აგროტექნოლოგიებიდარგებიმებაღეობა

მარწყვის გაშენების და დარგვის სისტემები

მარწყვის გაშენების საუკეთესო პერიოდი გვიანი ზაფხული (აგვისტოს ბოლო) – ადრე შემოდგომაა (სექტემბერი-ოქტომბერი), მისი გაშენება ასევე შესაძლებელია გაზაფხულზე, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საშემოდგომო დარგვა პირველი წლის პროდუქტიულობას მკვეთრად ზრდის.

აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში, სადაც ზამთრის ტემპერატურა _ 16-18°C -ზე ქვემოთ ჩამოდის, აუცილებელია ახლად დარგული პლანტაციის დაცვა სიცივისგან ნამჯის მულჩის გამოყენებით.

მარწყვის დარგვის დროს გავითვალისწინეთ:

დარგვისას მცენარის ფესვის ყელი უნდა იყოს ნიადაგის პარალელურად. მარწყვი ცუდად იტანს როგორც ღრმა, ასევე ზედაპირულ დარგვას.

ძველი და გამხმარი ფოთლები უნდა მოსცილდეს და ფესვები უნდა გაიშალოს.

მცენარის ირგვლივ ნიადაგი მჭიდროდ იტკეპნება.

დარგვის პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს, რომ არ მოხდეს ნერგების ფესვების გამოშრობა. დასარგავად გამზადებული ნერგები დაცული იყოს მზისა და ქარის ზეგავლენისგან და პერიოდულად უნდა დაინამოს.

მარწყვის თანამედროვე პლანტაციებში ყველაზე მეტად მიღებულია მარწყვის დარგვა შემაღლებულ ბაზო-კვალზე („ბედი“), ამ ტექნოლოგიის აუცილებელი შემადგენელი ნაწილებია: დამულჩვა პოლიეთილენის სამულჩე მასალის გამოყენებით, Y წვეთოვანი სისტემა და ფერტიგაციის აპარატი, რომელიც მცენარეს უზრუნველყოფს წყლითა და საკვები ნივთიერებებით. ტრადიციული სისტემისგან განსხვავებით, აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს სარეველებისა და დაავადებების უკეთეს კონტროლს. ასევე საშუალებას იძლევა დავიცვათ მარწყვის ნაყოფები მიწით და ტალახით დაბინძურებისაგან.

აღნიშნული დარგვის სისტემის გამოყენებისას მცენარეები ირგვება ერთ ან უპირატესად ორ რიგად, (ზოგჯერ 4 რიგად) ერთ შემაღლებულ კვალზე.

შემაღლებული კვალის სასურველი ზომებია: სიმაღლე 20-30 სმ, სიგანე 35-50 სმ, კვლების შუაწერტილებს შორის დაშორება 1,1-1,3 მეტრი.

მცენარეების დარგვის რეკომენდებული სქემაა: ორმწკრივიანი სისტემის შემთხვევაში მცენარეებს შორის მანძილი შეადგენს 25-30 სმ-ს, ხოლო მწკრივებს შორის მანძილი – 15-20 სმ-ს. დარგვა ამ დროს ჭადრაკული წესით ხდება.

ერთმწკრივიან რიგში მცენარეებს შორის მანძილი შეადგენს 15-20 სმ-ს. საშუალოდ ერთ გრძივ მეტრზე ირგვება 5-7 მცენარე.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი