მევენახეობა-მეღვინეობა გურიაში

ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“  57-ე ნომერში ჩვენ შემოგთავაზეთ მცირე მიმოხილვა აჭარის მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ. ამჯერად კი გვინდა, ამ მხრივ კიდევ ერთი საინტერესო რეგიონის, გურიის შესახებ მოგაწოდოთ მცირეოდენი ცნობები.

როგორც წინა სტატიის შემთხვევაში, ისე ამჟამადაც ჩვენს ძირითად საყრდენ წყაროს წარმოადგენს წიგნები: „საქართველოს ამპელოგრაფია“. თბილისი, 1960 წ. (ნიკო კეცხოველის რედაქცია), და „გურიის, სამეგრელოსა და აჭარის ვაზის ჯიშები“. მ. რამიშვილი. თბილისი, 1948 წ. თავშივე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ადგილობრივ ვაზის ჯიშთა მრავალფეროვნების მხრივ გურია მეტად საინტერესო რეგიონია. თავდაპირველად შემოგთავაზებთ აქაურ ვაზის ჯიშთა ჩამონათვალსა და მათ შეფერილობებს:

ათინაური (თეთრი), აკიდო (წითელი), ალადასტური (წ), ბადაგი (მუქი ვარდისფერი), ბახვის ყურძენი (წ), ბერძულა (წ), დონდღო (თ), ვაციწვერა (თ), ვორონა (წ), ზენათური (თ), თეთრი ყურძენი (თ), თქვლაფა (თ), კაკნატელა (თ), კამური შავი (წ), კამური თეთრი (თ), კაპისტონი წიწილიანი (თ), კატური (თ), კეშელავას თეთრი (თ), კიკაჩა შავი (წ), კორძალა (წ), კოცხანა (წ), კუმუშა (წ), მაგანაკური (წ), მაისა (თ), მანდიკოური (წ), მაური თეთრი (თ), მახათური (წ), მტევანდიდი (წ), მტრედისფეხა (წ), მცვივანი გურული (წ), ნაშენება (წ), ოფოურა (წ), ოჯალეში გურიის (წ), რცხილი (წ), საკმიელა (თ), საკნატურა (თ), სამარხი (თ), სამჩხავერა (წ), საფერავი გურიის (წ), სხილათუბანი (წ), ქაქუთურა (თ), შავჩხავერა (წ), ჩეპეში (წ), ჩხავერი (წ), ჩხინკილოური (თ), ცანაფითა (წ), ცივჩხავერა (წ), ცივჩხავერა ვარდისფერი (ვარდ.), ცისფერულა (რუხი), წითლანი (ვარდ.), ჭაჭიეთის თეთრა (თ), ჭუმუტა (წ), ხემხუ (წ), ხუშია თეთრი (თ), ხუშია შავი (წ), ჯანი (წ), ჯანი ნაკაშიძის (წ), ჯანი ციხური (წ).

ამ მონაცემთა მიხედვით ვიგებთ, რომ გურიაში 58 ვაზის ადგილობრივი ჯიში ყოფილა, საიდანაც ერთი — „კორძალა“ გურია-აჭარის საერთო ჯიშადაა დასახელებული. ჩამოთვლილთაგან 20 ჯიში თეთრყურძნიანია; 34 ჯიში წითელყურძნიანია; 3 ვარდისფერყურძნიანი და კი 1 რუხი შეფერილობისა. რაც შეეხება ყურძნის დანიშნულებებს, უნდა ითქვას, რომ გურიის ვაზის ჯიშთა აბსოლუტური უმრავლესობა საღვინე მიმართულებისაა. სასუფრე მიმართულების ჯიში, მ. რამიშვილის ზემოთხსენებული წიგნის მიხედვით მხოლოდ თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში — სამარხია, რომლიდანაც ამავდროულად მაღალხარისხიანი ღვინოც ყენდება. ხოლო ჯიშები: ალადასტური და მტრედისფეხა კი ერთდროულად სასუფრე და საღვინე მიმართულების ჯიშებად ითვლება. გურიის ვაზის ჯიშებში ფუნქციონალურად მდედრობითი ყვავილები მხოლოდ ორ ჯიშს აქვს, ესენია — მაური თეთრი და ოფოურა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მ. რამიშვილის წიგნში — „გურიის, სამეგრელოსა და აჭარის ვაზის ჯიშები“ (თბილისი, 1948 წ.) აჭარის თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში — „კლარჯული“ გურულ ჯიშადაა მიჩნეული, ხოლო ამავე წიგნში გურიის წითელყურძნიანი ვაზის ჯიში ვორონა მოიხსენიება, როგორც ორონა. აქვე გვხვდება ჯიში „ხუშია“, არადა გურულ ვაზის ჯიშთა სრულ ჩამონათვალში ვხვდებით ჯიშებს: ხუშია თეთრი და ხუშია შავი…

 როგორც ვნახეთ, გურია ვაზის ჯიშების თვალსაზრისით საკმაო მრავალფეროვნებით გამოირჩევა, სადაც ახლო წარსულში მევენახეობა-მეღვინეობა ძლიერად იყო ფესვგადგმული. მიზეზთა გამო დღესდღეობით გურიაში ვაზისა და ღვინის კულტურა საკმაოდ დაბალ დონეზე დგას. არადა კუთხე, რომელიც სხვა უნიკალურ ვაზის ჯიშებთან ერთად ჩხავერის პატრონია, „ადესის“ ანაბარა ნამდვილად არ უნდა იყოს დარჩენილი. ამ საკითხს აქვს კიდევაც თავისი მიზეზი, შესაძლოა არაერთიც. თუმცა, ეს ყოველივე ადგილობრივების სურვილზეც დიდადაა დამოკიდებული. სამწუხაროდ, გურიაში ასევე თითქმის შეწყვეტილია ქვევრში ღვინის ქართულად დაყენების საქმეც, თუ არ ჩავთვლით ერთეულ შემთხვევებს. ხოლო ახლო წარსულში ეს მხარე და კონკრეტულად კი სოფლები — აცანა და აკეთი განთქმული იყო მექვევრეობის დარგითა და თავად მექვევრეების სიმრავლითაც. ამ სოფლებში დამზადებული ქვევრები ცნობილი იყო თავისი მაღალი ხარისხით. გურულ ქვევრებს ვხვდებოდით ასევე მეზობელ აჭარაშიც. ამ დროისათვის კი მთელს გურიაში მხოლოდ ერთი მექვევრეღა შემორჩა…

აღსანიშნავია, რომ ამ მხარეში მისაბაძ მაგალითებსაც შევხვდებით, როგორიცაა, მაგალითად ზურაბ თოფურიძის მარანი. ამ მარანში გურიაში ორი თუ სამი ათეული წლის პაუზის შემდეგ პირველად ჩამოისხა ჩხავერის ღვინო ბოთლებში, რომელიც „იბერიელის“ სახელითაა ცნობილი. ზურაბ თოფურიძის მარანი და ვენახები მდებარეობს ჩოხატაურის სოფელ საყვავისტყეში. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ბატონმა ზურაბმა ამავე სოფელში ძალზე დიდი შრომა გასწია და ტერასებად დაბაქნებულ ფერდობებზე გააშენა ჩხავერი და ასევე გადაშენების პირას მყოფი გურული ვაზის სხვა ჯიშებიც. იგი ღვინოს ნატურალური მეღვინეობის პრინციპებზე დაყრდნობით, ქვევრებში აყენებს, რომელ ღვინოსაც არაერთხელ უსახელებია ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს სხვადასხვა გამოფენებზე.

ძალზე სამწუხაროა, რომ გურიის მევენახეობა-მეღვინეობაზე რაიმე გამოცემა ჯერჯერობით არ მოგვეპოვება და ამ მხრივ ძალზე დიდი ხანია, რაც არაფერი გაკეთებულა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს დიდი პრობლემა ახლო მომავალში გადაიჭრება. ეს კი დიდადაა დამოკიდებული რეგიონის ადგილობრივ ხელისუფლებაზე, რომელიც ამ მხრივ ცოტა არ იყოს „მოიჯაყებს“… წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ამ ულამაზესი მხარის, გურიის მკვიდრთ და ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში ზურაბ თოფურიძის მსგავსი ადამიანები კიდევ გამოჩნდებიან და გურიაც ერთხელ და სამუდამოდ დააღწევს თავს იმ „შავ ჭირს“, რასაც ეწოდება „ადესა“. ჩვენს მცირე მიმოხილვას მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე გურული მღვდლის ღვინის სასმისზე გაკეთებული წარწერით დავასრულებთ, რომელიც, მეორე მხრივ ერთგვარი შეგონებაცაა:

„ღმერთო ყურძნისა ნაყოფი დღე ყოველ მოგვეც საყოფი,

ზომიერ მსმელო იხარებ, უზომო მსმელო ინანებ“.

გიორგი ბარისაშვილი,

მცხეთა, 2016 წ.