ხურმის სამრეწველო ბაღის გაშენება
ხურმის ბაღის ვაკე ადგილზე გაშენებისას ნიადაგი უნდა დამუშავდეს 40-45სმ.სიღრმეზე. ფერდობ ადგილებზე ნიადაგი მუშავდება ზოლებად, ჰორიზონტალური მიმართულბით, ხოლო 150- ზე მეტი დაქანების ფერდობებზე ეწყობა ტერასები.
ხურმის ბაღის გასაშენებლად მცენარეთა შორის მანძილი იცვლება ხის ზრდის სიძლიერის მიხედვით. ძლიერად მოზარდი ჯიშებისათვის, როგორიცაა: ჰაჩია, ტამოპანი, კონსტანტა და ფუიე _ 6×8მ. მცენარეთა შორის, ხოლო _ 8×10მ. რიგებს შორის. დანარჩენი ჯიშებისათვის მიღებულია _ 5×6 მეტრი. ფერდობებზე და მწირ ნიადაგებზე დარგვა შეიძლება უფრო ჩახშირებულად.
მცენარეთა დარგვა წარმოებს შემოდგომით ან გაზაფხულზე. დასარგავად მონიშნულ წერტილებში იღებენ 40სმ. სიღრმისა და 30-35 სმ. სიგანის ორმოს. ორმოში ყრიან ნაკელს ან ტორფკომპოსტს 10-12 კგ. ასევე ფოსფორის(150გრ.) და კალიუმის (100გრ.) ნარევს. ყველა კომპონენტს ნიადაგთან ერთად აურევენ.
დასარგავად გამოყენებული უნდა იქნეს სანერგეში ახლად მოთხრილი სტანდარტული ნერგები. ნერგი ფრთხილად ირგვება ორმოში, მოიტკეპნება და მოირწყვება. თითოეულ ორმოში ნერგს დაესობა ჭიგო და აიკვრება 2 ადგილზე.
ყველა ცვალებადი ჯიშისა და ხურმის იმ კონსტანტური ჯიშებისათვის, რომელთა განაყოფიერებისათვის საჭიროა დამამტვერიანებელი, ყოველი მერვე ხის რიგში დარგული უნდა იქნეს დამამტვერიანებელი ჯიშები, რომლებსაც მუდმივი მამრობითი ყვავილები ახასიათებს (გეილეი, დამამტვერიანებელი, ზენჯი მარუ).
ბაღების გაშენების შემდეგ ფერმერი ადგენს ნაკვეთის პასპორტს, რომელშიდაც ნაჩვენებია: გაშენების წელი, ჯიშობრივი შედგენილობა, გაშენების სიხშირე, ნიადაგის ტიპი და სხვა მაჩვენებლები. ასევე ფერმერი ვალდებულია სპეციალურ სააღრიცხვო ჟურნალში ყოველწლიურად შექონდეს: ბაღის მოსავლიანობა, განოყიერების სისტემა, ვარჯის გასხვლა-ფორმირება.