მეფუტკრის ინვენტარი

 იმისათვის, რომ დავიწყოთ მეფუტკრეობა და  თანამედროვე სტანდარტების თაფლის წარმოება შევძლოთ, სხვადასხვა სახის ინვენტარი დაგვჭირდება.
 გთავაზობთ მეფუტკრის ზოგიერთ ინვენტარს და მათ მოკლე აღწერილობას

სკა _ პირველ რიგში ჩვენს გარემოზე მორგებული სკის ტიპის შერჩევა უნდა დავიწყოთ (არსებობს დადანის სკის 10 ან 12-ჩარჩოიანი, დადანის წოლელა, რუტის მრავალკორპუსიანი სკის ტიპები და ასე შემდეგ). სკას აუცილებლად უნდა ჰქონდეს კარგი სავენტილაციო პირობები, რომ არ მოხდეს სკაში კონდენსატის და ტენის დაგროვება, ასევე, სასურველია, სკა თუ იქნება შეღებილი ბუნებრივი საღებავით ან პარაფინში მოხარშული, რადგან ქიმიური საღებავით, შესაძლოა  თაფლის დაბინძურდეს.

  სკის სადგამი _ აუცილებელია სკის სადგამი, მასზე განთავსებული სკა მიწის ზედაპირიდან უნდა იყოს დაშორებული 30-40სმ. სიმაღლეზე, სკის მიწაზე განთავსება დაუშვებელია, რადგან, შესაძლოა ამან სკაში მაღალი ტენიანობის დაგროვება გამოიწვიოს. ტენი კი ფუტკარზე ცუდ გავლენას ახდენს და დაავადებების გამომწვევი მიზეზი ხდება.

დანესტვრის ასაცილებელი ინვენტარი.  მეფუტკრისთვის ფუტკრის ოჯახების დათვალიერების დროს სპეცტანსაცმელი და ქუდი პირბადით აუცილებელია. მათი შეძენა შეიძლება სპეციალიზებულ მაღაზიებში, თუმცა, მათი შეკერვა საოჯახო პირობებშიც შეიძლება. პირბადე უნდა იყოს სტანდარტული, რათა ხედვაში არ შეგვეშალოს ხელი. სპეცტანსაცმელი მაქსიმალურად გვიცავს დანესტვრისგან, თუმცა, უნდა მოვერიდოთ ფუტკართან უხეშად მუშაობას, ასევე _ არახელსაყრელ დროსა და პირობებში სკის დათვალიერებას.

საბოლებელი _ ასევე გვჭირდება  საბოლებელი ფუტკრის აგრესიულობის შესაჩერებლად. ვიდრე სკას გავხსნით, მანამდე უმჯობესია, თუ საფრენთან ვუხრჩოლებთ ფუტკარს ბოლს (კვამლს). ამით ხდება ხანძრის იმიტაცია, ფუტკარი ითვისებს სწრაფად თაფლს (საჭიროების შემთხვევაში ამ მარაგით ის ტოვებს საშიშ ტერიტორიას) და დანესტვრის უნარი თითქმის უქრება. მზიან, მშვიდ, ღალით მდიდარ პერიოდში ბევრი მეფუტკრე არ იყენებს საბოლებელს, მაგრამ მათთან მუშაობისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. ფუტკრის ჭყლეტის დროს ოჯახი აგრესიული ხდება.

 

 

 

 

 

 

 

 

პაპუნა ლობჟანიძე

ასტამი _ გვესაჭიროება ასტამი, რომელიც  ჩარჩოების ადვილად ამოსაღებად გვეხმარება. მისი რამდენიმე ტიპი არსებობს და მეფუტკრის ინდივიდუალურ მიდგომაზეა დამოკიდებული, როგორს აარჩევს და გამოიყენებს.

ჯაგრისი_   სპეციალური, რბილი ჯაგრისით შეიძლება ფუტკრის ჩარჩოებიდან ჩამოცილება თითქმის გაუღიზიანებლად, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს საფუტკრეში მშვიდი გარემოს შესანარჩუნებლად. აგრესიულად დაბერტყილი ფუტკარი ზოგჯერ არა მარტო მეფუტკრეს უქმნის დანესტვრის საშიშროებას, არამედ _ სხვა ცოცხალ ორგანიზმებსაც.

 ჩანაწერების ჟურნალი _ საფუტკრეში აუცილებელია მეფუტკრეობის ჟურნალის არსებობა, რომელშიც დეტალური ჩანაწერები უნდა ვაწარმოოთ მკურნალობის, დედების შეცვლის თუ სხვა ინფორმაციების. რაც არ უნდა კარგი მახსოვრობა უნდა გვქონდეს, უმჯობესია, ჩანაწერები გავაკეთოთ, რითაც საყოყმანო არ გაგვიხდება სხვადასხვა ქმედება (მაგალითად, დედის ასაკი, წამლის მიცემის დრო…)

სპეციალური მარკერი_ სასურველია საფუტკრეში ვიყენებდეთ დედების დასანიშნ სპეციალურ მარკერს, რათა დანიშნული ფერით ვაკონტროლოთ დედის ასაკი (მეფუტკრეობაში დედების დასანიშნად პირობითად მიღებულია 5 ფერი, ყოველი ფერი სხვადასხვა წელს აღნიშნავს, რითაც ადვილად ვხვდებით დანიშნული დედის ასაკს, თუმცა სკის ნომრის მიხედვით უფრო ადვილია ჟურნალის ინფორმაციას დავეყრდნოთ).

დეზი ან ელექტროჩამკვრელი_ ჩარჩოებში ხელოვნური ფიჭის ჩასაკრავად საჭიროა დეზი ან ელექტროჩამკვრელი. მის გარეშე ჩარჩოებზე ძნელია ხელოვნური ფიჭის დამაგრება.

საფუტკრე ვაგონი_ ოჯახების მთაბარობა რთული პროცესია და გადასაადგილებელი სპეციალური საფუტკრე ვაგონი თუ გვექნება, ეს ბევრ უხერხულობას აგვაცილებს. ის გამოიყენება როგორც მეფუტკრის საცხოვრებლად, ასევე _ თაფლის და ინვენტარის შენახვისთვისაც.

თაფლის დასაწური ინვენტარი_  ღალიანობის დროს, ფუტკრის მიერ სასაქონლო თაფლის დაგროვების შემდეგ თაფლის გამოსაწურავად დაგვჭირდება შემდეგი სახის ინვენტარი: თაფლიანი ჩარჩოების გადასაზიდი სპეციალური ყუთი, ფიჭის ასათლელი დანები, კვების პროდუქტებისთვის განსაზღვრული ჭურჭელი (კასრები, თასები, ვედროები).

თაფლის დასაწურავი ოთახი და ინვენტარი_ სასურველია, თაფლის გამოსაწური და შესანახი ოთახი თუ გვექნება ცალკე მოწყობილი შემდეგნაირად: იატაკი, კედლები და ჭერი უნდა ირეცხებოდეს. ოთახში ასევე აუცილებელია სველი წერტილის არსებობა. იატაკს უნდა ჰქონდეს ე.წ. „ტრაპი“, რათა თაფლის წურვის შემდგომ შევძლოთ  იატაკის, კედლების და ჭერის  ჩამორეცხვა-დამუშავება და მილის საშუალებით გამოყენებული წყლის დახურულ აუზში ჩაშვება. ოთახს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი განათება და განიავება. ოთახი უნდა ნიავდებოდეს ღია ფანჯრიდან, რომელზედაც დაყენებული იქნება სპეციალური მწერებისგან დამცავი ბადე. ოთახში დაყენებული უნდა იყოს დახურული ნათურები (ნათურის გატეხვის შემთხვევაში თაფლის დაბინძურება არ გამოიწვიოს ნამსხვრევებმა). სასურველია, ვინც თაფლს წურავს, სპეცტანსაცმლით იყოს შემოსილი. ეს სამოსია: სპეციალური ხალათი, თავსაბურავი და ხელთათმანები.

გადაბეჭდილი ფიჭიანი ჩარჩოების ასათლელად საჭიროა უჟანგავი ლითონისგან დამზადებული ამთლელი დანა, ხოლო ანათლელების ჩასაყრელად საჭიროა სპეციალური ავზი, რომელიც ასევე უნდა იყოს უჟანგავი ან სპეციალური საკვებ პროდუქტებისთვის ვარგისი პლასტმასის მასალით დამზადებული. ათლილი თაფლიანი ჩარჩოების გამოსაწურად საჭიროა თაფლის საწური ანუ ციბრუტი, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად უჟანგავი მასალით დამზადებული (თანამედროვე სტანდარტებით ალუმინის ან თუთიის მასალით დამზადებული ციბრუტების ან ჭურჭლის გამოყენება თაფლის გამოსაწურად ან შესანახად იკრძალება).  

გამოწურული თაფლი აუცილებლად უჟანგავ ავზებში ან სპეციალურ პლასტმასის მასალით დამზადებულ ჭურჭელში უნდა შევინახოთ. თაფლი გარკვეულ დროის შემდეგ კრისტალდება, მის თხევად მდგომარეობაში გადასაყვანად საჭიროა დეკრისტალიზატორი, რომელიც უზრუნველყობს სპეციალური დაცული ტემპერატურული რეჟიმით თაფლის გაცხელებას, ზომაზე მეტად გაცხელებით  თაფლი სამკურნალო და საგემოვნო ღირებულებას კარგავს.

მეფუტკრეებს ასევე სხვა ტიპის ინვენტარიც სჭირდებათ, თუმცა, ზემოთ მოყვანილი ინვენტარი თითქმის სრულად პასუხობს  მეფუტკრეობის და სურსათის უვნებლობის სტანდარტების მოთხოვნებს.

პაპუნა ლობჟანიძეს კახეთში ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე გამართული საფუტკრე მეურნეობა აქვს. მეურნეობის გამართვა მან „ენპარდის“ საგრანტო პროექტის დახმარებით მოახერხა. საპროექტო ბიზნეს-გეგმის გამართვაში მას დახმარება გაუწია ჭიათურის რაიონის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ხელმძღვანელმა. პ. ლობჟანიძეს ამჟამად შეუძლია თითქმის ყველა იმ  ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიწოდება ბაზრისთვის, რომელიც იწარმოება საფუტკრე მეურნეობაში.

სტატია მოწოდებულია ლაგოდეხიდან პაპუნა ლობჟანიძის მიერ „ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში“.

ქვეყნდება CENN-ის, Forestry.ge-ს და agronews.ge-ს მხარდაჭერით .

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.