დარგებივეტერინარიამეცხოველეობა

მასტიტები, მკურნალობა და პროფილაქტიკა

 მასტიტის სარძევე ჯირკვლის ანთებაა, რომელიც ვითარდება ცურზე მექანიკური, თერმული, ქიმიური და ბიოლოგიური ფაქტორების ზეგავლენით. მიკროორგანიზმებიდან მასტიტებს ძირითადად იწვევს: სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, ეშერიხია და სალმონელები.

მასტიტები გვხვდება შემდეგი ფორმის:
1. სერიოზული მასტიტის; 
2. კატარალური მასტიტის; 
3. ფიბრინოზული მასტიტის; 
4. ჩირქოვანი მასტიტის; 
5. ჰემორაგიული მასტიტის; 
6. სპეციფიკური მასტიტის (თურქული, აქტინომიკოზი, ტუბერკულოზი).

 სერიოზული მასტიტი

სერიოზული მასტიტისათვის დამახასიათებელია ჰიპერემია, ცურის დაზიანებული ნაწილი მოცულობაში მომატებულია, ცხელი და შეხებისას მტკივნეული. პათოლოგიური პროცესი შეიძლება ლოკალიზირებული იქნას ცურის რომელიმე მეოთხედში ან მოიცვას მარჯვენა ან მარცხენა მხარე, იშვიათად მთლიანად. პროდუქტიულობა კლებულობს, დაავადების დასაწყისში რძე თითქმის არ იცვლება, მოგვიანებით იგი ხდება თხიერი ფიფქების მინარევით. ადგილობრივ რეაქციასთან ერთად შეიძლება განვითარდეს საერთო მოდუნება, მადის დაკარგვა და ორგანიზმის ტემპერატურის მომატება.

კატარალური მასტიტი

კატარალური მასტიტი ხასიათდება ჯირკვლოვანი ეპითელიის გადაგვარებით, ექსუდატის გამოყოფით და ლეიკოციტების ემიგრაციით. დაავადება ვლინდება ლაკტაციის პირველ კვირას და ძირითადად ლოკალიზდება ცურის რომელიმე მეოთხედში.

ცურის დაზიანებული მეოთხედიდან გამოიყოფა თხიერი რძე, რომელიც შეიცავს ფიფქებს ან შესქელებულ კაზეინს, რომლის გამოწველის შემდეგ შეიძლება წამოვიდეს ნორმალური რძე.

ცურზე ხელის მოკიდებით შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ ანთება. მხოლოდ მოგვიანებით (3-4 დღე) ხდება ცური ცომისებური. შედედებული რძე ახშობს რძის სადინარებს. ცისტერნებში რძის შედედებისას ცური გამოსცემს ჭრიჭინა ხმას. შედედებული რძის გამოდევნა მეტად გაძნელებულია. ცური უმტკივნეულოა. საერთო მდგომარეობა შეუცვლელია. რძის პროდუქტიულობა ფაქტიურად არ იცვლება. ალვეოლების კატარალური ანთებისას ყურადღებას იპყრობს რძის შეცვლა.

ფიფქები და შესქელებული რძე გამოიყოფა როგორც წველის დასაწყისში ასევე მის ბოლოს. ძლიერი დაზიანების დროს რძე ხდება წყლიანი და იშლება შრატად და ხაჭოსებურ მასად.
ცურის დაზიანებული მეოთხედი ან რომელიმე მხარე მოცულობაში მატულობს და წველის შემდეგაც არ უბრუნდება ნორმას. ხელით შეხებისას შეიგრძნება გამაგრებული უბნები. ცურის ფართო დაზიანებისას შეიმჩნევა ტემპერატურის მომატება და ტკივილი. რძე გამოწველილი ასეთი ცურიდან სინჯარაში იძლევა ლორწოვან – ჩირქოვან ნალექს, ცხიმი ღებულობს ჭუჭყიან ფერს. ცხოველის საერთო მდგომარეობა ნორმალურია, მხოლოდ ცურის დიდი ფართობის დაზიანებისას კლებულობს მადა და უმნიშვნელოდ იწევს ტემპერატურა.

ფიბრინოზული მასტიტი

ფიბრინოზული მასტიტი ვითარდება კატარალური მასტიტიდან ან დამოუკიდებლად სისხლის საშუალებით, ჩირქოვანი ენდომეტრიტების, ტრამვული ცერვიციტის და ჩირქოვანი პერიკარდიტის დროს. პათოლოგიური პროცესი გამოწვეულია სხვადასხვა მიკრობებით (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ეშერიხიები, პროტეუსი და სხვა).
ფიბრინოზული მასტიტის დროს მკვეთრად კლებულობს ან სრულად წყდება რძის გამოყოფა. დაავადების დასაწყისში რძე შეიძლება ნაკლებად იყოს შეცვლილი, მაგრამ 23 დღის შემდეგ ძნელად გამოიყოფა რამოდენიმე წვეთი შრატი ან ჩირქოვანი ექსედატი ფიბრინოზული მარცვლებით. ცურის დაზიანებული ნაწილი მკვეთრად მატულობს მოცულობაში, ხდება მკვრივი და მტკივნეული. ხელის შეხებისას ისმის დამახასიათებელი კრეპიტაცია. ცურის ზედა ლიმფური კვანძები გადიდებულია, ორგანიზმის ტემპერატურა მატულობს 40-41º- მდე.

ჩირქოვანი მასტიტი

ჩირქოვანი მასტიტი მიმდინარეობს სამი ფორმით:
1. ჩირქოვან – კატარალური; 2. ცურის აბსცესი 3. ცურის ფლეგმონა. ჩირქოვან-კატარალური მასტიტი.

ჩირქოვან კატარალური მასტიტი ვითარდება სარძევე ცისტერნების კატარალური ანთებიდან. ჩირქოვანი ანთების ძირითადი აღმძვრელები სტრეპტოკოკები და სტაფილოკოკები.

მწვავე ჩირქოვან – კატარალური ანთება იწვევს სრულ აგალაქტიას ან წველის მკვეთრად შემცირებას. ცურის დაზიანებული მეოთხედიდან რძე საერთოდ არ გამოიყოფა ან გამოდის წყლიანი, მარილიანი, მწარე, ფიფქების შემცველი შედედებული მასა, რომელსაც ზოგჯერ მოწითალო ფერი დაჰკრავს. ადგილობრივი ტემპერატურა მომატებულია, ცური შესიებულია, მტკივნეული და გაწითლებული. ცურის ზედა ლიმფური კვანძები გადიდებული, შეიმჩნევა საერთო მოდუნება, ტემპერატურა იწევს 41 º – მდე.
ჩირქოვან-კატარალური მასტიტის ქრონიკული ფორმა ვითარდება მწვავე ფორმიდან თანდათანობით 3-4 დღის განმავლობაში. მწვავე ანთება ნელდება, ადგილობრივი და საერთო ტემპერატურა კლებულობს, ცური უმტკივნეულო ხდება, რძე გამოიყოფა თხიერი და არასასიამოვნო გემოსი. რძე შეიცავს დიდი რაოდენობით ლორწოს და ღებულობს მოყვითალო ფერს. წველადობა ყოველდღიურად კლებულობს და საბოლოოდ ქრება. ნორმას უბრუნდება ცურის დაზიანებული ნაწილიც. ქსოვილები ხდება მკვრივი, პარენქიმის ატროფიისა და შემაერთებელი ქსოვილების ჩაზრდის გამო. ცურის აბსცესი. როდესაც ინფექცია ვრცელდება რძის სავალებში ან სისხლის გზით ცურში ვითარდება მრავალი ჩირქოვანი კვანძები, რომელიც მთლიანად გაფატულია ცურის დაზიანებულ ნაწილში ან ჯგუფდებიან მის რომელიმე უბანში. თავიდან შეინიშნება კაკლისოდენა შესიებები, რომლებიც ,,ადნობენ’’ ცურის პარენქიმას, ერთიანდებიან და წარმოქმნიან მნიშვნელოვანი სიდიდის აბსცესებს.(ცურის მკვდარი ჩირქიანი უბნები).
აბსცესის წარმოქმნისას ცურის დაზიანებული ნაწილი მოცულობაში მკვეთრად მატულობს, შესიებულია და მტკივნეული. ცურის კანი ჰიპერეგიულია, მატულობს ადგილობრივი ტემპერატურა. მატულობს აგრეთვე ორგანიზმის საერთო ტემპერატურაც, ცხოველი მოდუნებულია, მადა დაქვეითებული, აღინიშნება კოჭლობა. ცურის ფლეგმონა. ცურის ფლეგმონა ხასიათდება კანქვეშა და ინტერსტციალური ქსოვილების ჩირქოვან ან ჩირქოვან- ლპობითი ანთებით. ვითარდება ცურის სერიოზული ანთების, აბსცესის და მექანიკური დაზიანების საფუძველზე. ზოგჯერ ფლეგმონა ვითარდება როგორც სასქესო ორგანოების დაავადებების მეტასტაზები. ფლეგმონოზური ანთების მიმართ ცური უმეტესად მგრძნობიარეა მოგების წინ და მის შემდგომ.

ცურის ფლეგმონოზური კერა და მთელი მეოთხედი ან ნახევარი ძლიერ შეშუპებულია, ქსოვილები დაჭიმული და მტკივნეული. ადგილობრივი ტემპერატურა მომატებული. ცურის კონსისტენცია მკვრივი – ,,ქვისებურია’’. ცურის ზემოთ განლაგებული ლიმფური კვანძები გადიდებულია, ზოდჯერ მტკივნეულიც, ცხოველის მოძრაობა დაძაბულია ან იგი კოჭლობს. ვითარდება საერთო მოდუნება, ტემპერატურის მომატება, პულსის და სუნთქვის გახშირება. წველა მკვეთრად ქვეითდება, დაზიანებული მეოთხედიდან გამოყოფა მუქი ფერის სეკრეტი, დაავადების დასაწყისში რძის ხარისხი დამაკამაყოფილებელია, მხოლოდ მოგვიანებით რძე ხდება თხიერი ფიფქების მინარევით. მიკროსკოპის ქვეშ რძეში დიდი რაოდენობით ლეიკოციტებია.

 ჰემორაგული მასტიტი

ჰემორაგული მასტიტი ვითარდება ცურის კატარალური და სერიოზული ანთებიდან და ხასიათდება სისხლჩაქცევებით ქსოვილების სიღრმეში, ალვეოლების სანათურში და რძის სავალებში. პათოლოგიური პროცესი იწყება ხბოს მოგების დღიდან და მიმდინარეობს მწვავედ. ზიანდება ცურის ნახევარი ან მთლიანად. რძე წყლიანი ხდება, მოწითალო ან სისხლის ფერი, შეიცავს წვრილ ფიფქებს. ერთდროულად ხდება ცურის შეშუპება, ცური ჰიპერემიულია, მატულობს ადგილობრივი ტემპერატურა. ცური ძლიერ მტკივნეულია, ლიმფური კვანძები გადიდებული.

ჰემორაგიული მასტიტი მიმდინარეობს საერთო მოდუნებით, მადა ქვეითდება, ტემპერატურა იწევს 41º- მდე.

სპეციფიკური მასტიტი

სპეციფიკური მასტიტი ვითარდება პირუტყვის თურქულით, აქტინომიკოზით, ტუბერკულოზით და სხვა ინფექციით დაავადებისას.
დაავადების აღმძვრელებმა შეიძლება გამოიწვიოს კატარალური, ჰემორაგიული და ჩირქოვანი მასტიტები მათთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნებით და პათოლოგიური ცვლილებებით.

მასტიტების მკურნალობა და პროფილაქტიკა

დაავადებულ ცხოველებს უზღუდავენ წყლის და წვნიანი საკვების მიღებას. იყენებენ დასაწყისში ცივ, შემდგომ კი ცხელ წყლიან ან სპირტიან საფენებს, პარაფინს, თბილ შეფუთვებს, ულტრაბგერებს, თბურ ან ულტრაიისფერ დასხივებას. მასაჟს მსუბუქად გამაღიზიანებელი საცხების ან ლინიმენტების გამოყენებით. ძუძუს ცისტერნებში ღრმად შეყავთ ანტიბიოტიკების, ნიტროფურანის, სულფანილამიდური და ნიტროფურანის ჯგუფის პრეპარატის ხსნარები. უფრო ხშირად გამოიყენება აღნიშნული პრაპარატების რთული ნარევები (მასტისანი, მასტიციდი და სხვა). პრეპარატების აღნიშნული გზით შეყვანის დროს ის რძეში გადადის, ამიტომ მკურნალობიდან 3-5 დღის განმავლობაში რძის გამოყენება არ შეიძლება. სპეციფიკური მასტიტის შემთხვევაში ანტიბიოტიკების ცურში შეყვანა გარდაუვალია.

მასტიტებს თავიდან ავიცილებთ თუ დროულად აღვკვეთავთ სასქესო და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს; მკაცრი სანიტარიული კონტროლის ქვეშ ჩავატარებთ ცხოველების წველას; ცხოველებს შევუქმნით სათანადო მოვლა-შენახვის და კვების პირობებს.

 „ეკოლოგიურად უსაფრთხო მეცხოველეობის პროექტი“