კიტრის მოვლა-მოყვანა სათბურში
წინამორბედი კულტურის აღების შემდეგ, აუცილებელია, ჩატარდეს სათბურის გრუნტის დეზიფექცია. სასურველია ნიადაგის ph იყოს − 6.5-7, ჩითილის გადარგვის წინ ნიადაგს ანოყიერებენ ორგანული სასუქით, ნაკელით ან კომპოსტით (20-25კგ/1მ2-ზე), რომელსაც თანაბრად ანაწილებენ ზედაპირზე, ასევე მინერალური სასუქები ყოველ 1მ2-ზე: ჩვეულებრივი სუპერფოსფატი − 80 გრ., ან ორმაგი სუპერპოსფატი − 40 გრ., შარდოვანა − 30 გრ., ან ამონიუმის გვარჯილა− 40 გრ., კალიუმის სულფატი − 30გრ. და ჩაიხნას ნიადაგში.
ჩითილის გადარგვის წინ ნიადაგს მოასწორებენ ფოცხით და კარგად ატენიანებენ. არაპარტენოკარპულ ჰიბრიდებს რგავენ რიგებად, რიგში ორ მწკრივებად, რიგებს შორის მანძილი 100 სმ, მცენარეთა შორის 50×60 სმ (საშუალოდ 3 მცენარე 1მ2-ზე.)
პარტენოკარპულ გრძელნაყოფა ჯიშებს რგავენ რიგებად, V-ვესებურად გაყოფილი მხრებით, რიგთაშორის 150 სმ, ხოლო რიგში მცენარეთა შორის 50სმ (1.4 მცენარე 1მ2-ზე).
კიტრის ჩითილებს გადარგვის წინ რწყავენ, მთლიანად ასველებენ ჭიქას ან კასეტას, გადასარგავად არჩევენ ჯამრთელ, კარგად განვითარებულ, ძლიერ მცენარეებს, რგავენ მათ ვერტიკალურად, წინასწარ გაკეთებულ ორმოებში. გადარგულ ჩითილს რწყავენ და შემდეგ აბამენ თოკით მავთულის შპალერზე. შპალერი გაჭიმულია ნიადაგიდან 2მ სიმაღლეზე. ერთი ბოლო მიბმულია მავთულზე ხოლო მეორე მცენარეზე არამჭიდროდ ან ნიადაგში ჩასობილ საგანზე. ამავდროულად დაუშვებელია თოკის ძლიერი დაჭიმვა, რადგან შპალერის რხევისას შეიძლება დავაზიანოთ ფესვთა სისტემა ან მცენარე ამოვგლიჯოთ მიწიდან.
არაპარტენოკარპული ჯიშების ფორმირებას ატარებენ შემდეგნაირად-ზრდის საწყის ეტაპზე 3-4 ნამდვილი ფოთლის ფაზაში, ნამხრევებს და მდედრობით ყვავილებს აშორებენ, რათა მცენარე მომძლავრდეს და განვითარდეს. შემდეგ ზევით განვითარებულ ნამხრევებს შეატეხენ 2, ხოლო შპალერთან ახლოს 3 ფოთოლზე. შპალერამდე მიღწეულ მთავარ ღეროს წვერს შეამტვრევენ, მის ზევით 3-4 ფოთლის დატოვებით.
გრძელნაყოფა პარტენოკარპულ ჰიბრიდების ფორმირებას ახდენენ სხვანაირად. მცენარეებს 50-60 სმ სიმაღლემდე აცილებენ ყვავილებს და გვერდით ტოტებს, შემდეგი 4-5 ფოთლის იღლიებში ტოვებენ ნამხრევებს რომელსაც შეტეხავენ პირველ ფოთოლზე, მდედრობით ყვავილებს აშორებენ. შემდეგი 5-6 ფოთლის იღლიიდან განვითარებულ ნამხრევებს შეამტვრევენ 3-4 ფოთოლზე, მათზე 3-4 ნასკვის დატოვებით. ძირითად ღეროზე ტოვებენ 4-6 ნაყოფს. მცენარის წვეროს შეტეხავენ შპალერის ზემოთ, მეოთხე ფოთოლზე, გადახრიან და მიაბამენ მავრთულზე. მსხმოიარობამდე აუცილებელია, სათბურში ჰაერის ტემპერატურა იყოს 22-24°C მზიან დღეებში, 20-22°C მოღრუბლულ ამინდში, ხოლო 17-18ºC ღამით. მსხმოიარობის პერიოდში ტემპერატურას სწევენ ზევით (მზიან ამინდში 24-28°C, მოღრუბლულში 21-23°C, ღამით 18-20°C). ნიადაგი ოპტიმალური ტემპერატურა 22-24°C. დაუშვებელია, ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა, რადგან ის იწვევს მცენარეთა დასუსტებას და დაავადებათა განვითარებას.
სასურველია, მცენარეთა მორწყვა თბილი წყლით (20-25°C), ყოველ 2-3 დღეში, მსხმოიარობის დაწყებიდან ყოველ დღე 5-10 ლიტრი წყალი 1მ2-ზე.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს კვების რეჟიმს. მცენარეებს კვებავენ ყოველ 7-10 დღეში, მინერალური სასუქებით. მსხმოიარობამდე მცირე დოზებით, მსხმოიარობის დაწყებიდან გაზრდილი. 10 ლიტრ წყალში ხსნიან 10-15 გრამ შარდოვანას ან 15-20 გრ ამონიუმის გვარჯლილას, სუპერფოსფატი 20-30 გრ, კალიუმის ქლორიდი 15-20 გრ, ეს რაოდენობა საკმარისია 2-4 მ2-ზე. ფესვური გამოკვება უმჯობესია ჩატარდეს მზიან ამინდში.
ხანგრძლივი მოღრუბლული ამინდის შემთხვევაში, მიმართავენ არაფესვურ გამოკვეებას, მიკრო და მაკრო ელემენტებით. ნაკლებ ნაყოფიერ, ჰუმუსით ღარიბ გრუნტში მინერალური გამოკვების გარდა, შეაქვთ ორგანული სასუქი-წყალში გახსნილი წუნწუხი 1:5; 1:10 თანაფარდობით. ფესვებიდან და ფოთლებიდან გამოკვება ენაცვლება ერთმანეთს.
გადარგვიდან 35-50 დღეში მცენარეებზე ფორმირდება პირველი მოსახმარად ვარგისი ნაყოფები, თავდაპირველად მოსავალს კრეფენ კვირაში 1-2 ჯერ, შემდეგ 3-ჯერ, უმჯობესია დილის საათებში. კიტრს ჭრიან დანით ან წყვეტენ ხელით, მოქაჩვის გარეშე. ამავდროულად აუცილებელია, ყველა დეფორმირებული და დაავადებული ნაყოფის მოშორება. მოსავლიანობა 8-20 კგ-მდე 1მ2-ზე.
კიტრის სასათბურე ჯიშები/ჰიბრიდები
კიტრს სათბურში უმეტეს წილად აწარმოებენ ზამთარ-გაზაფხულის კულტურათბრუნვაში, იანვარ-თებერვლიდან ივლის-აგვისტომდე, უმეტესად გამოიყენება მოსავლიანი და დაავადებების მიმართ გამძლე ჰიბრიდები.
კიტრი ზაზულია – საადრეო, საშუალოდ დატოტვილი ჰიბრიდია, მსხმოიარობაში შედის აღმოცენებიდან 50 დღეში, ცილინდრული ფორმის, 16-20 სმ სიგრძისა და 150-170 გრამიანი ნაყოფებით, ხორკლიანი ზედაპირით.
კიტრი აპრელსკი – ყველა მონაცემებით ზაზულიას მსგავსია
კიტრი სურპრიზი 66 – საშუალო სიმწიფის, საშაულოდ ფითლიანი და დატოტვილი, ცილინდრული ფორმის ნაყოფებით, სიგრძე 14-18 სმ, მასა 100-120 გრ, ხორკლიანი ზედაპირით.
კიტრი მაისკი – საადრეო, ფუტკარმტვერია (არაპარტენოკარპიკი) მსხმოიარობას იწყებს აღმონაცენის გამოჩენიდან 50-55 დღეში, მცენარე ძლიერ მზარდია, ნაკლებად დატოტვილი, ნაყოფები ცილინდრულია, სიგრძით 17-20 სმ, მასა 180-200 გრ.
კიტრი კრისტალი – საადრეო ფუტკარმტვერია (არაპარტენოკარპიკი), პირველი ნაყოფები ფორმირდება აღმოცენებიდან 50-55 დღეში, ახასიათებს ერთდროული შემოსვლა, ნაყოფი ოვალურ-ცილინდრული ფორმისაა, სიგრძე 20-25 სმ, მასა 180-260 გრ.
Darina Mix F1 და Dasher II Mix F1 (ორივე ჰიბრიდის მწარმოებელია ჰოლანდიური კომპანია შემინის), ფუტკარმტვრია, ნაყოფის ზედაპირი ხორკლიანია, სიგრძით 20-23 სმ, ამ ჯიშის მცენარეები არიან ჯანსაღნი, ამტანი და ძლიერმზარდი. ნაყოფი ხრაშუნა და გემრიელია. ერთიანი წარმატებით უხვმოსავლიანია როგორც სათბურში ისე ღია გრუნტში.
Samarkand Mix F1, ფუტკარმტვერია, (მწარმოებელია ჰოლანდიური კომპანია შემინის) ნაყოფი ზედაპირი გლუვია, ხორკლების გარეშე, 18-20 სმ სიგრძის. ჰიბრიდი საადრეოა, ხანგრძლივად სიცოცხლის უნარიანი და მაღალი სიცხეების ამტანი. აქვს გემრიელი ნაყოფი, ბოლოებში ყოველგვარი სიმწარის გარეშე.
Babyion Mix F1, ფუტკარმტვერია, (მწარმოებელია ჰოლანდიური კომპანია შემინის), ნაყოფი გლუვი, პრიალა, ხორკლების გარეშე, 15-16 სმ სიგრძის. ბაბილონი არის საადრეო, სტაბილურად უხვმოსავლიანი და სიცხის ამტანი ჰობრიდი. ნაყოფი გემრიელია, ყოველგვარი სიმწარის გარეშე.
კიტრის მავნებლები და მათთან ბრძოლის მეთოდები
ბუგრები (ბაღჩის ბუგრი, ატმის (თამბაქოს) ბუგრი) – ბუგრები, სახლდებიან უპირატესად ახალგაზრდა ფოთლების ქვედა მხარეზე, ასევე ყლორტებზე და წუწვნით აზიანებენ მათ. ფოთლები უფერულდება, იკრუნჩხება და შემდეგ ხმება, საბოლაო ჯამში მცენარე იღუპება.
ბუგრების წინაამღდეგ ვიყენებთ: აქტელიკს 0.15%. კარბოფოსს 0,1%, კონფიდორი 0,02%.
აბლაბუდა ტკიპა – ტკიპა და მისი მატლები წუწნიან ფოთლებს, ფოთლის და ნაყოფის ყუნწებს, აჩენენ მათზე წინწკლებს, ფოთლები უფერულდება და ცვივა.
ტკიპა პატარა ზომისაა 0,25-0,45 მმ სიგრძის, მოყვითალო-მომწვანო ფერის, კვერცხებს დებს ფოთლის ქვედა მხარეს და აბამს აბლაბუდას ქსელით. ერთი ტკიპა დებს 100-160 კვერცხს. ემბრიონული განვითარება 2-6 დღეს გრძელდება. შემდეგ იჩეკებიან მატლები, თაობის განვითარება 9-14 დღე გრძელდება. განვითარების კარგი პირობებია 29-31 და 35-55 % ტენიანობა, ასეთ პირობებში ტკიპა 15-მდე თაობას იძლევა, მაღალი ტენიანობა (80% და მეტი) ხელს უშლის მავნებლის განვითარებას.
საბრძოლველად გამოიყენება 0,15 % აქტელიკი, 0,1 % კარბოფოსი, 0,2% ნეორონი, 0,03-0,05% ნისორანი, 0,03-0,05% სანმაიტი.
კიტრის დაავადებები და მათთან ბრძოლის მეთოდები
ნაცარი – დაავადება დასაწყისში ფოთლებზე ცალკეული გაფანტული ლაქების, ბაცი ნაცრისფერი, ნაზი ფიფქის სახით ვითარდება. შემდეგ კი ფოთოლი და ყუნწი მთლიანად მუქი ნაცრისფერი ფიფქით იფარება. ფოთლები ყვითლდება, ჭკნება და ნაყოფი ვეღარ სრულდება. მცენარე ნაადრევად ხმება.
ბრძოლა: ნაცრის პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე, ტარდება შესხურება ფუნგიციდებით: ბაილეტონი 0,01%, ტოპაზი 0,02%, კოლოიდური გოგირდი 0,5-1%.
კიტრის ჭრაქი (პერენესპოროზი) – ჭრაქით ავადდება ფოთილი, რომლის ზედა მხარეზე ყვითელი დაკუთხვილი ლაქები ჩნდება, ქვედა მხარე კი მონაცრისფერო-იისფერი ნაზი ფიფქებით იფარება, ფოთოლი ხმება და ადვილად იფშვნება. დაავადება ინტენსიურად ვითარდება ჭარბი ტენის პირობებში, ოპტიმალური ტემპერატურა 15-20°C.
ბრძოლა: რიდომილი მც ან რიდომილ გოლდი 0,25%, სპილენძის ქლორჟანგი 0,5%, ბორდოულის სითხე 1%, იტერალი 0.4%, კოსაიდი 0.4%, ანტრაკოლი 0.4%, ტატუ 0.5%. ბრძოლის ღონისძიებას ვიწყებთ სისტემური ფუნგიციდებით (რიდომილ გოლდი) და შემდეგ ვაგრძელებთ კონტაქტურით (ანტრაკოლი, სპილენძის ქლორჟანგი, ბორდოულის სითხე).
ანტრაქოზი– კიტრის ფოთლებს აავადებს ადრეულ სტდაიაზე, ზედ აჩენს არამკვეთრად გამოსახულ ლაქებს, რომელთა რიცხვი და ოდენობა დამოკიდებულია ავადმყოფობის განვითარების პირობებზე. თუ პირობები კარგია, ლაქები დიდდება, მრავლდება და ხშირად ფოთლის ფირფიტის გახმობასაც იწვევს. ერთეული ლაქები მკვეთრი არაა და ოდნავ მოწითალო ფერი გადაკრავთ.
ღეროს დაავადებისას, იმის მიხედვით, თუ რა ადგილას მოხვდება ინფექცია, სხვადასხვა შედეგი შეიძლება ჰქონდეს: თუ დაზიანება ღეროს ფესვის ყელთანაა, მაშინ მთელი მცენარის გახმობას იწვევს, თუ ღეროს ნაწილია დაზიანებული, მაშინ მისი წახმობა ხდება და მისი უკანა ნაწილი ახალ ბწკალს გამოიტანს.
სოკოს განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ტენიანობას, ის არის როგორც სპორების გაღივებისთვის საჭირო ფაქტორი, ასევე მათი გავრცელებისათვისაც. ლორწო რომელშიც სპორებია დაგროვილი, წყლის წვეთში იხსნება და თავისუფლად გადადის ახალ ორგანოებზე. გავრცელებას ხელს უწყობენ მწერებიც. სპორების განვითარბის ოპტიმალური ტემპერატურა 22-27 °C. სხვადასხვა ტემპერატურაზე საინკუბაციო პერიოდი იცვლება.
ბრძოლა: რიდომილი მც ან რიდომილ გოლდი 0,25%, სპილენძის ქლორჟანგი 0,5%, ბორდოს სითხე 1%.
სამხრეთული ფესვის სიდამპლე, გოგროვანთა საერთო ავადმყოფობაა – იწვევს ღეროსა და ნაყოფის დაავადებას. ნაყოფის დაავადება სწრაფად მიმდინარეობს. დაავადება იწყება ნიადაგის მხრიდან, სოკო იჭრება ნაყოფში და იწვევს ქსოვილის დაშლას. ნაყოფი კარგავს თავის ფორმას, დამპალი მხრიდან ჯდება ანუ ბრტყელდება, შემდეგ სკდება.
ბრძოლა: პრევიკური 0,2%.
კიტრის ნაყოფების მურა ლაქიანობა – აღნიშნული სოკო აავადებს კიტრისა და ნესვის ნაყოფებს. იშვიათად გვხვდება ტოტებზე და ფოთლებზე.
ნაყოფის დაავადების დროს ჩნდება მურა ფერის პატარა ლაქები, რომლებიც დიდდება და სხვადასხვა ფორმას იღებს (მოგრძო, მრგვალი და სხვა). ლაქის ზრდა სიღრმეშიც ხდება. კიტრის ნაყოფში შეჭრილი მიცელიუმი სიღრმეში ვრცელდება და მთელი ნაყოფის დალპობას იწვევს. სოკოს ნაყოფიანობა ჩნდება ლაქებზე ხავერდოვანი მურა ფერის ლაქების სახით.
ბრძოლა: „რიდომილი მც“ ან „რიდომილ გოლდი“ 0,25%, სპილენძის ქლორჟანგი 0,5%, ბორდოს ხსნარი 0,5%.
ნატო კაკაბაძე _ სმმ დოქტორი