სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესლის შერჩევა და თესვის წესები

თესლი  ეწოდება მცენარის ნაწილს, რომელიც გამოიყენება დასათესად. თესლი მცენარის ბიოლოგიური და სამეურნეო თვისებების მატარებელი ორგანიზმია, ამიტომ, მათ ხარისხზე მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია მიღებული მოსავლის სიდიდე და ხარისხი.

არჩევენ თესლის ჯიშურ, თესვით და მოსავლიანობით თვისებებს. ჯიშურ მემკვიდრეობით თვისებებში იგულისხმება მათი კუთვნილება გარკვეულ ჯიშთან, ჯიშური სიწმინდე, რეპროდუქცია, ტიპიურობა (ჯვარედინ დამამტვერიანებლებში), რომლებიც ისაზღვრება მინდვრად აპრობაციის შედეგების მიხედვით.

საწარმოო პირობებში სასოფლო-სამეურნეო კულტურების მაღალი მოსავლის მიღება შესაძლებელია მხოლოდ დარაიონებული, ყველაზე უფრო ძვირფასი ჯიშებისა და ჰიბრიდების თესვით. დროთა განმავლობაში გამოყვანილი ჯიშები და ჰიბრიდები უარესდება, რომელიც ხდება მექანიკური ან ბიოლოგიური დასარევლიანების შედეგად, აგროტექნიკის დაბალი დონით და ა.შ. ახალი ჯიშები რამდენიმე გადათესვის შემდეგ ამცირებენ თავიანთ ხარისხს, ამიტომ, უნდა მოხდეს ჯიშთა განახლება. მაღალი თესვითი ღირსების მქონე თესლს ელიტას უწოდებენ, ხოლო მისი თესვის შედეგად მიღებულს – პირველ რეპროდუქციას, უკანასკნელის თესვის შედეგად მიღებულს – მეორე რეპროდუქციას და ა.შ.

თესლის ხარისხი

თესლის სიწმინდეში იგულისხმება ძირითადი კულტურის თესლის მასა, გამოხატული პროცენტობით. მაგალითად,  100გ სათესლე მასალაში 95გ სუფთა თესლის მასა შეადგენს 95%-ს და ნარჩენი 5გ –ს, პროცენტი იქნება ცოცხალი და მკვდარი  მინარევები (მიწა, ჩალა, თესლი, რომელსაც აღმოცენების უნარი არა აქვს, მწერები, ჭუპრები და სხვ.).

თესლს შესაბამისი მანქანებით წმენდენ და ახარისხებენ სათესლე ნაკვეთებიდან – მოსავლის აღებისთანავე.

 თესლის აღმოცენებად ითვლება 100 ცალი თესლიდან ნორმალურად გაღივებული თესლის რაოდენობა, რომელიც გამოიხატება %-ით.

თესლის სიწმინდესა და აღმოცენებაზეა დამოკიდებული თესლის სასოფლო- სამეურნეო ვარგისიანობა.

გაღივების ენერგია და მინდვრული აღმოცენება . პირველი 3-4 დღის განმავლობაში გაღივებული თესლების რაოდენობა გვიჩვენებს მოცემული კულტურისა და ჯიშის თესლის გაღივების ენერგიას (ერთდროულობას) პროცენტებში. მაღალი გაღივების ენერგიის თესლი უფრო თანაბრად აღმოცენდება, უკეთესად იყენებენ ზრდის ფაქტორებს, მათი აღმონაცენი ნაკლებად იჩაგრება სარეველებით, უფრო გამძლენი არიან არახელშემწყობი პირობებისადმი.

დაბალი აღმოცენების უნარიანი თესლი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს  სიცოცხლისუნარიანობა, ექვემდებარება თბილი ჰაერით დამუშავებას, მაგრამ თუ ამ შემთხვევაშიც არ მიაღწევს აღმოცენების მაჩვენებელი სტანდარტის მოთხოვნას, მას იწუნებენ და სასაქონლო მარცვლის კატეგორიაში გადაყავთ.

მინდვრული აღმოცენება არის თესლების რაოდენობა, რომლებიც იძლევიან აღმონაცენს მინდორში, გარკვეული პროცენტობით, დათესილი თესლის საერთო ოდენობასთან შედარებით. იგი დამოკიდებულია გაღივების ენერგიაზე. ლაბორატორიულ აღმოცენებაზე, აგრეთვე აგროტექნიკის დონეზე, ეკოლოგიურ პირობებზე, თესლის დაავადების ხარისხსა და დაზიანებაზე.

თესლის სათესი ღირსება. სათესლე მასალის სათეს ვარგისიანობაში იგულისხმება სუფთა და ერთდროულად აღმოცენებადი თესლების რაოდენობა. სათესი ღირსების დასადგენად სიწმინდის პროცენტს ამრავლებენ აღმოცენების პროცენტზე და წარმოებულს ყოფენ 100-ზე.

თესლის სათეს ვარგისიანობას ადგენენ მხოლოდ კონდიციური თესლისათვის. იგი საჭიროა შესწორების შესატანად ამა თუ იმ კულტურის თესლის წონით ნორმაში.

თესლის თესვითი ხარისხის მაჩვენებლები:

სიწმინდე;

ტენიანობა და სიჯანსაღე;

 თესლის ხარისხის მაჩვენებელი;

აღმოცენება;

მარცვლის ნატურა;

გაღივების ენერგია;

გამოთანაბრებულობა;

1000 მარცვლის მასა.

 თესლის ნატურა არის ერთი ლიტრი თესლის მასა გრამებში. რაც უფრო მეტია თესლის ნატურა, მით მეტია თესლის ხარისხი. თესლის ნატურას საზღვრავენ სპეციალურ სასწორებზე, რომელთაც პურკებს უწოდებენ. ყველაზე უფრო გავრცელებულია მეტრული ერთლიტრიანი პურკა.

თესლის სიჯანსაღის განსაზღვრა. სათესლე, სასურსათო და საფურაჟე მარცვალი უნდა იყოს ჯანსაღი და მავნებლებისაგან დაუზიანებელი. თესლის ანალიზის დროს საზღვრავენ მისი ავადმყოფობით დაავადების პროცენტს (გუდაფშუტით და სხვა, დაზიანებით მავნე-კუსებურათი, ბეღლის ცხვირგრძელათი, ტკიპებით და სხვ.). დაავადების შემთხვევაში დაუყოვნებლივ იღებენ ზომებს მათი გაუვნებლობისათვის (დამატებითი გაწმენდა, განიავება, შეწამვლა და სხვ.). დაავადებული თესლის დათესვა, როგორც წესი, აკრძალულია.

თესლის მომზადება დასათესად. თესვის წინ საჭიროა სათესლე მასალა მომზადდეს დასათესად. თესლის შემოწმება აღმოცენებაზე საჭიროა ჩატარდეს იმ მიზნით, რათა გაირკვეს შენახვის პერიოდში თესლმა ხომ არ დაკარგა აღმოცენების უნარი.

სოკოვანი დაავადებების თავიდან ასაცილებლად ხდება თესლის შეწამვლა. თესლს წამლავენ  შხამქიმიკატებით ან ამუშავებენ თერმული წესით. მოკლე ვეგეტაციის პერიოდის რაიონებში თესლის ჩანასახის დასრულების შემდეგ, თუ ცივი ამინდები დაიჭირა (განსაკუთრებით ეს ხდება ზაფხულის მეორე ნახევარში), თესლი ჩვეულებრივ მოსვენების პერიოდში გადადის. ასეთი თესლი სუსტად ან სრულიად არ აღმოცენდება, ვიდრე არ გამოვა მოსვენების მდგომარეობიდან. ამის დასაჩქარებლად თესლს ატენიანებენ და 3-5 დღის განმავლობაში ათავსებენ 20-250 –მდე გამთბარ შენობაში.

იაროვიზაციის სტადიის გავლა მოითხოვს ტემპერატურის გარკვეულ პირობებს, იგი იწყება თესლის გაღივებიდან და მიმდინარეობს ნორჩობის მთელ პერიოდში.  სხვადასხვა ჯიშისა და სახის მცენარეებს იაროვიზაციის გავლისათვის სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმი ესაჭიროება. მაგალითად, შემოდგომაზე დათესილი საშემოდგომო ხორბლისათვის საჭიროა დაბალი (1-30) ტემპერატურა. საკმაო ხანგრძლივობით, ხოლო საგაზაფხულო ხორბლისათვის შედარებით  მაღალი (6-70) და მოკლე ხნით.

თესლის იაროვიზაციას დიდი პრაქტიკული და საწარმოო მნიშვნელობა აქვს ხანმოკლე ვეგეტაციის პერიოდის მქონე რაიონებისათვის, სადაც არ არის შესაძლებლობა საშემოდგომო ხორბალი დათესონ შემოდგომაზე. გაზაფხულზე დათესვის შემთხვევაში კი მცენარე გადიდებული ტემპერატურის პირობებში ვერ გადის იაროვიზაციის სტადიას, მთელი გაზაფხულ-ზაფხულის განმავლობაში იზრდება და ნაყოფს (მარცვალს) არ იძლევა. თუ საშემოდგომო ხორბლის თესლს გაზაფხულზე თესვის წინ დავატენიანებთ და ხანგრძლივად მოვათავსებთ საწყობში დაბალი ტემპერატურის პირობებში, თესლი იწყებს გაღივებას, ხელოვნურად გადის იაროვიზაციის სტადიას და გაზაფხულზე დათესილი ასეთი თესლი იმავე ზაფხულს იძლევა მარცვლის მოსავალს.

თესვა

ნიადაგის თესვისწინა დამუშავებისა და სათესლე მასალის მომზადების შემდეგ, თითქმის ერთდროულად იწყება თესვა. მისი ჩატარების სწორ ორგანიზაციაზეა დამოკიდებული მაღალი  მოსავლის მიღება.

თესვის ვადები

თესვის ვადები  დადგენილია აგროწესებით ამა თუ იმ ნიადაგურ-კლიმატური პირობებისა და დასათესი კულტურის ბიოლოგიურ თავისებურებათა მიხედვით. თესვა უნდა ტარდებოდეს შემჭიდროებულ და ოპტიმალურ ვადებში.

თესვის ნორმა

თესვის ნორმა თესლის ის წონითი რაოდენობაა, რომელიც საჭიროა ერთ ჰექტარ ფართობზე დასათესად. მან უნდა უზრუნველყოს მინდორზე მცენარეთა ისეთი სიხშირე, რომლის დროსაც საუკეთესო პირობები იქმნება შექმნილი მცენარისათვის სასიცოცხლო ფაქტორების – ტენის, სინათლის, ჰაერის, საკვები ნივთიერებების გამოყენებისათვის.

თესლის ჩათესვის სიღრმე

თესლის ჩათესვის სიღრმეს მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს თესლის დროული და თანაბარი აღმოცენებისათვის. თესვის დროს თესლი უნდა მოექცეს ნიადაგის სიღრმის ისეთ ფენაში, სადაც ტენის, ჰაერისა და სითბოს ოპტიმალური პირობები იქმნება თესლის გაღივება – აღმოცენებისათვის. თესლის ძალიან მცირე სიღრმეზე ჩათესვა ხელს უშლის მისი გაღივება-აღმოცენების მიმდინარეობას. პირველ შემთხვევაში ძნელდება ნიადაგში ჰაერაცია, თესლი ხვდება გაუმთბარ ფენაში, ღივი ვერ აღწევს სიღრმიდან მიწის ზედაპირზე ამოსვლას. მცირე სიღრმეზე ჩათესვის დროს კი თესლი ვერ ღივდება არასაკმაო ტენის გამო და ადვილად ზიანდება ფრინველებისგან.

სხვადასხვა კულტურა სხვადასხვა სიღრმეზე ითესება. მაგალითად მსხვილთესელა კულტურათა თესლები ითესება 8-10 სმ სიღრმეზე, ხოლო წვრილთესელა კულტურათა თესლები ითესება 1,5-2 სმ სიღრმეზე.

თესვა–დარგვის წესები. მაღალი და მყარი მოსავლის მიღებას ვერ უზრუნველყოფს ვერც ნაყოფიერი ნიადაგი, ვერც დროული თესვა და ვერც კარგი მოვლა, თუ ნათეს ნარგავებში თითოეულ მცენარეს არ ექნება მიცემული ნიადაგის გარკვეული სიდიდის ფართობი, რომელსაც კვების არეს უწოდებენ. ყოველი მცენარე თავისი ნორმალური ზრდა – განვითარებისათვის საკვებ ნივთიერებას, წყალს, სინათლეს და სხვა გარემო ფაქტორებს ღებულობს კვების არედან.

თესვის დროს ან საჩითილე კულტურების (კომბოსტო, პამიდორი, თამბაქო და სხვ.) დარგვის დროს საჭიროა თითოეულ მცენარეს მიეცეს შესაფერისი კვების არე. იმის მიხედვით, თუ რა კულტურა  ითესება, კვების არეს სიდიდე სხვადასხვა იქნება. მაგალითად, თავთავიანი კულტურებისათვის 25 სმ2 –ია, და ზოგჯერ მეტიც.

თითოეული მცენარისათვის კვების არეს გადიდებით გაიზრდება მოსავლიანობა, მაგრამ ერთეულ ფართობზე მოსავალი შემცირდება და, პირიქით, საკვები არეს შემცირებით, ე.ი. ხშირი ნათესის დროს, მოსავალი ფართობზე გაიზრდება, მაგრამ თითოეულ მცენარეზე შემცირდება. ფართობზე მოსავლის ზრდა გარკვეული რაოდენობის შემდეგ გააუარესებს პროდუქციის ხარისხს, ამიტომ, საჭიროა მცენარეს  მივცეთ ისეთი საკვები არე, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი და  იმავე დროს კარგი ხარისხის მოსავლის მოცემას, გაადვილებს ამ მცენარის მოვლას მექანიზაციის პროცესების გატარებით.

მობნევით თესვა უძველესი და პრიმიტიული წესია, იგი პატარა ფართობებზე ხელით სრულდება, ხოლო დიდ ფართობებზე შექმნილია სპეციალური მომბნევი სათესი მანქანები და მისივე საშუალებით შეიძლება მობნევით დაითესოს მცენარეთა თესლები.    მობნევით თესვას ბევრი უარყოფითი მხარე ახასიათებს: თესლი უთანაბროდ ნაწილდება ფართობზე, არათანაბრად იფლობა ნიადაგის სიღრმეში, ერთეულ ფართობზე 15-20%-ით მეტი სათესლე მასალა იხარჯება, შეუძლებელი ხდება ნათესის მოვლა მექანიზებული წესით და ყოველივე ამის გამო იზრდება პროდუქციის თვითღირებულება.

მწკრივად თესვა სპეციალურ მწკრივში მთესველი სათესი მანქანებით სრულდება. თესლი ითესება სწორ და ურთიერთ თანაბრად დაშორებულ მწკრივებში, თესლის ჩათესვა ხდება ერთ სიღრმეზე და ნიადაგის ტენიან ფენაში, აღმონაცენი ადრე და ერთდროულად ამოდის, უკეთესია მწკრივებში მცენარეთა განათებისა და აერაციის პირობები, გაადვილებულია ნათეს-ნარგავების მოვლისა და მოსავლის აღების პირობები.

მწკრივად თესვისას არჩევენ ჩვეულებრივ ვიწრო მწკრივებში თესვას, როდესაც ყველა მწკრივთშორისი თანაბარი მანძილით არის დაშორებული ერთიმეორესთან, და ჯვარედინად თესვას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ თესლის ნორმა შუაზე იყოფა და ჩვეულებრივი სათესი მანქანით თესვა მიმდინარეობს ორი მიმართულებით – გასწვრივ და გარდიგარდმო, მწკრივები ერთმანეთს ჰკვეთს და გადაჯვარედინებულია. თესვის ეს წესი საშუალებას იძლევა ფართობზე უფრო თანაბრად იქნეს განაწილებული მცენარეთა რაოდენობა, ხელს უწყობს სარეველების აღმონაცენის ჩახშობას, ნაკლებად ორთქლდება წყალი ნიადაგის ზედაპირიდან, უმჯობესდება მცენარის მიერ საკვები ნივთიერებების, წყლისა და მზის რადიაციის გამოყენება, მცენარეები ერთმანეთს ემაგრება და არ ხდება ყანის ჩაწოლა ამასთან, ჯვარედინ თესვას ზოგიერთი უარყოფითი მხარე ახასიათებს: სათესი აგრეგატის ორჯერ გავლის გამო მწკრივების გადაკვეთის ადგილას მცენარეები შეჯგუფებულია, ნიადაგი ზედმეტად იტკეპნება და სხვ.

ჩვეულებრივი ფართომწკრივებიანი წესით თესვის დროს ყველა მწკრივთშორისის მანძილი თანაბარია. ამ წესით, როგორც ზევით ავღნიშნეთ, ითესება ყველა სათოხნი კულტურა. ზოგიერთ ვიწრო მწკრივში დასათეს  კულტურას (ხახვი, სტაფილო, თავთავიანი კულტურების და საკვები ბალახების სათესლე ნაკვეთები), ნათესების უკეთესი მოვლისა და სარეველებისაგან ბრძოლის ღონისძიებების ჩატარების გაადვილების მიზნით, თესავენ ზოლური ანუ ლენტისებური თესვის წესით. ამ დროს რამდენიმე მწკრივი (2;3;4) დათესილია ერთმანეთთან შემჭიდროებით (10-1520სმ-ით), ხოლო შემდეგ უფრო ფართო მანძილით (40-50-60სმ) ასეთი შემჭიდროებული მწკრივები დაშორებულია ერთმანეთისაგან.

ფართომწკრივული პუნქტირული თესვის წესი შედარებით ახალი შემოღებულია. ასეთი თესვის დროს მწკრივთშორისების მანძილი დიდდება, ხოლო მწკრივებში მცენარეები განლაგებულია პუნქტირულად, 23-27სმ დაშორებით. თესვის ეს წესი სარეველების წინააღმდეგ ბრძოლის მეტ საშუალებას იძლევა, უკეთესი პირობები იქმნება კულტურულ მცენარეთა ზრდა-განვითარებისათვის, ადვილდება ნათესის მოვლა, თითქმის ითიშება აგროტექნიკური სამუშაოებიდან გამოხშირვის აუცილებლობა და დიდდება შრომის ნაყოფიერება.

თუ ფართო მწკრივებში თესვის დროს მცენარეები  ერთმანეთისაგან თანაბარი მანძილით არიან დაშორებული, მაშინ ამ წესს კვადრატულად თესვა ეწოდება.

ბუდობრივი თესვა იგივე მწკრივად თესვაა, იმ განსხვავებით, რომ ითესება ჯგუფ-ჯგუფად ერთ წერტილში (ბუდნაში) 2-დან 7-8 ცალამდე. თუ ბუდნები ერთიმეორესაგან ორივე მიმართულებით თანაბარი მანძილითაა დაშორებული, მას კვადრატულ-ბუდობრივად თესვა ეწოდება.

რ. ძიძიშვილი,

აგრონომიის საფუძვლები