მევენახეობა-მეღვინეობის მძლავრი ინდუსტრია როგორც ქვეყნის დასაქმების და გამდიდრების დიდი რეზერვი
ქვეყანას აქვს ბევრი ისეთი საბაზისო დარგი, რომელთა განვითარე- ბით ერთ-ერთი მოწინავე ეკონომიკის ქვეყანა გახდება, და არამარტო რეგიონში. ასეთ დარგებს შორის უპირველესი ქვევრისა და ქვევრში ღვინის დაყენების, როგორც ქართულ, ისე მსოფლიო მეღვინეობაში ფართოდ დანერგვაა, რომლითაც შეიძლება ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში უამრავი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილით უზრუნველვყოთ. დასანანია, რომ ქვეყნის დღემდე არსებულ არცერთ ხელისუფლებას უფლის ამ საჩუქრისთვის ცნობისმოყვარის თვალითაც კი არ შეუხედავს და ქვეყნის დამსაქმებელ-გამამდიდრებელი დარგი, დღემდე ყურადღების მიღმაა დარჩენილი.
მართალია ხელისუფლება ამ პრობლემისთვის დღემდე ვერ იცლის, მაგრამ ამ პრობლემებზე მუშაობენ ენთუზიასტი, მათ მიერ: დაპროექტებულ-დაპატენტებულია მაღალი ხარისხის ქვევრის საშენი მექანიკური დანადგარი, რომლითაც ნაცვლად 30-40 დღისა, ერთ დღეში შეიძლება ნებისმიერი ზომის ქვევრის აშენება (სველი ვარიანტი). ასევე, შექმნილია ათზე მეტი სახის, ქვევრის მეღვინეობაზე გათვლილი მარნის ახალი იარაღი, რომლებიც ქვევრში ღვინის დაყენების და მოვლის მექანიზაციას უზრუნველყოფენ. ამ იარაღებს წარმოება უნდა და ფული ღირს. ეს კი ქვეყნისთვის ცალკე სამუშაო ადგილი და შემოსავალია, ანუ ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ ქვევრი და ქვევრში ღვინის დაყენება მსოფლიო მეღვინეობაში ფართო მასშტაბით დაინერგოს, თუ, რა თქმა უნდა, ქართული მხარე თავის წილ საქმეს გააკეთებს და მსოფლიო მეღვინეობას მაღალი ხარისხის ქვევრებით მოამარაგებს. დღემდე ქვეყანაში ყველა ხელისუფლების მიერ დიდი ყურადღებაექცევა ტურიზმისა და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. ცნობილი ფაქტია, რომ ქვეყანაში, სადაც საკურორტო სეზონი 5-6 თვე მაინც არ გრძელდება, მისი განვითარება დამღუპველია ბიზნესისთვისაც და მასში ჩართული ხალხისთვისაც. ჩვენს კურორტებზე კი საკურორტო სეზონი, სამ თვემდე გრძელდება, ანუ სასტუმროები წელიწადში მხოლოდ სამ თვემდეა დატვირთული. რა თქმა უნდა, სამ თვეში შეუძლებელია, იმდენი თანხა გამოიმუშაო, რომ 12 თვეს ოჯახიც შეინახო და ბანკის მტაცებლური პროცენტიც გაისტუმრო. ასევე, როცა ტურიზმის წილი ეკონომიკაში 15%-ზე მეტია, ქვეყნის გონებრივი პოტენციალი დეგრადირებას იწყებს, რადგან ქვეყანაში მეცნიერების, ეკონომისტების, ფიზიკამათემატიკოსების, ინჟინრების და სხვა სპეციალისტების ნაცვლად, ტურიზმის მომსახურე პერსონალი იზრდება. რა თქმა უნდა, ტურიზმი ქვეყანაში შემდეგშიც უნდა განვითარდეს, მაგრამ ეკონომიკის სხვა დარგების უმეტესი განვითარების ხარჯზე და ქვეყნის ეკონომიკაში მისმა წილმა 10%-ს არ უნდა გადააჭარბოს. უმეტესწილად კი, სამედიცინო და სამთო ტურიზმი უნდა განვითარდეს და ყოფილ კურორტებს ახლებიც უნდა დაემატოს, რადგან სწორედ იქაა იმის საშუალება, რომ საკურორტო სეზონი მთელი წლის განმავლობაში გვქონდეს.
ევროპელი მეღვინეები დიდი ხანია მიხვდნენ, რომ ქართული ქვევრი და საერთოდ გამომწვარი თიხა, ღვინისთვის ერთადერთი ბუნებრივი მასალაა, სადაც ღვინო ბუნებრიობას ათეულობით წელი ინარჩუნებს. გარდა ამისა, დასავლეთს იმიტომ მოსწონს და აფასებს ქვევრს, რომ მასში მაღალი ხარისხის ღვინო 2-3-ჯერ იაფად შეუძლია დააყენოს, ვიდრე ღვი- ნის თანამედროვე ჭურჭელში. დასავარგებლად, დასაძველებლად და შესანახად დაყენებული ღვინო კი მუდმივ დაბალ ტემპერატურაზე წლობით უფასოდ შეუძლია შეინახოს. ამიტომ სათანადო რეკლამის შემდეგ, ღვინის ჭურჭლის ბაზარზე ყოველწლიურად ასიათასობით ცალი ქვევრის მოთხოვნა გაჩნდება. ამ მოთხოვნაზე წარმოდგენა რომ გვქონდეს, მოვიყვანთ ასეთ მაგალითს: ყოველწლიურად მსოფლიოში ღვინოდ 50-60 მილიონი ტონა ყურძნის წვენი გადამუშავდება, აქედან 1%-იც რომ დაადუღონ, დაავარგონ და დააძველონ ქვევრში, ერთი მილიონი ცალი 2-3 ტონიანი ქვევრია საჭირო. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბებთან გვექნება საქმე, როცა მსოფლიო მეღვინეობაში ქვევრი სამრეწველო დონეზე დაინერგება.
ქვევრის შენება დიდი ეროვნული საქმეცაა და დიდად მომგებიანი ბიზნესიც, ასე მაგალითად: ერთი სამტონიანი ქვევრის აშენებას 500 კგ-მდე თიხა და რამდენიმე ათეული კუბ/მეტრი ბუნებრივი აირი სჭირდება, ფასი კი 6-7 ათასი ევრო ექნება, ანუ ქვევრის წარმოება-რეალიზაცია ეკონომიკის ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი დარგია, ამიტომ ქვევრის წარმოება სამრეწველო რელსებზე უნდა გადავიყვანოთ და როგორც მსოფლიოს, ისე ქართული მეღვინეობა, მაღალხარისხიანი ქვევრებით მოვამარაგოთ.
დღეს საქართველოდან ექსპორტზე გატანილი ბოთლი ღვინის თვითღირებულებაში ღვინის ფასს, დაახლოებით, 20% უჭირავს, დანარჩენი ბოთლის ტარის, კორპის საცობის და ფურნიტურის ღირებულებაა. ჩამოთვლილთაგან საქართველო მხოლოდ ღვინოს აწარმოებს (აღნიშნულიდან სწორედ ღვინოა ყველაზე იაფი, მაგრამ ყველაზე ძნელი და ძვირი საწარმოებელი), დანარჩენი ყველაფერი ევროპიდან შემოდის, ანუ ჩვენი მეღვინეობიდან შემოსავლის ძირითადი ნაწილი დასავლეთს მიაქვს, საქართველოში კი ამ ბიზნესიდან გაუსაძლისი შრომით მოპოვებული გროშები რჩება, ამიტომაა, რომ ევროპის ქვეყნები მეღვინეობის ინდუსტრიიდან მილიარდებს იღებენ, ჩვენ კი დარგი დღემდე დოტაციაზე გვყავს. ამაზე მეტი უყაირათობა წარმოუდგენელია. არადა, გვაქვს პოტენციალი, ყოველწლიურად 3-4 მილიარდი დოლარის ქვევრები და „ქვევრის ბუნებრივი ღვინო“ გავიტანოთ ექსპორტზე და ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში ასიათასობით მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილით უზრუნველვყოთ, ამისათვის კი საჭიროა მევენახეობა-მეღვინეობის კარგად განვითარებული ინდუსტრია შევქმნათ თავისი ზედნაშენით და მეღვინეობისთვის საჭირო ყველა წვრილმანი ქვეყნის შიგნით ვაწარმოოთ. ვნახოთ, როგორ უნდა გაკეთდეს ეს პროექტის განსახორციელებლად, უნდა შეიქმნას „ქვევრის მსოფლიო მეღვინეობაში დანერგვის ეროვნულ კომიტეტი“ (იმდაგვარი, როგორიც „ღვინის ეროვნული სააგენტოა“, ან თვითონ ეს სააგენტო გადაკეთდეს ასეთად), რომლის ძირითადი მოვალეობა ქვევრისა და ქვევრში ღვინის დაყენების მეცნიერული კვლევა-შესწავლა და ყველაფერ ამის მსოფლიო მეღვინეობაში დანერგვა-დამკვიდრება იქნება.
ქვეყანამ უახლოეს 8-10 წლის განმავლობაში ამ დარგის განვითარებაზე დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის (წელიწადში 100 მილიონი) გრძელვადიანი და სიმბოლურ პროცენტიან ინვესტიცია უნდა განახორციელოს, ანუ უახლოესი 5 წელი ეკონომიკისა და სოფლის-მეურნეობის განვითარების წლებად უნდა გამოცხადდეს. ამ თანხით ქვეყნის შიგნით ყველა ის საწარმოო სიმძლავრეები უნდა აშენდეს, რომლებიც ქვეყანაში მევენახეობა-მეღვინეობა-მექვევრეობას მძლავრ ინდუსტრიად რომ გადააქცევს. ყოველივე ამისათვის კი საჭიროა:
- ქვეყანაში ვენახების საერთო ფართობი 110-120 ათას ჰექტრამდეგაიზარდოს.
- უნდა აშენდეს მაღალი ხარისხის ბოთლის ტარის საწარმოს ისეთი სიმძლავრეები, რომლებიც ქვეყნის მეღვინეობას უმაღლესი ხარისხის ტარით უზრუნველყოფს, წელიწადში დაახლოებით 500-600 მილ. ბოთლის წარმადობით. ანუ უნდა დავამკვიდროთ დევიზი: „ქართული ღვინო ქართულ ბოთლში“.
- უნდა გავაშენოთ 50-70 ჰექტარი კორპის საცობის ნედლეულის მომცემი მუხის პლანტაცია (ყოველწლიურად 57 ჰექტარი) და შევქმნათ კორპის საცობის საწარმო სიმძლავრეები.
- უნდა აშენდეს სათანადო სიმძლავრეები, რომელიც დარგს ხარისხიანი „ეტიკეტით“ „ფურნიტურითა“ და სხვა „აქსესუარით“ უზრუნველყოფს.
- ქვეყანაში უნდა აშენდეს ქვევრის საწარმოო სიმძლავრეები, იმ ანგარიშით, რომ ქვევრზე ნებისმიერი მოთხოვნა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ექსპორტზე, დააკმაყოფილოს.
- დამატებით უნდა აშენდეს ქვევრის მარნები 800-900 ათას ტონა ღვინოზე, ანუ ყოველწლიურად ექსპორტზე მილიარდამდე ბოთლი ქართული ტრადიციული „ქვევრის ბუნებრივი ღვინო“ უნდა გავიტანოთ, რომლის ყოველი ბოთლის ღირებულება საშუალოდ 4-5 დოლარი იქნება და არა 2,3, როგორც დღესაა.
- მევენახეობა-მეღვინეობაში თანამედროვე შხამქიმიკატები და გოგირდიმაღალეკოლოგიური ოზონაირით, ოზონირებული წყლით და „წყალბადის ზეჟანგის“ წყალხსნარით უნდა შეიცვალო, რაც საშუალებას მოგვცემს, მთლიანად გადავიდეთ „ქვევრის ბუნებრივი ღვინის“ წარმოებაზე.
- კოლხეთის აუთვისებელ-დაჭაობებულ ტერიტორიებზე უნდა გავაშენოთ ათობით ჰექტარი ბამბუკის პლანტაცია და ვაწარმოოთ ბამბუკის ბოძები, როგორც ჩვენთვის, ისე საექსპორტოდ.
- კახეთის რეგიონში უნდა გაიხსნას ევროპაში კარგად აპრობირებული „მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამეწარმეო უნივერსიტეტი“, შესაბამისი სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიებით. ყველა აქ აღნიშნული ახლად შექმნილმა კომიტეტმა მევენახეობა-მეღვინეობის კერძო კომპანიებისა და ფერმერების მეშვეობით უნდა განახორციელოს, ანუ უნდა მოხდეს მევენახეობა-მეღვინეობის კერძო ფირმებისა და მეურნეობების ერთი ქოლგის ქვეშ ნებაყოფლობითი გაერთიანება.
აღნიშნული სახელმწიფო სტრუქტურა იქნება დარგის პოლიტიკის განმსაზღვრელ-წარმმართველი და გაერთიანებაში შემავალი კერძო კომპანიების გზამკვლევი, დამცველი და დამხმარე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ. ამ ყველაფრის ქომაგი, ხელშემწყობი და დამხმარე კი თავისი სწორი ეკონომიკური პოლიტიკით სახელმწიფო უნდა გახდეს და მანამდე უნდა უხელმძღვანელოს დარგს, სანამდე ქვეყანაში ნამდვილი საბაზრო ურთიერთობები არ ჩამოყალიბდება და მევენახეობა-მეღვინეობის ფირმები არ გაძლიერდებიან, შემდეგ კი ფონდის ფულით შექმნილი ყველა ერთეული, რომლებმაც სესხი დაფარეს, სურვილის შემთხვევაში, უნდა გაიშვას „თავისუფალ ცურვაში“. აქ, ასევე, შეიძლება საქმის სხვაგვარად მოწყობაზე მსჯელობა, ანუ საორგანიზაციო საკითხების დახვეწა.
დღეს ღვინოს მსოფლიოში 70-ზე მეტი ქვეყანა აწარმოებს. როცა ეს ქვეყნები ღვინის დაყენებას ქართულ ქვევრში დაიწყებენ, მათ მოსახლეობაში ამაღლდება საქართველოს ცნობადობა და უამრავი ტურისტი მოინდომებს იმ ქვეყნის ნახვას, სადაც კულტურული ვაზისა და ღვინის აკვანი დაირწა, სადაც ღვინის უპირველეს ჭურჭელს, ქვევრს აშენებენ, ანუ ქვეყანაში აყვავდება მეღვინეობის ტურიზმი.
ყველა აქ აღნიშნულის დასაფინანსებლად საბიუჯეტო ფული არ უნდა დაიხარჯოს. აქ ფართოდ უნდა გამოვიყენოთ „დაგროვებითი საპენსიო ფონდში“ შემოსული თანხები. ასევე, უნდა შეიქმნას „ქართველ ემიგრანტთა საინვესტიციო ფონდი“. მთავრობა საპენსიო პროგრამაში მონაწილე მშრომელებს დაჰპირდა, რომ მათ ფულს მომგებიან ბიზნესში ჩადებს, რაც გარანტია იქნება იმისა, რომ მათი შენატანი გადიდებულ პენსიად დაუბრუნდებათ. სწორედ ღვინის ინდუსტრიაა ის ბიზნესი, რომელიც, რაც დრო გადის, უფრო პოპულარული და მაღალშემოსავლიანი ხდება. ასევე, უნდა ვიფიქროთ ჩვენი ემიგრანტი თანამემამულეების იმ ფულის მაღალმომგებიან ქართულ ბიზნესში ჩადებაზე, რომელსაც ისინი სამშობლოში დასაბრუნებლად აგროვებენ. მათი ამ დანაზოგის ღვინის ინდუსტრიაში ჩადება გარანტიაა იმისა, რომ უკან დაბრუნებულებს საკუთარი, გაწყობილი ბიზნესი დახვდებათ, ამის გარანტორი კი ხელისუფლება უნდა გახდეს.
მევენახეობა-მეღვინეობა, ქვევრთან ერთად, ის ბიზნესია, სადაც მოგებაც ასტრონომიულია და სანამდე კაცობრიობა იარსებებს, ყავლი არ გაუვა. ემიგრანტთა დანაზოგის მომგებიან ბიზნესად ქცევის გარანტიას კი პროექტის საქმიანობაში მათი, უშუალო მონაწილეობა იძლევა. ანუ „ემიგრანტთა საინვესტიციო ფონდს“ თვითონ ემიგრანტები დააარსებენ და უხელმძღვანელებენ, ქვეყნის ხელისუფლება კი მათ მხოლოდ იმის საშუალებას მისცემს, რომ ეს თანხები დიდმომგებიან ქართულ ბიზნესში ჩადონ. დარგი, ძირითადად, საექსპორტო პროდუქციას გამოუშვებს, რომლის ექსპორტში, სურვილის შემთხვევაში, აქტიურ მონაწილეობას თვითონ ემიგრანტები მიიღებენ. ანუ ქვევრი და ღვინო საქართველოში იწარმოება, ექსპორტზე კი ემიგრანტები გაიტანენ და რეალიზაციას გაუკეთებენ. აღნიშნული ფონდების ფულის დაბანდება, ასევე, უნდა მოხდეს ქვეყანაში განსახორციელებელ სხვა მომგებიან პროექტებში, მაგალითად, ანაკლიის პორტის მშენებლობაში, ანუ დასავლელი ინვესტორის ნაცვლად, ქვეყნის ეკონომიკა საპენსიო ფონდითა და ემიგრანტთა დანაზოგებით უნდა აშენდეს და ქვეყნის სიმდიდრის მფლობელი ქართველი ხალხი უნდა გახდეს.
პროექტში ხელისუფლების მონაწილეობა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიასპორის საკითხთა დეპარტამენტის აქტიური მხარდაჭერითა და უშუალო მონაწილეობით უნდა მოხდეს, ანუ ხელისუფლებამ ემიგრანტები იმაში უნდა დაარწმუნოს, რომ დაინტერესებულია მათი ბედით და ყველანაირად ხელს შეუწყობს მათი დასახმარებელი ამ და სხვა ამდაგვარი პროექტების პრაქტიკაში განხორციელებას. ცხადია, ამ პროექტის ხორცშესხმით მოხდება ქვეყნის სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია, ასევე, დავიბრუნებთ ასიათასობით დასავლეთში განსწავლულ და გზაგაკვალულ თანამემამულეს, რომლებიც თავიანთი მოღვაწეობით ქვეყნის გამდიდრებისა და გაბრწყინების გარანტებიც გახდებიან და ამ სიმდიდრის მფლობელებიც. ამიტომ მევენახეობა-მეღვინეობის მძლავრი ინდუსტრიის შექმნა ის გზაა, რომელიც, რამდენიმე სხვა ასეთ ეკონომიკურ პროექტთან ერთად, ქვეყანას დაასაქმებს, გაამდიდრებს და გააბრწყინებს, თანამემამულე ემიგრანტებს კი უმტკივნეულოდ დაგვიბრუნებს.
ჟორა გაბრიჭიძე,
საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი