აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკები

ნიადაგის დამუშავება

   ნიადაგის დამუშავების სისტემა, ხერხები და ამოცანები    ნიადაგის მექანიკური დამუშავება სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოვლა-მოყვანის ერთ-ერთი ძირითადი აგროტექნიკური ღონისძიებაა.

კარგად და ღრმად დამუშავებული ნიადაგი ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მძლავრი ფესვთა სისტემის განვითარებას, რის საშუალებითაც ისინი ადვილად ითვისებენ წყალს და საკვებ ნივთიერებებს.

ნიადაგის დამუშავების ძირითადი ამოცანებია: სახნავი ფენის აგებულებისა და ნიადაგის სტრუქტურული მდგომარეობის შეცვლა ხელშემწყობი სითბოს, ჰაერისა და ტენის რეჟიმების შესაქმნელად; კვების ელემენტების წრებრუნვის გაძლიერება, მათი ნიადაგის ღრმა ფენიდან ამოღება მიკრობიოლოგიური პროცესების ზემოქმედების საჭირო მიმართულებით წასამართად; სარეველებთან ბრძოლა, მათი თესლების პროვოკაციული გაღივებისა და აღმონაცენის მოსპობა; ფესვებისა და ფესვის ამონაყრების მოჭრა; ფესურების ზედაპირზე ამოტანა; მცენარეული ნარჩენებისა და სასუქების თანაბარი განაწილება და სახნავ ფენაში ჩაკეთება; სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ-დაავადებათა გამომწვევთა მოსპობა მცენარეულ ანარჩენებში ან ნიადაგის ზედა ფენებში; ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლა; გაეწერებული და დამარილებული ნიადაგების გაუმჯობესება; ნიადაგის დასათესად მომზადება და კულტურულ მცენარეთა მოვლითი სამუშაოების ჩატარება. 

ნიადაგის დამუშავება პირობითად სამ ჯგუფად იყოფა:

  1. ძირითადი დამუშავება;
  2. თესვისწინა დამუშავება;
  3. ნათესის მოვლის სისტემა;

ძირითადი დამუშავება ეწოდება წინამორბედი კულტურის მოსავლის აღების შემდეგ ნიადაგის სრულ სიღრმეზე ხვნას, რომელიც ტარდება გუთნებით, ღრმა გამაფხვიერებლით. ნიადაგის მოსახნავად იყენებენ სხვადასხვა ტიპის გუთანს.

ბნბნბნბნბნ.ამჟამად ფართოდ გავრცელებულია ე.წ. კულტურული გუთნები. მათ კულტურული ფრთის გარდა აქვთ წინმხვნელიც.

ხვნის  სიმწიფე ხვნა ყოველთვის არ შეიძლება, ნიადაგი იხვნება მაშინ, როცა ის ,,სიმწიფეშია”. ხვნისწინა სიმწიფის დროს ნიადაგში ტენი 50-60% უნდა იყოს.

ხვნის სიღრმე ხვნის სიღრმე დამოკიდებულია ნიადაგის ტიპზე, სახნავი ფენის სიღრმესა და დასათეს კულტურაზე. ნიადაგის ნორმალური მოხვნის სიღრმედ ითვლება 20-22სმ; 30-35სმ სიღრმეზე მოხვნა ითვლება ყველაზე კარგ სიღრმედ, ასეთ სიღრმეზე მოხვნისას ნეშომპალიანი ჰორიზონტი მოექცევა 30-35სმ სიღრმეზე. ხოლო ამაზე ღრმად მოხნულს, პლანტაჟი ქვია.

ხვნის წესი ხვნის რამდენიმე წესი არსებობს: 1. კვალსაქცევებად ხვნა; 2. ფიგურული ხვნა; 3. მარტივი (ცალმხრივი) ხვნა.

კვალსაქცევებად ხვნის დროს მოსახნავი ფართობი იყოფა საქცევებად. საქცევის სიგრძე ნაკვეთის სიგრძის ტოლი უნდა იყოს, სიგანე გუთნის მოდების განის მიხედვით უნდა განისაზღვროს. საქცევის თავში და ბოლოში ტოვებენ აგრეგატის მოსაბრუნებელ ზოლს, რომელიც იხვნება საქცევების ხვნის დამთავრების შემდეგ ხვნის პერპენდიკულარული მიმართულებით. კვალსაქცევი იხვნება ნაღარად და ნაზურგად. ნაზურგად იხვნება პირველი და მესამე კვალსაქცევი, ნაღარად კი_მეორე და მეოთხე. მომდევნო წელს არ შეიძლება ნაღარი მოიხვნას ნაღარად, ნაზურგი კი ნაზურგად. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკვეთის ზედაპირი ტალღისებრ ფორმას იღებს და მასზე ტექნიკით მუშაობა გაძნელდება.

ფიგურული ხვნა არასწორი კონფიგურაციის მქონე ნაკვეთზე აწარმოებენ ფიგურულ ხვნას. ფიგურული ხვნის დროს გუთანი სისტემატურად ჩართულია. ასეთი წესით მოხვნის დროს რჩება გადაუბრუნებელი ბელტები, რაზედაც რჩება სარეველები. ამჟამად საქართველოში ფიგურულ ხვნას არ მიმართავენ.

მარტივი (ცალმხრივი) ხვნის დროს ბელტი ბრუნდება ერთი მიმართულებით- მარჯვნივ, ხოლო მეორე მიმართულების დროს_მარცხნივ. ასეთი წესით მხოლოდ ფერდობებს ხნავენ.

ნიადაგის უფრთო გუთნით დამუშავება უფრთო გუთნით მოხვნის შემთხვევაში ნიადაგის ზედაპირზე რჩება როგორც მცენარეთა ანარჩენები, ისე სარეველა მცენარეთა თესლები, მავნებელები და დაავადებების გამომწვევი ორგანიზმები. ამ შემთხვევაში ხდება ნიადაგის ზედა ნაწილში ორგანული ნივთიერების დაგროვება მცენარეთა ანარჩენების ლპობის შედეგად. არ ხდება ნიადაგის ზედა და ქვედა ფენის ერთმანეთთან შერევა. უფრთო გუთნით ნიადაგს ხნავენ გვალვიან ადგილებში. ასეთი წესით ნიადაგის დამუშავება ხელს უწყობს შრომითი დანახარჯებისა და პროდუქციის თვითღირებულების შემცირებას.

ნიადაგის ბრტყლად მჭრელებით დამუშავება ნიადაგის ბრტყლად მჭრელებით დამუშავებისას იყენებენ სპეციალურ ბრტყლადმჭრელ, ღრმად გამაფხვიერებელ იარაღებს. ეს იარაღები ნიადაგის ზედაპირზე ტოვებენ მცენარეთა ანარჩენების 7081% და აფხვიერებენ ნიადაგს 30სმ სიღრმეზე. ზედაპირზე დარჩენილი მცენარეთა ანარჩენები ხელს უწყობენ ქარის სიჩქარის შენელებას, თოვლის დაგროვებას და რაც მთავარია_ამცირებენ ეროზიულ პროცესებს. ნიადაგის ასეთი წესით დამუშავებას მიმართავენ ქარისმიერი ეროზიის ადგილებში. ბრტყლადმჭრელებით დამუშავებისას ხელსაყრელი პირობები ექმნება სარეველა მცენარეების გამრავლებას, ამიტომ, აუცილებელია ამ წესით დამუშავებისას სარეველების წინააღმდეგ ჰერბიციდების გამოყენება.

ხვნა და მის მიმართ წაყენებული ძირითადი აგროტექნიკური მოთხოვნები კულტუ-რულ მცენარეთა მაღალი მოსავლის მისაღებად ნიადაგის დამუშავება უნდა ტარდებოდეს მაღალ აგროტექნიკურ ფონზე. ამ სამუშაოთა შესრულებისას აგროტექნიკურ მოთხოვნათა დარღვევა, მცენარეთა ზრდა განვითარების პირობების გაუარესებას იწვევს, რითაც მცირდება სასოფლო_სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობა.

ხვნის ძირითადი აგროტექნიკური მოთხოვნებია:

  1. ბელტის სრული გადაბრუნება და დაშლა; მცენარეული ნარჩენების, კორდის, სარეველების, სასუქების სრულად ჩაკეთების და საერთოდ წინამორბედი კულტურების ნარჩენების ჩაკეთების ხარისხი. ნიადაგის მოხვნა წვიმის დროს დაუშვებელია. გათვალისწინებული უნდა იქნას დასათესი კულტურის თავისებურება, ამინდის პირობები;
  2. ხვნა უნდა ტარდებოდეს აგროტექნიკურად შესაფერის ვადასა და სიღრმეზე, ჩვეულებრივ არანაკლებ 22სმ სიღრმეზე;
  3. ხვნა უნდა ტარდებოდეს უხარვეზოდ, გუთნის ყველა კორპუსი თანაბარი სიგრძისა და სიგანის სწორ კვალს უნდა ავლებდეს. ხვნის დამთავრებისთანავე კვლის თავი და ბოლო უნდა მოიხნას. 4. ხნულის სიღრმე და თხემიანობა თანაბარი უნდა იყოს. ხვნის სიღრმის გადახრა დასაშვებია მხოლოდ 1 სმ-ის ფარგლებში.

ნიადაგის დამუშავები ს სპეციალური წესები  ნიადაგის დამუშავების სპეციალურ წესებს მიეკუთვნება: პლანტაჟი, ფენობრივი მოხვნა, ფრეზვა და სხვ. პლანტაჟს მიმართავენ ნარგაობისათვის ნიადაგის პირველადი დამუშავების დროს, მაგალითად: ვაზის, ხეხილის, ციტრუსების, თხილის, კივის და სხვა მრავალწლიანი კულტურების პლანტაციის გასაშენებლად. პლანტაჟის წესით ნიადაგის მოხვნა შეიძლება 40-100სმ სიღრმეზე. პლანტაჟი საჭიროა იმისათვის რომ შეიქმნას ღრმად გაფხვიერებული ნიადაგის ფენა, რათა ნიადაგის დამუშავების ამ წესმა ხელი შეუწყოს მრავალწლიანი კულტურების ფესვთა სისტემას ღრმად, ლაღად განვითარებას და წყლითა და საკვებით უზრუნველყოფას.

პლანტაჟის წესით შეიძლება დამუშავდეს მინდვრის კულტურებისათვის ნიადაგები იმ შემთხვევაში, როდესაც ნიადაგი სარეველა მცენარეებით ძლიერ იქნება დასარევლიანებული, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში მინდვრის კულტურებისათვის ასეთი წესით ნიადაგის დამუშავება ეკონომიკურად გამართლებული არ არის.

ნიადაგის ფენობრივი წესით დამუშავება ნიადაგის ჰუმუსოვანი ფენის სიმცირის, ან ქვედა ჰორიზონტში მავნე ჩარეცხილი ნივთიერებების შემცველობის შემთხვევაში, საპლანტაჟო ხვნა შეუძლებელია. ამ შემთხვევაში მიმართავენ ნიადაგის ფენობრივ დამუშავებას. ამასთან ნიადაგის წყლის ჟონვადობის გასაძლიერებლად და ეროზიული პროცესების შესამცირებლად მიმართავენ ფენობრივ დამუშავებას მცირე დაქანების ფერდობებზეც.

ფრეზვა ფრეზებით ნიადაგის გაფხვიერებას ფრეზვას უწოდებენ. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ნიადაგი გაფხვიერდეს 20-25სმ სიღრმეზე. თუ ფრეზირება ნორმალურად ჩატარდა. მაშინ არ არის საჭირო ნიადაგის თესვისწინა დამუშავება სხვა ხერხებით. ფრეზვას ფართოდ იყენებენ კოლხეთის დაბლობზე მძიმე მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე.

ნიადაგის ზედაპირული დამუშავების წესები და იარაღები ნიადაგის ზედაპირული დამუშავება მიზნად ისახავს ნიადაგის ქერქის მოსპობას, ხნულის გაფხვიერებას, გატკეპნილი ფენის გაფხვიერებას, სარეველების მოჭრას, თესლის ჩათესვის სიღრმემდე ნიადაგის გაფხვიერებას. ნიადაგის ზედაპირული გაფხვიერების სიღრმე შეადგენს 10-12 სმ-ს.    ნიადაგის ზედაპირულ დამუშავებაში შედის: აოშვა, კულტივაცია, ფარცხვა, მოშლეიფება, მოტკეპნა, ნაწვერლის აჩეჩვა.

აჩეჩვა მოხვნის წინ, მოსავლის აღებისთანავე ტარდება. აჩეჩვა ტარდება დისკოებიანი იარაღებით. აჩეჩვის შედეგად ხელსაყრელი პირობები იქმნება სარეველა მცენარეთა თესლებს აღმოცენებისათვის. აჩეჩვის შემდეგ აღმოცენებული სარეველების მოსპობა შეიძლება ნიადაგში ჩახვნით, ან შესაბამისი ჰერბიციდების გამო-ყენებით.

აოშვის დროს, აჩეჩვისგან განსხვავებით ხდება ხნულის გაფხვიერება, ანეულის დროგამოშვებით გაფხვიერება, ხნულში გაჩენილი გამკვრივებული მასის გაფხვიერება, სარეველების მოჭრა. აოშვის დროს, როცა სარეველები მცირე რაოდენობითაა გამკვრივებული, გოროხოვანი ზედაპირის გასაფხვიერებლად გამოიყენება დისკოებიანი ფარცხი. ტანიანი საოშები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ხნულის ზედაპირი დაშლილია და სარეველები მომრავლებულია.

კულტივაცია ტარდება გაფხვიერებული ფენის გადმოუბრუნებლად. მისი მიზანია ნიადაგის გაფხვიერება, სარეველების მოჭრა. კულტივაცია ტარდება ხნულში და ნათესების მწკრივთშორისებში. ხნულის შემთხვევაში კულტივაციის მიზანია 5-15სმ სიღრმეზე გაფხვიერება ბელტის გადაუბრუნებლად, ხოლო მწკრივთშორისებში კულტივაციის მიზანია ნიადაგის გაფხვიერება და სარეველების მოჭრა, მინერალური სასუქების ჩაკეთება.

ფარცხვის შემთხვევაში ბელტის გადაუბრუნებლად ხდება ნიადაგისა და ნათესების გაფხვიერება. ამ შემთხვევაში ნიადაგის გაფხვიერებასთან ერთად, იჭრება სარეველები და წყდება ქვედა და ზედა ფენას შორის კაპილარული კავშირი, რაც ამცირებს აორთქლებას.

    დაშლეიფების (მოსწორების) დროს ხდება ხნულის ზედაპირის მოსწორება. დაშლეიფებას ახდენენ ადრე გაზაფხულზე დაფარცხვამდე. დაშლეიფებას ატარებენ შლეიფ ფარცხებით.

მოტკეპნა  (გაბეკვა). მოტკეპნის დროს ხდება ნიადაგის გამკვრივება, ბელტის დაშლა და ზედაპირის მოსწორება. მოტკეპნის დროს ხდება თესლისა და ნიადაგის ერთმანეთთან შეკავშირება და იქმნება ხელსაყრელი პირობები თესლის თანაბარი აღმონაცენის მისაღებად.     მოტკეპნას ახდენენ სპეციალური სატკეპნებით. არსებობს სხვადასხვა ტიპის სატკეპნები. ესენია:

  1. ცილინდრული გლუვზედაპირიანი;
  2. რგოლებიანი;
  3. დეზებიანი;
  4. ჭდეული საგორავები.

მიწის შემოყრა  მიწის შემოყრა ხდება ძირითადად სათოხნი კულტურების ნათესებში, რომლის მიზანია სარეველების მოჭრა, ნიადაგის გაფხვიერება. მიწის შემოყრის შედეგად კარტოფილს გამოაქვს დამატებითი წამონაზარდები, რომელზეც  წარმოიქმნება ტუბერები და იზრდება მისი მოსავალი. მიწის შემოყრის შემთხვევაში სიმინდს გამოაქვს დამატებითი საჰაერო ფესვები, რითაც უკეთ მაგრდება ნიადაგში და იძენს მეტ სიმაგრეს და რომელიც კულტურას ქარის დროს წაქცევისგან იცავს.

დისკოებიანი ფარცხები კარგ შედეგს იძლევა გაკორდებული, ყამირი და ნაწვერლის შემთხვევაში. უსტრუქტურო, მძიმე თიხა ნიადაგების დასაფარცხად.

როტაციული  ფარცხი  ანუ   თოხი   წარმოადგენს კულტივატორებსა და ფარცხებს შორის გარდამავალ იარაღს, იგი საუკეთესო საშუალებაა ნიადაგის ზედაპირის გასაფხვიერებლად.

რ. ძიძიშვილი

აგრონომიის საფუძვლები