მეღვინეობისა და მშრალი სუბტროპიკული მეხილეობის ქვესარტყელი (შირაქ-გარეჯ-ელდარის მხარე)
მევენახეობის ეს რაიონი, რომელიც უფრო პერსპექტივაშია და ამჟამად კი წარმოადგენს მესაქონლეობა-მემინდვრეობის რაიონს, განლაგებულია აღმოსავლეთ საქართველოს ყველაზე აღმოსავლეთ ნაწილში, უჭირავს შირაქ-გარეჯის მაღლობი.
შირაქ-გარეჯის მაღლობი რამდენიმე ადმინისტრაციულ რაიონში შედის. ეს რაიონებია: წითელწყაროს რაიონი, სიღნაღის რაიონი, კაჭრეთის რაიონის ვაკე, საგარეჯოს რაიონის მთელი აღმოსავლეთი ნაწილი. ძველი, ეთნოგრაფიული დაყოფის მიხედვით ეს იქნება: სამგორის ველის ქვედა ნაწილი, გარეჯის უდაბნო, უკანამხარე და შირაქ-ელდარი. ჩვენი ტიპიური ველების ეს ნაწილი ჩრდილო-დასავლეთიდან დახრილია სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ მდინარე ალაზნისა და ივრის დინების მიმართულებით.
შირაქ-გარეჯის მხარე პატარ-პატარა ქედებითა და გორაკებით არის დასერილი. ამ მწვერვალებისა და ქედების საშუალო სიმაღლე 700-750 მ-ია, ზოგი მწვერვალი კი 900-1000 მ სიმაღლისაა. ვაკის დეპრესიის შედეგად ჩამომზღვეული სამხრეთ-დასავლეთის კედლიდან, ე.წ. `ალესილების~ ჩრდილო-აღმოსავლეთი და ფერდობები თანდათანობით ეშვებიან პანტიშარის, ვაშლოვანის, ლეკისწყლისა და ბუღათ მოედნისაკენ, სადაც ცენტრალურ ნაწილში ქმნიან აკუმულაციის არეს. აქ გადის შირაქის დეპრესიის მეორე ზოლი და შედარებით დაბალ ალექსილებს ქმნის, რომლის ზემო პირიდან იწყება ტალღისებრი ველი და რომელსაც დაქანება კასრისწყლისაკენ აქვს.
ასეთივე რბილტალღოვან-გორაკიანია გარეჯის უდაბნოც. ამ მხარის სიმაღლე 350-900 მ შორის მერყეობს. დასავლეთით მას ესაზღვრება გარდაბნისა და ქვემო სამგორის ველი.
ისე როგორც შირაქი და ელდარი, უკანა მხარე და გარეჯის უდაბნოც უწყლო მხარეებია, ივლის-აგვისტოში მართლაც უდაბნოს წარმოადგენენ. ქედის ძირებში, ღრმა ხევებში თითოოროლა ძუნწად მოწანწკარე წყარო, რასაკვირველია, სურათს ვერ შეცვლის, ხევები წვიმის შემდეგ თუ ახმაურდებიან, მაგრამ ალაზან-ივრამდე ყველა ვერ აღწევს, ბევრი მათგანი იკარგება გამონატანის კონუსში. მესამეულის ქვიშაქვები, თიხები და კონგლომერატები, რომელთაგანაცაა აგებული ეს მხარე, ადვილად იშლებიან, ისინი ხევების წყალს ვაკე ადგილებზე გამოაქვს და უზარმაზარ კონუსებსა ქმნიან. კონუსის აგებულება და განსაკუთრებით მისი ნიადაგები კატეგორიულად განსხვავდება ძირითადი ვაკის ნიადაგისაგან. ამ მოვლენას ხშირად საკმაოდ დიდი კორექტივები შეაქვს მხარის მცენარეულობასა და ფლორისტულ გეოგრაფიაში. ხშირია, როდესაც ყარღანიანებში, ხურხუმოიანებში და სხვა ნახევარუდაბნოს ფორმაციებში თავის იჩენს ხოლმე არა მარტო ნათელი ტყის ელემენტი (კევის ხე ან ქართული ნეკერჩხალი), არამედ ჭალის ტყის წარმომადგენელიც კი (პანტა, კვრინჩხი).
აღწერილი მხარის ნიადაგის საფარი მრავალფეროვანია, მაგრამ ამ მხარისათვის ყველაზე დამახასიათებელია შავმიწა ნიადაგები, რომელთა შორის უფრო ჩვეულებრივია: ღრმა შავმიწანიადაგები, თხელფენიანი კარბონატული ნიადაგები, საშუალო სიღრმის მცირე ჰუმუსიანი ნიადაგები და სხვ. ღრმაფენიანი ნიადაგების ჰუმუსიანი ფენა ხშირად 80-100 სმ უდრის. ამ ნიადაგთა შორის შეიძლება აღინიშნოს მომლაშო და მლაშობი შავმიწა ნიადაგები.
გარე კახეთის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში ჩვეულებრივია წაბლა ნიადაგები. ბადიაურის დაბლობზე მლაშობებისა და მლაშნარების დიდი მასივია. ასეთი მასივები გვხვდება აგრეთვე შირაქში, უკანამხარეში და სხვაგან, ხოლო უფრო ტიპიური და დიდმასივიანი მლაშნარები ელდარის ველზეა. მაგრამ ეს მლაშნარები და მლაშობები არაა იმ კატეგორიის ნიადაგები, რომელთა გამოყენება არ შეიძლებოდეს ცოტა თუ ბევრი მელიორაციული ღონისძიებების ჩატარების შემდეგ.
კლიმატის მიხედვით ეს მხარე ველის კლიმატის მხარეა, კონტინენტალური, მაგრამ ჩრდილოეთის ველებთან შედარებით ზამთარი აქ უფრო თბილი და ნაკლებყინვიანია.
“…საგარეჯოს ქვეით, უტყეო, მცირეთაგან კიდე, ჩალიანბალახიანი, ლერწმოვანი, უმდინარო, თვინიერ იორის მდინარისა, და მცირე წყარონი. ხოლო ჰავითა არიან მშვენნი, ზამთარ თბილი, ზაფხულ ცხელი და რაა ეგდენ, მცირე თოვლიანი, უყინულო, უყივნო, ვინათგან ვეროდეს განჰყინავს მდინარეთა, და არცა დაადგრების თოვლი დღე სამ, და უქარო, არამედ ალაზნისა და იორის კიდენი და მისი ქვემოთნი ფრიად ხაშმიანნი, ცხელი და გაუძლისნი“).
ფიგუროვსკი (197), შატსკი (202) და სხვები ამ მხარის კლიმატს აკუთვნებენ ველების კლიმატს კონტინენტალური კლიმატით: ზომიერი თბილი ზამთარი, ცხელი და მშრალი ზაფხულით. ამ ზონის ნალექების წლიური საშუალო მერყეობს 350 მმ-დან 520 მმ-მდე. წითელწყარო, რომელიც გულიშირაქის ნაპირას 820 მ სიმაღლეზე მდებარეობს, 540 მმ ნალექს იღებს, გულიშირაქი კი, როგორც ჩანს, ამაზე გაცილებით ნაკლებს, რადგან ქედების თავისებური განწყობის გამო წვიმა გულიშირაქის ჩრდილოეთით და დასავლეთით მდებარე მწვერვალებისაკენ მოდის, მაშინ როდესაც გულიშირაქის მინდვრები ერთ წვეთსაც არ იღებენ. წვიმები ჩვეულებრივ თქეშისებრია, წყალი უცბად გადირბენს ნიადაგის ზედაპირზე და მიექანება ხევებისაკენ. ზამთარი თითქმის უთოვლოა. ის 540 მმ ნალექი, რომელიც ამ ველების არეში ჩამოდის, წელიწადის დროის მიხედვით ასეა განაწილებული:
ზამთარში (დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) 45 მმ;
გაზაფხულზე (მარტი, აპრილი, მაისი) 195 მმ;
ზაფხულში (ივნისი, ივლისი, აგვისტო) 170 მმ;
შემოდგომაზე (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი) 130 მმ სულ 540 მმ.
ზამთრიდან ნიადაგში წყალი გაჟონილი არ არის, გაზაფხულზაფხულის თქეშისებრი წვიმებიც ნიადაგის გაჟღენთას ვერ ახერხებს, და ამას ზედ ერთვის ის სიცხეც, რომელიც ზაფხულში აქ იცის, მაგალითად, ჩვენს ველებში ივნისში საშუალო ტემპერატურა 29,20-ს უდრის, ხოლო ივლისში 25,40-ს. ესეც, რასაკვირველია, ხელს უწყობს იმ მცირეოდენი ჩანაჟონი წყლის აორთქლებას, რომელსაც აქაური ნიადაგები იღებენ. ამისვე ბრალია აგრეთვე ისიც, რომ ამ მხარეში წყაროები მეტად იშვიათია.
მართალია, ველების კლიმატი საკმაოდ კონტინენტალურია, მაგრამ, რადგან ზამთარი შირაქ-ელდარში, განსაკუთრებით მყუდრო ქარისაგან დაფარულ ნაწილებში, თბილია და გასაძლისი. აქ ველურად, ნათელი ტყის ფარგლებში, კარგად ხეირობს და ისხამს ბროწეული და ლეღვი, ხოლო ველების ფარგლებში გვხვდება გარეული ვაზიც და გაგარეულებულიც. ეს მეტად ღირსშესანიშნავი ფაქტია.
მცენარეული საფარი ველისაა, მაგრამ საკმაოდ მრავალფეროვანი. აქ გვხვდება როგორც მეორადი წარმოშობის ველები, ტყის უკან დახევის შედეგად წარმოქმნილი (უკანამხარი, კაჭრეთის ვაკის ნაწილი და სხვ.), ისე პირველადი ველებიც, აგრეთვე ნათელი ტყეები, ჭალის ტყეები, მლაშობები და მლაშნარები, პირველადი ძეძვიანები, მეორადი ძეძვიანები და სხვ.
ტყის უკან დახევის შედეგად წარმოქმნილ ფორმაციებს ეკუთვნის ჯაგ-ეკლიანი ველი _ ძეძვიანი, მუხნარ-რცხილნარის ხარჯზე განვითარებული (უკანამხარი, საგარეჯოს წინა მხარე და სხვ.), ძეძვიანები _ ნათელი ტყეების ხარჯზე წარმოქმნილი და აგრეთვე ფართოდ გავრცელებული უროიანი ველების მრავალნაირი ვარიანტი.
პირველადი ველები უმთავრესად ზეგნებზეა გავრცელებული, შავმიწა და წაბლა ნიადაგებზე.
ვაციწვერიანი და ნაირბალახოვანი ველები უფრო ტიპიური და ჩვეულებრივია პირველადი ველებისათვის, იქ, სადაც შავმიწა და შავმიწამინაგვარი ნიადაგებია გავრცელებული, ზეგნებზე ან ნაკლებდაქანებულ ფერდობზე. ტიპიური ვაციწვერიანი ველი გავრცელებულია მუქ შავმიწა ნიადაგებზე, რომელთაც დამახასიათებელი სტრუქტურა აქვთ და ჰუმუსითაც მდიდარნი არიან. ამ ცენოზის მთავარი შემქმნელი მცენარეა ვაციწვერა.
მეორე ტიპის ვაციწვერიანი ველი გავრცელებულია ნაკლებად ძლიერ კარბონატულ შავმიწა ნიადაგებზე. ამ ცენოზის მთავარი შემქმნელია Stipa Joannis Cel. და მისი თანამყოლი Stipa Lessingiana Trin. ეს ტიპი უფრო ქსეროფიტულია, რის გამოც როგორც სათიბ-საძოვარი დაბალხარისხოვანია.
ნიადაგობრივი თუ სხვა პირობების ცვალებადობის შედეგად ხშირად ვაციწვერა უკან იხევს და წინ წამოიწევიან ხოლმე ორლებნიანები, რის შედეგადაც ვიღებთ ნაირბალახოვან ველს.
მლაშობებისა და მლაშნარების მცენარეულობა აქ ჩვეულებრივია როგორც ზეგანზე, ისე, მით უმეტეს, დადაბლებულ ადგილებზე (მილარზე, ელდარზე და სხვ.).
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს აბზინდიანი ნახევარუდაბნო, რომელიც შექმნილია ველის აბზინდისაგან ((Artemisia Meyeriana Bess.) და რომელიც საძოვრად საკმაოდ მაღალია. კარგი ხარისხისად ითვლება, რადგანაც აქ გვიან შემოდგომაზე, როცა ცხვარი ჩამოდის, და ადრე გაზაფხულზე, როდესაც ცხვარს საძოვარი უჭირს, ეფემერები (Poa bulbasa L. v. vivipara C. Roen., Bromus japonicus Thunb.) და სხვა მარცვლოვანები უხვად ვითარდებიან და საკმაო ნაზსა და ნოყიერ საკვებს იძლევიან. ეს დაჯგუფება მრავალნაირ ვარიანტს იძლევა, ეს კი დამოკიდებულია ნიადაგში მარილიანობის კლებასა და მატებაზე. პირველ შემთხვევაში ჩვეულებრივია ვარიანტები უროსთან, მეორე შემთხვევაში _ ხურხუმოსთან და Salsola-თან.
ფრიად საინტერესო და თავისებური ცენოზებია შირაქის ნათელი ტყეები, რომლებიც ძალიან კარგადაა გამოსახული ვაშლოვანში, პანტიშარაზე, ლეკისწყალზე, ბუღათ მოედანზე და სხვაგან. ახლო წარსულში მათ უფრო დიდი ფართობი ეჭირათ, მაგრამ თანდათან მოისპო და ამჟამად პირველადი იერის მქონე ნათელი ტყე იშვიათია. განსაკუთრებით კარგადაა ნათელი ტყეები შემონახული ვაშლოვანში.
აკუმულაციის აუზი, ე.ი. მთავარი და დიდი ნაწილი ვაშლოვანისა, დაფარულია კევის ხით (Pistacia mutica F. et M.). ხეები ურთიერთისაგან დაცილებულია 10-15 მეტრით და მათი უზარმაზარი ბურთივით მრგვალი ვარჯები თავისებურ იერს აძლევენ მთელ ამ მხარეს.
ეროზიის გავლენის ქვეშ მყოფი ფერდობი ხემაგვარი ღვიებითაა დაფარული. მაშასადამე, იქ, სადაც აკუმულაციის პროცესის შედეგად გროვდება აკუმულაციის პროდუქტი, დასახელებულია კევის ხე, ფერდობებზე _ ღვია, ალესილების დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით კი, სადაც ხევებს ეროზიის პროდუქტი გააქვს და კონუსებს ქმნის, კვლავ კევის ხეა დასახლებული, მაგრამ მრავალი თანამყოლი, რომელნიც ვაშლოვანში ტიპიურია უკვე აკლია.
კევის ხის გავრცელების არეში სხვა მაღალმოზარდი ხეები აღარ გვხვდება. ჩვეულებრივია ქსეროფიტული ბუჩქები.
თელნარები უმთავრესად ალესილების ძირშია გავრცელებული, იქ სადაც წყაროები გამოდის, ან სინესტე ჟონავს. თელნარები ალესილების ვიწრო ხევებში ვიწრო ზოლებსა ქმნი ან. ამ თელნარების თანამყოლია ლეღვიც, რომელიც კვლავ ალესილების ძირს გაჰყვება და ხშირად საკმაოდ დიდ ხეებად იზრდება.
აკაკი (Celtis caucasica W.) გვხვდება მთის მწვერვალებისკენ და, როგორც ჩანს, უფრო ფართოდ იყო გავრცელებული, მაგრამ გამუდმებულმა ძოვებამ მას ბოლო მოუღო.
ბროწეული და ლეღვი ჩვეულებრივია გვერდით ხევებში ლეკისწყალზე, პანტიშარაზე, შავ ხევზე და სხვაგან, სადაც საკმაოდ დიდსა და მშვენიერ რაყებსა ქმნიან.
ბერყენები კი კევის ხის ტყეში ბროწეულიანებში ჩვეულებრივია.
ზემომოყვანილი მოკლე მიმოხილვა სავსებით ადასტურებს იმას, რომ ეს რაიონი პოტენციაში მეხილეობის და განსაკუთრებით მშრალი სუბტროპიკული მეხილეობისა და მევენახეობა-მეღვინეობის რაიონია, სადაც ფრიად კარგად მოვა, განსაკუთრებით კი ნათელი ტყეების გავრცელების არეში, ლეღვი, ბროწეული, ფსტა (Pistacia vera L.), უნაბი (Ziziphus jujuba Mill), ფშატი (Elaeagnus hortensis M.B.), გარგარი, ყაისი, ჭერამი (Armeniaca-ს მრავალი სახეობა და ჯიში), ატამი მრავალნაირი, ნუში მრავალნაირი (Amugalus სახეობანი), ხურმა ((Diospyros _ სახეობანი), თუთა (სანაყოფე და საფურცლე ჯიშები), ყურძენი მრავალნაირი, ვაშლი, მსხალი და სხვა მრავალი. ამ ხილეულისათვის შესანიშნავია, როგორც აღვნიშნეთ, ნათელი ტყის არე და ელდარის ველი იორისაკენ დაქანებული, რომელიც საქართველოს სხვა კუთხეთა შორის უმჯობესია ნესვ-საზამთროს მოსაყვანად (ივლისსა და აგვისტოში მაღალი ტემპერატურის გამო), მაგრამ ამავე დროს თვით ზეგანის მთებით შემოფარგლული ფართობები მრავალ და კარგ ხილს მოგვცემს. კასრისწყალზე ბოტანიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა ცდებმა ეს საკმაოდ კარგად დაადასტურა. ნუში, ატამი, გარგარი და სხვ.
ურწყვადაც კი უკვე 6-7 წელია ძალიან კარგად გრძნობენ თავს. თუ ამ მხარის ის ნაწილი, რომელიც მდებარეობს 250-500 მ სიმაღლეთა შორის (ელდარი, პანტიშარა, ლეკისწყალი) საქიშმიშე მევენახეობისათვის და გარგარყაისის და ლეღვ-ბროწეულისათვის საუკეთესოა, სამაგიეროდ ფართობები, რომელნიც 500-700 მ შორის მდებარეობს, საუკეთესოა საღვინე მევენახეობისათვის და იმ კულტურებისათვის, რომლებიც ამ კულტურას თან სდევს ქართლის შუა ნაწილში ან მანავ-საგარეჯოს ზონაში. ამის საუკეთესო დამადასტურებელია სოფ. ქედის შესანიშნავი ვენახები ზილიჩის მიდამოებში. არც მევენახეობა და არც მეხილეობა ამ მხარისათვის ახალი ხილი არ უნდა იყოს. წინათ ეს მხარე მჭიდროდ უნდა ყოფილიყო დასახლებული. ჩვენი ისტორიის ჟამთა სიავემ ბევრი სოფელი და დაბა მოსპო დედამიწის ზედაპირიდან (შაჰ-აბასის შემოსევანი). ამ მხარეში გავრცელებული ველური ბროწეულის გვერდით რომ მსხვილნაყოფიანი ეგზემპლარები იზრდებიან, შეიძლება სწორედ ამ წარსულის კულტურის ნაშთი იყოს.
„ხოლო მტკვრისა და ალაზნის შესართავს ზეით, ჩრდილოთკენ, მოერთვის ალაზანს მცირე-ალაზანი ანუ იორი, და ამათ შესართავს შორის არის ჰერეთი, რომელი აღაშენა ჰეროს, ქალაქი თვისის სახელისა, და ამის გამო ისახელა ქვეყანაცა ესე, და აწ უწოდებენ ამას ადგილსა ხორანთას. და იყო ქალაქი და ციხე ყრუდმდე და ბერქამდე. შემდგომად მოოხრდა და აწცა ოხერ არს“.
ზემოჩამოთვლილ მცენარეთა მეშვეობით საწარმოო ბაღ-ვენახების გაშენება შეიძლება მორწყვის შედეგად. 4-5 წელიწადში მშრალი სუბტროპიკების ბაღი და ვენახი, ნესვსაზამთროსა და სხვა ძვირფასი ბოსტნეულის ნათესი მთლიანად აანაზღაურებს გაწეულ ხარჯებს.
„საქართველოს აპელოგრაფია“
ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი, დიმიტრი ტაბიძე