ხურმის დარგვა
ხურმა შეიძლება დავრგოთ გვიან შემოდგომაზე, ან ადრე გაზაფხულზე. გაზაფხულზე ხეხილის დარგვა სასურველია დამთავრდეს 15 აპრილამდე.
ბაღის გაშენებისას ნერგის ხარისხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, ამიტომ მის შერჩევას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. ნერგი უნდა იყოს ერთწლიანი ან ორწლიანი, კარგად განვითარებული ფესვთა სისტემით, სწორი ღეროთი და არანაკლებ 140-160 სმის სიგრძის.
ნერგის დარგვის წინ, სასურველია, სარგავი ორმო ამოღებული იყოს რამდენიმე დღით ადრე, ორმოს დიამეტრი 50-60 სმ-ია, ხოლო სიღრმე – 30-40 სმ.
ნერგი ფრთხილად ირგვება ორმოში, მოიტკეპნება და მოირწყვება. თითოეულ ორმოში ნერგს ჩაესობა ჭიგო და აიკვრება 2 ადგილზე.
დარგვის შემდეგ აუცილებელია ნერგის მორწყვა. მორწყვა რეგულარულად უნდა განმეორდეს მოკლე ინტერვალებით, ნერგის გახარებამდე.
ხურმის ბაღის გაშენების რეკომენდებული სქემებია: 6 X 4, 6 X 5 მეტრი, ინტენსიურ სისტემებში – 5 X 3 მეტრზე.
ყველა ჯიშისთვის განაყოფიერებისთვის საჭიროა დაირგოს დამამტვერიანებელი ჯიშები.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი