კიტრი _ ბიოლოგიური დახასიათება, ჯიშები, აგროტექნიკა
კიტრი ფართოდ გავრცელებული კულტურაა საქართველოში. კიტრი ამჟამად ყველგან გვხვდება, მაღალმთიან რაიონებშიც, ზღვის დონიდან 1600 მეტრ სიმაღლეზეც. მას სასურსათო პროდუქტად იყენებენ ზრდადაუმთავრებელ, ფიზიოლოგიურად უმწიფარ მწვანე ნაყოფის სახით. გარდა ამისა ფართო გამოყენება აქვს გადამუშავებულს – მწნილების სახით, ქორფა 3-4 დღის მასრებისაგან პიკულებს ამზადებენ. მას ძირითადად საგემოვნო მნიშვნელობა აქვს, რაც გამოწვეულია ქიმიური შემადგენლობით. კიტრი შეიცავს 97% წყალს, 0,5% უჯრედისს; აზოტოვანი ნივთიერებებს – 0,75%-0,9%; შაქრებს 1,1-3,8%; საკმაოდ დიდი რაოდენობის შაქრების არსებობა ნაყოფის დამჟავების დროს ხელს უწყობს რძის მჟავა დუღილს. კიტრი ყუათიანობით თითქმის ყველა ბოსტნეულს ჩამორჩება. ბოსტნეულის ფართობებში მას დიდი წილი უკავია.
ბიოლოგიური დახასიათება და ჯიშები
კიტრი ერთწლიანი მხვიარა ან მხოხავი მცენარეა. აქვს მსხვილი თესლი. ჯიშზე დამოკიდებულებით გრამში 30-40 ცალი თესლია, ხოლო ერთ ნაყოფში 200-600 ცალი (7-20 გრ.).
კიტრი ხელსაყრელ გარემო პირობების შემთხვევაში 4-5 დღეში ამოდის. მთავარი ღეროს სიგრძე ჯიშზეა დამოკიდებული და მერყეობს 50 სმ-იდან 200-350 სმ-მდე. თუმცა ღეროს სიგრძე დიდად არის დამოკიდებული მოვლა-მოყვანის პირობებზეც. ფესვთა სისტემა შედგება მთავარი ღერძა ფესვისაგან, რომელიც ნიადაგში უმნიშვნელო სიღრმეზე მიდის, და მრავალრიცხოვან გვერდითა ფესვებისაგან, რომლებიც გავრცელებულია ნიადაგის ზედაპირულ ფენაში 15-20 სმ-ის სიღრმეზე. ზრდის ხელსაყრელ პირობებში მცენარე ადვილად ივითარებს დამატებით ფესვებს, მთავარ, პირველი და მეორე რიგის ღეროების ფოთლის იღლიებიდან.
კიტრი მამრობით და მდედრობით ყვავილებს ერთსა და იმავე მცენარეზე ივითარებს. პირველსა და მომდევნო რიგის ღეროებზე მდედრობითი ყვავილები უფრო მეტია ვიდრე მთავარ ღეროზე. ამის გამო მიმართავენ მთავრი ღეროს წაჩქმეტვას რათა მოხდეს დამატებით მომდევნო რიგის ღეროების გამოტანა უფრო მეტი მდედრობითი ყვავილების მისაღებად.
გარემო პირობები
კიტრი სითბოს მოყვარული მცენარეა. თესლის გაღივებისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 25-30 0C, ხოლო მცენარის ზრდა განვითარებისათვის 25-28 0C, 15-16 0C დაბალ ტემპერატურაზე თესლი არ ღივდება. მცენარე იღუპება 5-7 გრადუსზე.
ბოსტნეულ მცენარეთა შორის კიტრი ყველაზე ნაკლებ მომთხოვნია განათების ინტენსივობის მიმართ. პირდაპირი მზის სხივები უარყოფითად მოქმედებს მასზე, ამიტომ უხვმზიან რაიონებში მიზანშეწონილია დამაჩრდილებელ მცენარეებთან კულისურად თესვა (დარგვა). ამ მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნას სიმინდი ან მზესუმზირა. 2-3 კულისის შემდეგ დაითესება 5-6 რიგი კიტრი. ეს ღონისძიება მით უფრო ეფექტურია თუ კიტრი ძლიერ ქარიან ადგილზე მოგვყავს. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სინათლის დეფიციტიც იწვევს მცენარეების აწოწვას, შედეგად კი მოსავლიანობა მცირდება.
კიტრი წყლის მოყვარული კულტურაა. იგი მოითხოვს როგორც ნიადაგის, ასევე ჰაერის მაღალ ტენიანობას. მცენარის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვისა და მსხმოიარეობისათვის ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა მისი სრული წყალტევადობის 80-85 % უნდა იყოს, ხოლო ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 80-90 %. ტენიანობისადმი მაღალი მოთხოვნილება განპირობებულია მისი სუსტად განვითარებული ფესვთა სისტემით და დიდი საასიმილაციო აპარატით, რომელიც დიდი რაოდენობით აორთქლებს წყალს.
ნიადაგი
კიტრის მოყვანა შესაძლებელია ყველა ტიპის ნიადაგზე, მაგრამ უპირატესობას ანიჭებენ კარგ სტრუქტურიან ნიადაგებს ნიადაგის რეაქციით PH=6.0-7.5. კიტრი ნიადაგიდან დიდი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს შეითვისებს. განსაკუთრებით მას ესაჭიროება კალიუმი და აზოტი. მის პროდუქტიულობაზე განსაკუთრებულად დადებითად მოქმედებს ნაკელი – 80-100 ტონა ერთ ჰექტარზე. ნაკელის გარდა შეტანილ უნდა იქნას აზოტი 130 კილოგრამი, ფოსფორი 150-200 კილოგრამი, კალიუმი 150-200 კილოგრამი და მაგნიუმი 50-100 კილოგრამი სუფთა ნივთიერებაზე გაანგარიშებით ერთ ჰექტარზე.
აზოტზე მთლიანი მოთხოვნილებიდან (130 კგ სუფთა ნივთირება) 80 კგ. შეტანა ხდება ძირითადი განოყიერებისას, ხოლო 50 კგ. – გამოკვების სახით. გამოკვება კი უმჯობესია წვეთოვანი მორწყვით. რაც შეეხება ფოსფორს და კალიუმს, მათი მთლიანი რაოდენობის ნახევარი შეტანილი უნდა იქნეს თესვის წინ, ხოლო ნახევარი -გამოკვების სახით.
აგროტექნიკური ღონისძიებები
კიტრი მოითხოვს კარგად დამუშავებულ ნიადაგს. მისი მომზადება შემოდგომაზე მზრალად მოხვნით იწყება. გაზაფხულზე როცა კი ამინდები ამის საშუალებას მოგვცემს ხდება ნიადაგის დაფარცხვა.
კიტრის დათესვა დაუშვებელია სხვა გოგროვანების შემდეგ, რადგან ამ დროს მოსალოდნელია მავნებლებისა და სოკოვან დაავადებათა გავრცელება.
კიტრის თესვის სქემა ჯიშების ზრდასა და მოყვანის წესზეა დამოკიდებული. მიღებულია 120-150 X 30 სანტიმეტრ კვების არეზე თესვა, დასათეს ადგილზე 2 მცენარის დატოვებით. ამ შემთხვევაში ჰექტარზე მიიღება 35-40 ათასი მცენარე.
მოსავლის აღება
კიტრი იკრიფება ტექნიკურ სიმწიფეში ისე, რომ არ დაზიანდეს თავად მცენარე, ბარდი. პირველი ნაყოფები, ჯიშებიდან გამომდინარე იკრიფება თესვიდან 50-60 დღის შემდეგ. მეორე და მომდევნო კრეფა ხდება თითქმის ყოველ დღე. სისტემატური კრეფა ზრდის მოსავლიანობას.
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“