„მერანოს ღვინის ფესტივალს“ საქართველომ„შატო მუხრანში“ უმასპინძლა
საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც „მერანოს ღვინის ფესტივალს“ იტალიის ფარგლებს გარეთ უმასპინძლა
ფესტივალი იტალიაში 1992 წლიდან იმართება და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უნიკალურია არა მარტო ღვინის, არამედ გასტრონომიული პროდუქტების წარმოების სფეროშიც.
ფესტივალის ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან: ასოციაცია „ქართული ღვინო”, ღვინის ეროვნული სააგენტო, „მერანოს ღვინის ფესტივალი“ და ონლაინ პლატფორმა „მერანო Wine Hunter“; ღონისძიების პარტნიორია „შატო მუხრანი“.
„შატო მუხრანში“ გამართულ ფესტივალს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა დაესწრნენ.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ტარდება „მერანოს ღვინის ფესტივალი“. ფესტივალი საინტერესოა იმითაც, რომ, ღვინის გარდა, წარმოდგენილია გასტრონომიული პროდუქტებიც. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიესალმება და მხარს უჭერს მსგავს ინიციატივებს, რომელიც კიდევ უფრო პოპულარულს ხდის ზოგადად ქართულ, განსაკუთრებით კი, ქვევრის ღვინოს“, – განაცხადა იური ნოზაძემ.
„შატო მუხრანში“ გამართულ ფესტივალზე, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა კომპანიის ღვინოები და გასტრონომიული პროდუქტები. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 100-მდე კომპანია. ღონისძიების ფარგლებში, კულინარული მასტერკლასები, სემინარები, იტალიური და ქართული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა.
„მერანოს ღვინის ფესტივალის“ ფარგლებში, „ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. კონკურსზე, 105 კომპანიის მიერ, 351 ნიმუში იყო წარდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. საკონკურსო ნიმუშებიდან საუკეთესო ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა.
„ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის“ 2017 წელს დაფუძნდა. კონკურსის მიზანია, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება. ონლაინ პლატფორმაზე „მერანო Wine Hunter“ ღვინოების განთავსებით, კონკურსი მომხმარებელს საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარუდგენს, რითაც ხელს უწყობს ქვევრის ღვინის წარმოების ზრდას და პოპულარიზაციას.