აგროსიახლეები

მევენახეებს დასეტყვილ 1 ჰექტარ ვენახზე 3500 ლარი დახმარება გამეყოფათ, მთავრობა ასევე დაეხმარება ხორბლის წარმოებაში ჩართულ ფერმერებს

როგორც 2 წლის წინ, ახლაც გვინდა დავეხმაროთ დაზარალებულ მევენახეებს და დაზიანებულ 1 ჰექტარზე 3500 ლარი გამოვუყოთ დახმარების სახით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს დაეხმარება მათ, რომ გამოიყენონ მიზნობრივად  დაზიანებული ვენახის გადარჩენაში და შემდეგ კვლავ აღდგენაში.

„მინდა, კიდევ ერთხელ, ჩვენი საზოგადოებისთვის განვმარტო შემდეგი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ჩვენ მივიღეთ რამდენიმე დღის წინ. მოგეხსენებათ, რომ კახეთის რეგიონში ახლა მიმდინარეობს ძალიან წარმატებულად რთველი, მე პირად მოვინახულე, ადგილზე ჩავედი და სიტუაცია არის ძალიან კარგი. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ჩვენს ხალხს. მევენახეებს, სამწუხაროდ, ძალიან ბევრს დაესეტყვა ათასობით ჰექტარი ვენახი, განადგურდა მათი მოსავალი, მიუხედავად იმისა,  ჩვენ ვთქვით, რომ, რა თქმა უნდა, ამ დაზიანებულ ყურძენს ჩავიბარებთ და ჩავიბარეთ კიდევაც, უკვე დაწყებულია პროცესი. 20 მლნ ლარის ღირებულების დაზიანებული, დასეტყვილი ყურძენი უკვე ჩაბარებული გვაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ვინაიდან მათ ზიანი მიადგათ, გადავწყვიტეთ,  როგორც 2 წლის წინ გავაკეთეთ, ახლაც გვინდა დავეხმაროთ დაზარალებულ მევენახეებს და დაზიანებულ 1 ჰექტარზე 3500 ლარი გამოვუყოთ დახმარების სახით. ვფიქრობ, ეს დაეხმარება მათ, რომ გამოიყენონ მიზნობრივად ამ დაზიანებული ვენახის გადარჩენაში და შემდეგ კვლავ აღდგენაში“, –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობა ასევე დაეხმარება ფერმერებს, რომლებიც ჩართულნი არიან ხორბლის წარმოებაში.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემ-მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით ბევრი მხარდამჭერი ღონისძიება განხორციელდა, თუმცა მთავრობა კიდევ დამატებითი ზომების მიღებაზე შეთანხმდა.

„მინდა ძალიან მოკლე ინფორმაცია მინდა გავაცნო საზოგადოებას, ხორბლის წარმოებაში ჩართულ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ საკმაოდ შემცირებულია ფასები ხორბალზე. ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული, ვინაიდან, ეს არის საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მდგომარეობის გამოძახილი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფერმერებს, რომლებიც ჩართულნი არიან ხორბლის წარმოებაში, დავეხმაროთ. ჩვენ მანამდე უკვე გადავდგით კონკრეტული ეფექტური ნაბიჯები, 4000-მდე ფერმერს ჩვენ დავეხმარეთ შეღავათიანი აგროკრედიტით. დავუფინანსეთ საბრუნავი სახსრები და მივეცით სტიმული, მარცვლოვანი კულტურების წარმოება გაეზარდათ. ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფქვილის იმპორტზე დაწესებულიყო დამატებით საფასური, რამაც კონკურენტულ მდგომარეობაში ჩააყენა წისქვილკომბინატები საქართველოში. ამის შემდეგ მათ განახორციელეს ქართული ხორბლის შესყიდვა და პურის მწარმოებლებისთვის ისეთი პირობებით მიწოდება, რომ პური არ გაძვირდა. ფქვილის საფასურის დაწევის შემდეგ 35 000 ტონა ხორბალი მიიღეს ადგილობრივმა წისქვილკომბინატებმა. ასევე, დროებითი ღონისძიებები განხორციელდა ღერღილი ხორბლის იმპორტის მიმართულებით, თუმცა მსოფლიო ბაზარზე  ხორბალთან დაკავშირებული არასტაბილური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ დამატებითი ზომების მიღებაზე შევთანხმდით. ამის თაობაზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო დამატებით განმარტებას გააკეთებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ყველა ფერმერს, ასე, რომ მათ საფიქრალი და სანერვიულო არ ექნებათ“, _ განაცხადა პრემიერმა.