მეკამეჩეობა საქარველოში
კამეჩს ჩვენში ოდითგანვე აშენებდნენ. პირველი წერილობითი ცნობები ჩვენში შინაური კამეჩის არსებობაზე ეკუთვნის ბერძენ გეოგრაფს, მოგზაურს და ფილოსოფოსს სტრაბონს (ძვ.წ.აღ. 63/64 – ახ.წ.აღ. 2324), რომელიც წერს “ალბანიიდან იბერიაში მიმავალი გზა უწყლო და უსწორმასწორო კამბეჩიანზე ძევს” (ივ. ჯავახიშვილის მიხედვით).
ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით XVIII საუკუნის დასაწყისში კამეჩი გავრცელებული ყოფილა ქიზიყში, ქართლში, თიანეთში, დუშეთში, დიდოეთში, აფხაზეთსა და იმერეთში.
ზ. ვერდიევის და სხვ. ცნობით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჩვ. წ. აღ- მდე პირველ ათასწლეულში ჰყოლიათ ინდური ნილი-რავი ჯიშის მსგავსი კამეჩი.
სახალხო და რელიგიურ დღესასწაულებში კამეჩის მონაწილეობის დიდი ტრადიცია არსებობდა და დღემდე შემორჩენილია ჩვენში. ამის ერთ-ერთი მაგალითია ყოველწლიურად შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე თბილისის ქუჩებში ხარკამეჩშებმული ურმების გამოყვანა.
ამ სახეობის ცხოველთა რიცხოვნობაზე პირველი ოფიციალური მონაცემები გამოქვეყნებულია რუსეთის საიმპერიო საზოგადოების კავკასიის განყოფილების მოამბეში 1914 წელს კ.კელერის მიერ. ამ მასალების თანახმად 1903 წელს საქართველოში ჰყოლიათ 151,9 ათასი, ხოლო 1913 წელს- 151,6 ათასი სული კამეჩი. აქვე აღნიშნულია, რომ კამეჩი გამოიყენებოდა როგორც რძის და ხორცის მისაღებად, ასევე სხვადასხვა სამუშაოების შესასრულებლად.
პ.გუგუშვილის (1968) მონაცემებით 1934 წელს საქართველოში აღრიცხული იყო 156,3 ათასი სული კამეჩი, რაც ძროხეულის საერთო სულადობის 10,2%-ს შეადგენდა. ვ.ბაზაძე (1957) აღნიშნავს, რომ 1949 წელს კამეჩის ხვედრითი წილი ძროხეულის საერთო სულადობაში იყო 8%, ხოლო ზოგიერთ რაიონში 25-30%-ს აღწევდა.
ჟურნალისტ მიხა შილდელის ცნობით XX საუკუნის 30- იან წლებში ალაზნის პირას მდებარე სოფლებში: აღდგომა, ტურისციხე, ზეგაანი, ფშაანი და სხვ, მრავლად ყავდათ კამეჩები. საერთოდ კი, აგრძელებს ავტორი, ალაზნის ველის მიდამოები “კამეჩებით სავსე იყო” და აქვე იგონებს ერთ მნიშვნელოვან ფაქტს, “ჩვენ პატარა ბიჭები ზურგზე შევასხდებოდით კამეჩებს და ალაზანს გაღმა გადავდიოდით, უფრო მოზრდილები კუდში ჩაავლებდნენ ხელს და ცურვით მისდევდნენ”.
დასავლეთ საქართველოში, მდინარე რიონის პირას მდებარე სოფლების, ჭალადიდის, საგვიჩიოს და საჭოჭუოს მიდამოებში არაერთი მსგავსი ფაქტის მოწმე და მონაწილე ყოფილა წინამდებარე ნაშრომის ერთ-ერთი ავტორი. და საერთოდ, გასული საუკუნის 60- იან წლებში კოლხეთის დაბლობის შავიზღვისპირა რაიონების საზოგადოებრივ და კერძო (გლეხებისა და მუშა-მოსამსახურეების პირად დამხმარე) მეურნეობებში კამეჩი მრავლად ჰყავდათ.
ეს ცნობები გასული საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოს ბევრ რაიონში ამ სახეობის ცხოველის სიმრავლის დასტურთან ერთად მიგვითითებს ქართული კამეჩის თვინიერ ნირზეც.
ლ. სააკოვას მონაცემებით XX საუკუნის 50- იანი წლების ბოლოსათვის ძროხეულის საერთო სულადობაში კამეჩის ხვედრითი წილი საშუალოდ 6% იყო, ზოგიერთ რაიონში კი 20-26%- მდე აღწევდა. აღნიშნულია, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სოფლების ზემო მაჩხაანისა და ჯაფარიძის (დღ. სამრეკლო) კოლმეურნეობებს ჰყავდათ 1066 და 583 სული კამეჩი (მ.შ. 279 და 157 ფურკამეჩი), შესაბამისად. საქართველოს ტერიტორიაზე კამეჩის გაადგილებაზე წარმოდგენას იძლევა ამავე ავტორის მიერ 1958 წელს შედგენილი რუკა.
1960 წლის აღწერის მონაცემებით კამეჩის სულადობამ რესპუბლიკის ყველა კატეგორიის მეურნეობაში შეადგინა 90 ათასი სული, რაც ძროხეულის საერთო რაოდენობის 6,05% იყო.
ს. კილაძის მონაცემებით 1975 წელს ზუგდიდის რაიონის სოფ. ანაკლიაში ფუნქციონირებდა ყოფილ სსრკ-ში ერთადერთი მერძევეობა-მეკამეჩეობის სპეციალიზირებული საბჭოთა მეურნეობა, სადაც ჰყავდათ 1230 სული კამეჩი.
კამეჩის სხვადასხავ სქესობრივ-ასაკობრივი ჯგუფების რიცხვნობაზე და სხვადასხვა ტიპის მეურნეობებში მათ განთავსებაზე 1980 წელს ჩატარებული სასოფლო-სამეურნეო ცხოველების აღწერის მონაცემები მოტანილია მე- 10 ცხრილში. მასალების ანალიზი გვიჩვენებს, რომ კამეჩის საერთო რაოდენობამ ქვეყანაში შეადგინა 47,3 ათასი სული, რომლის 2/3-ზე მეტი (76,53%) ჰყავდათ კერძო (მოსახლეობის პირად დამხმარე) მეურნეობებში, სულადობის სტრუქტურა კი ასეთი იყო: კურო 1,6%, ფურკამეჩი- 43,3%, 1 და 2 წელზე უხნესი ფურზაქები- 16,91%.
ქვეყნის მასშტაბით ფურკამეჩების მაღალი ხვედრითი წილი სულადობის ზრდის საკმაოდ კარგ შესაძლებლობებს იძლეოდა. მიუხედავად ამისა, მეძროხეობის დარგში ფურის საშუალო მონაწველის სტატისტიკური მაჩვენებლის “გაუმჯობესების” მიზნით საზოგადოებრივ სექტორში სულადობის შემცირების ტენდენცია კვლავ გაგრძელდა. შედეგად, 1990 წელს ქვეყანაში აღრიცხულია 40 ათასი სული კამეჩი, რომლის 80%- ზე მეტი ჰყავდათ კერძო მეურნეობებში.
საყურადღებოა, რომ გასული საუკუნის 90- იაან წლებამდე ჩვენში ფუნქციონირებდა კავკასიური კამეჩის ქართული ჯილაგის ორი სანაშენე ფერმა სოფ. ჯაფარიძეში (დედოფლისწყაროს რაიონი) და სოფ. ყულევში (ხობის რაიონი), სადაც ჰყავდათ მაღალი პროდუქტიული და სანაშენე ღირსებების მქონე სულადობა.
ასე, მაგალითად, ი. ქიტოშვილის (1983) მონაცემებით სოფ. ჯაფარიძის კოლმეურნეობის სანაშენე ფერმაში სულ ჰყავდათ 369 სული კამეჩი, მათ შორის ფურკამეჩი იყო 110 სული, ანუ საერთო სულადობის 29,8%.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2004 წელს ჩატარებული სასოფლო-სამეურნეო აღწერის მასალების თანახმად კამეჩის საერთო სულადობამ ქვეყანაში შეადგინა 29541 სული, რომელთაგან ფურკამეჩი იყო 17358 სული, ანუ 58,8%. შესაბამისად, ძროხეულის საერთო სულადობაში კამეჩის ხვედრითი წილი იყო 2,5%; ამავე მონცემებით კამეჩი ჰყავდათ 15401 კერძი (პირად დამხმარე) მეურნეობაში. აქედან თითქმის ნახევარს ჰყავდა 1 სული კამეჩი, ხოლო ამ სახეობის ცხოველების მაქსიმალური რაოდენობა- 49 სულამდე აღრიცხულია მხოლოდ ერთ ოჯახში.
რაიონების მიხედვით ძროხეულის საერთო სულადობაში კამეჩის ხვედრითი წილის შესახებ 2004 წლის სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა აღწერის მონაცემები გადატანილია რუკაზე და ნაჩვენებია მე- 8 ნახატზე.
როგორც ჩანს, კამეჩს აშენებენ ქვეყნის ყველა რეგიონში, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკისა და მხარეების მიხედვით სულადობამ შეადგინა:
• აჭარის ა.რ. – 1402 სული, მ.შ. ფურკამეჩი 847;
• გურიის მხარე – 1184 სული, მ.შ. ფურკამეჩი 698;
• იმერეთის მხარე – 1148 სული, მ.შ. ფურკამეჩი 569;
• კახეთის მხარე – 2589 სული, მ.შ. ფურკამეჩი 1491;
• მცხეთა-მთიანეთის მხარე – 802 სული, მ.შ. ფურკამეჩი 505;
• რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთის მხარე – 99 სული, მ.შ. ფურკამეჩი 58;
• სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე – 16779 სული, მ.შ. ფურკამეჩი 10525;
• სამცხე-ჯავახეთის მხარე – 568 სული, მ.შ. ფურკამეჩი 245;
• ქვემო ქართლის მხარე – 3458 სული, მ.შ. ფურკამეჩი 1602;
• შიდა ქართლის მხარე – 1512 სული, მ.შ. ფურკამეჩი 800.
უნდა აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში კამეჩის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი რაოდენობის სულადობა გვხვდება იმ სოფლებში, სადაც მათი მოშენებისათვის ჯერ კიდევ არის ხელშემწყობი ეკოლოგიური პირობები, საძოვრების შედარებით დიდი ფართობი და წყალსატევები. მაგალითად, ძროხეულის საერთო სულადობაში კამეჩის ხვედრითი წილი მაღალია ყვარლის რაიონის ს. გავაზში, თელავის რაიონის სოფ. ფშაველში, გურჯაანის რაიონის სოფ. ქოდოლში, გორის რაიონის სოფ. ხელთუბანში, კასპის რაიონის სოფ. მეტეხში და სხვ.
ძროხეულის საერთო სულადობაში კამეჩის ხვედრითი წილი ტრადიციულად საკმაოდ მაღალია დასავლეთ საქართველოს ბარში, განსაკუთრებით კი ხობის, ზუგდიდის და სენაკის რაიონებში. იმავდროულად, ბოლო 40 წლის მანძილზე კამეჩის საეთო რაოდენობა და მისი ხვედრითი წილი ძროხეულის საერთო სულადობაში მკვეთრად შემცირდა კახეთის მხარის თელავის, ყვარლის და ლაგოდეხის რაიონებში, აგრეთვე დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში, ანუ ისეთ ტრადიციულ რაიონებში, რომლებსაც “…კამბეჩთა სიმრავლისა გამო”…”კამბეჩოვანს” უწოდებდნენ.
„მეკამეჩეობა“
გ. გოგოლი, გ. ხატიაშვილი, გ. მაჭარაშვილი, ლ. ტაბატაძე