დარგებიმემცენარეობა

მარწყვის ხე / ხემარწყვა _ გამრავლება და მოვლა (ARBUTUS)

ხემარწყვა მარადმწვანე მაღალი ბუჩქი, ან პატარა ხეა.  მცენარე მანანასებრთა ოჯახის წარმომადგენელი. აქვს ტყავისებრი ფოთლები და წვრილი, თეთრი ან ვარდისფერი ყვავილები, კენკრისებრი ნაყოფი მარწყვს წააგავს.

 გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, 20-ზე მეტი სახეობა, ასევე დასავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში.

საქართველოში მხოლოდ ერთი სახეობის მარწყვის ხე, წითელი ხემარწყვა გვხვდება. ის ველურად იზრდება და მცირე რაოდენობით გვხვდება აფხაზეთსა და აჭარაში.

ხემარწყვა დიდხანს ცოცხლობს და ნელა იზრდება, 10 წლის მცენარის სიმაღლე საშუალოდ 2-2,5 მეტრია, 50 წლის მცენარის სიმაღლე კი 5 მეტრამდე აღწევს.

მსოფლიოში უმთავრესად ცნობილია ხემარწყვას ორი სახეობა:

1) ჩვეულებრივი ხემარწყვა. მას ასევე უწოდებენ მსხვილნაყოფა ხემარწყვას.

2)  წითელი ხემარწყვა. მას შედარებით წვრილი ნაყოფები ახასიათებს

მოვლა

მცენარე განსაკუთრებით მომთხოვნია წყლისადმი ყვავილობის და ნაყოფების ფორმირების ეტაპებზე და ამ პერიოდში აუცილებელია მისი რეგულარული მორწყვა. ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ხემარწყვა გვალვაგამძლე მცენარეა და მისი ნიადაგის ზედმეტი დატენიანება დაუშვებელია. ასევე ზამთრის განმავლობაში მისი მორწყვა მნიშვნელოვნად უნდა შეიზღუდოს.

 

ხემარწყვას ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურა არის 20-25°C. მცენარე ძლიერ სინათლის მოყვარულია და მოითხოვს კარგ განათებას. დახურულ შენობაში გაზრდის შემთხვევაში, ზაფხულობით სასურველია მცენარეების გარეთ გატანა დღის განმავლობაში ან შენობის ისეთ ადგილზე მოთავსება, სადაც მაქსიმალურად დიდხანს ხვდება მზის სხივები და არის ჰაერის კარგი ცირკულაცია.

გაზაფხულის და ზაფხულის განმავლობაში თვეში ორჯერ  საჭიროა მცენარის გამოკვებას კომპოსტით ან გადამწვარი ნაკელით. სახლის პირობებში, ქოთანში დარგული მარწყვის ხეების გამოკვებისათვის უმთავრესად იყენებენ კომპლექსურ მინერალურ სასუქებს. ზრდის სტიმულირებისათვის საჭიროა უმთავრესი აქცენტი გაკეთდეს აზოტის და კალიუმის შემცველ მინერალურ სასუქებზე. ზამთრის პერიოდში, როდესაც ტემპერატურა 10-12°C-ზე ნაკლებია, სასუქების შეტანა არ შეიძლება.

გასხვლა და ფორმირება

მარწყვის ხის გასხვლა შესაძლებელია დეკორატიული და სანიტარულ-ჰიგიენური მიზნებით, რაც გულისხმობს მცენარისათვის სასურველი ფორმის მიცემას და დაბერებული ან გამხმარი ტოტების სისტემატურ მოცილებას.

ზამთრის დადგომისას, როდესაც მცენარე დაასრულებს ნაყოფმსხმოიარობას, საჭიროა მოხდეს შესაბამისი ტემპერატურული პირობების უზრუნველყოფა, იმისათვის რომ მცენარე გადავიდეს მოსვენების პერიოდში. ამ შემთხვევაში ოპტიმალურ ტემპერატურულ რეჟიმად ითვლება 3-დან 10°C-მდე.

გამრავლება

ხემარწყვას გამრავლება შესაძლებელია როგორც თესლის საშუალებით, ასევე მცირე ზომის ნერგების გადარგვით. ხემარწყვას გამრავლება შესაძლებელია ასევე ვეგეტატიურადაც – კალმების აჭრის საშუალებით. ამ დროს ახალგაზრდა მცენარეებს აჭრიან ყლორტებს, აფესვიანებენ და შემდეგ რგავენ. თუმცა გამრავლების ეს მეთოდი ნაკლებად არის გავრცელებული.

თესლის საშუალებით მარწყვის ხის გამრავლების სრული პროცედურა შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:
დათესვამდე თესლი უნდა ჩაალბოთ თბილ წყალში ერთი კვირის განმავლობაში. დალბობის შემდეგ თესლი ითესება მიწით სავსე ქოთანში 1,5 სმ-ის სიღრმეზე, რის შემდეგაც ქოთანს ათავსებენ თბილ ადგილას. სუბსტრატი უნდა იყოს შვიდი წილი ტორფი + სამი წილი ქვიშა.

აღმოცენება გრძელდება 2-3 თვის განმავლობაში. ამ პერიოდში საჭიროა სისტემატური მორწყვა ისე, რომ არ მოხდეს ნიადაგის გამოშრობა.

აღსანიშნავია, რომ ხემარწყვა კარგად იზრდება თითქმის ყველა ტიპის ნიადაგში.

წყარო: mcenareebi.com.ge