აგროსიახლეები

ლაგოდეხის ნაკრძალი უნიკალური დაცული ტერიტორია

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და საქართველოში პირველი დაცული ტერიტორიაა.

110 წლის წინ, 1912 წელს, საქართველოში პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის ნაკრძალი შეიქმნა, რომლის ფართობი მხოლოდ 3 500 ჰა იყო. დღეს საქართველოში 94 დაცული ტერიტორიაა, საერთო ფართობით 800 000 ჰა-მდე, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11.5%-ს შეადგენს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დაცულ ტერიტორიაზე კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი შიოშვილთან ერთად, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე რეინჯერებს შეხვდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა:

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 110 წელია ვიცავთ ბუნებას. ლაგოდეხის ნაკრძალი უნიკალური დაცული ტერიტორია. სწორედ მისი შექმნით იწყება საქართველოში დაცული ტერიტორიების ისტორია და განვითარება. ჩვენი ბუნების დაცვისა და შენარჩუნებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია და სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს, რომ რეინჯერებს ჰქონდეთ შესაბამისი აღჭურვილობა, ჰქონდეთ შესაბამისი პირობები”, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.

მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს, დაახლოებით 100 000 ჰექტრით გაიზრდება დაცული ტერიტორიების ფართობი და დაახლოებით 900 000 ჰექტარს მიაღწევს. ამავდროულად, მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდება ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

„ბოლო წლებში, დაახლოებით, 170 მილიონი ლარია ინვესტირებული ინფრასტრუქტურის მიმართულებით; დაცული ტერიტორიების მასშტაბით, დაახლოებით 1000 კმ ბილიკის მოწყობა იგეგმება მომავალი 2 წლის განმავლობაში, რისთვისაც ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 35 მილიონი ლარი გამოიყოფა. ყოველივე ეს საშუალებას გვაძლევს, მოვიზიდოთ მეტი ვიზიტორი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას”, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ჯამში 400-მდე რეინჯერი იცავს. რეინჯერები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ საქართველოს უნიკალურ ბუნებრივ მემკვიდრეობას.

საქართველოს მთავრობის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული ერთიანი პოლიტიკის შესაბამისად და დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით, სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს რეინჯერებზე. რეინჯერთა სამუშაო პირობები ყოველწლიურად უმჯობესდება. მათი სახელფასო ანაზღაურება ეტაპობრივად იზრდება, სტაბილურად უზრუნველყოფილი არიან სახელფასო დანამატით, შეეცვალათ და გაუუმჯობესდათ დაზღვევის სოციალური პაკეტები და სამუშაო ეკიპირება.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფართობი დღეისათვის 24 255 ჰა-ს შეადგენს, საიდანაც 17 000 ჰა ხელუხლებელი და პირველყოფილი ტყეა და მოიცავს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალსა და ლაგოდეხის აღკვეთილს. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ტურისტული მარშრუტები კეთილმოწყობილია მარკირებული ბილიკებით, ტურისტული კოტეჯებით, საკემპინგეებით, საპიკნიკეებით და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურით.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარება გრძელდება. მიმდინარე წელს დაგეგმილია 150 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელის მოწყობა თანმდევი რეკრეაციული ინფრასტრუქტურით.