აგრარული განათლებადარგებიმცენარეთა დაცვა

მავნებლების ინტეგრირებული მართვა (IPM System), რა სარგებელს აძლევს ფერმერს

 „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ“ 1970 წელს შეიმუშავა სისტემა, რომლის მიზანი, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების პარალელურად, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და გარემოსთვის მინიმალური ზიანის მიყენება იყო. ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდში დიდ ფართობებზე მონოკულტურული მეურნეობები გაშენდა. მსგავსი ტიპის მეურნეობებში მავნებელ – დაავადებების პრობლემები უფრო მწვავე იყო და გადაჭრის გზები ქიმიური პესტიციდების უკონტროლო გამოყენებაზე გავიდა.

მავნებლების ინტეგრირებული მართვა – IPM System (Integrate Pest Management System) – არის ეფექტური და ეკოლოგიურად გააზრებული მიდგომა მავნებლების მართვის დროს, რომელიც რამდენიმე მეთოდს აერთიანებს. IPM სისტემა ეყრდნობა ამომწურავ ინფორმაციას მავნებლების სასიცოცხლო ციკლის, გარემოზე ზიანის შეფასების და ურთიერთქმედების შესახებ. ეს ინფორმაცია, მავნებლების კონტროლის სხვადასხვაეტაპიან მეთოდებთან ერთად, გამოიყენება მეურნეობებში დაზიანებების სამართავად რაც შეიძლება ეკონომიური და გარემოზე ნაკლები ზემოქმედების გზით.

მარტივად რომ ვთქვათ, IPM სისტემით მოქმედება ფერმერს საშუალებას აძლევს ქიმიური მეურნეობებიდან ინტეგრირებულ მეურნეობაზე გადავიდეს და ამით შეამციროს გარემოზე პესტიციდების უარყოფითი ზეგავლენა.

შერეული მეურნეობების საკითხი თანდათან უფრო აქტუალური ხდება, რადგან იზრდება იმ ქიმიური პესტიციდების სია, რომელთა მეშვეობითაც მოყვანილ პროდუქტებს ევროკავშირის წევრი ქვეყნები აღარ შეისყიდიან და საბაჟო პუნქტებიდან უკან აბრუნებენ.

„ფაოს“ მიდგომა მასერტიფიცირებელი ორგანოების სტრატეგიაშიც აისახა და დღეს ფერმერების პროდუქტს ბიოსერტიფიკატთან ერთად, შესაძლოა მიენიჭოს, მაგალითად, „ნატურალის“ სერტიფიკატი, რომელიც პროდუქტში ბიოპესტიციდებთან და მექანიკურ კონტროლთან ერთად მცირე დოზით დაშვებული ქიმიური პესტიციდების გამოყენებასაც აღნიშნავს.

ფერმერის მიერ შერეული მეურნეობის მიმართულების არჩევა დადებითად აისახება პროდუქტის საბაზრო ღირებულებაზე. IPM სისტემა ხშირად ქიმიურიდან ორგანულ მეურნეობებამდე გარდამავალ პერიოდადაც მიიჩნევა.

როგორ მუშაობს მავნებლების ინტეგრირებული დაცვის სისტემა?

IPM ორ მთავარ მიმართულებას მოიცავს. პირველი, ეს არის მეურნეობებში მავნებლების დასაშვები დონე და არა სრული განადგურება. მეორე კი ამ დონის მართვის საშუალებები.

IPM პირამიდაზე პირველი საფეხური შესწავლასა და მონიტორინგს მოიცავს, მოსავლის აღების შემდგომ ნარჩენების სწორ მართვასთან ერთად.

შემდეგი საფეხური მექანიკური ღონისძიებებია. მაგალითისთვის, ჩვენს ქვეყანაში კარტოფილის კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მავნებელი კოლორადოს ხოჭოა, რომელიც ძლიერად აზიანებს მცენარის ფოთლებს, ყვავილსა და ნაყოფს. კოლორადოს ხოჭოს ხელით შეგროვება და ნაკვეთიდან გამოტანა მექანიკური ღონისძიებაა. ხაფანგებისა და წებოვანი ბადეების გამოყენება კონკრეტული მწერებისთვის ასევე მექანიკური ღონისძიებაა, რომელიც როგორც დახურულ ისე ღია გრუნტში აქტიურად გამოიყენება.

პირამიდის მესამე და მეოთხე  საფეხურზე ფერმერი ერევა გარემოში და გადადის მავნებლების ბიოლოგიურ კონტროლზე როგორც მეურნეობაში სასარგებლო მწერების შეყვანით ისე ორგანული მცენარეთა დაცვის საშუალებების შეტანით. ბიოლოგიური პესტიციდების ფუძე ორგანული, გარემოდან მიღებული ბაქტერიები და სოკოებია, შესაბამისად, მათი უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე მინიმალურია. თუმცა, მნიშნველოვანია ვიცოდეთ, რომ  პესტიციდები, რომლებსაც გამოვიყენებთ დაშვებული უნდა იყოს ორგანულ მეურნეობებში და მინიჭებული ჰქონდეს შესაბამისი სერტიფიკატი.

და ბოლოს, თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საფეხური არაეფექტურია მავნებლების კონტროლისთვის, მეურნეობაში შეგვაქვს კონკრეტული სახის და სწორი დოზირებით ქიმიური პესტიციდები. ბოლო საფეხური ყველაზე ნაკლებად სასურველია, რადგან, როგორც პირამიდაზე ვხედავთ, ყველაზე მწვავეა მისი გარემოზე ზემოქმედება, ამიტომ, IPM სისტემაში სხვა დაცვის მექანიზმებთან შედარებით, ყველაზე მცირე ადგილი უჭირავს.

რა როლი აქვს IPM-ს მდგრად სოფლის მეურნეობასთან?
  • იყენებს მავნებლების მდგრადი კონტოლის მექანიზმებს;
  • ამცირებს პესტიციდურ ნარჩენებს გარემოში;
  • აძლიერებს ეკოსისტემას და ინარჩუნებს ეკოსისტემის ბალანსს;
  • ზრდის ფერმერის შემოსავლის დონეს;
  • აფართოებს ფერმერთა ცოდნას.

2