვითარების ყველა ფაზაში. საშემოდგომო ხორბლის ადრე გაზაფხულზე აზოტიანი სასუქით გამოკვება მისი მოსავლიანობის გადიდების ერთ-ერთი მძლავრი საშუალებაა. 30 კგ აზოტით გამოკვება საშუალოდ 3,0 ც-ით ზრდის ხორბლის მოსავლის ნამატს.

ფოსფორკალიუმიანი სასუქები ან არ იძლევიან ეფექტს, ან მათგან მიღებული შედეგი ვერ ფარავს სასუქების გამოყენებაზე გაწეულ დანახარჯებს. გამოკვებაში შეტანილი სუპერფოსფატის 1კგ P20ანაზღაურება 3-4 ჯერ დაბალია თესვის დროს გამოყენებასთან შედარებით.

გაზაფხულზე საშემოდგომო კულტურების აზოტით გამოკვების მაღალი ეფექტურობა განპირობებულია იმით, რომ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში წვიმისა და თოვლის დნობით წარმოშობილი წყლით, აზოტის თითქმის მთელი რაოდენობა ჩაირეცხება ფესვთა სისტემის განვითარების ზონიდან, ხოლო მისი დაგროვების პროცესი დაბალი ტემპერატურის გავლენით მიკროორგანიზმთა ცხოველმყოფელობის ძლიერი შეფერხების გამო ძალზე სუსტად მიმდინარეობს. ამიტომ გაზაფხულზე თოვლის საფარის გადნობისთანავე ვეგეტაციის დასაწყისშივე, როცა ნიადაგი შეშრება და ძლიერ აღარ იტკეპნება, აუცილებელია ჯეჯილის პირველი გამოკვების ჩატარება. მისი განხორციელება შეიძლება ჩვეულებრივ სასუქის მომბნევი აპარატით, თანმიყოლებული დაფარცხვით. ნიადაგში ჩაკეთების გარეშე სასუქის დატოვებისას მკვეთრად იზრდება აზოტის აქროლებითი დანაკარგები.

პირველ გამოკვებაში შეიტანება აზოტის სრული ნორმის 1/3 ანუ 30-40 კგ N. ჯეჯილის აზოტით გამოკვება წარმოებს ძალზე შემჭიდროებულ ვადებში. გამოკვების დაგვიანებით ჩატარებით საგრძნობლად მცირდება სასუქიდან მიღებული ეფექტი, ვინაიდან ტემპერატურის მომატებასთან ერთად ძლიერდება მიკროორგანიზმების მიერ ნიადაგის აზოტის მობილიზაცია.

დაუშვებელია გამოკვების ჩატარება თოვლის საფარზე, რადგენ ჯერ ერთი მისგან მიიღება დაბალი ეფექტი, ამასთან ერთად დიდია აზოტის არაპროდუქტიული დანაკარგი, როგორც აქროლებით, ისე ჩარეცხვით.

საშემოდგომო კულტურების აზოტით დროულად გამოკვება აძლიერებს მის ზრდა-განვითარებას და ხელსაყრელ პირობებს ქმნის წყლის, ნიადაგისა და სასუქებით შეტანილი საკვები ელემენტების უკეთ გამოყენებისათვის. დაგვიანებული გამოკვება ნაკლებეფექტურია და ტექნიკურადაც ძნელად განსახორციელებელია. რადგან დაბარტყებული მაღალი ჯეჯილით მთლიანად არის დაფარული ნიადაგის ზედაპირი, მისი დაფარცხვა და ამ გზით სასუქის ნიადაგში ჩაკეთება არ შეიძლება, რადგან დიდი რაოდენობით მცენარეები ამოიგლიჯება და ზიანდება.

საშემოდგომო ხორბლის აზოტით გამოკვების შედეგად მიღებული მოსავლის ნამატი უფრო მაღალია ნაყოფიერ, ნაკელითა და მინერალური სასუქებით განოყიერებულ ნიადაგებზე, ვიდრე დაბალი ნაყოფიერების მქონე ნიადაგებზე.

საშემოდგომო მარცვლეული კულტურების გამოკვებისათვის აზოტიანი სასუქებიდან გამოიყენება ამონიუმის გვარჯილა და შარდოვანა. ამონიუმის გვარჯილის ამონიუმი შთაინთქმება ნიადაგის მიერ და თანდათან გამოიყენება მცენარის მიერ. ნიტრატული აზოტი სწრაფად გადაადგილდება სარწყავი და წვიმის წყლით და სცილდება ფესვთა სისტემის ცხოველმყოფელობის არეს.

შარდოვანას გამოყენების დროს მისი ამონიფიკაციისათვის და მცენარის მიერ მისი აზოტის გამოყენებისათვის საჭიროა გარკვეული დრო. ამასთან ერთად ადგილი აქვს ამიაკის 10% რაოდენობით აქროლებით დანაკარგს.

დამატებითი გამოკვებისათვის ძირითადად იყენებენ მინერალურ სასუქებს. კარგ შედეგს იძლევა ზოგიერთი სწრაფმოქმედი ორგანული სასუქების ფრინველის ნაკელის 5-10 ც/ჰა, წუნწუხი 12-15 ტ/ჰა და გადამწვარი ნაკელი 5-10 ტ/ჰა გამოყენება.

საშემოდგომო ხორბლის მარცვლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე დადებითად მოქმედებს აზოტით ფესვგარეშე გამოკვება აღერების, მასობრივი ყვავილობის ან რძისებრი სიმწიფის ფაზაში. სწორედ ამ პერიოდში აწარმოებენ აზოტიანი სასუქით მეორე გამოკვებას ავიაციის გამოყენებით 20-30% შარდოვანას ხსნარით, რომლის საჰექტარო ხარჯი შეადგენს 200-250 ლ/ჰა-ზე.

მართალია ამ შემთხვევაში მოსავალი არ იზრდება, მაგრამ მარცვალში ცილების შემცველობა 0,5-2,0 %-ით მატულობს. დასაშვებია შარდოვანას 40 % ხსნარით გამოკვებაც, რომელიც არ იწვევს ფოთლების დაწვას მაშინ, როცა ამონიუმის გვარჯილის 2-5 % ხსნარების გამოყენებისას შეინიშნება ფოთლების დაწვა. შარდოვანა მცენარის აზოტით უზრუნველყოფასთან ერთად წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას. ის აძლიერებს ფოტოსინთეზის პროცესს, აჩქარებს ცილების დაშლას და ხელს უწყობს ფოთლებიდან თავთავში აზოტოვანი ნივთიერებების გადანაცვლებას.

თხევადი აზოტიანი სასუქებით გამოკვება უფრო მაღალ ეფექტს იძლევა, ვიდრე მყარი სასუქებით. ის უმჯობესია ჩატარდეს ღრუბლიან ამინდში, დილით ადრე ან საღამოს საათებში. თუ გამოკვების შემდეგ მოვა წვიმა, მისგან მიღებული ეფექტი მკვეთრად მცირდება. დამატებითი გამოკვებისათვის ძირითადად მინერალურ სასუქებს იყენებენ.

ა. თხელიძე, ც. სამადაშვილი,

ხ.დობორჯგინიძე.