ბლოგირუბრიკებისტატიები

კოოპერაცია და სოფლის განვითარება იტალიაში

იტალიის კოოპერაციული სისტემის სამართლებრივ საფუძველს უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს იტალიის რესპუბლიკის 1947 წელს მიღებული კონსტიტუციის 45-ე მუხლი, რომელშიც ნათქვამია: „რესპუბლიკა აღიარებს კოოპერაციის სოციალურ ფუნქციას, რომელიც ეფუძნება ურთიერთდახმარებას და არ ისახავს მიზნად სპეკულაციურ მიზნებს“. უფრო დაწვრილებით კოოპერაციის მიზნები ჩამოყალიბებულია იტალიის სამოქალაქო კოდექსში, სადაც მითითებულია, რომ კოოპერაციის მიზანს წარმოადგენს მისი წევრებისათვის უკეთესი მომსახურების და სამუშაო პირობების შექმნა, ვიდრე ეს შეუძლია მოახდინოს თავისუფალმა ბაზარმა.

კოოპერაციული მოძრაობა იტალიის აგრარულ სექტორში ფლორენციაში მე -15 საუკუნეში რძის წარმოებაში გლეხური მეურნეობების კოოპერირებით დაიწყო.

რძე, როგორც ადრე, ინდივიდუალურ მეურნეობებში იწარმოებოდა, მაგრამ გლეხებმა გადაწყვიტეს გაერთიანებულიყვნენ, გამხდარიყვნენ კოოპერატივის წევრები რძის გადამუშავების, კარაქისა და ყველის წარმოების და ერთიანი გაყიდვების ორგანიზების მიზნით. ეს კოოპერატივები სარგებლობდნენ შეღავათიანი გადასახადებით. 

XIX საუკუნის მეორე ნახევარში, იტალიის ხელისუფლებამ გამოსცა კანონი, რომელიც ითვალისწინებდა „ეგალიტარიზმის” (თანაბარი წილი) პრინციპს: კოოპერატივის თითოეულ მეპაიეს საპაიო ფონდში შეჰქონდა თანაბარი პაი და ერთი პაის ღირებულება განისაზღვრებოდა 100 ფულადი ერთეულით. ეს კანონი იცავდა წვრილი მეპაიეების ინტერესებს და უფლებებს მსხვილი მეპაიეების წინაშე.

დღეს იტალიაში კოოპერატივების მეშვეობით წყდება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სოციალური საკითხებიც: შეღავათიანი ჯანდაცვა, განათლება, კოოპერატივის ოჯახებისთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფა და სხვა. სოფლებში გლეხები ცხოვრობენ ქალაქის შესაბამისი კომფორტით. კოოპერატივები უზრუნველყოფენ მეპაიეების მაღალ შემოსავლებს, პენსიებს, სტიპენდიებს კოოპერატივის მიერ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში სასწავლებლად გაგზავნილი სტუდენტებისთვის.  კოოპერატივები ამზადებენ კადრებს სოფლისთვის საჭირო ყველა სპეციალობაში,  აგრონომებით, ვეტერინარებით და საინჟინრო სპეციალობებით დაწყებული, სკოლის პედაგოგების, სამედიცინო პერსონალის და კულტურის მუშაკების ჩათვლით. ყველა სამუშაო ადგილის დაკავება ხდება კონკურსის საფუძველზე. კოოპერატივი  მის წევრებს უზრუნველყოფს  საბინაო კრედიტით 20-25 წლის ვადით.

1886 წელს იტალიის მთავრობამ სტიმული მისცა კოოპერატივების ერთიანი მართვის ორგანოს – „იტალიის კოოპერატივების ლიგის“ დაარსებას, რომელიც ახდენდა კოოპერატივების საქმიანობის კოორდინაციას მათი რეგისტრაციიდან საბოლოო პროდუქტის რეალიზაციამდე. ამ ლიგის დახმარებით სახელმწიფომ დაიწყო უფასო ჟურნალის „კოოპერატივები იტალიაში”, გამოქვეყნება და გავრცელება, რომელშიც იყო პრაქტიკული რჩევები კოოპერატივის წევრებისათვის თავიანთი საქმიანობის უკეთ წარმართვისთვის. 1892 წელს სახელმწიფომ შექმნა უფრო სრულყოფილი ორგანიზაცია – „იტალიის აგრარული კოოპერატივების ფედერაცია“, რომელმაც მთელი ქვეყნის კოოპერატივები მოაქცია ერთ სისტემაში. ამ ორგანიზაციაში გაერთიანდა იტალიის ყველა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. მათი რაოდენობა 1892-დან 1906 წლამდე გაიზარდა 18-დან 4 173-მდე, რომელთა წევრიც გახდა 600 000-ზე მეტი გლეხური კომლი.

XX საუკუნეში იტალიის აგრარულ სექტორში განვითარდა კოოპერაციის  შემდეგი ფორმები: საწარმოო, სამომხმარებლო, რძის, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი, საკრედიტო, მარკეტინგული და სხვა. იტალიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციულმა მოძრაობამ ხუთი საუკუნის მანძილზე დააგროვა მდიდარი ტრადიციები პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში, გადამუშავებასა და რეალიზაციაში. იტალიის მაგალითზე, სოფლის მეურნეობის კოოპერაციის პროცესმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთის და ჰოლანდიის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.

დავით მამუკელაშვილი